Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-403(კ-25) 11 აპრილი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ს.ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს.ა-იმა 2024 წლის 29 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილის № MIA 1 24 01075971 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

წარმოდგენილ სარჩელში ს.ა-ი აღნიშნავს, რომ იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე; თუმცა ჰყავს მეუღლე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და მათი დიდი სურვილია, რომ თანაცხოვრება საქართველოში განაგრძონ; მოსარჩელის განმარტებით მისი მენტალიტეტი და შეხედულებები ფუნდამენტურად განსხვავდება თურქეთის რესპუბლიკაში ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრისგან. ს.ა-ის მითითებით, ზემოაღნიშნული მიზეზით მან ვერ შეძლო თავი დაემკვიდრებინა თურქულ საზოგადოებაში, რის გამოც თურქეთში ყოფნის პერიოდში იგი განიცდიდა მუდმივ შევიწროებასა და დევნას. მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნულმა მიზეზებმა იგი აიძულა მიეტოვებინა სამშობლო და საცხოვრებლად საქართველოში ჩამოსვლა გადაეწყვიტა. ს.ა-ის განმარტებით მან მიმართა მიგრაციის დეპარტამენტს, როგორც თავშესაფრის მაძიებელმა და მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილის № MIA 1 24 01075971 გადაწყვეტილებით ს.ა-ის უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ს.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.ა-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ს.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება. ამავე განჩინების მესამე პუნქტით აპელანტს განემარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება ს.ა-იმა გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილის № MIA 1 24 01075971 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილის № MIA 1 24 01075971 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს.ა-ის განცხადება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საექსტრადაციო პროცედურების ჩატარებისას და საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართოს საქართველოს პროკურატურის, პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, ისევე როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ს.ა-ის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების შესახებ განემარტა 2024 წლის 9 თებერვალს, რაც მისივე ხელმოწერით დასტურდება. მიგრაციის დეპარტამენტმა საერთაშორისო დაცვის უფლების მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის კანონისმიერი ვადა დარღვეულად მიიჩნია, რის გამოც განმცხადებელს უარი უთხრა განაცხადის არსებით განხილვაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დავა თავისი შინაარსით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით განსახილველ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით რეგულირებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული კოდექსის 2125 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნული კატეგორიის დავებს სრულად გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციიდან (იხ.სუსგ ბს-501(კ-22) 05.05.2022წ.).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით დავები ექვემდებარება მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება. ამ ტიპის დავებზე საჩივარი არ დაიშვება და საკასაციო ინსტანციას არ გააჩნია საჩივრის განხილვის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ ს.ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125 მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი, დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა