Facebook Twitter

ბს-997(გ-24) 22 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სარჩელთან დაკავშირებული დავა, მოპასუხე მ. უ-ეის მიმართ, განსჯადობის თაობაზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 05.12.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მ. უ-ეის მიმართ და მოითხოვა გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის აუთვისებელი ნაწილის 11 850 ლარის უკან დაბრუნება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მ. უ-ეეს შორის 13.12.2018წ. დაიდო № ... საგრანტო ხელშეკრულება. გრანტის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 05.04.2018წ. №39 ბრძანებით გამოცხადებული დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორის მ. უ-ეის საგრანტო დაფინანსება, აგრეთვე, გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი პროექტით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება (ხელშ. 1 მუხ.). მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მითითებული გრანტის მიზნობრივ ანგარიშზე ჩაირიცხა ფულადი თანხა 42 000 ლარის ოდენობით (ხელშ. 2.1. მუხ.). გრანტის მიმღები ვალდებული იყო შეესრულებინა საპროექტო წინადადების დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმით გათვალისწინებული ვალდებულებები (ხელშ. 2.3. მუხ. „ა“ ქვ.პ.). გრანტის მიმღები აგრეთვე ვალდებული იყო პროექტისათვის განკუთვნილი ფინანსების ხარჯვა განეხორციელებინა დანართი №2-ით განსაზღვრული საპროექტო ბიუჯეტის შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით (ხელშ. 2.3. მუხ. „გ“ ქვ.პ.). დამატებით, გრანტის მიმღები, კისრულობდა ვალდებულებას დროულად შეესრულებინა დანართი №3-ით განსაზღვრული პროექტის გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულებები (ხელშ. 2.3. მუხ. „ე“ ქვ.პ.). სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა მ. უ-ეის სასწავლო-კვლევითი გრანტით დაფინანსება და შესაბამისი პროექტი თუ არ შესრულდებოდა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ხელშ. 4.1. მუხ. „ბ“ ქვ.პ.). ასეთ დროს გაუხარჯავი და არამიზნობრივად გახარჯული სახსრები ექვემდებარებოდა გრანტის გამცემისათვის, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისათვის დაბრუნებას (ხელშ. 4.3. მუხ.). მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გრანტის მიმღებს არ შეუსრულებია გრანტის ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებები. მოსარჩელე მიუთითებს 16.06.2023წ. სამსახურეობრივ ბარათზე, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გრანტის მიზნობრივ ანგარიშზე ჩარიცხული 42 000 ლარიდან, მიზნობრივად აღიარებული თანხა შეადგენდა 30 150 ლარს, ხოლო მიზნობრივ ანგარიშზე დასაბრუნებელი თანხა შეადგენდა 11 850 ლარს, რაც ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას. მოსარჩელე თვლის, რომ მხარეთა შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულება შეწყდა ხელშეკრულების 4.1. მუხლის საფუძველზე. ამდენად, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.12.2023წ. განჩინებით, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სარჩელი მოპასუხე მ. უ-ეის მიმართ განსჯადობით გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ კონკრეტული სადავო სამართალურთიერთობის შინაარსის ანალიზით არ იკვეთება ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლით მოწესრიგებული დავის საგნის არსებობა. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება 13.12.2018წ. დადებულ № ... საგრანტო ხელშეკრულებას, ამდენად იგი სრულად ექვემდებარება სამოქალაქო (კერძო) სამართლით მოწესრიგებას. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამდენადაც მოცემული შემთხვევა უკავშირდებოდა კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წამოჭრილ დავას, მათ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.09.2024წ. განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სარჩელი მოპასუხე მ. უ-ეის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ვინაიდან, სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან, დავის განსჯადობის გადასაწყვეტად აუცილებელი იყო მითითებული ხელშეკრულების ბუნების დადგენა. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი არის ადმინისტრაციული ორგანო, თუმცაღა, ცალკე აღებული აღნიშნული არ ქმნიდა ხელშეკრულების ადმინისტრაციული ბუნების დადგენის საკმარის საფუძველს. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმიანობა განახორციელოს როგორც საჯარო ისე კერძო-სამართლებრივი ფორმებით. ხელშეკრულების სამართლებრივი სტატუსის გამიჯვნისთვის მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშერკულების მხარეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, კერძოდ, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა სასკ-ის 251-ე, 26-ე, სზაკ-ის 65-ე მუხლებზე, სზაკ-ის 2.1. „ზ“, 2.1. „ა“ ქვეპუნქტებზე, „გრანტის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის 1-ელ პუნქტზე, მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-4 და მე-5 მუხლებზე, აგრეთვე, საკითან დაკავშირებით არსებულ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ერთგვაროვან პრაქტიკაზე (იხ. სუსგ. საქმე N ბს-1014-1010(გ-17), 18.12.2017წ. იხ. აგრეთვე, სუსგ. საქმე N ბს-1015-1011(გ-17), 09.01.2018წ.). განსახილველ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მოხმობილი სამართლებრივი სტანდარტების სუბსუმირების საფუძველზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ კონტექსტში, გრანტის გაცემას ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული კანონმდებლობის მიხედვით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები მოცემულია საჯარო სამართლის სხვადასხვა წყაროში, ხოლო თავად ხელშეკრულება ადმინისტრაციული სამართლის ნორმების შესრულებას ემსახურება. ამდენად, სადავო ურთიერთობა ადმინისტრაციულ სამართალს ეფუძნება. გრანტის გაცემა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით განმტკიცებული განათლების მიღების უფლების რეალიზების ერთ-ერთი საშუალებაა. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო საჯარო უფლებამოსილების მიზნის მისაღწევად მოქმედებდა. ამ მიზნის მისაღწევად მან გამოიყენა ხელშეკრულების დადების ინსტრუმენტი, როგორც საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთი ფორმა, რის გამოც 13.12.2018 წ. დადებული გრანტის ხელშეკრულებაა, თავისი ბუნებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება იყო. დავის განსჯადობას არ ცვლის ის გარემოება, რომ მოსარჩელე თანხის ანაზღაურებას მოითხოვდა სამოქალაქო კოდექსის ნორმების საფუძველზე.

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, სასარჩელო მოთხოვნა ეხება კერძო სამართლის სუბიექტსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის არსებულ საჯაროსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას, ხოლო მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულება ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ევროკონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალება მაშინ ჩაითვლება ქმედითად, როდესაც ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულია ისეთი სამართლებრივი მექანიზმი, რომლითაც შეიძლება აღმოიფხვრას შესაბამისი ეჭვები განსახილველი საქმის განსჯადობის საკითხის თაობაზე (იხ., mutatis mutandis, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 17.01.2013წ. გადაწყვეტილება საქმეზე Mosendz v. Ukraine, App. No. 52013/08, §122-125). სასკ-ის 26.3. მუხლი ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებას გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის დავა განსჯადობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება საგნობრივი განსჯადობის საკითხს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ამ უფლებით სარგებლობისათვის მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით. საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება და კომპეტენცია გააჩნია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13.11.2014 წ. N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ვ. გელბახიანი, მ. ნიკოლაიშვილი და ა. სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ პარა.106.). კანონიერი სასამართლოს უფლება (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი) სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს, რადგან განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის (ordre public) შემადგენელ ნაწილად. ამასთანავე, საგნობრივ განსჯადობას აქვს იმპერატიული და არა დისპოზიციური ხასიათი. ამდენად, კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს განსჯადად მიჩნევისათვის პირველ რიგში უნდა დადასტურდეს განმხილველი სასამართლოს საგნობრივი კომპეტენცია.

სასკ-ის 2.3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. საგნობრივი განსჯადობის საკითხის გარკვევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სადავო სამართალურთიერთობის შინაარსს, დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდსა და მ. უ-ეეს შორის დადებული გრანტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. ამდენად, საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების საფუძველს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას. უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელშეკრულება დადებულია საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე, სახეზე იქნება სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო ურთიერთობა, ხოლო თუ ხელშეკრულების დადების საფუძველი კერძოსამართლებრივია, სადავო სამართალურთიერთობა კერძოსამართლებრივი ბუნებისაა. შესაბამისად, განსჯადობის საკითხის გარკვევისათვის უნდა დადგინდეს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება.

„გრანტის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის თანახმად გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის მთავრობა, უცხოეთის ან საქართველოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს სამინისტრო. ამდენად, გრანტთან დაკავშირებული დავის ბუნება შესაძლოა იყოს როგორც კერძო-სამართლებრივი, ასევე საჯარო-სამართლებრივი. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის 13.12.2018წ. დაიდო № ... გრანტის ხელშეკრულება. უკვე აღინიშნა, რომ დასახელებული ხელშეკრულების მიხედვით, გრანტის გამცემი სუბიექტი იყო სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. „საჯარო სამართლის იურიდიულის პირის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის (მათ შორის) შესაბამისი კანონით ... შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 28.07.2010წ. №62/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების“ დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი არის „მეცნიერების ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ კანონით შექმნილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამდენად, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი პასუხობს სზაკ-ის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს ლეგალური დეფინიციის ნიშნებს. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთი მონაწილეა ადმინისტრაციული ორგანო. სადავო ურთიერთობაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხარედ გამოსვლა თავისთავად არ ადასტურებს დავის საჯარო-სამართლებრივ ხასიათს, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია დადოს კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება და ამდენად გამოვიდეს მხარედ კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში. ამდენად ხელშეკრულების მხარის საჯაროსამართლებრივი სტატუსი არ არის საკმარისი ფაქტორი ხელშეკრულების ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის. სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დადგინდეს მოქმედებდა თუ არა ადმინისტრაციული ორგანო საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით და გამომდინარეობს თუ არა სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მ. უ-ეეს შორის 13.12.2018წ. № ... გრანტის ხელშეკრულება დაიდო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.09.2014წ. №128/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ წესის საფუძველზე. ამასთანავე, მხარეთა შორის დადებული გრანტის ხელშეკრულების სამართლებრივ საფუძვლებად დამატებით მითითებულია: ა) სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის 05.04.2018წ. №39 ბრძანებით დამტკიცებული „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურსის“ წესები და ბ) სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის 30.11.2018წ. №182 ბრძანებით დამტკიცებული „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების გამარჯვებული პროექტები.“ აღსანიშნავია, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის დირექტორის 05.04.2018წ. №39 ბრძანების დანართი №1-ის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გრანტით დაფინანსებისათვის კონკურსის გამოცხადების საკვანძო მიზანს წარმოადგენდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება. აღნიშნული თანხვედრაშია სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინსტიტუციურ მიზნებთან, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 28.07.2010წ. №62/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების“ დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფონდის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა, მათი კვლევებისა და საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციის წახალისებით.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მთავრობა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის პ7 ქვეპუნქტის მიხედვით, სამინისტრო უმაღლესი განათლების სფეროში ამტკიცებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და პირობებს. ამ მიზნის რეალიზებისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.09.2014წ. №128/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდი სასწავლო-კვლევითი გრანტის გაცემას ახორციელებს საგრანტო კონკურსის წესით, ხოლო თავად კონკურსი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საგრანტო კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ამ წესით, აგრეთვე, გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 28.07.2010წ. №62/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების“ დანართის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხოლო ამავე დანართის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები. ამავე „წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თავისი მიზნების მისაღწევად ფონდი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საგრანტო კონკურსების ადმინისტრირებას. აღნიშნული თანხვედრაშია „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ კანონის მე-151 მუხლის 1-ელ პუნქტთან, რის მიხედვითაც, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ხარჯზე სამეცნიერო კვლევების საგრანტო სისტემის უზრუნველყოფა წარმოადგენს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მნიშვნელოვან მიზანს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.09.2014წ. №128/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ წესის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებასა და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადებას, აგრეთვე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივ გამოყენებასა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნას. საგრანტო კონკურსი არის ფონდის მიერ ჩატარებული ადმინისტრირებული პროცედურა, რომლის მიზანია დოქტორანტების უზრუნველყოფა სასწავლო-კვლევითი გრანტით (30.09.2014წ. №128/ნ ბრძანების 2 მუხ. „ჟ“ ქვ.პ.). საგრანტო ხელშეკრულება არის სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღებს, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება (30.09.2014წ. №128/ნ ბრძანების 2 მუხ. „პ“ ქვ.პ.). საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საგრანტო პროექტი, რომელიც არის დოქტორანტის მიერ სასწავლო-კვლევითი გრანტის მოპოვების მიზნით, ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი ქართულ და ინგლისურ ენებზე (30.09.2014წ. №128/ნ ბრძანების 2 მუხ. „ი“ ქვ.პ.). ამ პროექტში გაწერილი უნდა იყოს პროექტის ბიუჯეტი, პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობისა და ხარჯვის კატეგორიების მიხედვით (30.09.2014წ. №128/ნ ბრძანების 2 მუხ. „კ“ ქვ.პ.). სასწავლო-კვლევითი გრანტი ფონდის მიერ დოქტორანტისათვის გადაცემულ თანხას წარმოადგენს (30.09.2014წ. №128/ნ ბრძანების 2 მუხ. „ს“ ქვ.პ.). სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღები არის საგრანტო კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული და დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის ავტორი დოქტორანტი (30.09.2014წ. №128/ნ ბრძანების 2 მუხ. „ა“ ქვ.პ.). ამ შემთხვევაში, მხარეთა შორის 13.12.2018წ. დადებული № ... გრანტის ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძვლების ანალიზით დგინდება, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის 05.04.2018წ. №39 ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი, სრულყოფილად განისაზღვრა მასში მონაწილეობის პირობები და ის შესაბამისი საჯარო-სამართლებრივი მიზანი, რომელსაც კონკურსის ჩატარება ისახავდა მიზნად. ამასთან, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის 30.11.2018წ. №182 ბრძანების თანახმად, მ. უ-ეის საგრანტო პროექტი შერჩეულ იქნა დასაფინანსებლად, რაც მიანიშნებდა იმ ფაქტზე, რომ ამ პროექტის დაფინანსება უკავშირდებოდა გრანტის გამოყოფის საკვანძო მიზნების საჯარო-სამართლებრივ დანიშნულებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ურთიერთობა ეხება სადოქტორო კვლევისათვის აუცილებელი გრანტის გაცემის საკითხს. გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის („გრანტების შესახებ“ კანონის 2.1 მუხ.). გრანტს ახასიათებს მიზნობრიობა, ანუ იგი გაიცემა განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდსა და მ. უ-ეეს შორის 13.12.2018წ. დადებული № ... გრანტის ხელშეკრულების მიზანს შეადგენდა სადოქტორო სწავლებისა და კვლევის დაფინანსება, გრანტი მოიცავდა ინდივიდუალურ სასწავლო-კვლევითი გრანტს. ამასთან, პროექტის ბიუჯეტით შეიძლებოდა გათვალისწინებულიყო დოქტორანტის სტიპენდია, სასწავლო და კვლევითი პროცესის ტექნიკური აღჭურვის, ლაბორატორიული საშუალებების ან/და საველე სამუშაოების ხარჯები, პროექტის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში (მაგალითად, კონფერენცია, კონგრესი, ვორქშოფი, სემინარი და სხვა) მონაწილეობის ხარჯები, დისერტაციის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უცხოეთში კვლევითი ვიზიტის ხარჯებები, დისერტაციის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უცხოეთში კვლევითი ვიზიტის ხარჯები ან/და სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის საჭირო სხვა ხარჯები (05.04.2018წ. №39 ბრძანების 1,2,3 მუხ.). შესაბამისად, გრანტის მიმღები ვალდებული იყო შეესრულებინა საპროექტო წინადადების დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმით გათვალისწინებული ვალდებულებები (ხელშ. 2.3. მუხ. „ა“ ქვ.პ.). გრანტის მიმღები, აგრეთვე, ვალდებული იყო პროექტისათვის განკუთვნილი ფინანსების ხარჯვა განეხორციელებინა დანართი №2-ით განსაზღვრული საპროექტო ბიუჯეტის შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით (ხელშ. 2.3. მუხ. „გ“ ქვ.პ.). დამატებით, გრანტის მიმღები, კისრულობდა ვალდებულებას დროულად შეესრულებინა დანართი №3-ით განსაზღვრული პროექტის გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულებები (ხელშ. 2.3. მუხ. „ე“ ქვ.პ.). ამდენად, ხელშეკრულება დაიდო მ. უ-ეის სადოქტორო კვლევის დასაფინანსებლად. დოქტორანტურის საფეხურთან, მათ შორის დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის ნორმებით (2 მუხ. „ტ1“ ქვეპუნქტი, 7.1. მუხ. „პ7“ ქვ.პ. 49-ე მუხ.). გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის, სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით („გრანტების შესახებ“ კანონის 5.2 მუხ.). ამასთანავე, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის 05.04.2018წ. №39 ბრძანებით დამტკიცებული „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურსის“ წესის შესახებ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საგრანტო ხელშეკრულება ფორმდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.09.2014წ. N128/ნ ბრძანებით განსაზღვრული წესების დაცვით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადოქტორო გრანტის გაცემის შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნული წარმოადგენს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საჯარო უფლებამოსილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ გრანტი მოცემულ შემთხვევაში გაიცა ადმინისტრაციული კანონმდებლობის მიხედვით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები მოცულია საჯარო სამართლის სხვადასხვა წყაროებით, ხელშეკრულება ადმინისტრაციული სამართლის ნორმების შესრულებას ემსახურება. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. განსახილველ შემთხვევაში სამაგისტრო გრანტის გაცემა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებული აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალებაა. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო საჯარო უფლებამოსილების მიზნის მისაღწევად მოქმედებდა და ამ მიზნის მისაღწევად მან გამოიყენა ხელშეკრულების დადება, როგორც საქმიანობის ერთ-ერთი ფორმა, რის გამოც 13.12.2018წ. დადებული № ... გრანტის ხელშეკრულება, სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისი ბუნებით ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. დავის განსჯადობას არ ცვლის ის გარემოება, რომ მოსარჩელე თანხის ანაზღაურებას მოითხოვს სკ-ის ნორმების (361.2 მუხ., 394.1 მუხ.) საფუძველზე. ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულება (სკ-ის 361.2 მუხ.), კრედიტორის მიერ ზიანის ანაზღაურების უფლება (394.1, 408.1. მუხ.) არ ცვლის დავის ბუნებას, რომელიც უკავშირდება საბოლოო ჯამში ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულებას, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული გრანტის სახსრების მიზნობრივ გამოყენებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. სასკ-ის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართლწარმოების წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით უკვე გადაწყვეტილია განსახილველის მსგავსი შემთხვევები, რომლებიც უკავშირდება ფიზიკურ პირსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელის განსჯად სასამართლოში წარდგენის ფაქტობრივ-სამართლებრივ პრობლემატიკას (იხ. სუსგ., საქმე №ბს-832-824 (გ-16), 18.05.2017წ; იხ. აგრეთვე: სუსგ., №ბს-1014-1010(გ-17)).

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.12.2023წ. განჩინება დაუსაბუთებელია, მასში არ არის მოყვანილი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადობის დამადასტურებელი რაიმე მოსაზრება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე და 399-ე მუხლებითა და:

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე