Facebook Twitter

¹ ას-287-965-03 16 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 15 აგვისტოს ლ. ს.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “ნ.-ის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდა და სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 29 ივლისის განჩინებით სააპელაციო პალატის განჩინება დარჩა უცვლელად.

მოცემული საქმის განხილვისას დადგენილ იქნა, რომ ლ. ს.-ი მუშაობდა შპს “ნ.-ში” ინჟინრის თანამდებობაზე, საიდანაც შკკ-ს 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შტატების შემცირების გამო, გენერალური დირექტორის 1999წ. 29 ¹101 ბრძანებით გათავისუფლდა. აღნიშნულის შესახებ ლ. ს.-ისათვის ცნობილი გახდა დაუყოვნებლივ. მან თავისი უფლების დასაცავად მიმართა სხვადასხვა ორგანოებს. მოსარჩელეს მიღებული აქვს საბოლოო ანგარიშსწორება და საშვებულებო დახმარება. დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ასლი ლ. ს.-ს გადაეცა 2001წ. 10 აგვისტოს. სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აითვალა არა მხარისათვის ბრძანების ასლის მიღების, არამედ მისთვის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გაგებიდან და მიიჩნია, რომ ლ. ს.-ს დარღვეული აქვს შკკ-ს 204-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა, რომლის საპატიო მიზეზით აღდგენა მხარეს არ მოუთხოვია.

2002წ. 24 დეკემბერს ლ. ს.-მ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, სადაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება მოიპოვა 2001წ. 10 აგვისტოს, რის შემდეგაც აღძრა სარჩელი სასამართლოში. მხარის განმარტებით, სამსახურში შრომითი დავის კომისია არ არსებობდა, მას სასამართლოსათვის არ მიუმართავს და არ უთხოვია საპატიო მიზეზით გაშვებული ხანდაზმულობის ვადის აღდგენა. ლ. ს.-ის აზრით, მისი მხრიდან ვადის აღდგენის მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში საქმეზე მიღებული იქნებოდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება, რაც მხარემ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 8 მაისის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელმა დაარღვია სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა, რომელიც აითვლება მხარის მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოების შეტყობის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში კი ლ. ს.-მ განცხადებაში აღნიშნული გარემოებების თაობაზე იცოდა როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში.

2003წ. 6 ივნისს ლ. ს.-მ ზემოხსენებულ განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი, სადაც მიუთითა, რომ შკკ-ს 204-ე მუხლის მიხედვით იგი 1999წ. 29 დეკემბრის ბრძანების არსებობის შესახებ ოფიციალურად ინფორმირებული არ ყოფილა, ამიტომ ვერც გაიგებდა მისი უფლების დარღვევის შესახებ. ლ. ს.-ის აზრით, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ მან სარჩელი აღძრა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან 5 დღეში, კანონის მოთხოვნათა დაცვით ასევე, სათანადო შეფასება არ მისცა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა განხილვისას მხარის მიერ მითითებულ მოპასუხე ორგანიზაციის მიერ გაყალბებულ დოკუმენტებს. ლ. ს.-ი ახლად აღმოჩენილად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ როგორც გაარკვია სინამდვილეში შტატების შემცირებას ადგილი არ ჰქონია. მისთვის არ იყო ცნობილი, რომ “ს.-ი” სს და შპს “გ.-ის” დამფუძნებელია. მისი გათავისუფლება პროფკავშირის თანხმობით არ მომხდარა. შტატების შემცირების დროს საატესტაციო კომისიას არ უმუშავია. ლ. ს.-ის გაფრთხილებას გათავისუფლების შესახებ ხელს აწერს მთავარი ინჟინერი თ. მ.-ი, რაც კანონის დარღვევაა. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განჩინების აღწერილობით ნაწილში არსებული უზუსტობის შესახებ, სადაც ლ. ს.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების გამოტანის თარიღად 1999წ. 19 დეკემბრის მაგივრად აღნიშნულია 1997წ. 29 დეკემბერი. მხარეს მიაჩნია, რომ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა უკანონოდ, ვინაიდან შპს “ნ.-ში” შტატების შემცირების შემდეგაც კი არსებობდა მისი შესაფერისი სპეციალობის მუშაკის სამუშაო ადგილი. ლ. ს.-მ მოითხოვა საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ს.-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ივლისის განჩინებით;

ასევე დადგენილია, რომ ლ. ს.-მ 2002წ. 24 დეკემბერს განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ, რაც დაუშვებლად იქნა მიჩნეული თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 8 მაისის განჩინებით.

სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მესამე ნაწილით აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ლ. ს.-მ განცხადებაში აღნიშნული გარემოებების შესახებ იცოდა დავის სამივე ინსტანციაში განხილვის დროს. აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებულ მასალებში ფიქსირებული გარემოებებით, რაც ლ. ს.-ის მიერ ახლად აღმოჩენილად არის მითითებული, კერძოდ, სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების ჩაბარების და სამუშაოდან დათხოვნის გაფრთხილებაზე არაუფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერის ფაქტები. რაც შეეხება განცხადებაში აღნიშნულ სხვა გარემოებებს (ლ. ს.-ის გათავისუფლება პროფკავშირის თანხმობით არ მომხდარა; შტატების შემცირება არ ყოფილა; შტატების შემცირებისას საატესტაციო კომისიას არ უმუშავია; მოპასუხის დამფუძნებელი სს “ს.-ა”) მათზე მსჯელობა განცხადების ავტორს სარჩელის შეტანისას თვითონ უნდა მოეთხოვა, ვინაიდან სამართალწარმოება მიმდინარეობს რა შეჯიბრებითობის საფუძველზე (იხ. სსკ-ს მე-4 მუხლის პირველი ნაწილი), მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით _ დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, თვითონვე განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს და იგი ძალაში უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ს.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.