საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-200(კ-24) 16 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ბ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-ემ 2022 წლის 16 მარტს სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა: მ. ბ-ეისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 16 თებერვლის №ბ128.128220472 ბრძანების ბათილად ცნობა; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მ. ბ-ეის სასარგებლოდ მისთვის დისციპლინური სახდელის საფუძველზე ხელფასიდან დაკავებული თანამდებობრივი სარგოს სრულად დაკისრება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 16 თებერვლის ბრძანება №ბ.128.128220472 მ. ბ-ეისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა 2022 წლის 16 თებერვლის №ბ.128.128220472 ბრძანების საფუძველზე ხელფასიდან დაკავებული თანამდებობრივი სარგოს მ. ბ-ეისთვის სრულად ანაზღაურება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.
პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლო სხდომებზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-ემ შპს „ბ...ისაგან“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოსათვის 2021 წლის ...ში შეიძინა 1163 ლარის მინერალური და გაზიანი წყალი, ასევე 665 ლარის საკონდიტრო ნაწარმი. მათი შეძენის შემდეგ ხელშეკრულების მხარეებმა გააფორმეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, რის შემდეგაც შპს „ბ...ამ“ მ. ბ-ეს გადასცა შეძენილი მინერალური და გაზიანი წყალი, ასევე საკონდიტრო ნაწარმი, რაც დანიშნულებისამებრ იქნა რეალიზებული. პალატამ დადგენილად მიიჩნია აგრეთვე, რომ საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს მ. ბ-ეის სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალების მიერ 655.88 ლარის საწვავი არა პირადი, არამედ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გაიხარჯა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ.
კასატორის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც მ. ბ-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეჩერებული ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ დასტურდება მოსარჩელის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნისას საწვავის სამსახურებრივი მიზნით გახარჯვა. კასატორი თვლის, რომ არ დასტურდება აგრეთვე შეძენილი საკონდიტრო ნაწარმის მ. ბ-ეის მიერ დასაწყობება/განთავსება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ბ-ე 2020-2022 წლებში მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ...ად ... საკითხებში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ბ...ას“ შორის 2021 წლის 8 თებერვალს გაფორმდა №7 და №8 ხელშეკრულებები მინერალური წყლის, გაზიანი წყლის და საკონდიტრო ნაწარმის შეძენის შესახებ. ხელშეკრულების მხარეებმა გააფორმეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები. პროდუქციის შეძენაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა მ. ბ-ე. 2021 წლის 19 ნოემბერს შპს „ბ...ამ" ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მოსთხოვა 2021 წლის 8 თებერვლის №7 ხელშეკრულების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოსათვის 2021 წლის ...ში მიწოდებული 1163 ლარის მინერალური და გაზიანი წყლის, ასევე 2021 წლის 8 თებერვლის №8 ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული 665 ლარის საკონდიტრო ნაწარმის ღირებულების ანაზღაურება. ზემოაღნიშნული საკითხის მოკვლევის მიზნით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მ. ბ-ეის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება, შეიქმნა შესაბამისი კომისია, რომელმაც დაასკვნა, რომ არ დასტურდებოდა შპს „ბ...ისაგან“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოსათვის 1828 ლარის ღირებულების მინერალური წყლის, გაზიანი წყლისა და საკონდიტრო ნაწარმის შეძენა. ამასთან, მ. ბ-ე 2021 წლის 13 ივნისიდან 2021 წლის 17 აგვისტომდე პერიოდში იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, სწორედ ამ პერიოდში მ. ბ-ეისათვის გადაცემულმა სამსახურეობრივმა ავტომანქანამ გახარჯა 655,88 ლარის საწვავი, აღნიშნული კი კომისიამ არამიზნობრივ ხარჯვად მიიჩნია. დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2022 წლის 10 თებერვლის დასკვნის საფუძველზე გამოცემული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 16 თებერვლის №ბ.128.128220472 ბრძანებით მ. ბ-ეს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა 05 თვის ვადით თანამდებობრივი სარგოს 45 პროცენტის დაკავება („საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა იწვევს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, დადგენილი ქცევის წესების დაცვა, მათი დარღვევის პრევენცია. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს (იხ. სუსგ 2019 წლის 17 იანვრის საქმე Nბს-809-805(3კ-17)).
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოება ემყარება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს. არავის არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი საფუძვლისა და წესის დაცვის გარეშე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მხოლოდ იმ ქმედებებისათვის (უმოქმედობისათვის), რომელთა ჩადენა უტყუარად დასტურდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უპირველესად, დისციპლინური სახდელის შეფარდებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და დაასაბუთოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტი.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ არ დასტურდება მ. ბ-ეის მიერ საკონდიტრო ნაწარმის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაწყობება/განთავსება, უტყუარად არ ადასტურებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენას. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის სხდომაზე მოწმე ი. დ-ეის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, მას 2020-2021 წლებში დაკავებული ჰქონდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თავმჯდომარის მდივნის თანამდებობა და რომელიც ადასტურებს, რომ მერიის მიერ კონკრეტული პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, უშუალოდ მერიაში მიღება-ჩაბარების აქტი არ ფორმდებოდა, არ ხორციელდებოდა მიღებული პროდუქციის განლაგებისა თუ გამოყენების აღრიცხვა. მისივე განმარტებით, სადავო პროდუქციის მ. ბ-ეის მიერ სადავო პერიოდში მერიაში მიტანას და მერიის თანამშრომლების მიერ მათ გამოყენებას დაადასტურებს, მაგალითად, საკრებულოს სხდომის ოქმების ჩანაწერები (ვიდეო). ანალოგიური შინაარსის განმარტებები გააკეთებს მოწმეებმა (მერიის თანამშრომლებმა) ზ. კ-ემ და ბ. შ-ემ (ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის სხდომის ოქმი). მათი მითითებით, მ. ბ-ეის მიერ ავადმყოფობის პერიოდში მერიაში მიტანილი პროდუქციის განსალაგებლად (კიბეზე ატანა) მოსარჩელეს ხან თავად მოწმეები, ხანაც დაცვის თანამშრომლები ეხმარებოდნენ. მოწმე ბ. შ-ეის განმარტებით, მას თავად ჰყავს მ. ბ-ე მე-3 სართულზე აყვანილი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მერიის მიერ შეძენილი პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების პრაქტიკის არარსებობას (გარდა გამყიდველთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა) არ უარყოფს თავად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოც, იგი მხოლოდ მიუთითებს, რომ არ დასტურდება შენაძენის მერიაში მიტანა, რასაც, თავის მხრივ გამორიცხავს როგორც მოსარჩელის, ისე მოწმეთა სახით დაკითხული მერიის თანამშრომლების განმარტებები, ხოლო საწინააღმდეგო მტკიცებულებები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება კასატორის მითითებას მ. ბ-ეისათვის გადაცემული სამსახურებრივი ავტომანქანის მიერ საწვავის არასამსახურებრივი მიზნებისთვის გახარჯვის შესახებ, საკასაციო პალატა მოცემულ შემთხვევაშიც თვლის, რომ კასატორის მხოლოდ ზემოაღნიშნული მოსაზრება არ ადასტურებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენას, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საპირისპიროს ადასტურებს მოწმეთა ჩვენებები. მოწმე გ. ს-ეის (მ. ბ-ე არის მისი ბიძა) განმარტებით, იგი თავად ეხმარებოდა მოსარჩელეს ავადმყოფობის პერიოდში - მისი სამსახურებრივი ავტომანქანით მომსახურე პერსონალის გადაადგილებას ახდენდა (ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის სხდომის ოქმი). მოწმე ბ. შ-ეის განმარტებით, ავადმყოფობის პერიოდში სამსახურებრივი ავტომანქანა მაინც ფუნქციონირებდა, საჭეს კი, მოსარჩელის შვილი მართავდა. ანალოგიური განმარტა მოწმე ზ. კ-ემაც, რომელიც სადავო პერიოდში მერის ...ის პოზიციაზე იყო დასაქმებული (ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, თუმცა დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სრულყოფილად გამოკვლევისა და დასაბუთების საფუძველზე, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს, რომ მ. ბ-ეის მიერ სადავო პროდუქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში არ მიტანილა, ხოლო მოსარჩელის სამსახურებრივი ავტომანქანის მიერ მ. ბ-ეის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში გახარჯული საწვავი პირადი მიზნებისთვის გაიხარჯა. მოცემულ საქმეში კი, აღნიშნული გარემოებები არ დასტურდება. საქმეში დაცული მოწმეთა განმარტებების, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სადავო პერიოდში არ ფორმდებოდა შეძენილი პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი საწინააღმდეგოს დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება, საკასაციო პალატა, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, თვლის რომ სახეზე არ არის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი