საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-777(კ-24) 16 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ბ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-ემ 2022 წლის 06 მაისს სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 01 აპრილის №128.128220911 ბრძანების ბათილად ცნობა; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ...ის საკითხებში ...ის თანამდებობაზე მ. ბ-ეის აღდგენის დავალება; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მ. ბ-ეის სასარგებლოდ სამსახურიდან გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ბ-ეის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინებით მ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მ. ბ-ეს დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟი, დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის შემდგომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა აღარ არსებობდა და მისი თანამდებობის მსგავსი (ფუნქციური დატვირთვით) საშტატო ერთეული არ შექმნილა. ფუნქციები, რასაც მ. ბ-ე ასრულებდა, გადანაწილდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით კონკრეტულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრულ პირებზე. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო შემთხვევაში რეალურად განხორციელდა რეორგანიზაცია და შტატების შემცირება. რეორგანიზაციას კი მოჰყვა ორი შტატის შემცირება. ამასთან, კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის გამო გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის წესით დასაქმების თაობაზე, თუმცა მობილობა ვერ განხორციელდა, შესაბამისი ვაკანტური საშტატო ერთეულის არარსებობის გამო (საქმეში წარმოდგენილია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, შუახევის მუნიციპალიტეტის უარები). ამასთან, მ. ბ-ეს მერიამ შესთავაზა მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა, მაგრამ მ. ბ-ემ მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვაზე თანხმობა დადგენილ ვადაში არ განაცხადა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შედეგად მ. ბ-ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა კანონის მოთხოვნათა დაცვით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ბ-ეის მიერ.
კასატორი თვლის, რომ იგი რეორგანიზაციის საბაბით სრულიად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მ. ბ-ე აღნიშნავს, რომ მას დროულად არ მიეწოდა წერილი მოხელეთა რეესტრში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხე ფლობდა ინფორმაციას ტოლფასი შტატის არმქონე უწყებების შესახებ და სწორედ ასეთ უწყებებს მიმართა შესაძლო მობილობის განხორციელების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ბ-ე 2020-2022 წლებში მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ...ად ... საკითხებში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 20 იანვრის №128.128220203 ბრძანების საფუძველზე დაიწყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 23 თებერვლის წერილით მ. ბ-ე გაფრთხილებულ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად მ. ბ-ეის მიერ დაკავებული თანამდებობის (შტატის) შემცირების თაობაზე, განემარტა საჯარო სამსახურში მობილობის განხორციელების პროცედურაზე და გაფრთხილებულ იქნა, რომ მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, 2022 წლის 01 აპრილს იგი გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან, ჩაირიცხებოდა მოხელეთა რეზერვში და მიეცემოდა შესაბამისი კომპენსაცია. აღნიშნული წერილი მ. ბ-ეს ჩაბარდა 2022 წლის 23 თებერვალს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 29 მარტის წერილით მ. ბ-ე კვლავ გაფრთხილებულ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად მ. ბ-ეის მიერ დაკავებული თანამდებობის (შტატის) შემცირების თაობაზე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 01 აპრილის №128.128220911 ბრძანებით მ. ბ-ე გათავისუფლდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დაკავებული თანამდებობიდან.
პირველ რიგში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში დავის საგანს არ წარმოადგენს მოსარჩელის მოხელეთა რეზერვში არ ჩარიცხვის, ასევე, მობილობის განუხორციელებლობის კანონიერების შეფასება, განსახილველ საქმეში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცედურების კანონიერების და შესაბამისად, მ. ბ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების, მისი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის მოპასუხისთვის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შეფასება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს (სუს 2018 წლის 12 აპრილის განჩინება №ბს-1102-1096(კ-17); სუს 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება №ბს-179(2კ-19)).
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. მითითებული კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ადმინისტრაციის მხრიდან გათავისუფლებამდელი თანამდებობის ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მოხელის გადაყვანის შესახებ სავალდებულო შეთავაზების შემდეგ კი, მოხელის თანხმობის შემთხვევაში, იგი დაინიშნება სხვა თანამდებობაზე. მობილობის განხორციელების შეუძლებლობის პირობებში, მოხელე, მისი სურვილის შესაბამისად, ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში და მასზე გაიცემა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საქმის მასალებში დაცული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისს №07 დადგენილებით დამტკიცებული „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების“ შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს შესყიდვების სამსახური შედგებოდა 3 საშტატო ერთეულისაგან: მეორადი სტრუქტურული ერთეულის შესყიდვების განყოფილების უფროსი, უფროსი სპეციალისტი და მ. ბ-ეის მიერ დაკავებული თანამდებობა - უფროსი სპეციალისტი ... საკითხებში. საქმის მასალებში დაცულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 20 იანვარს გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით შექმნილი კომისიის 2022 წლის 26 იანვრის N1 სხდომის ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ ... საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობის გაუქმების მიზანს, კომისიის მოსაზრებით, წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნულმა თანამდებობამ დაკარგა ფუნქციური დატვირთვა, ვინაიდან აღნიშნული საშტატო ერთეულის სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული თანამდებობის მიზანი, ფუნქციები და მოვალეობები გადავიდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით კონკრეტულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრულ პირებზე. დადგენილია აგრეთვე, რომ ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 იანვრის №03 დადგენილებით დამტკიცდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. ახალი საშტატო ნუსხით გაუქმდა მ. ბ-ეის მიერ დაკავებული თანამდებობა - „უფროსი სპეციალისტი ... საკითხებში“, აღნიშნული თანამდებობის ფუნქციურად მსგავსი საშტატო ერთეული არ შექმნილა (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 12 აპრილის წერილით მ. ბ-ეის წარმომადგენელს ეცნობა, რომ ... საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობის გაუქმების შემდგომ არცერთ საშტატო ერთეულს/განყოფილებას არ გადასცემია ხსენებული შტატით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება, აღნიშნული მოწესრიგდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
ამდენად, საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რამდენადაც რეორგანიზაციის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ... საკითხებში უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული სრულად გაუქმდა, ადგილი ჰქონდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მობილობის პროცედურების დაწყების საფუძველს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი ავალდებულებს საჯარო დაწესებულებას რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელის მიმართ მობილობის პროცედურების დაწყებას, რაც გულისხმობს გასათავისუფლებელი მოხელის გადაყვანას, მისივე თანხმობით, იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუყოვნებლივ - 2022 წლის 4 აპრილს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს გაუგზავნა რეორგანიზაციის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გათავისუფლებული მ. ბ-ეის შესახებ ინფორმაცია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა 2022 წლის 11 მარტს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსსა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერს მიმართა გათავისუფლებული საჯარო მოხელის მობილობის წესით დასაქმების თაობაზე. შუახევის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 15 მარტისა და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 17 მარტის წერილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს უარი ეთქვა მობილობის ფარგლებში შეთავაზებული კანდიდატის დასაქმებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მობილობის პროცესის კანონიერებისა და მობილობის ეფექტურობისთვის ქმედითი ბერკეტების სრულფასოვნად გამოყენების საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ იქნა მობილობის განხორციელებისთვის გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება, მობილობის შეუძლებლობა კი მართლზომიერად დაედო საფუძვლად მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის სადავო ბრძანებას.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მ. ბ-ეის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 01 აპრილის №128.128220911 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, ვინაიდან არ დასტურდება მ. ბ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა, არ არსებობს თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი