Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1274(კ-24) 6 თებერვალი, 2025 წელი

, ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბადრი შონია, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხე) - შპს „პ...“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 26 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - შპს „პ...ს“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის სამეწარმეო საქმიანობის მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის დაკისრება - 6084.20 ლარის ოდენობით.

სარჩელის მიხედვით, შპს „პ...“ ქ. ხობში, ...ს ქუჩაზე მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას 2017 წლის 22 ივნისიდან (რა დროსაც გაცემულია ...ის მოპოვების N... ლიცენზია) 2018 წლის 25 ოქტომბრამდე (იჯარის უფლების რეგისტრაციამდე) სამეწარმეო მიზნით იყენებდა არამართლზომიერად, რაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, სარგებლობის საფასურის გადახდის საფუძველია, თუმცა სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხეს არ გადაუხდია შესაბამისი თანხა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 იანვრის ადგილზე დათვალიერების ოქმითა და აქტით, დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „პ...“ არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი აღძრული იყო 2023 წლის 26 ივნისს, სასამართლომ მიიჩნია, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 65 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ პრივატიზებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მითითებული ოქმისა და აქტის გამოცემის დღიდან (2018 წლის 29 იანვარი). ადმინისტრაციული ორგანოსთვის 2018 წლის 29 იანვარს ცნობილი იყო მოპასუხის მიერ ქონების არამართლზომიერი სარგებლობისა და სამეწარმეო მიზნებისათვის გამოყენების ფაქტი და მისთვის ამის შესახებ ცნობილი არ გამხდარა სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ, შესაბამისად, სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულობის საფუძვლით არ დაკმაყოფილდა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და აღნიშნა, რომ ვინაიდან მსგავსი კატეგორიის საქმეზე ექსპერტი ადგენდა სარგებლობაში არსებული ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულებას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოითვლიდა მესაკუთრე (სახელმწიფო) გადასახდელ თანხებს, დასაკისრებელი თანხა უნდა შეფასებულიყო როგორც პერიოდულად (ყოველთვიურად) გადასახდელი თანხების ერთობლიობა, შესაბამისად, მართებული იყო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გავრცელება მოცემულ სამართალურთიერთობაზე, შესაბამისად სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით - 2023 წლის 26 ივნისს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს მიერ არამართლზომიერი სარგებლობის პერიოდისთვის მოპასუხისთვის თანხის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად მიჩნევა, ვინაიდან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36.13 მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, არამართლზომიერი მოსარგებლე ვალდებულია გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან, სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, რაც შპს „პ...ს“ შემთხვევაში დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ხოლო რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლების გავრცელების საკითხს, კასატორის მოსაზრებით, მითითებული ნორმები შეეხება სახელშეკრულებო ურთიერთობებში მყოფ პირებს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფოსა და შპს „პ...ს“ შორის ასეთი ურთიერთობა არ წარმოშობილა, რაც ადასტურებდა სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის უსაფუძვლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სსიპ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი (სუსგ 15.02.2024 წ. №ბს-1112(კ-23)). სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

ამდენად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე სანქციის სახით გათვალისწინებული თანხის დაკისრების სუბიექტი შეიძლება იყოს პირი, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ ქონებას იყენებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის, სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას ასევე განეკუთვნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე რეაგირება. შესაბამისად, მანვე უნდა უზრუნველყოს მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა.

მოცემულ საქმეზე მოსარჩელე შპს „პ...ს“ მიმართ ითხოვდა 2017 წლის 22 ივნისიდან 2018 წლის 25 ოქტომბრამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისთვის და სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენების გამო თანხის დაკისრებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მესაკუთრის მიერ შელახული უფლების სასამართლო წესით დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან; კერძოდ, კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს სასამართლოში წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის ვადა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით (სუსგ 25.03.2021 წ. №ბს-1322(კ-19)).

„ზოგადად, ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანისთვის. დროის ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში. გარკვეული დროის დადგომას ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგები – სამართლებრივი ურთიერთობების (შესაბამისად, პირთა უფლებებისა ან/და მოვალეობების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).

საგულისხმოა, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგი - სასამართლოს მეშვეობით უფლების იძულებითი განხორციელების შეუძლებლობა. ამასთან, ვინაიდან, ხანდაზმულობა არსებით გავლენას ახდენს პირის უფლება-მოვალეობებზე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს მისი ათვლის საწყისი, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში პირი, მართალია, არ კარგავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, მაგრამ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან სამი წელია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის უნდა შეფასდეს ხანდაზმულობის საკითხი. ხანდაზმულობა წარმოადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია საკუთარი უფლების რეალიზება მოახდინოს. ხანდაზმულობის საკითხის თავისებურება სწორად იმაშია, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ მოთხოვნის უფლება ქარწყლდება და მისი შესრულება დამოკიდებული ხდება მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

განსახილველ შემთხვევაში, სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად, მოსარჩელე მიუთითებდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 იანვრის ადგილზე დათვალიერების ოქმსა და აქტზე, რა დროსაც დადგინდა სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად გამოყენება, თუმცა სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2023 წლის 26 ივნისს, 5 წელზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ. ამრიგად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოპასუხის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რადგან მოთხოვნა წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას (გადახდა ანგარიშდება ქონების ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების შესაბამისად), თუმცა სარჩელი სასამართლოში წარდგენილია მითითებული ვადის გასვლით, შესაბამისად სარჩელი ხანდაზმულია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. შონია

გ. მაკარიძე