Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-346(კს-25) 10 აპრილი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ.ო-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ.ო-იმა 2023 წლის 30 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის № MIA 3 23 01196051 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ვ.ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.ო-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ვ.ო-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ვადის დარღვევით წარდგენის გამო, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით კი აპელანტს განემარტა სააპელაციო სასამართლოს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინება ვ.ო-იმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

წარმოდგენილი კერძო საჩივრით ვ.ო-ი მიუთითებს, რომ 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინება დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია ვ.ო-ისათვის საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის № MIA 3 23 01196051 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით რეგულირდება ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული კოდექსის 2125 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებულ დავებს სრულად გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციიდან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული დანაწესი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებითი, ძირითადი დავის განხილვის საპროცესო შესაძლებლობა აქვს იმ სასამართლოს, რომელშიც კერძო საჩივარია წარდგენილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებითი დავის საგანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა. ამ კატეგორიის დავების განხილვის უფლებამოსილება კი, როგორ ზემოთ აღინიშნა ადმინიტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავის რეგულაციით საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ აქვს მინიჭებული. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი, გასაჩივრების შეზღუდვა არა მხოლოდ არსებით გადაწყვეტილებას, არამედ დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც გულისხმობს და კრძალავს უზენაესი სასამართლოს მიერ არა მხოლოდ საკასაციო, არამედ კერძო საჩივრის განხილვის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სააპელაციო პალატის მიერ 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინების მე-2 პუნქტში გასაჩივრების უფლების განმარტებაზე და აღნიშნავს, რომ განჩინების/გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ნორმატიული საფუძველი და არა სასამართლოს განმარტება. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების სპეციალური წესი იმპერატიულია, შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება სასამართლოს მიხედულების, მიზანშეწონილობის სფეროს (იხ. სუსგ ბს-270(კს-22), 18.03.2022წ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ.ო-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125 მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.ო-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი, დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა