№ბს-805(3კ-24) 17 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ს. ფ-ი, ნ. ს-იი, ნი. ს-ი, მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტი, მესამე პირები - მ. ფ-ი, რ. ფ-ი, გ. ფ-ი, ნ. ხ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს. ფ-იმა, ნ. ს-იმა და ნი. ს-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 29 სექტემბრის №03/14442 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. ხ-ის შორის გაფორმებული 2009 წლის 1 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება 2.2. პუნქტის ნაწილში, უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, ..., ..., კორპუსი №...-ში მდებარე ბინა, მოსარჩელეების ნაწილში; გ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულება, სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, მოსარჩელეების ნაწილში; დ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მოსარჩელის, როგორც დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი პირის მონაცემები ამოღებულ იქნეს ნ. ხ-ის როგორც დევნილი ოჯახის წევრთა შემადგენლობიდან და სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზიდან; ე) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელის დარეგისტრირება ცალკე ოჯახად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ნ. ხ-ი, მ. ფ-ი, რ. ფ-ი და გ. ფ-ი ჩაბმულ იქნენ საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ს. ფ-ის, არასრულწლოვნების - ნ. ს-იის და ნი. ს-ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. ფ-ის, ნ. ს-იისა და ნი. ს-ის მიერ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ფ-ის, ნ. ს-იის და ნი. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ს. ფ-ის, ნ. ს-იის და ნი. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულება სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ მოსარჩელეების ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. ხ-ის შორის გაფორმებული 2009 წლის 1-ლი ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება, 2.2. პუნქტის ნაწილში, უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, ..., ..., კორპუსი №...-ში, მოსარჩელეების ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 29 სექტემბრის №03/14442 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელის, როგორც დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი პირის მონაცემები ამოღებულ იქნეს ნ. ხ-ის, როგორც დევნილი ოჯახის წევრთა შემადგენლობიდან და სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზიდან. მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ს. ფ-ის დარეგისტრირება ცალკე ოჯახად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
5.1 კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აღნიშნავს, რომ 2009 წლის 1 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ნ. ხ-ი და მისი შვილები, მათ შორის, ს. ფ-ი რეგისტრირებული იყვნენ ერთ ოჯახად. ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, ნ. ხ-ი იღებდა ვალდებულებას ს. ფ-ი უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში, რაც მოცემულ შემთხვევაში გამორიცხავს საცხოვრებლით უზრუნველყოფილი პირის მონაცემებიდან ს. ფ-ის ამოღებას და მოსარჩელის ცალკე ოჯახად რეგისტრაციის ფაქტს.
ს. ფ-ის 2020 წლის 29 სექტემბრის №03/14442 წერილით ეცნობა, რომ უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით. ამავე წერილით სააგენტომ მოსარჩელეს განუმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის №62 განკარგულების საფუძველზე ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი. შესაბამისად, მის მიმართ სახელმწიფომ თავისი ვალდებულება შეასრულა. პრეზიდენტის აქტი, რომლითაც მოხდა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ამ განკარგულების საფუძველზე, არ შეცვლილა. შესაბამისად, ვიდრე არ გაუქმდება ის აქტები, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში მოინიშნა საცხოვრებლით უზრუნველყოფილად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს მისი საკითხი.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულების საფუძველზე, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მეორე მხრივ, ნ. ხ-ის შორის 2009 წლის 1 ივლისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შედეგადაც საქართველოს პრეზიდენტის №62 განკარგულებით „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №8-ში მდებარე ფართი - 46,74 კვ.მ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა ნ. ხ-ის (ს/კ ...), გადაცემულ ქონებაში ს. ფ-ის, მ. ფ-ის, რ. ფ-ის და გ. ფ-ის უზრუნველყოფის პირობით. ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია 2009 წელს, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან გასულია სახელმწიფო ქონების პრივატიზებისათვის კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების 3-წლიანი ვადა. სადავოდ ქცეული ხელშეკრულების დადებისას ხელშეკრულებაში მითითებული პირის თანხმობა არ იყო საჭირო, ვინაიდან მას აღნიშნული ხელშეკრულებით არ დაკისრებია რაიმე ვალდებულება, მეტიც, სადავო ხელშეკრულებით მას საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი.
ფართის საკუთრებაში გადაცემის პერიოდისათვის და დღეის მდგომარეობითაც მოსარჩელე მის ოჯახთან ერთად არის დევნილთა მონაცემთა ბაზაში, სადაც როგორც იურიდიულ, ისე ფაქტობრივ მისამართად მითითებულია გადაცემული ფართი. უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, ..., ...ის ქ. №8, დაუკანონდა და საცხოვრებელი გადაეცა დევნილ ოჯახს და არა ამ ოჯახის ერთ რომელიმე კონკრეტულ პირს. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებას (და არა ოჯახის ცალკეული წევრებისას). ს. ფ-ის არასდროს არ მიუმართავს სააგენტოსთვის/სამინისტროსთვის და არ მოუთხოვია ცალკე ოჯახად დარეგისტრირება, მისამართის შეცვლა. შესაბამისად, მოსარჩელე საცხოვრებლით უზრუნველყოფილ იქნა ოჯახის წევრებთან ერთად.
კასატორის განმარტებით საფუძველს მოკლებულია მითითება, რომ მოსარჩელისათვის ამ დრომდე არ იყო ცნობილი მისი ოჯახის წევრის (დედის) ნ. ხ-ისათვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ნ. ხ-ი იღებდა ვალდებულებას, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების დანართში მითითებული პირები, მათ შორის, მოსარჩელე ს. ფ-ი, უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით. ასევე იღებდა ვალდებულებას, რომ არ მოითხოვდა (როგორც თვითონ, ასევე მისი ოჯახის წევრები) სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან რაიმე სახის კონპენსაციას ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას. სადავო ქონების პრივატიზების პერიოდისათვის დაკანონების პროცედურები არ ითვალისწინებდა თანასაკუთრების ცნებას. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, შეუძლებელია მას არ სცოდნოდა ფართის დაკანონების შესახებ, მითუმეტეს, რომ ობიექტი იყო დევნილთა კოლექტიურად ჩასახლების ცენტრი და ყველა დევნილს, რომელიც ობიექტში ცხოვრობდა ჰქონდა სათანადო ინფორმაცია უშუალოდ სამინისტროს თანამშრომლებისაგან.
5.2 კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ მინიჭებული აქვთ კონკრეტული საოჯახო ნომერი, აღნიშნული ნომერი ასევე მინიჭებული აქვს სადავო ხელშეკრულებაზე ხელმომწერ პირს - ს. ფ-ის დედას - ნ. ხ-ის.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საცხოვრებელი ბინა გადაეცემა დევნილ ოჯახს და არა ოჯახის თითოეულ წევრს ცალ-ცალკე. დევნილ ოჯახს წარმოადგენს ნათესაური ან არანათესაური კავშირის პირთა ერთობლიობა, რომლებიც ერთობლივად ეწევიან საოჯახო საქმიანობას, ამასთან, იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მოქმედებს კიდევ ერთი პირობა - ასეთად (ოჯახად) უნდა იყოს აღრიცხული შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ. მოსარჩელეები, უფლებამოსილი პირის მონაცემების საფუძველზე, წარმოადგენენ ერთი საოჯახო ნომრით რეგისტრირებულ პირთა ოჯახის წევრებს და ეს ჩანაწერი მათ სადავოდ არ გაუხდიათ. იმ პირობებში, როცა პირი კონკრეტული ოჯახის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს თავს, რეგისტრაცია კონკრეტული ოჯახის შემადგენლობასა და კონკრეტულ მისამართზე განხორციელდება მისივე მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო საცხოვრებელი ბინა, როგორც აღინიშნა, გადაეცემა კონკრეტულ ოჯახს და არა ოჯახის თითოეულ წევრს. შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესი არ შეიძლება ნამდვილად ჩაითვალოს, თუკი იგი კონკრეტული ოჯახისადმი კუთვნილებას სადავოდ არ ხდიდა. ოჯახის ერთ-ერთ წევრზე ხელშეკრულების გაფორმება სამთავრობო პროგრამის ნაწილს წარმოადგენდა და აღნიშნული აიხსნებოდა მხოლოდ იმ გარემოებით, რომ სახელმწიფოს მიზანია დევნილი ოჯახის ყველა წევრის დაკმაყოფილება და ამ მიზნისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის პროცედურების გამარტივება.
კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სადაოდ ქცეული ხელშეკრულების დადებისას აუცილებელი იყო წერილობითი თანხმობა ყველა იმ პირის, რომლებიც მითითებული არიან ხელშეკრულებაში. საგულისხმოა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდგომ. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად მესამე პირის წერილობითი თანხმობა საჭიროა ორ შემთხვევაში: 1. ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებას და 2. ხელშეკრულება, რომელიც აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ხელშეკრულებით პროცესუალურ მოწინააღმდეგეს არ დაკისრებია რაიმე ვალდებულების შესრულება, შესაბამისად, მისი თანხმობა აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის არ მოითხოვებოდა. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
კასატორის განმარტებით, სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. სადავო ხელშეკრულების დადებიდან გასულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით განუხილველი დარჩა საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) „სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაცემა, ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის, რის საფუძველზეც, ქ. თბილისში, ..., ..., ... კორპუსი 12, სართული 2, ფართი - 46,74 მ2, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცა ნ. ხ-ის, მ. ფ-ის, ს. ფ-ის, რ. ფ-ის და გ. ფ-ის. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილ იქნა საპრივატიზებო პირობები: ა) მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა გადაეხადა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში; ბ) მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულებაში მითითებული პირები უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართობით; გ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ ან ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა; დ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირებისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. განკარგულების მე-3 პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების შემდგომ გასხვისებაზე თანხმობა გაცემულად ითვლებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო საქართველოს დედაქალაქის - თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებაზე ქალაქ თბილისის მერიის მიერ. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების გასხვისებისას ახალ შემძენზე არ გადადიოდა ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები. განკარგულების მე-4 პუნქტით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალათ ამ განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება (ტ.1, ს.ფ 45-48, 42-44); ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 1 ივლისს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორე მხრივ, ნ. ხ-ის (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ. ხ-ის გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ..., ..., ... კორპუსი 12, სართული 2, ფართი - 46,74 მ2. დასახელებული ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ნ. ხ-იმა აიღო ვალდებულება მ. ფ-ი, ს. ფ-ი, რ. ფ-ი და გ. ფ-ი უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. აღნიშნული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი პირები მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე არ სარგებლობდენ ან არ ფლობდნენ სხვა რაიმე საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართს, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა. ამავე ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, მყიდველი და ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. დასახელებული ხელშეკრულების 2.5. პუნქტით დადგინდა, რომ მყიდველზე საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ, მყიდველი ვალდებულია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოიყენოს ისე, რომ ამ ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული პირები უზრუნველყოფილ იქნენ სათანადო საცხოვრებელი პირობებით. ამავე ხელშეკრულების 2.6. პუნქტის თანახმად, გამყიდველმა აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო გადაცემულ ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რითაც დადასტურდებოდა მყიდველის საკუთრების უფლება გადაცემულ ქონებაზე (ტ.1, ს.ფ 42-44); გ) ს. ფ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. 2020 წლის 8 ივლისის №03/890 წერილით, მოსარჩელე მხარეს ეცნობა, რომ როგორც იძულებით გადაადგილებული პირი, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვს სახელმწიფოსაგან ფართი. 2020 წლის 26 აგვისტოს, ს. ფ-იმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 8 ივლისის №03/890 წერილის ბათილად ცნობა, ცალკე ოჯახად დარეგისტრირება და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. ამავე ადმინისტრაციულ საჩივარში მიუთითა, რომ 1991 წლიდან 2007 წლამდე ცხოვრობდა დედასთან და და-ძმასთან ერთად, ერთ ოჯახად. 2007 წელს შექმნა ოჯახი ვ. ს-ითან ერთად და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ქ. საგარეჯოში. იგი დაშორდა მეუღლეს და იძულებული გახდა დაეტოვებინა მეუღლის საცხოვრებელი სახლი. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 29 სექტემბრის №03/14442 გადაწყვეტილებით ს. ფ-ის განემარტა, რომ პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულების საფუძველზე, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ფარგლებში, ნ. ხ-ის ოჯახს გადაეცა საკუთრებაში ქ. თბილისში, ..., ..., ... კორპუსი 12, სართული 2, მისამართზე მდებარე უძრავი ქონება, ს/კ .... ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 2009 წლის 1 ივლისის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, ნ. ხ-იმა იკისრა ვალდებულება, ოჯახის წევრების - მ. ფ-ის, ს. ფ-ის, რ. ფ-ის და გ. ფ-ის ამავე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე (ტ.1, ს.ფ 20); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 14 სექტემბრის №368131 წერილის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, ს. ფ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის (ტ.1, ს.ფ 152); ე) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 21 ოქტომბრის №04/10580 წერილის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2009 წელს, მისამართზე ქ. თბილისი, დიდგორის რაიონი, ..., „... ზონა, კორპუსი 12, ბინა 44-ში რეგისტრირებულები იყვნენ ერთ ოჯახად ნ. ხ-ი, ს. ფ-ი, ნი. ს-ი, მ. ფ-ი, რ. ფ-ი, გ. ფ-ი. ოჯახის დეკლარაციაში, რომელიც შევსებულია 2008 წლის პირველ დეკემბერს, ნი. ს-ის და გ. ფ-ის მონაცემებში მითითებულია დაბადების მოწმობის ნომრები. ნ. ს-იი დაიბადა ... წლის ...ს, შესაბამისად, 2009 წელს იგი ვერ იქნებოდა რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (ტ.1, ს.ფ 179); ვ) დ. გ-ას და ნ. ნ-ას 2021 წლის 29 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, ს. ფ-ი 2007 წლიდან დღემდე არ ცხოვრობს ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №8-ში (ტ.1, ს.ფ 151); ზ) მ. ღ-ას და ლ. ი-ის 2021 წლის 29 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, ს. ფ-ი 2015 წლიდან ცხოვრობს მისამართზე ..., ...ს ქუჩა №11 (ტ.1, ს.ფ 149); თ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის 2020 წლის 2 ნოემბრის ამონაწერის თანახმად, ოჯახის წევრებად დაფიქსირებულები არიან ს. ფ-ი, ნი. ს-ი და ნ. ს-იი. ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულაა 4890. ქულის მინიჭების თარიღია 2019 წლის 11 დეკემბერი, ხოლო გასული პერიოდის დეკლარაციით ქულის მინიჭების თარიღს წარმოადგენს 2015 წლის 29 დეკემბერი (ტ.1, ს.ფ 15); ი) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 27 მარტის №SSA 23 00323480 წერილით ს. ფ-ის ეცნობა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს განცხადებით მიმართა 2013 წლის 31 იანვარს, რის საფუძველზეც 2013 წლის 15 თებერვალს მის ოჯახში შეივსო „ოჯახის დეკლარაცია“. დეკლარაცია დამუშავდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილების შესაბამისად. ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით და 2013 წლის 17 მარტს შეადგინა - 49010 ერთეული. ამავე წერილის თანახმად, ოჯახში მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებების საფუძველზე, 2015 წლის 27 ოქტომბერს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მისამართზე - საგარეჯოს რაიონი, სოფელი ...ში, განხორციელდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი შესწავლა, სადაც ს. ფ-ი აღარ დაფიქსირდა ოჯახის წევრთა შემადგენლობაში (ტ.2, ს.ფ 67-68); კ) სანოტარო ფორმით დამოწმებული 2023 წლის 24 მარტის განცხადებით მ. ბ-ი (დაბ. ...წ. საგარეჯოში, პ/ნ ...) და ქ. ს-ი (დაბ. ...წ. საგარეჯოში, პ/ნ ...) ადასტურებენ, რომ ს. ფ-ი (დაბ. ...წ. გულრიფში, პ/ნ ...) 2012 წლიდან - 2014 წლამდე ცხოვრობდა ქალაქ საგარეჯოში, სოფელ ...ში (ტ.2, ს.ფ 69); ლ) სანოტარო ფორმით დამოწმებული 2023 წლის 24 მარტის განცხადებით ბ. შ-ი (დაბ. ...წ. თბილისში, პ/ნ ...) და ვ. ლ-ი (დაბ. ...წ. საგარეჯოში, პ/ნ ...) ადასტურებენ, რომ ს. ფ-ი (დაბ. ...წ. გულრიფშში, პ/ნ ...) 2007 წლიდან - 2012 წლამდე ცხოვრობდა ქალაქი საგარეჯო, ... შეს. №...-ში (ტ.2, ს.ფ 70); მ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის №2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მენეჯერის მიერ გაცემული 2023 წლის 21 მარტის ცნობის თანახმად, ... წელს დაბადებულმა ნი. ს-იმა 2014 წელს დაამთავრა საგარეჯოს №... სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ხოლო ... წლის ...ს დაბადებული ნ. ს-იი 2012-2014 წლებში იმყოფებოდა სკოლამდელ დაწესებულებაში (ტ.2, ს.ფ 71); ნ) შპს კლინიკა „L...“-ის (საგარეჯო, ...ს ქ. №...) მიერ გაცემული 2023 წლის 20 მარტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, პაციენტი ნი. ს-ი 2008-2011 წლებში იმყოფებოდა პედიატრის სამუშაო მეთვალყურეობის ქვეშ (ადგილი ქ. საგარეჯოს ... საავადმყოფო). 2011 წლიდან მომსახურებას იღებდა კლინიკა „L...“-ში (საგარეჯო, ...ს ქ. №...). 28.04.2014 წლიდან პაციენტი ჩართული იქნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. 16.09.2015 წლიდან გაუუქმდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კლინიკა „L...“-ში, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო და მოიხსნა აღრიცხვიდან (ტ.2, ს.ფ 72); ო) შპს კლინიკა „L...“-ის (საგარეჯო, ...ს ქ. №...) მიერ გაცემული 2023 წლის 20 მარტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, პაციენტი ნ. ს-იი 2010-2011 წლებში იმყოფებოდა პედიატრის სამუშაო მეთვალყურეობის ქვეშ (ადგილი ქ. საგარეჯოს ... საავადმყოფო). 2011 წლიდან მომსახურეობას იღებდა კლინიკა „L...“-ში (საგარეჯო, ...ს ქ. №...). 28.04.2014 წლიდან პაციენტი ჩართული იქნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. 16.09.2015 წლიდან გაუუქმდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კლინიკა „L...“-ში, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო და მოიხსნა აღრიცხვიდან (ტ.2, ს.ფ 73); პ) სსიპ ქალაქ საგარეჯოს №... საჯარო სკოლის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2023 წლის 16 მარტს გაცემული №MES 1 23 0000301340 ცნობის თანახმად, ნი. ს-ი (პ/ნ ..., დაბ. ...წ.) 2014-2015 სასწავლო წელს, 2014 წლის 26 ივნისის №2-82 ბრძანების საფუძველზე, ჩაირიცხა სსიპ ქალაქ საგარეჯოს №... საჯარო სკოლაში და დაამთავრა პირველი კლასის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროგრამა (ტ.2, ს.ფ 74).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, არსებობს თუ არა მოსარჩელეების, როგორც დევნილი ოჯახის, ცალკე ოჯახად მიჩნევისა და მათი სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად ჩათვლის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ხელშეკრულება დადებულია საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულების ფარგლებში და მისი მიზნების შესაბამისად. აღნიშნული განკარგულებით დამტკიცდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“. აღნიშნული აქტით, სახელმწიფო სტრატეგიის მთავარ მიზნებად პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის და დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეულად ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა განისაზღვრა, რის მისაღწევადაც სამოქმედო გეგმა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას ითვალისწინებდა. სამოქმედო გეგმა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევდა დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებათა მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დევნილებთან დიალოგსა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მათ მონაწილეობას. სამოქმედო გეგმა ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო, უნდა მომხდარიყო დაგეგმვის პროცესში დევნილთა ჩართულობა და მათი მხრიდან, ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ შეეხებოდათ, კარგად ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთების უზრუნველყოფა.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებაზე, რომელშიც დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები, ასევე, საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა უნდა განხორციელებულიყო. მითითებული განკარგულების მიხედვით, საპრივატიზებოდ შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში უნდა ჩატარებულიყო დევნილი ოჯახების შესწავლა, სოციალური კვლევა და ობიექტების პასპორტიზაცია; დევნილი ოჯახის შემადგენლობა დღევანდელი მდგომარეობით, მათი უახლოესი ნათესაური კავშირები. აღნიშნული ღონისძიების განხორციელება ევალებოდათ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას და სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი იყო ფაქტობრივად არსებული ოჯახური მდგომარეობის, ერთად მცხოვრები პირების განსაზღვრა და საცხოვრებლის გადაცემის პროცედურების წარმოება მათი ჩართულობით, მათივე ნების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება, რომელსაც უფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება.
ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ხელშეკრულების კონკრეტული საგნის დაკონკრეტების გარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში ითვალისწინებს იმ პირების ინტერესებს, რომელთა უფლებებიც შესაძლოა შეზღუდოს კონკრეტულმა ადმინისტრაციულმა ხელშეკრულებამ, აღნიშნულის მიზანს კი სწორედ ისეთი სიტუაციების თავიდან არიდება წარმოადგენს, რომლებშიც შესაბამის პირებს შესაძლოა საკმარისი ინფორმაციის ფლობის გარეშე დაეკისროთ იმგვარი ტვირთი, რომელზე თანხმობასაც ისინი ინფორმირებულობის პირობებში არ განაცხადებდნენ. გარკვეულ შემთხვევებში, უფლების მიმნიჭებელი (მაგ: საკუთრების უფლების მოპოვება) ხელშეკრულებაც კი, შედეგობრივად შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს გარკვეული პირებისთვის, თუ ასეთი ხელშეკრულებები რეალურად არ გამოხატავენ მხარის ნამდვილ ნებას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო თანხმობის არსებობა, რამდენადაც სადავო ხელშეკრულება ს. ფ-ის პირდაპირ ართმევდა შესაძლებლობას, მომავალში სახელმწიფოსგან, როგორც დევნილ პირს მოეთხოვა საცხოვრებელი ფართი.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელე ს. ფ-ის ისე შეეზღუდა უფლება, მოეთხოვა სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, ასევე უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, რომ ამის შესახებ სახელმწიფოს ხელშეკრულების გაფორმების დროს არ უცნობებია მისთვის, არ მიუწვევიათ იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში და შესაბამისად, არ არსებობდა მისი მხრიდან გაცემული თანხმობა სადავო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში მიმდინარე პრივატიზაცია ნებაყოფლობით პროცესს წარმოადგენს, ხოლო სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში დევნილთა მაქსიმალური ჩართულობის თაობაზე, აღნიშნული ეწინააღმდეგება სზაკ-ის 67-ე მუხლის იმპერატიულ დანაწესს. გასაჩივრებული ნასყიდობის ხელშეკრულება ზღუდავს ს. ფ-ის უფლებას, როგორც დევნილმა, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში, მიიღოს საცხოვრებელი ფართი.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენს – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს, ხოლო „ლ“ პუნქტი ასევე ითვალისწინებს დევნილი ოჯახის ცნებას, რომლის მიხედვითაც, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის საოჯახო ნომერზე რეგისტრირებული პირის მხრიდან პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის შემადგენლობაში შესვლა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ 2009 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ს. ფ-ი ცხოვრობდა მისამართზე ქ. თბილისში, ..., ..., ... კორპუსი ..., სართული 2. ამავდროულად საქმეში საქმეში წარმოდგენილი მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ სადაო პერიოდში მოსარჩელე შვილთან ერთად ცხოვრობდა საგარეჯოში. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ს. ფ-ი (შვილთან - ნი. ს-ითან ერთად), ნ. ხ-ის მიერ 2009 წლის პირველი ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას არ წარმოადგენდა ნ. ხ-ითან ერთად მუდმივად მცხოვრებ პირს და მისი ოჯახის წევრს, რაც გამორიცხავს მოსარჩელეთა ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებულად მიჩნევის საფუძველს.
რაც შეეხება კასატორების მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების ან/და პრეზიდენტის განკარგულების არსებობის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოდგენილი არ არის უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ს. ფ-ის სადავო განკარგულებისა და პრივატიზაციის ხელშეკრულების არსებობის ან შინაარსის თაობაზე ინფორმირებულობა. ამასთან, ხელშეკრულებაშივეა მითითებული, რომ ხელშეკრულება შედგენილ იქნა მხოლოდ ერთ ეგზემპლარად. შესაბამისად, კასატორების მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე გაზიარებული ვერ იქნება.
ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია