Facebook Twitter

№ბს-1348(კ-24) 24 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. გ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. გ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მაისის №03-2376/ო ბრძანება მ. გ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ; ბ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ. გ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე; გ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მ. გ-ასთვის დევნილის მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება, 2014 წლის 2 ივნისიდან (შეწყვეტის თარიღიდან) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მაისის №03-2376/ო ბრძანება, მ. გ-ასათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ. დაევალა მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ. გ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მ. გ-ასთვის მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება, 2022 წლის 1 ივნისიდან კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც, მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც.

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2022 წლის 1 თებერვალს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიულ სამმართველოში მ. გ-ას ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო გასაუბრების კითხვარი. გასაუბრების დროს მან აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს მარტვილის რაიონის სოფ. ...ში. მცირეწლოვან ასაკში გარდაეცვალა დედა და ამის გამო 1968-1978 წლებში სწავლობდა მარტვილის სკოლა-ინტერნატში. 1981 წელს, სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ, გარდაეცვალა მამაც და საცხოვრებლად წავიდა სოხუმის რაიონის სოფ. ...ში, ბიძასთან. მუშაობა დაიწყო ჯერ ...ს ...ში მუშად, შემდეგ - სოხუმის ...ში ...ად. აფხაზეთში ცხოვრობდა ბიძის, ჟ. ჯ-ას, საკუთრებაში. მ. გ-ას თქმით, ბიძის და მისი ოჯახის წევრების ამჟამინდელ ადგილსამყოფელზე არ აქვს ინფორმაცია. ჟ. ჯ-ა, ლ. რ-ი და გ. ჯ-ა დევნილთა ერთიან მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდებიან დევნილებად. 1990 წელს დაოჯახდა მარტვილის რაიონის სოფ. ...ში მცხოვრებ დ. მ-აზე, რომელთან ქორწინებაც გაგრძელდა რამდენიმე თვე. მეორედ დაოჯახდა 1992 წელს სოხუმში და განქორწინდა 1999 წელს მარტვილის რაიონის სოფ. ...ში. ... წელს მარტვილში შეეძინა შვილი, ხ. გ-ა, რომელსაც ამჟამად შეცვლილი აქვს გვარი და დევნილთა ბაზაში ფიქსირდება, როგორც ხ. ჯ-ა.

მ. გ-ას დევნილის სტატუსი აქვს შეწყვეტილი, რადგან არ გაუვლია დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციები. მის განცხადებაზე თანდართულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სხვანეთის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2022 წლის 12 იანვარს გაცემული №0000002 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ მ. გ-ა 1983 წლიდან 1993 წლამდე ცხოვრობდა სოხუმის რაიონის სოფ. ...ში. 2022 წლის 18 თებერვლის №03/3618 წერილით სააგენტომ მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოს, რათა ეცნობებინათ, თუ რის საფუძველზე გასცეს აღნიშნული ცნობა. აღნიშნულის პასუხად №9617 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ცნობა გასცეს მ. გ-ას მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ძველი დევნილის მოწმობის საფუძველზე. ამდენად, გასაუბრების და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გათვალისწინებით მ. გ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ყოფილა სოხუმის რაიონის სოფ. .... მოსარჩელე დაიბადა და სკოლა დაამთავრა მარტვილში. ომამდე და მის შემდგომ ცხოვრობდა მარტვილში, შვილიც მარტვილში შეეძინა. უდავოა, რომ აფხაზეთში დროებით ცხოვრობდა ნათესავის კუთვნილ სახლში. შესაბამისად, მ. გ-ასთან მიმართებით არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. მ. გ-ას იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა მიზანშეწონილი არ არის, მით უფრო, მიუღებელი შემწეობის 2022 წლის 1 ივნისიდან ანაზღაურების დავალება. შემწეობის მიღება პირდაპირ არის დაკავშირებული დევნილის სტატუსის ქონასთან და ამ ნაწილშიც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული სააგენტოს პოზიცია და მოქმედი კანონმდებლობა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2010 წლის 27 აპრილს გაცემული, №62001-100847 იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის თანახმად, მ. გ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო აფხაზეთი, სოხუმი, სოფელი ..., ...ს ... №2; დროებითი საცხოვრებელი ადგილი - სამეგრელო-ზემო სვანეთი, მარტვილი, სოფელი ... (ს.ფ 39); ბ) 2022 წლის 12 იანვარს, მ. გ-ამ №02/01-30 განცხადებით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ცნობის გაცემა მოითხოვა. განცხადების თანახმად, მ. გ-ამ 2013 წლის დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია ვერ გაიარა ავადმყოფობის გამო და მისი დევნილის სტატუსი შეჩერდა (ს.ფ. 36). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიულმა ორგანომ 2022 წლის 12 იანვარს გასცა №0000002 ცნობა, რომლის თანახმად მ. გ-ა არის აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სტატუსის მქონე პირი და მისი მუდმივი საცხოვრებელი მისამართია სოხუმი, სოფელი ..., სადაც ცხოვრობდა 1983 წლიდან 1993 წლის სექტემბრამდე (ს.ფ. 37); გ) 2022 წლის 14 იანვარს, მ. გ-ამ №1536 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 12 იანვრის №0000002 ცნობის საფუძველზე დევნილის სტატუსის აღდგენა მოითხოვა (ს.ფ 17-18); დ) მ. გ-ას 2022 წლის 14 იანვრის №1536 განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2022 წლის 1 თებერვალს მ. გ-ასთან ჩატარდა გასაუბრება. გასაუბრების დროს მ. გ-ამ აღნიშნა, რომ დაიბადა ... წლის ...ს, მარტვილის რაიონში, სოფელ ...ში. მცირეწლოვან ასაკში გარდაეცვალა დედა და ამის გამო, 1968-1978 წლებში სწავლობდა მარტვილის სკოლა-ინტერნატში. 1981 წელს სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ, გარდაეცვალა მამაც და საცხოვრებლად წავიდა ბიძასთან სოხუმის რაიონის, სოფ. ...ში. 1985-1986 წლებში მუშაობდა ...ს ...ში მუშად, ხოლო 1986-1992 წლებში - სოხუმის ...ში, ...ად. აფხაზეთში ცხოვრობდა ბიძის - ჟ. ჯ-ას კუთვნილ სახლში, მდებარე სოხუმი, სოფელ ..., №2 სახლი. ბიძის და მისი ოჯახის წევრების ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ არ აქვს ინფორმაცია. მ. გ-ა 1990 წელს დაოჯახდა მარტვილის რაიონის სოფ. ...ში მცხოვრებ დ. მ-აზე. ქორწინება გაგრძელდა რამოდენიმე თვე. მ. გ-ა მეორედ დაოჯახდა 1992 წელს სოხუმში. სოხუმი დატოვა 1993 წლის სექტემბერში. 1993-1999 წლებში ცხოვრობდა მამიდის სახლში, სოფელ ...ში. ... წელს მარტვილში შეეძინა შვილი - ხ. გ-ა, რომელსაც ამჟამად შეცვლილი აქვს გვარი და არის ხ. ჯ-ა. მეორე მეუღლეს - ნ. ჯ-ას მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. მ. გ-ა განქორწინდა 1999 წელს მარტვილის რაიონის სოფელ ...ში. 1999-2006 წლებში ცხოვრობდა ...ში მეგობართან, რომელსაც ეხმარებოდა შიდა მეურნეობის გაძღოლაში. 2006 წლიდან ცხოვრობს ნათესავის - მ. შ-ეის სახლში, ხონის რაიონი, სოფელ ... (ს.ფ 20-23); ე) ადმინისტაციული წარმოების ფარგლებში, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 18 თებერვლის №03/3618 წერილით მოძიებული იქნა ინფორმაცია იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიული ორგანოდან 2022 წლის 12 იანვრის №0000002 ცნობის გაცემის საფუძვლებთან დაკავშირებით. აღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ეცნობა, რომ 2022 წლის 12 იანვრის №0000002 ცნობა გაცემულ იქნა მ. გ-ას მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ძველი დევნილის მოწმობის (ფოტოსურათიანი, 2007 წლის დევნილთა სავალდებულო რეგისტაცია გავლილი აქვს) საფუძველზე (ს.ფ 89, 24-25); ვ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2022 წლის 18 თებერვალს №03/3619 წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ეცნობებინათ, ცხოვრობდა თუ არა მ. გ-ა 1993 წლამდე მარტვილის რაიონის სოფელ ...ში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, მარტვილის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ გამოკითხულნი იქნენ მ. გ-ას მეზობლები. გამოკითხულმა პირებმა დაადასტურეს, რომ მ. გ-ამ სკოლა დაამთავრა მარტვილის რაიონში, სოფელ ...ში და მშობლების გარდაცვალების გამო, სკოლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა სოხუმში. ომის დაწყებამდე იქ ცხოვრობდა და 1993 წელს საცხოვრებლად ისევ სოფელ ...ში დაბრუნდა (ს.ფ 97-98, 26-30); ზ) დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის მიერ მ. გ-ას განცხადებასთან დაკავშირებით მომზადდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე დასკვნა. მითითებული დასკვნის თანახმად, მ. გ-ასთან მიმართებით არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებები. მ. გ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ იყო სოხუმის რაიონის სოფელი ...; დაიბადა და სკოლა დაამთავრა მარტვილში; ორივე მეუღლე იყო წარმოშობით მარტვილიდან; ომის შემდეგ ცხოვრობდა მარტვილში და ... წელს მარტვილში შეეძინა შვილი; აფხაზეთში დროებით ცხოვრობდა ნათესავების კუთვნილ სახლში. აღნიშნული დასკვნა, გადაწყვეტილების მისაღებად, 2022 წლის 13 მაისის №03-4940 მოხსენებითი ბარათით წარედგინა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს (ს.ფ 32-34, 31); თ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მაისის №03-2376/ო ბრძანებით, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 13 მაისის №03-4940 მოხსენებითი ბარათით გადაგზავნილი დასკვნის საფუძველზე, მ. გ-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღგენაზე (ს.ფ 80); ი) საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მეთაურის 1992 წლის 4 დეკემბრის №72 ბრძანებით, მ. ლ.-ს ძე გ-ა პირველი ნოემბრიდან დაინიშნა ...ად ... ბატალიონის პირად შემადგენლობაში. საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ... ბატალიონის მეთაურის 1993 წლის 1 ივნისის №15 §-5 ბრძანების მე-20 პუნქტით, ...ის გათვლის ნომერი მ. ლ.-ს ძე გ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა ...ის თანამდებობაზე (ს.ფ 42, 41).

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის კანონიერება და მისთვის მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურების საფუძვლების არსებობა წარმოადგენს. ამასთან, მ. გ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მის მიერ არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინება გასაჩივრებულა საკასაციო წესით. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს, მათ შორის, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა.

აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებულია „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესი“. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის 27-ე პუნქტის მიხედვით, დევნილი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის რეგისტრაციას, შეუწყდება დევნილის სტატუსი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამავე მუხლის 28-ე პუნქტის თანახმად კი, დევნილი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის რეგისტრაციას, დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს და გაივლის დევნილის სტატუსის აღდგენის პროცედურებს ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინება საქმეზე №ბს-1896-1849(კ-10)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საკასაციო პალატის მოსაზრებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ. გ-ა არ წარმოადგენდა სოხუმის მუდმივ მაცხოვრებელს და აღნიშნული საცხოვრებელი მას მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ 2010 წლის 27 აპრილს გაცემული, №62001-100847 იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის თანახმად, მ. გ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო აფხაზეთი, სოხუმი, სოფელი ..., ...ს ... №2; დროებითი საცხოვრებელი ადგილი - სამეგრელო-ზემო სვანეთი, მარტვილი, სოფელი .... ამასთან, საქმეში მოიპოვება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, მ. გ-ას აფხაზეთში 1983-1993 წლებში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი ცნობა. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი მ. გ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოსარჩელის მიერ მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურების თაობაზე.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის შემწეობა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

იმ პირობებში, როდესაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მაისის №03- 2376/ო ბრძანებით მოსარჩელეს კანონის მოთხოვნათა დარღვევით ეთქვა უარი დევნილის სტატუსის აღდგენაზე, რითაც მ. გ-ამ ვერ მიიღო კუთვნილი დევნილის შემწეობა, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მ. გ-ას სასარგებლოდ 2022 წლის 1 ივნისიდან კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია