საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-1004 (კს-24) 03 აპრილი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს "..."
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.08.2024წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს "...-მ" 11.08.2021წ. სარჩელით, ხოლო 11.10.2021წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შპს "...-ს" საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 22.04.2020წ. N11376 ბრძანების ბათილად ცნობა, შპს "...-თვის" 736845.31 ლარის დაკისრების ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის 03.12.2018წ. შემოწმების აქტისა და N007-409 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
შპს "...-ს" წარმომადგენელმა 04.09.2023წ. განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა: შპს "...-ს" N48424/12020 საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 22.04.2020წ. N11376 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის შპს "...-ს" N48424/12020 საჩივრის არსებითად განხილვის და მოცემულ საჩივართან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.11.2023წ. განჩინებით შპს "...-ს" სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს "...-ს" მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.08.2024წ. განჩინებით შპს "...-ს" სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.11.2023წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.11.2023წ. გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენელს დ.დ-ეს მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და 28.06.2024წ. 15:09 სთ.-ზე პირადად ჩაბარდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.11.2023წ. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 29 ივნისიდან და დასრულდა 12.07.2024წ. (პარასკევი, სამუშაო დღე) 24 საათზე, თუმცა სააპელაციო საჩივარი "..." ფოსტას გადაეცა 15.07.2024წ., ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა 16.07.2024წ.. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა (თოთხმეტი დღე), რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.08.2024წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს "...-ს" მიერ.
კერძო საჩივრის ავტორმა - შპს "...-ს" წარმომადგენელმა დ.დ-ემ აღნიშნა, რომ შპს "...-ს" წარმომადგენლობას თავად ახორციელებდა, ხოლო შპს-ის დირექტორი იმყოფებოდა აშშ-ში. დ.დ-ემ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა მხოლოდ წარმომადგენელს გააჩნდა. დ.დ-ემ აღნიშნა, რომ 2024 წლის 11-12 ივლისს იყო ავად, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, რის თაობაზეც ესაუბრა ოჯახის ექიმს. ექიმის რეკომენდაციით მას აუცილებლად უნდა გამოეყენებინა იზოლაციის და ასევე წოლითი რეჟიმი, ვირუსის ოჯახის წევრებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. დ.დ-ემ აღნიშნა, რომ მხოლოდ 17.07.2024წ. შეძლო ოჯახის ექიმთან საკონტროლო კონსულტაციაზე მისვლა, შესაბამისად, 12.07.2024წ. ვერ შეძლო სააპელაციო საჩივრის ფოსტით გაგზავნა. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ ავადმყოფობის გამო სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით წარმოდგენა უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.08.2024წ. განჩინება შპს "...-ს" სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს "...-ს" კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილია სასამართლო შეტყობინების მხარისათვის გაგზავნისა და ჩაბარების წესი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად (სასკ-ის 13.2 მუხ.).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.11.2023წ. გადაწყვეტილება შპს "...-ს" წარმომადგენელს დ.დ-ეს გაეგზავნა მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და 28.06.2024წ. პირადად ჩაბარდა. საქმეში დაცული, განუსაზღვრელი ვადით გაცემული 05.08.2021წ. N... მინდობილობის მიხედვით შპს "...-ს" დირექტორს დ.დ-ისათვის მინიჭებული ჰქონდა ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის, სხვადასხვა საპროცესო მოქმედებების შესრულების, მათ შორის, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება. ამდენად, დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.11.2023წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირს ჩაბარდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.11.2023წ. გადაწყვეტილების მხარის წარმომადგენლისათვის 28.06.2024წ. ჩაბარების გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 29 ივნისიდან და ამოიწურა 12.07.2024წ., პარასკევს, 24 სთ-ზე. საქმის მასალებით, კერძოდ, სააპელაციო საჩივარზე თანდართული საფოსტო შეტყობინების ბარათით (ტ.2, ს.ფ.16) დგინდება, რომ დ.დ-ემ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით - 15.07.2024წ.. კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით წარმოდგენას, თუმცა აღნიშნავს, რომ 2024 წლის 11-12 ივლისს იყო ავად და ეს გარემოება უნდა ჩაითვალოს საპატიოდ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსკ-ის 59.4 მუხლზე, რომლის თანახმად სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. საპროცესო კანონმდებლობა გასაჩივრების ვადის გამოთვლის წესს იმპერატიულად განსაზღვრავს, რისი შეცვლა არც მხარეთა და არც სასამართლოს მიხედულებით არ არის დასაშვები. ამდენად, ხსენებული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეტანა წარმოადგენს. სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა თუ არა (იხ. სუსგ: №ას-875-2019, 19.07.2019წ.; №ას-1014-2018, 24.12.2018წ.; №ას-221-208-2015, 29.05.2015წ.; №ას-1941-2018, 29.03.2019წ.). შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება გასაჩივრების ვადის გადაცილების საპატიოდ მიჩნევის შესახებ, არ არის რელევანტური. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 215.3 მუხლზე, რომელიც ადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მიიჩნიოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ზემოაღნიშნული ნორმა პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას (იხ. სუსგ 29.02.2024წ. Nას-105-2024). სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებასა და სასამართლოსთან კომუნიკაციაში (იხ. სუსგ 01.08.2019წ. Nას-929-2019). განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული 17.07.2024წ. ცნობა არ არის შედგენილი ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნათა დაცვით. იგი ხელმოწერილია ოჯახის ექიმის მიერ, ამასთან, ცნობაში აღნიშნულია, რომ დ.დ-ეს 11.07.2024წ. ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და გრიპოზული ჩივილები, რაც არ ადასტურებს დ.დ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ობიექტურ შეუძლებლობას. ამდენად, ზემოაღნიშნული ცნობა არ აკმაყოფილებს სსკ-ის 215.3 მუხლით დადგენილ ფორმალურ და შინაარსობრივ მოთხოვნებს.
სსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს "...-ს" კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.08.2024წ. განჩინება შპს "...-ს" სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს 20.12.2024წ. განჩინებით დაკმაყოფილდა შპს "...-ს" შუამდგომლობა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა საკასაციო პალატის მიერ დავის განხილვის დასრულებამდე. ამდენად, შპს "...-ს" უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს "...-ს" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.08.2024წ. განჩინება;
3. შპს "...-ს" (ს/ნ...) დაეკისროს კერძო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე