Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-249(კ-24) 15 აპრილი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე , გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ი.ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 27 ივლისს ი.ა-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ ამავე სააგენტოს 2022 წლის 19 მაისის №03-2396/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და ი.ა-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სააგენტოსათვის დავალების მოთხოვნით.

მოსარჩელე ი.ა-ის განმარტებით, იგი დაიბადა ... წელს რუსეთის ფედერაციაში, მისი მშობლები არიან გ.ა-ი და ტ.ლ-ი. მამა - გ.ა-ი 1992 წლამდე ცხოვრობდა გაგრაში, სოფელ ...ში. გ.ა-ის მინიჭებული აქვს ორმაგი მოქალაქეობა - საქართველო/რუსეთი, იგი ასევე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილია. მოსარჩელეც ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია (საქართველო/რუსეთი). რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის გამო, მოსარჩელემ გადაწყვიტა საქართველოში ცხოვრება. ი.ა-ის განმარტებით, სურს ისარგებლოს დევნილის სტატუსის მქონე პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შეღავათით, თუმცა მოპასუხე სააგენტომ ი.ა-ისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილად არ მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ ი.ა-ი დაიბადა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 1992 წლის კონფლიქტის შემდგომ და მას აფხაზეთში არ უცხოვრია. მოსარჩელე დევნილის სტატუსის მინიჭებაზე სააგენტოს უარს მიიჩნევს უკანონოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ი.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 19 მაისის №03-2396/ო ბრძანება „ი.ა-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ი.ა-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ი.ა-იმა 2022 წლის 27 აპრილს №23710 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. განცხადებასთან დაკავშირებით, 2022 წლის 3 მაისის გასაუბრების კითხვარში ი.ა-იმა მიუთითა, რომ დაიბადა … წლის … …ს რუსეთში. აფხაზეთში არ უცხოვრია, სოფელ ...ში არის მამის მშობლების სახლი. იძულებით გადაადგილებამდე მოსარჩელის მამის საცხოვრებელი ადგილი იყო გაგრა, სოფელი ... ამჟამად, მოსარჩელე ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის გამზ. №72-ში (ქირით). რუსეთის ფედერაციაში კი ცხოვრობდა დედის საკუთრებაში ქ. მოსკოვში 1996-2022 წწ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ 2020 წლის 28 ივლისს გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობით საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ.ა-ი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 27 აპრილის №178 ცნობაში აღნიშნულია, რომ ი.ა-ის მამა - გ.ა-ი 1992 წლამდე ცხოვრობდა გაგრაში, სოფ. ...ში.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 მაისის №03-2396/ო ბრძანებით ი.ა-ის უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. სადავო აქტის თანახმად, ი.ა-ისთან მიმართებით არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. ი.ა-ი დაიბადა აფხაზეთის ომის შემდეგ და აფხაზეთში არ უცხოვრია. შესაბამისად, ი.ა-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. სასამართლომ, ხსენებული მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-833(კ-21)), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მისი შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი პირობაა არა მარტო არასრულწლოვანების, არამედ შვილის სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემთხვევაშიც, თუ მშობლისთვის ასეთი სტატუსის მიუღებლობა განაპირობა რაიმე მიზეზმა, მათ შორის, როცა მშობელმა ვერ/არ მიიღო დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვნების დროს.

საქალაქო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ი.ა-ის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ი.ა-ის მამას მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოსარჩელის დაბადების გამო მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების დაუშვებლობის თაობაზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მამას დევნილის სტატუსი მიენიჭა იმ დროს (2020 წელს), როდესაც ი.ა-ი უკვე სრულწლოვანი იყო და, შესაბამისად, არ არსებობდა მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭება წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მისი იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის ოფიციალურ დადასტურებას, რაც თავისი შინაარსით გულისხმობს, რომ გ.ა-ი დევნილ პირად ითვლება არა სააგენტოს მიერ მისთვის სტატუსის მინიჭების მომენტიდან - 2020 წლიდან, არამედ მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით გადაადგილების დროიდან. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ.ა-ი დევნილ პირს წარმოადგენდა იმ პერიოდშიც, როდესაც მოსარჩელე არასრულწლოვანი იყო.

საქალაქო სასამართლომ დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოპასუხის პოზიციასთან დაკავშირებით „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული მუხლით დადგენილი სტატუსის მინიჭებისათვის განმსაზღვრელია სწორედ განმცხადებლის მშობლისათვის დევნილის სტატუსის არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება, კერძოდ, ი.ა-ის მამას - გ.ა-ის მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ი.ა-ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული საქმის შედეგი სრულად არის დამოკიდებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სათანადო ნორმების სწორად განმარტებაზე. ნორმებს, რომელთაც მხარეები სხვადასხვაგვარად განმარტავენ, წარმოადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები. კანონმდებლის ნამდვილი მიზნისა და ნების დასადგენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აუცილებელია სისტემურად გაანალიზდეს ხსენებული კანონის სხვა ნორმებიც, ასევე, საქართველოს სხვა, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების ნორმებიც, რადგან მოცემული საქმე ცხადყოფს, რომ სახეზეა შემთხვევა, როცა ნორმის მხოლოდ სიტყვასიტყვითი განმარტება სწორ სამართლებრივ შედეგს ვერ განაპირობებს.

სააპელაციო სასამართლომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ კანონის მიზანია საქართველოს სახელმწიფომ შექმნას სათანადო პირობები მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი იმ პირების დაცვის, მათი რეალური პრობლემების გადაჭრის მიზნით, რომლებიც ომისა და საქართველოს ძირძველი ტერიტორიის ოკუპაციის გამო იძულებულნი გახდნენ მიეტოვებინათ მშობლიური კუთხე და ეცხოვრათ სხვაგან, მათთვის მიუჩვეველ გარემოში და ადგილას. სასამართლომ ასევე მოიხმო „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და მიუთითა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა, იმავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, სრულად ეკისრება სწორედ რუსეთის ფედერაციას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გარდა ნორმატიულ-შინაარსობრივი კომპონენტებისა (მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით გადაადგილება და ა.შ.), დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებელ ფორმალურ წინაპირობად „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი განსაზღვრავს სტატუსის მაძიებელი პირის გარკვეული პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირის არსებობას საქართველოს სახელმწიფოსთან: ის უნდა იყოს ან საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი. მართალია, ი.ა-ის შემთხვევაში ეს ფორმალური წინაპირობა არსებობს, კერძოდ, იგი საქართველოს მოქალაქეა, თუმცა იმავდროულად, არის საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის დაბადებით მოქალაქეც და მას დაბადებიდან თითქმის 26 წლის მანძილზე არ უცხოვრია საქართველოში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა შემთხვევა, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციის განმახორციელებელი სხვა სახელმწიფოს დაბადებით მოქალაქე ცდილობს დაამტკიცოს, რომ არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ხოლო იძულების განმახორციელებელი არის მისივე წარმოშობის სახელმწიფო - რუსეთის ფედერაცია, სადაც 26 წლის მანძილზე უპრობლემოდ ცხოვრობდა. შეუძლებელია, ზემოხსენებული კანონის ნამდვილი მიზანი იყოს მოსარჩელის მსგავსი კატეგორიის ადამიანებს მიენიჭოთ დევნილის სტატუსი, არამედ კანონის მიზანი არის მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი, საქართველოს სახელმწიფოსთან მყარი პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირის მქონე პირთა სოციალური დაცვა. ი.ა-ის შემთხვევაში კი, ამგვარი მდგომარეობა და კავშირი სახეზე არ არის.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის აუცილებლობაზე; ამდენად, შესაძლებელია შეიქმნას ვითარება, როცა დევნილის სტატუსის მინიჭების სხვა წინაპირობების არსებობის შემთხვევაშიც კი, არასრულწლოვანს მაინც ვერ მიენიჭოს დევნილის სტატუსი სწორედ ამგვარი თანხმობის არარსებობის გამო. სხვა სიტყვებით, ვინაიდან არასრულწლოვანი პირის დევნილობის სტატუსი, რომელიც შესაძლებელია - უშუალოდ თვითონ არც ყოფილა განდევნილი ოკუპირებული ტერიტორიიდან, ლოგიკურად და სრულადაა დამოკიდებული მისი მშობლის დევნილობის სტატუსსა და აღნიშნული თანხმობის გაცხადებაზე. თუ არასრულწლოვანს დევნილის სტატუსი სწორედ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თვითნებობის გამო არ მიენიჭა, კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი მას აძლევს უფლებას - სრულწლოვანების მიღწევის მომენტიდან თავადვე იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე. მოცემულ შემთხვევაში კი, არ დგინდება გ.ა-ის მხრიდან ამგვარი გულგრილობის, თვითნებობისა თუ თანხმობის გაცხადების უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი. გარდა ამისა, სასამართლომ მიუთითა, რომ 2022 წლის აპრილამდე, რუსეთის ფედერაციაში ცნობილი მოვლენების (2022 წლის თებერვალში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება რუსეთსა და უკრაინას შორის) გამო ვითარების გარკვეულწილად დაძაბვამდე, ი.ა-ის, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 14 ივლისს მიაღწია სრულწლოვანების ასაკს, არც უცდია დევნილის სტატუსის მოპოვება საქართველოში და ამისათვის მოქმედება დაიწყო სრულწლოვანების მიღწევიდან თითქმის 8 წლის შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელის მშობლის (მშობლების) ოკუპირებული ტერიტორიიდან განდევნის მომენტში (1992 წელს) ი.ა-ი დაბადებული არ იყო და მოსარჩელის დედა აფხაზეთიდან განდევნილი არც ყოფილა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.ა-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი.ა-ის საკასაციო საჩივარი.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები. კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს პოზიციას, რომ იძულებით უცხო ქვეყანაში ცხოვრება მისთვის თითქოს უპრობლემო იყო. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას კასატორი დისკრიმინაციულად მიიჩნევს, ითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აპრილის განჩინებით ი.ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ა-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ ი.ა-იმა 2022 წლის 27 აპრილს №23710 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. განცხადებასთან დაკავშირებით, 2022 წლის 3 მაისის გასაუბრების კითხვარში ი.ა-იმა მიუთითა, რომ იგი დაიბადა … წლის … …ს, რუსეთში. აფხაზეთში არ უცხოვრია. გაგრაში, სოფელ ...ში არის მამის მშობლების სახლი. მამა - გ.ა-ი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვებამდე, ქ.გაგრაში, სოფელ ...ში მისდევდა სოფლის მეურნეობას. ი.ა-ი ამჟამად ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის გამზ. №72-ში (ქირით). ქ.გაგრაში მამის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე არ არის ნამყოფი. 1996-2022 წწ. ცხოვრობდა ქ. მოსკოვში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ 2020 წლის 28 ივლისს გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის თანახმად, გ.ა-ი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 27 აპრილის №178 ცნობით კი დასტურდება, რომ ი.ა-ის მამა - გ.ა-ი 1992 წლამდე ცხოვრობდა გაგრაში, სოფ. ...ში.

დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 მაისის №03-2396/ო ბრძანებით ი.ა-ის უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის დასკვნა, რომლის საფუძველზე, ი.ა-ისთან მიმართებაში არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა; ხსენებული კანონის მე-6 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ამავე ნორმატიულ აქტში მითითებული გარემოებების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ი.ა-ი დაიბადა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და აფხაზეთში არ უცხოვრია. შესაბამისად, ი.ა-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 19 მაისის №03-2396/ო ბრძანება. ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. დასახელებული კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. ხსენებული კანონის მე-3 მუხლი კანონის მიზნებად ასახელებს ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნას, რომლებიც: ა) უზრუნველყოფს დევნილის უფლებების დაცვას დევნილობის პერიოდში; ბ) ხელს უწყობს დევნილის ინტეგრაციას მისი რეგისტრაციის ადგილზე; გ) ხელს უწყობს დევნილის პრობლემების გადაჭრას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი დევნილის სტატუსის მაძიებლად მოიაზრებს პირს, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად დასახელებული კანონი მოიაზრებს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება (კანონის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-8 მუხლი არეგულირებს პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების წესს, კერძოდ, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს (მუხ. 8.1). დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში (მუხ. 8.2). სამინისტროს უარი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (მუხ. 8.5). პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (მუხ. 8.7).

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ აღნიშნული ნორმის საფუძველზე უთხრა უარი დევნილის სტატუსის მაძიებელ პირს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, კონკრეტულად, ი.ა-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი, კანონში მითითებული გარემოებების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ი.ა-ი თან მიმართებაში არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა, ვინაიდან იგი დაიბადა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და მას აფხაზეთში არ უცხოვრია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეულ ადგილად არის მიჩნეული, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით რეგულირდება ორი თვისობრივად განსხვავებული შემთხვევა, კერძოდ, პირველი პუნქტი უშუალოდ ეხება იმ პირს, რომელიც კანონით განსაზღვრული საფუძვლით იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, ზემოხსენებულ შემთხვევაში არსებითია პირის მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრა. ხოლო მე-2 პუნქტი საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს დევნილის სტატუსი თუ მის ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში სტატუსის მაძიებელს დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე (სუსგ №ბს-462(კ-23), 06.07.2023წ.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ცალსახად ადგენს საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირის შესაძლებლობას, მიიღოს დევნილის სტატუსი თუ მის ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში, სტატუსის მაძიებელს დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, დადგენილია, რომ ი.ა-ის მამამ - გ.ა-იმა დევნილის სტატუსი მიიღო 2020 წელს. საყურადღებოა, რომ სადავო საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობა ცალსახად უთითებს შვილის მიერ დევნილის სტატუსის მოპოვების უფლებამოსილებას მშობლისათვის/მშობლებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში დამოუკიდებლად იმ მიზეზებისა, რის გამოც არ/ვერ განხორციელდა ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება შვილის სრულწლოვანების მიღწევამდე. სადავო შემთხვევაში, მართალია, მშობელს დევნილის სტატუსი მიენიჭა შვილის სრულწლოვანების პერიოდში, თუმცა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დანაწესი არ გამორიცხავს სრულწლოვანი პირისთვის სტატუსის მინიჭებას მშობლის მიერ შვილის არასრულწლოვანების პერიოდში რაიმე მიზეზით დევნილის სტატუსის არმიღების შემთხვევაში. კანონმდებლობა არ ადგენს კონკრეტულ ასაკობრივ ზღვარს, რომლის მიღწევისას სტატუსის მაძიებელ პირს აღარ ექნება უფლება მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს დევნილის სტატუსის მოპოვების მოთხოვნით. ვინაიდან წინამდებარე შემთხვევაში დადასტურდა მოსარჩელის მშობლისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების კანონიერი საფუძვლის არსებობა (რაც ფაქტობრივად არსებობდა შვილის არასრულწლოვნების პერიოდში), შესაბამისად, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის პირადი განცხადების საფუძველზე დევნილის სტატუსის მინიჭების წინაპირობებს ქმნიდა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა სუსგ №ბს-1222(კ-24), 26.12.2024წ.; №ბს-1184(კ-24), 26.12.2024წ.; №ბს-545(კ-24), 19.11.2024წ.; №ბს-688(კ-24), 20.09.2024წ.; №ბს-833(კ-21), 17.12.2021წ.).

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მითითება მასზედ, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე, ნიშნავს, რომ მშობლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ფაქტობრივი საფუძველი უნდა არსებობდეს შვილის არასრულწლოვნების პერიოდში. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მიღებაზე უარის თქმა არ არის თანხვედრაში მოხმობილი ნორმის მიზანთან, რამეთუ ი.ა-ის არასრულწლოვანების პერიოდში ფაქტობრივად არსებობდა მისი მშობლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რაც მოსარჩელის მამას მიენიჭა მოსარჩელის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ.

რაც შეეხება დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლად რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციამდე ი.ა-ის აფხაზეთში არცხოვრების ფაქტზე მითითებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში არც დასახელებული გარემოება წარმოადგენს მოსარჩელის დევნილის სტატუსის მისაღებად უარის თქმის საფუძველს, რამეთუ ერთი მხრივ სახეზეა დევნილის სტატუსის მოსაპოვებლად კანონმდებლობით განსაზღვრული წინაპირობები (მშობლის დევნილის სტატუსი), მეორე მხრივ აღნიშნული საფუძვლით დევნილის სტატუსის მიღებაზე უარის თქმა გამოიწვევს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ოჯახებში დაბადებული პირებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას, რაც არ წარმოადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს, რაც ქმნის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 19 მაისის №03-2396/ო ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ი.ა-ის სასარგებლოდ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს. ამდენად, ი.ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ა-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ი.ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 19 მაისის №03-2396/ო ბრძანება;

5. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ი.ა-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე