Facebook Twitter

№ბს-488(კ-24) 19 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ბ-ი, მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბ. ბ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს, მოსარჩელე ბ. ბ-ის სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 19444,16 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით; ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს, მოსარჩელე ბ. ბ-ის სასარგებლოდ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით; გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ბ. ბ-ისათვის მიუღებელი შემოსავალის სახით მიყენებული მატერიალური ზიანის 23 600 აშშ დოლარის ანაზღაურება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მარტის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, ბ. ბ-ის სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის 19 444,16 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბ. ბ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი მიუთითებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2007 წლის 1 მაისს ვ. ა-ისა და ჯ. დ-უს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა ვ. ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი ..., ბინა №...). აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სესხის თანხას შეადგენდა 4 600 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3%-ის გადახდით. ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ №... (01.05.2007) გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ჯ. დ-უს იპოთეკის უფლება. ბ) საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად, 2007 წლის 14 აგვისტოს უძრავი ნივთის მესაკუთრის - ვ. ა-ის №... სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე, მოთხოვნილ იქნა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის ამონაწერი, რაზეც 2007 წლის 15 აგვისტოს გაიცა შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც იპოთეკარად მითითებულია ჯ. დ-უ. გ) 2007 წლის 16 აგვისტოს ნ. თ-ისა და ვ. ა-ის შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (რეესტრის ნომერი №..., დამოწმებულია ნოტარიუსის მ. ბ-ის მიერ), ხელშეკრულების დასახელებად მითითებულ იქნა „ცვლილება/დამატება სესხისა და იპოთეკის 2007 წლის 1 მაისის ხელშეკრულებაში“. ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ მესაკუთრის - ვ. ა-ის ბინა დატვირთულ იქნა იპოთეკარის ნ. თ-იის მიერ. აღნიშნული ხელშეკრულება ნ. თ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა იმავე დღეს და №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ იქნა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ იპოთეკის უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო სამსახურის №... (17.08.2007) გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ნ. თ-იის იპოთეკის უფლება. დ) რეგისტრაციის შესახებ №... (11.12.2007) გადაწყვეტილებით ნ. მ-ა დარეგისტრირდა მეორე რიგის იპოთეკარად, საფუძველი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (რეესტრის ნომერი №1/7379; დამოწმების თარიღი: 06.12.2007 წ., ნოტარიუსი დ. კ-ა). ე) რეგისტრაციის შესახებ №...(14.12.2007) გადაწყვეტილებით, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე გაუქმდა ნ. თ-იის სახელზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლება. ვ) 2007 წლის 31 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა სს „ს...ს“ №... სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე სს „ს...ს“ სასარგებლოდ იპოთეკის უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო დოკუმენტად წარდგენილ იქნა 2007 წლის 26 დეკემბერს ვ. ა-ისა და სს „ს...ს“ შორის გაფორმებული იპოთეკის №... ხელშეკრულება. ამასთან, რეგისტრაციის შესახებ №... (08.01.2008) გადაწყვეტილებით შეწყდა ნ. მ-ას იპოთეკის უფლება, ხოლო რეგისტრაციის შესახებ №... (09.01.2008) გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა სს „ს...ს“ იპოთეკის უფლება. ზ) 2007 წლის 26 დეკემბერს ვ. ა-ისა და ბ. ბ-ის შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (რეესტრის №1-11739, გაფორმების თარიღი: 26.12.2007 წ., ნოტარიუსი ნ. ბ-ე) საფუძველზე, უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა ბ. ბ-ის საკუთრების უფლება (რეგისტრაციის შესახებ №... (09.01.2008) გადაწყვეტილება). ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ნივთის ფასი შეადგენდა 12 000 ლარს, ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი ვალდებული იყო ნასყიდობის ფასი სრულად გადაეხადა გამყიდველისთვის ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებიდან ხუთი დღის განმავლობაში. თ) მითითებული რეგისტრაციის განხორციელების შემდგომ, ჯ. დ-უს განცხადების საფუძველზე, რეგისტრაციის შესახებ №... (26.01.2009) გადაწყვეტილებით, გასწორდა რეგისტრირებულ მონაცემებში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი და უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) ამონაწერში აღდგა ჯ. დ-უს სასარგებლოდ იპოთეკის უფლება (2007 წლის 1 მაისს ვ. ა-ისა და ჯ. დ-უს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე). ი) თბილისის სააღსრულებო ბიუროს №01/01-22/09-1615 (11.09.2009) განკარგულების თანახმად, მოვალის - ბ. ბ-ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) შემძენი 2009 წლის 11 სექტემბერს პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა დ. მ-იი. უძრავი ქონება შეძენილ იქნა 25 100 ლარად. თანხის გადახდა მოხდა სრულად. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, რეგისტრაციის შესახებ №... (08.10.2009) გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა დ. მ-იის საკუთრების უფლება. ამასთან, უძრავ ნივთზე გაუქმდა რეგისტრირებული იპოთეკის უფლებები.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას უძრავი ნივთის შესაძენად გადახდილი ჰქონდა 27 000 აშშ დოლარი, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. საქმეში დაცული მტკიცებულებების, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ნივთის ნასყიდობის ფასად მითითებულია 12 000 ლარი, ხოლო დ. მ-იმა აუქციონზე უძრავი ნივთი შეიძინა 25 100 ლარად. აღნიშნული თანხიდან ჯ. დ-უს გადაეცა 10 563.30 ლარი, ხოლო ბ. ბ-ის - 14 007.79 ლარი, ანუ იმაზე მეტი ვიდრე მას საქმეში დაცული მტკიცებულებების თანახმად, გადახდილი ჰქონდა უძრავი ქონების შესაძენად. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ბ. ბ-ი მიუთითებს, რომ მას მიადგა 19 444,16 აშშ დოლარის ქონებრივი ზიანი და მოსარჩელის ამ პოზიციას იზიარებს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებიც, თუმცა საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მოსარჩელის მიმართ რეალური ზიანის ოდენობას. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლო თავის მსჯელობას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ ბ. ბ-იმა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების შეძენისათვის 2007 წლის 26 დეკემბერს სს „ს...სგან“ აიღო 24 000 აშშ დოლარი იპოთეკური სესხი და ამ გარემოებას მიიჩნევს ზიანის ოდენობის დასადასტურებლად.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული 24 000 აშშ დოლარი მხარემ ნამდვილად გადაუხადა თუ არა ვ. ა-ის უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) შესაძენად. ამასთან, უტყუარად დგინდება, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასად მითითებულია 12 000 ლარი (რომელიც თავად დაადგინეს მხარეებმა და ამავდროულად მათ ჰქონდათ ვალდებულება, რომ ხელშეკრულებაში მიეთითებინათ რეალური ნასყიდობის ფასი), ხოლო დ. მ-იმა აუქციონზე უძრავი ნივთი შეიძინა 25 100 ლარად. აღნიშნული თანხიდან ბ. ბ-ის გადაეცა 14 007.79 ლარი, ანუ იმაზე მეტი ვიდრე მას გადახდილი ჰქონდა უძრავი ქონების შესაძენად. დაუსაბუთებელია, რატომ არის ნაკვეთის შესაძენად გადახდილ თანხაზე მეტი თანხის გადახდის დაკისრება მოპასუხეზე კანონიერი, მით უფრო, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების კეთილმოწყობისათვის ხარჯების გაწევა, არსებითი გაუმჯობესება და სხვ., რასაც შეეძლო უძრავი ნივთის ღირებულების გაზრდა.

თუ მაინც დავუშვებთ, რომ მხარის მიმართ რეალური ქონებრივი ზიანი დადგა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარეს მოთხოვნა არ წაუყენებია ვ. ა-ის მიმართ, ვისი ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად განხორციელდა ბ. ბ-ისთვის უძრავი ნივთის მიყიდვა. როგორც საქმეში არსებული გარემოებებით დგინდება, ვ. ა-ისთვის ცნობილი იყო იმ გარემოების თაობაზე, რომ 2007 წლის 1 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებობდა შესასრულებელი ვალდებულება ჯ. დ-უს მიმართ. მისთვის ცნობილი იყო ასევე ის გარემოება, რომ რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე ტექნიკური შეცდომის გამო არ ფიქსირდებოდა იპოთეკარად ჯ. დ-უ. აღნიშნული ფაქტის შემდგომ, ვ. ა-ის მიერ სადავო უძრავ ნივთთან მიმართებით არაერთი ტრანზაქცია იქნა განხორციელებული, როგორც იპოთეკის უფლებების რეგისტრაცია, ისე შეწყვეტა და საბოლოოდ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მოთხოვნა, თუმცა მიუხედავად ამისა, არაერთხელ იქნა მითითებული მის მიერ როგორც იპოთეკის ხელშეკრულებაში, ისე ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომ უძრავი ნივთი იყო უფლებრივად უნაკლო და მასზე სხვა პირებს არ ჰქონდათ პრეტენზიის გაცხადების საშუალება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს გამყიდველის მიერ განხორციელებული ქმედებებიდან გამომდინარე, ახალი მესაკუთრისთვის ზიანის მიყენების ფაქტს (ასეთის დადასტურების შემთხვევაში), რის გამოც მოსარჩელე მხარემ, პირველ რიგში, უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, რომ მის მიერ დაკარგული თანხის ანაზღაურება მოითხოვოს თავად პირადი მოვალისაგან (მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენისაგან).

კასატორის განმარტებით, მხოლოდ ზიანის არსებობის ფაქტი (რომელიც წინამდებარე შემთხვევაში სახეზე არ არის) საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება. საჭიროა ზიანის მიმყენებლის ქმედება ხასიათდებოდეს მართლწინააღმდეგობითა და ბრალეულობით, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებით, აღნიშნული ნორმების განმარტებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის ერთობლიობაში (კუმულატიურად) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო/კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ასეთი გადაწყვეტილების მიღება გამოწვეულ უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული მოქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებას შორის.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2007 წლის პირველ მაისს, ვ. ა-ისა და ჯ. დ-უს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ჯ. დ-უმ ვ. ა-ის ასესხა 4600 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით და იპოთეკით დაიტვირთა ვ. ა-ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა ..., ს/კ .... ჯ. დ-უს იპოთეკის უფლება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 2007 წლის პირველ მაისს (ტ.1, ს.ფ 229-233, 27); ბ) 2007 წლის 16 აგვისტოს, ნ. თ-ისა და ვ. ა-ის შორის გაფორმდა №... სანოტარო აქტი, „ცვლილება-დამატება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში“, რომლითაც მესაკუთრის - ვ. ა-ის ბინა მდებარე ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა ..., ხელმეორედ დატვირთულ იქნა ახალი იპოთეკარის ნ. თ-იის მიერ. აღნიშნული ხელშეკრულებით, ნ. თ-იმა, როგორც იპოთეკარმა, მოქალაქე ვ. ა-ის (მესაკუთრეს), ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით ასესხა 3 400 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულებით დადგინდა, რომ ხელშეკრულების დამრღვევი მხარე ვალდებული იყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაეხადა პირგასამტეხლო, საერთო თანხის 0,3%-ის ოდენობით. ხელშეკრულება დადებულ იქნა სამი თვის ვადით, 2007 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით. 2007 წლის 17 აგვისტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაარეგისტრირა ნ. თ-ისა და ვ. ა-ის შორის გაფორმებული №... სანოტარო აქტი, ცვლილება-დამატება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესახებ, რომლითაც იპოთეკარად აღირიცხა მხოლოდ ნ. თ-იი, ხოლო მესაკუთრედ ვ. ა-ი (ტ.1, ს.ფ 30-33, 34-35); გ) 2007 წლის 6 დეკემბერს, ვ. ა-ისა და ნ. მ-ას შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ. მ-ამ ვ. ა-ის ასესხა 7700 აშშ დოლარი და იპოთეკით დაიტვირთა ვ. ა-ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა ..., ს/კ ... (ტ.1, ს.ფ 266-269); ნ. მ-ას იპოთეკის უფლება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 2007 წლის 11 დეკემბერს (ტ.1, ს.ფ 39-40); 2007 წლის 13 დეკემბრის №1/7569 სანოტარო აქტით (იპოთეკაზე უარის თქმის შესახებ) დგინდება, რომ ს. ა-ამ, როგორც ნ. თ-იის სახელით მოქმედმა უარი განაცხადა მის სასარგებლოდ დაფუძნებულ იპოთეკაზე, რომელიც წარმოშობილი იყო 2007 წლის 17 აგვისტოს №... სანოტარო აქტით, ცვლილება-დამატება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობებით მსესხებლის ვ. ა-ის მიერ ვალდებულებათა შესრულების საფუძველზე (ტ.1, ს.ფ 284-285); 2017 წლის 14 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა ..., ს/კ ..., იპოთეკარად რეგისტრირებულია მხოლოდ ნ. მ-ას უფლება (ტ.1, ს.ფ. 287-288); 2007 წლის 26 დეკემბრის სანოტარო აქტით დგინდება, რომ 2007 წლის 6 დეკემბრის ნ. მ-ასა და ვ. ა-ის შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაუქმდა მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების პირობების შესრულების გამო (ტ.1, ს.ფ 294); 2008 წლის 8 იანვარს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა ..., ს/კ ..., მესაკუთრე ვ. ა-ი, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება არ არის რეგისტრირებული (ტ.1, ს.ფ 297); დ) 2007 წლის 26 დეკემბერს, ვ. ა-ისა და ბ. ბ-ის შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ბ. ბ-იმა ვ. ა-ისაგან შეიძინა უძრავი ქონება - მდებარე, ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა ..., ფართი 59,00 კვ.მ. უძრავი ქონების საფასურად განისაზღვრა 12 000 ლარი (ტ.1, ს.ფ 45-48); 2007 წლის 26 დეკემბერს, სს „ს...სა“ და ბ. ბ-ის შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ №... ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 48-57). აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს „ს...სა“ და ვ. ა-ის შორის 2007 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მეორე რიგის იპოთეკით დაიტვირთა ვ. ა-ის უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა .... №1-11738 სანოტარო აქტით დგინდება, რომ 2007 წლის 26 დეკემბერს, სს „ს...ს“ წარმომადგენელმა და ვ. ა-იმა მიმართეს ნოტარიუს ნ. ბ-ეს. მათ გამოხატეს ერთმანეთს შორის იპოთეკის ხელშეკრულების დადების ნება და ითხოვეს სანოტარო წესით დადასტურება. მხარეთა განცხადებით იპოთეკის საგანი შეფასებულია 26 400 აშშ დოლარად, ანუ 42 240 ლარად (ტ.1. ს.ფ. 58-62, ტ.3. ს.ფ. 122); 2007 წლის 26 დეკემბერს, ბ. ბ-ისა და სს „ს...ს“ შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ 2007 წლის 26 დეკემბრის №... ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №..., რომლითაც ბ. ბ-იმა სს „ს...სგან“ აიღო იპოთეკური სესხი 24 000 აშშ დოლარის ოდენობით (ტ.1. ს.ფ. 73-74); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 9 იანვრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონების მდებარე, ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა ..., ფართი 59,00 კვ.მ, ს/კ ..., მესაკუთრედ დარეგისტრირდა ბ. ბ-ი და იპოთეკარად დარეგისტრირდა სს „ს...“ (იპოთეკის ისტორიული ნომერი ...) (ტ.1. ს.ფ. 75-76); 2009 წლის 23 ივლისს, სს „ს...სა“ და ბ. ბ-ის შორის გაფორმდა №... ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №..., თანხა - 18 050 აშშ დოლარი (ტ.1. ს.ფ. 67-70); ბ. ბ-ითან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად, სს „ს...სა“ და ნ. ს-ეს შორის 2009 წლის 24 ივლისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 71-72); ე) 2009 წლის 26 იანვარს, ჯ. დ-უმ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვა ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა ...-ის საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება (ტ.1, ს.ფ 333-334); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 26 იანვრის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ჯ. დ-უს განცხადება, რომლის საფუძველზეც 2009 წლის 26 იანვარს გაიცა ამონაწერი, სადაც ბინაზე მდებარე ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა ..., იპოთეკარად დარეგისტრირდა ჯ. დ-უ (იპოთეკის რეგისტრაციის №..., თარიღი 01/05/2007). (ტ.1, ს.ფ. 348, 349-350); მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ა...“-ის 2009 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე №10/ა-09) პრეტენდენტ ჯ. დ-უს მოთხოვნები დაკმაყოფილდა და მოპასუხე ბ. ბ-ის პრეტენდენტ ჯ. დ-უს სასარგებლოდ დაეკისრა 5842 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4600 აშშ დოლარი, ხოლო 1242 აშშ დოლარი არის პირგასამტეხლო, 2008 წლის ნოემბრიდან, 2009 წლის იანვრის ჩათვლით. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დაკისრებული თანხის - 5842 აშშ დოლარის ბ. ბ-ის მიერ ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდებოდა იპოთეკით დატვირთული ბინის, მდებარე ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა ...-ის აუქციონზე იძულებით რეალიზაცია (ტ.1, ს.ფ 80-83); ვ) 2009 წლის 10 სექტემბრის პირველი იძულებითი, საჯარო აუქციონის შესახებ ოქმით დგინდება, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „ა...“-ის მიერ გაცემული №10/ა-09 სააღსრულებო ფურცელი. ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით 2009 წლის 10 სექტემბერს 13:00 საათზე დაინიშნა პირველი, იძულებითი, საჯარო აუქციონი, მოვალე ბ. ბ-ის სახელზე რიცხულ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა ..., ს/კ .... აუქციონზე გაიმართა საჯარო ვაჭრობა და ვაჭრობის შედეგად მოქალაქე დ. მ-იის წარმომადგენელმა გააკეთა ბოლო შეთავაზება 25 100 ლარის შესახებ. პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე ზემოაღნიშნული უძრავი ქონების შემძენი გახდა დ. მ-იი (ტ.1, ს.ფ 363-365); საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 11 სექტემბრის №01/01-22/09-1615 განკარგულებით დგინდება, რომ მოვალის ბ. ბ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების - ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა ..., ს/კ ..., შემძენი 2009 წლის 11 სექტემბერს პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა დ. მ-იი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 25 100 ლარად და თანხა გადაიხადა სრულად (ტ.1, ს.ფ 372); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით დ. მ-იი დარეგისტრირდა, ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა ..., საკადასტრო კოდი ..., უძრავი ქონების მესაკუთრედ (ტ.1, ს.ფ 380, 380-381); ზ) დადგენილია, რომ აუქციონზე გაყიდული უძრავი ქონების თანხიდან ჯ. დ-უს გადაეცა 10 563,30, ხოლო ბ. ბ-ის 14 007,79 ლარი; თ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 ოქტომბრის №2/8717-2011 გადაწყვეტილებით, სს „ს...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბ. ბ-ის და ნ. ს-ეს სს „ს...ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 2009 წლის 23 ივლისის №... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხა - 17 607 აშშ დოლარი, პროცენტი - 5731 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1500 აშშ დოლარი. ასევე, ბ. ბ-ის სს „ს...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2007 წლის 31 დეკემბრის №... დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხა 33,58 აშშ დოლარი, პროცენტი 12,2 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 10 აშშ დოლარი (ტ.1, ს.ფ 91-96); ი) შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების 2013 წლის 24 ივლისის №1449965 ცნობით დგინდება, რომ 2009 წლის 21 ნოემბერს, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოში, მოქალაქე ბ. ბ-ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №010090279 საქმეზე, ყალბი საჯარო რეესტრის ამონაწერის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტ.1, ს.ფ 97); ი) ქ. თბილისის პროკურატურის 2017 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით დგინდება, რომ ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის №010090279 საქმე, ყალბი საჯარო რეესტრის ამონაწერის დამზადების და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამავე დადგენილებით ბ. ბ-ი ცნობილ იქნა დაზარალებულად და მასვე მიენიჭა დაზარალებულის ყველა უფლება და დაეკისრა ყველა მოვალეობა (ტ.1, ს.ფ 26-27).

საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა ბ. ბ-ის მიერ. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი, კერძოდ, შესაფასებელია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მოსარჩელე ბ. ბ-ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის 19444,16 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიყენება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარე მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ქმედებიდან გამომდინარე, უპირველესად უნდა დადგინდეს და შეფასდეს, სახეზე არის თუ არა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ვინაიდან ამ შედეგის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს მოცემული დავისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხი - არსებობს თუ არა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას სადავო პერიოდში მოქმედ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონზე (ძალადაკარგულია საქართველოს 12/19/2008 №820 კანონით), რომელიც განსაზღვრავდა უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე რეესტრების მწარმოებელი ორგანოების უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი). ამავე კანონის 43 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან გაიცემა უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და საკუთრების უფლებების მიტოვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე უძრავ ნივთზე გარიგებისა და სხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელებისას, გარდა მემკვიდრეობის უფლების დადგენისა, მასზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დგინდება მხოლოდ ამონაწერით.

ზემოაღნიშნული კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე შემდეგი უფლებები: ა) საკუთრება; ბ) იპოთეკა; გ) აღნაგობა; დ) უზუფრუქტი; ე) სერვიტუტი; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა; თ) თხოვება.

მითითებული კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლება, უფლების შეზღუდვა, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულება, ყადაღა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად, ხოლო საკუთრების უფლება მიტოვებულად ან შეცვლილად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ განცხადებულ უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულებისა და საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და მათ საფუძვლად წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობისა და უსაფრთხოებისათვის.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ. ა-ისა და ჯ. დ-უს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა ..., ს/კ .... ჯ. დ-უს იპოთეკის უფლება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 2007 წლის პირველ მაისს. 2007 წლის 26 დეკემბერს, ვ. ა-ისა და ბ. ბ-ის შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ბ. ბ-იმა შეიძინა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, რომელზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ამონაწერში არ ფიქსირდებოდა ჯ. დ-უს იპოთეკის უფლება. 2009 წლის 26 იანვარს, ჯ. დ-უმ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ჯ. დ-უს განცხადება, რომლის საფუძველზეც 2009 წლის 26 იანვარს გაიცა ამონაწერი, სადაც ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა ...-ზე იპოთეკარად დარეგისტრირებულია ჯ. დ-უ (იპოთეკის რეგისტრაციის №..., თარიღი 01/05/2007).

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ 2007 წლის 16 აგვისტოს, ნ. თ-ისა და ვ. ა-ის შორის გაფორმებული №... სანოტარო აქტის რეგისტრაციისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ფაქტობრივად გააუქმა ჯ. დ-უს იპოთეკის უფლება და უძრავ ქონებაზე გაცემულ საჯარო რეესტრიდან ამონაწერში ერთადერთ იპოთეკარად აღრიცხა ნ. თ-იი. მართალია, მითითებული სანოტარო აქტი დასათაურებული იყო როგორც „ცვლილება-დამატება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში“, თუმცა, საყურადღებოა, რომ მოგვიანებით სარეგისტრაციო სამსახურმა თავად მიიჩნია ჯ. დ-უს იპოთეკის უფლების გაუქმება ტექნიკურ ხარვეზად და 2009 წლის 26 იანვრის №... გადაწყვეტილებით იპოთეკის უფლება კვლავ დაარეგისტრირა უძრავ ნივთზე. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩატარების ვალდებულების დარღვევის შედეგად ბ. ბ-იმა შეიძინა ნაკლის მქონე უძრავი ქონება. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ მოსარჩელის მიმართ გამოიწვია შემდეგი სამართლებრივი შედეგების დადგომა: მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ა...“-ის 2009 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე №10/ა-09), პრეტენდენტ ჯ. დ-უს მოთხოვნები დაკმაყოფილდა და მოპასუხე ბ. ბ-ის პრეტენდენტ ჯ. დ-უს სასარგებლოდ დაეკისრა 5842 აშშ დოლარის გადახდა, დადგინდა, რომ დაკისრებული თანხის - 5842 აშშ დოლარის ბ. ბ-ის მიერ ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდებოდა იპოთეკით დატვირთული ბინის, მდებარე ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა ...-ის აუქციონზე იძულებით რეალიზაცია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 11 სექტემბრის №01/01-22/09-1615 განკარგულებით დგინდება, რომ მოვალის ბ. ბ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების - ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა ..., ს/კ ..., შემძენი 2009 წლის 11 სექტემბერს პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა დ. მ-იი. საგულისხმოა, რომ ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის №010090279 საქმე ყალბი საჯარო რეესტრის ამონაწერის დამზადების და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამავე დადგენილებით ბ. ბ-ი ცნობილ იქნა დაზარალებულად.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა მოსარჩელეს ვ. ა-ისთვის უნდა წაეყენებინა და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელმაც გამოიწვია ზიანი. სწორედ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსარჩელე გახდა ნაკლის მქონე ნივთის მესაკუთრე და უძრავი ქონება გასხვისებულ იქნა იძულებით აუქციონზე, შესაბამისად, სახეზეა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები.

რაც შეეხება მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ 2007 წლის 26 დეკემბერს, ვ. ა-ისა და ბ. ბ-ის შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ბ. ბ-იმა ვ. ა-ისაგან შეიძინა უძრავი ქონება - მდებარე, ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა ..., ფართი 59,00 კვ.მ. 2007 წლის 26 დეკემბერს, სს „ს...სა“ და ბ. ბ-ის შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ №... ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს „ს...სა“ და ვ. ა-ის შორის 2007 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მეორე რიგის იპოთეკით დაიტვირთა ვ. ა-ის უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-..., მე-..., კორპუსი ..., ბინა .... №1-11738 სანოტარო აქტით დგინდება, რომ 2007 წლის 26 დეკემბერს, სს „ს...ს“ წარმომადგენელმა და ვ. ა-იმა მიმართეს ნოტარიუს ნ. ბ-ეს. მათ გამოხატეს ერთმანეთს შორის იპოთეკის ხელშეკრულების დადების ნება და ითხოვეს სანოტარო წესით დადასტურება. მხარეთა განცხადებით იპოთეკის საგანი შეფასებულია 26 400 აშშ დოლარად, ანუ 42 240 ლარად. საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 31 დეკემბრის უძრავი ქონების შეფასების აქტის თანახმად, ქონების საორიენტაციო საბაზრო ღირებულება მითითებულია 28000 აშშ დოლარი, ხოლო საორიენტაციო სალიკვიდაციო ღირებულებად - 26400 აშშ დოლარი (ტ.3. ს.ფ. 122). 2007 წლის 26 დეკემბერს, ბ. ბ-ისა და სს „ს...ს“ შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ 2007 წლის 26 დეკემბრის №... ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №..., რომლითაც ბ. ბ-იმა სს „ს...სგან“ აიღო იპოთეკური სესხი 24 000 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუქციონზე გაყიდული უძრავი ქონების თანხიდან ბ. ბ-ის გადაეცა 14 007,79 ლარი, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მართებულად განისაზღვრა ასანაზღაურებელი მატერიალური ზიანის ოდენობა - 19444.16 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.04.2024წ. №13422 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2620.39 ლარის 70% - 1834.27 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. შონია