ბს-226(კ-23) 20 იანვარი, 2025წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, ქეთევან ცინცაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ნ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, პირობით ვადამდე გათავისუფლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2022წ. გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჩ-ემ 10.05.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ადგილობრივი საბჭოს 01.04.2022წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2022წ. გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 01.04.2022წ. №05/22-036 გადაწყვეტილება და ადგილობრივ საბჭოს დაევალა ნ. ჩ-ეის მიმართ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ადგილობრივი საბჭოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2022წ. გადაწყვეტილებით ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.06.2022წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ჩ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 07.08.2018წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების შეფასების შედეგად უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ადგილობრივმა საბჭომ უნდა დაასაბუთოს, რომ არსებული შესაძლებლობებიდან მიღებული გადაწყვეტილება იყო ყველაზე მისაღები. მოცემულ შემთხვევაში საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, ასევე ის გარემოება, რომ იგი ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს, წახალისებულია, თუმცა საბჭომ მართებულად გაამახვილა ყურადღება დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე. სახეზეა ძალადობრივი ხასიათის, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილია განზრახ მკვლელობა, შესაბამისად მისაღებ გადაწყვეტილებაზე განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა, ქმედების განხორციელების ხერხმა და დანაშაულის შედეგად დამდგარმა შედეგმა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას დაიცვა აქტის კანონიერების განმსაზღვრელი - ფორმალური და მატერიალური კანონიერება. საბჭომ კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების გათვალისწინებით, სწორად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ჩ-ეის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინება ყველა ის გარემოება და მტკიცებულება, რომელიც მსჯავრდებულის დადებით მხარეზე მიუთითებდა. საბჭოს დისკრეციული უფლებამოსილება არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ აქტის კანონიერების შემოწმების უფლებას. აქტის კანონიერების შემოწმება გულისხმობს აქტში მითითებული შინაარსის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას და მისი დასაბუთების შემოწმებას. საბჭომ და სააპელაციო სასამართლომ უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია დანაშაულის ხასიათი. მითითებული კრიტერიუმი არ შეიძლება მხედველობაში იქნას მიღებული, როგორც შუადმგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამოუკიდებელი კრიტერიუმი. მსგავსი დანაშაულის ჩადენის შემდეგაც კანონი იძლევა შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას. პირი უნდა შეფასდეს არა მხოლოდ ერთი რომელიმე კრიტერიუმით, არამედ ყველა კრიტერიუმით ერთობლიობაში. საყურადღებოა აგრეთვე ასაკი, კერძოდ დანაშაული ჩადენილი იქნა არასრულწლოვნების პერიოდში, რის შემდეგ მსჯავრდებულმა თავისი ქმედებებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს დამატებით შანსს შეძლოს საზოგადოებაში დაბრუნება და ინტეგრაცია. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობას ადასტურებს აგრეთვე ის გარემოება, რომ იდენტური ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განიხილა შინაპატიმრობის ჭრილში და მიიჩნია, რომ მხოლოდ დანაშაულის ხასიათი არ უნდა ყოფილიყო კანონით გათვალისწინებულ შეღავათზე უარის თქმის საფუძველი. მითითება იმაზე, რომ მხოლოდ დაშაულის ხასიათის სიმძიმე შეიძლება გახდეს მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (საქმე №ბს-720(კ-22)), რომელიც მიღებულია ნ. ჩ-ეის საქმეზე შინაპატიმრობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლოს მითითებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე ხაზგასმა არ ნიშნავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად კვლავ დანაშაულის ხასიათი გახდა უარის თქმის საფუძველი. აღნიშნულის გამო სასამართლომ უნდა მიიღოს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ, ვინაიდან საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობა არ იქნება ეფექტური მართლმსაჯულების შედეგი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქმეში დაცული მასალების მიხედვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 28.02.2017წ. განაჩენით ნ. ჩ-ეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლით მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. სასჯელის მოხდის ვადა ათვლა დაიწყო 2016 წლის 3 ნოემბრიდან, შესაბამისად სასჯელის ამოწურვის ვადად განისაზღვრა 03.11.2024წ..
გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად საბჭომ 01.04.2022წ. ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ეის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. საბჭომ ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე, კერძოდ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის განხილვისას გაითვალისწინა აგრეთვე სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმები, თუმცა ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, ქმედების განხორციელების ხერხის და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 07.08.2018წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მიხედვით ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშე არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს, ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ (7.3, 7.4 მუხ.). მსჯავრდებულის შეფასება ხდება ამავე წესის 13.1 მუხლით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, როგორიცაა: დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება. მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა საბჭოს 01.04.2022წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მიუთითა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში დაასრულა საჯარო სკოლა, ჩააბარა და სწავლობს სამხატვრო აკადემიაში, ჩართულია სოციალურ აქტივობებში, დისციპლინური სახდელი არ ჰქონია, წახალისებულია, კარგი ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულებთან, არ არის კონფლიქტური, თავაზიანია დაწესებულების თანამშრომლების მიმართ, სამომავლო გეგმები დაკავშირებულია სწავლასთან, სრულ დაეუფლოს პროფესიას, შესაბამისად მოსარჩელე აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის შეფასების ყველა კრიტერიუმს, რის გამო საბჭოს გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო მხოლოდ ერთი კრიტერიუმის - „დანაშაულის ხასიათის“ გათვალისწინებით. ამდენად, განსახილველ საქმეზე სარჩელის საგანს შეადგენს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სხვა ადმინისტრაციულ საქმეზე, რომლის დავის საგანს შეადგენდა ნ. ჩ-ეის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.11.2023წ. გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ადგილობრივი საბჭოს 10.02.2023წ. გადაწყვეტილება და საბჭოს დაევალა ნ. ჩ-ეის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საბჭოს მიერ. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე აპელანტმა მოითხოვა დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა იმაზე მითითებით, რომ ნ. ჩ-ე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა 19.07.2024წ.. „ამნისტიის შესახებ“ 12.04.2022წ. კანონით იმ ქალ მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს იხდიან ამავე კანონით დადგენილ პერიოდში, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მოსახდელი ნაწილი შეუმცირდათ 105 დღით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.2024წ. განჩინებით ადგილობრივი საბჭოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოება შეწყდა, აგრეთვე გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 13.11.2023წ. გადაწყვეტილება. პალატამ მიუთითა სსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან 19.07.2024წ. ნ. ჩ-ეის გათავისუფლების გამო დავის საგანი აღარ არსებობს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციულ საქმეზე ნ. ჩ-ეის სარჩელთან დაკავშირებით მიღებული სასამართლოს აქტით დგინდება პენიტენციური დაწესებულებიდან მოსარჩელის გათავისუფლების ფაქტი, შესაბამისად ნ. ჩ-ე ამნისტიის საფუძველზე სასჯელის ვადის შემცირების გამო აღარ იხდის სასჯელს, რაც სსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოშობს დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობას. მითითებული ნორმის საფუძველზე სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შესაბამისად მიუხედავად საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე მხარეთა განცხადების არარსებობისა, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით იმსჯელოს სსკ-ის 272-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობების არსებობაზე. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით დასაცავი უფლება რეალიზებულია, დავის საგანი ამოწურულია. სადავო აქტის – სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მით უფრო გათავისუფლების შესახებ ახალი აქტის გამოცემის მიმართ მოსარჩელის ინტერესი სახეზე იყო მისი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, ხოლო მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებით ამგვარი ინტერესი და შესაბამისად, სარჩელის განხილვის პროცესუალური წინაპირობა აღარ არსებობს (სუსგ 29.04.2013წ. საქმე №ბს-797-781(კ-12), 27.11.2014წ. საქმე №ბს-429-424(კ-14), 21.11.2017წ. საქმე №ბს-1032-1026(კ-17)). საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლა წარმოადგენს სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახით შეცვლას, თავის მხრივ შინაპატიმრობა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას, როგორც წესი, შინაპატიმრობა აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით (სსკ-ის 471 მუხ.), შესაბამისად შინაპატიმრობა არის სასჯელის ერთ-ერთი სახე (სსკ-ის 40.1 მუხ. „ვ“ ქვ.პ.). ვადამდე გათავისუფლება კი გულისმობს სასჯელის მოხდისაგან პირობით გათავისუფლებას ისეთ შემთხვევებში, როდესაც მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ამასთანავე სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადაში მსჯავრდებულს შესაძლოა დაეკისროს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეოებები (ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი და სხვ.). მართალია, როგორც შინაპატიმრობა, აგრეთვე ვადამდე გათავისუფლება გულისხმობს ვადიანი თავისუფლების აღკვეთისაგან გათავისუფლებას, თუმცა ისინი იდენტურ ცნებებს არ წარმოადგენენ. სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საფუძვლების არსებობა იმთავითვე არ ადასტურებს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის საფუძვლიანობას. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის მიმართ მხარის კანონიერი ინტერესი არ არსებობს, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია პენიტენციური დაწესებულებიდან, ამდენად, დავის საგნის არარსებობის გამო მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ამასთან სასკ-ის 9.3 მუხლის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტის გამო დაბრუნებას ექვემდებარება საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით და მე-9 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჩ-ეის სარჩელზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს მიმართ დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2022წ. გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2022წ. გადაწყვეტილება;
3. ი. ს-ის (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.04.2023წ. №16846707436 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. მხარეებს განემარტოთ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
ქ. ცინცაძე