Facebook Twitter

№ბს-1071(კ-24) 24 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ჯ-ა, რ. ჯ-ა, ა. ჯ-ა, ნ. ჯ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. ჯ-ამ, რ. ჯ-ამ, ა. ჯ-ამ და ნ. ჯ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1359/ო ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; ბ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება ლ. ჯ-ას (განცხადებით გათვალისწინებული პირების) განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ას, რ. ჯ-ას, (არასრულწლოვნების) - ა. ჯ-ას და ნ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1359/ო ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ. ჯ-ას (განაცხადით გათვალისწინებული პირების - რ. ჯ-ას, არასრულწლოვნების - ა. ჯ-ას და ნ. ჯ-ას) განცხადებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაიზიარა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მოსარჩელეები უკვე დაკმაყოფილებულნი არიან საცხოვრებელი ფართით. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ ყოფილა შესწავლილი და გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა დამატებით რა უნდა გამოეკვლია სააგენტოს, ამაზე არ არის მითითება. სასამართლომ არ გაითვალისწინა მთელი რიგი გარემოებები და მტკიცებულებები, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის დედას - მ. ჯ-ას სახელმწიფომ გადასცა 61.81 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, როგორც ოჯახის უფროსს და სწორად მას ჰქონდა აღებული ვალდებულება, ოჯახის დანარჩენი წევრები უზრუნველეყო აღნიშნული ფართით. ბუნებრივია, 61.81 კვ.მ ფართი ვერ გადაეცემოდა ერთ პირს და გადაეცა ოჯახს, მათ შორის, ლ. ჯ-ას. საქმეში ასევე წარმოდგენილია დევნილის ანკეტები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ზემოაღნიშნული პირების ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტს.

მოსარჩელე განაცხადს აკეთებს 2019 წლიდან, მამასთან და შვილებთან ერთად. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლები 2020 წლის 21 დეკემბერს გამოცხადდნენ განცხადებაში მითითებულ მისამართზე. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2017 წლიდან ცხოვრობენ მითითებულ მისამართზე და იხდიან ქირას - 250 ლარს. მანამდე ცხოვრობდნენ ...ს ქუჩაზე, დედის საკუთრებაში. მოსარჩელემ განმარტა, რომ ბინა ეკუთვნის გ. კ-ეს, რომელიც იმავე ქუჩაზე ცხოვრობს. მეუღლეს - ლ. ფ-ის დაშორდა 2017 წელს. დედას - მ. ჯ-ას სახელმწიფომ გადასცა ...ს ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი, თუმცა მან გაასხვისა ზ. წ-აზე. 2020 წლის 10 მარტს მონიტორინგი განხორციელდა სახელმწიფოს მიერ ოჯახისათვის გადაცემულ საცხოვრებელ ფართში. მისამართზე იმყოფებოდა ინდოელი წარმოშობის პირი, რომელმაც განმარტა, რომ მისამართზე ცხოვრობს ქირით, თუმცა არ ახსოვს, ვისგან იქირავა. მეზობელმა განმარტა, რომ ბინა ეკუთვნოდა რ. ჯ-ას, რომელმაც ბინა გაყიდა ზ. წ-აზე, მას კი გაქირავებული აქვს ბინა. მონიტორინგის მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების შემწავლელ კომისიას განსახილველად. კომისიამ 2021 წლის 2 აპრილს იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა, არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის განაცხადი, ვინაიდან იგი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებლით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელეები - ლ. ჯ-ა და რ. ჯ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები აფხაზეთიდან. ლ. ჯ-ას შვილები: ა. ჯ-ა (დაბ.: ...წ.) და ნ. ჯ-ა (დაბ.: ...წ.) ასევე წარმოადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს. რ. ჯ-ა წარმოადგენს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს (ს.ფ 18, 20, 23-24, 25-26, 61); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 18 აპრილის №2017-01001-00495 გადაწყვეტილებით, ლ. ჯ-ას დაუდგინდა მარტოხელა მშობლის სტატუსი ა. ჯ-ას მიმართ და გაიცა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ ცნობა (ს.ფ 56-57, 58); გ) ლ. ჯ-ა, რ. ჯ-ა, ა. ჯ-ა და ნ. ჯ-ა რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ოჯახის საიდენტიფიკაციო ნომერია - .... ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ...ს ქ. №... შეს. №2. 2017 წლის 23 ნოემბრიდან, ოჯახს მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა და იღებს საარსებო შემწეობას (ს.ფ 27); დ) 2019 წლის 22 ოქტომბერს, ლ. ჯ-ამ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა სამინისტროს და შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი. განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა მშობელი - რ. ჯ-ა და შვილები - ა. ჯ-ა, ნ. ჯ-ა. ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა ქ. თბილისი, ...ს №..., შესახვევი №6, ბინა №2 (ს.ფ 48-49, 50-55); ე) ლ. ჯ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ ოჯახს მიენიჭა - 8.50 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1,5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები: 2 არასრულწლოვანი - 1.00 ქულა; სოციალური კრიტერიუმი: 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3.00 ქულა; მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე - 1.50 ქულა; რ. ჯ-ა არის ომის ვეტერანი - 1.50 ქულა). სარეგისტრაციო ნომერზე ლ. ჯ-ას ჰყავს: მშობლები, ორი შვილი, ძმა და ორი ძმისშვილი. განაცხადს აკეთებს ორ შვილთან და მამასთან ერთად. დედას მ. ჯ-ას გააჩნია საკუთრება მისამართზე ქ. თბილისში, ...ს ქ. №..., კორპ. №5 „მ...“ (ს.ფ 47); ვ) 2010 წლის 21 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., სართული №2, საკადასტრო კოდი ..., ფართი 61.81 კვ.მ, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ. ჯ-ას სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი - 21.12.2010 წელი (ს.ფ 65-66); ზ) 2020 წლის 21 დეკემბერს განხორციელდა ლ. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგი, მისამართზე ქ. თბილისი, ...ს №..., შესახვევი №6, ბინა №2. მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ მითითებულ მისამართზე ოჯახი ცხოვრობს 2017 წლიდან ქირით (ქირის ოდენობა 250 ლარი), ბინა წარმოადგენს გ. კ-ეის საკუთრებას. ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ოჯახში არის ორი არასრულწლოვანი პირი, ლ. ჯ-ა წარმოადგენს მარტოხელა მშობელს, რ. ჯ-ა არის ომის ვეტერანი. მ. ჯ-ა (დედა), ლა. ჯ-ა (ძმა), ასევე, ლა.ს მეუღლე და ორი შვილი ცხოვრობენ ერთად, ქ. თბილისში, ...ს №...-ში, რ. ჯ-ას საკუთრებაში. მონიტორინგის განხორციელებისას ადგილზე იმყოფებოდა განმცხადებლი, მამასთან და შვილებთან ერთად. ლ. ჯ-ას განმარტებით, ყოფილ მეუღლესთან ლ. ფ-ითან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა. ლ. ფ-ის დაშორდა 2017 წელს, მას ჰყავს სხვა მეუღლე და შვილი. ლ. ფ-იის და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებლის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს. ლ. ჯ-ამ ასევე განმარტა, რომ დედას - მ. ჯ-ას საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ...ს ..., კორპუსი 5. მითითებული უძრავი ქონება მ. ჯ-ამ გაყიდა და ამჟამად ბინაში ცხოვრობს ზ. წ-ა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონება ერთი და იმავე კვადრატულობით და საკადასტრო კოდით ფიქსირდება როგორც მ. ჯ-ას, ასევე ზ. წ-ას სახელზე, თუმცა დამისამართება უძრავი ქონების არის განსხვავებული. აღნიშნულზე განმცხადებელი ინფორმაციას არ ფლობს (ს.ფ 68-71); თ) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ლ. ჯ-ას განცხადებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 10 მარტს განხორციელდა ადგილზე დათვალიერება და შედგა შესაბამისი ოქმი, რომლის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა მისამართზე ქ. თბილისი, ...ს ქ. ..., კორპუსი ..., „...“. მისამართზე იმყოფებოდა ინდოელი ეროვნების პირი, რომელიც ქართულად ვერ საუბრობდა. ინგლისურ ენაზე განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა ქირით. მეზობლად მცხოვრები ო-ას ოჯახის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბინა ადრე ეკუთვნოდა რ. ჯ-ას, რომელმაც უძრავი ქონება გაყიდა ზ. წ-აზე. მითითებულ პირს ბინა აქვს გაქირავებული უცხოელებზე (ს.ფ 72); ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 საოქმო გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე (საფუძველი - დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით) (ს.ფ 73-79); კ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1359/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), ლ. ჯ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ 16); ლ) საქმეში წარმოდგენილია იძულებით გადაადგილებული პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტა, რომლის თანახმად, №0627 ოჯახი შედგება ოთხი წევრისგან: მ. ჯ-ა, რ. ჯ-ა, ლა. ჯ-ა, ლ. ჯ-ა. შემდგომში ოჯახის შემადგენლობას დაემატა ლად. ჯ-ა. საქმეში ასევე წარმოდგენილია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტები, რომელთა თანახმადაც, ოჯახის სარეგისტრაციო ნომერზე - №003-00627 ფიქსირდება მ. ჯ-ა, ს. ლა.-ს ძე ჯ-ა (დაბ.: ... წ.), ლი. ლა.-ს ასული ჯ-ა (დაბ.: ... წ.), რ. ჯ-ა, ლა. რ.-ს ძე ჯ-ა, ლ. რ.-ს ასული ჯ-ა. ოჯახის დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, ..., ...ს ქ. №..., კორპ. №.... 2013 წლის მდგომარეობით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტების მე-13 პუნქტში მითითებულია, რომ პირები ამჟამად ცხოვრობენ მათ საკუთრებაში არსებულ სახლში/ბინაში, რომელიც სახელმწიფომ გადასცა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში (ს.ფ 113-115, 116-117, 121, 122, 123-124, 125-126, 127-128); მ) 2010 წლის 21 დეკემბერს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდეგში „გამყიდველი“) და მეორე მხრივ, მ. ჯ-ას (შემდგომში „მყიდველი“) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ჯ-ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, ...ს ქ. №..., სართული 2, ფართობი 61,81 კვ.მ, (ს/კ ...). აღნიშნული ხელშეკრულების 2.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მყიდველი ვალდებულია შემდეგი პირები (პირთა გრაფაში მ. ჯ-ას ოჯახის წევრები არ არიან დაფიქსირებულნი, (გრაფა ცარიელია)) უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში, ხოლო 2.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი პირები, არ არიან უფლებამოსილნი მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონებისა. ხელშეკრულების 2.6. პუნქტის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემულ ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და გადასცეს მყიდველს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რითაც დასტურდება მყიდველის საკუთრების უფლება გადაცემულ ქონებაზე. ამასთან, 4.3. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება შედგენილია 1 (ერთ) ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. ხელშეკრულების დამოწმებული ვარიანტი, ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში (ს.ფ 143-144).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ გასაჩივრებულა მოსარჩელეთა მიერ. შესაბამისად, მათ მიერ არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინება გასაჩივრებულა საკასაციო წესით. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

საკასაციო სასამართლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა განსახლების საკითხის გადაწყვეტის კონკრეტულ პროცედურასა და წესს ადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით). აღნიშნული წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

ანალოგიურ დანაწესს ითვალისწინებს დღეის მდგომარეობით მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. იდენტურ დანაწესს ითვალისწინებს დღეის მდგომარეობით მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომ ლ. ჯ-ას დედა -მ. ჯ-ა დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით სახელმწიფოს მიერ, შესაბამისად, მოპასუხის პოზიციით, რ. ჯ-ა, ლ. ჯ-ა და მისი შვილები, როგორც მ. ჯ-ას დამავალი შტოს ნათესავები დაკმაყოფილებულნი არიან საცხოვრებელი ფართით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხის მხრიდან ისე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ლ. ჯ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, რომ სრულყოფილად არ ყოფილა შესწავლილი და გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლების შესახებ. ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადო შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ. ჯ-ას შორის დადებულ ხელშეკრულებაში, მ. ჯ-ას ოჯახის წევრები, მათ შორის, ლ. ჯ-ა და სხვა მოსარჩელეები არ არიან დაფიქსირებულნი. მონიტორინგის ოქმებით დადასტურებულია მონიტორინგის განხორციელების მომენტისათვის ლ. ჯ-ას მამასა და შვილებთან ერთად ცხოვრების ფაქტი. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოსარჩელის ოჯახი აღრიცხულია მათ მიერ მითითებულ მისამართზე და მათ ოჯახის წევრს, აღნიშნულ ბაზაში არ წარმოადგენს მ. ჯ-ა.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.

განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რის გამოც მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია