საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-515(2კ-22) 11 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - დ. კ-ე (ა. ბ-ეის უფლებამონაცვლე)
კასატორი (მოპასუხე) - ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 14 დეკემბერს ა. ბ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ. სარჩელისა და მხარეთა დაზუსტების შემდეგ, მოპასუხედ ასევე დასახელდა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია. დაზუსტებული სარჩელით ა. ბ-ემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის N..., 2020 წლის 24 სექტემბრის N..., 2020 წლის 6 ნოემბრის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (უძრავი ქონების ა. ბ-ეის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე) გამოცემის დავალება. მოსარჩელე მხარემ ასევე მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის N260 განკარგულება (...ში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე, თვითნებურად დაკავებულ 747 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე დამაგრებულ 19.83 კვ.მ საერთო ფართის შენობა - ნაგებობაზე, ასევე 758 კვ.მ მიწის ნაკვეთზე) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალოს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ...ში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე 758 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 747 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მასზე განლაგებული 19,83 კვ.მ შენობა - ნაგებობით) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ა. ბ-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის N260 განკარგულება, ...ში ...ის ქუჩა N...-ში მდებარე 747 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მასზე განთავსებული 19.83 კვ.მ შენობა - ნაგებობით) ა. ბ-ეის საკუთრებად აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში; ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა, ...ში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე 747 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 19.83 კვ.მ შენობა - ნაგებობის ა. ბ-ეის საკუთრებად აღიარების თაობაზე; ...ში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე 758 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის N..., 2020 წლის 24 სექტემბრის N... და 2020 წლის 6 ნოემბრის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის ძირითად სადავო გარემოებას წარმოადგენს ...ში, ...ის ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ა. ბ-ეის უფლების დამდგენი საბუთის არსებობა; ა. ბ-ეის მიერ, 747 კვ.მ მიწის ნაკვეთში საცხოვრებელი სახლის აშენების პერიოდი და ასევე ...ში, ...ის ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ინფრასტრუქტურული მშენებლობების დაგეგმვის ფაქტი.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 21-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლზე, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტზე და მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით, კომისიამ ნაწილობრივ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულება გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. კერძოდ, დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ-ეს სახლი აშენებული ჰქონდა 2000 - 2005 წლებში. შესაბამისად, მცდარი იყო მოსაზრება მასზე, რომ ა. ბ-ემ საცხოვრებელი სახლი ააშენა კანონის ამოქმედების შემდეგ. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მითითება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ვინაიდან საქმის მასალებით ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვა დადგენილად ვერ იქნა მიჩნეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ 747 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შეიცავდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, ვინაიდან დარღვეული იყო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების წესი. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტზე და კანონის ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით, მიზანშეწონილად მიიჩნია ქედის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №260 განკარგულების ბათილად ცნობა, ა. ბ-ეისათვის ...ში ...ის ქ. №...-ში მდებარე, თვითნებურად დაკავებული 747 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებულ 19.83 კვ.მ.(საერთო ფართი) შენობა - ნაგებობის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და კომისიას დაავალა გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა.
რაც შეეხება მოთხოვნას - 758 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა მართებულად, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ 747 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც საცხოვრებელი სახლი არის განლაგებული და 758 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ერთმანეთისაგან გამიჯნულია გზით. სასამართლომ განმარტა, რომ შესაძლოა, აღნიშნული ორი ნაკვეთი ადრე ერთიანი მიწის ნაკვეთი იყო, თუმცა საქმის განხილვის ეტაპისათვის მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ნაკვეთებია და ერთმანეთის მიმდებარეს არ წარმოადგენს. აღნიშნულის საფუძვლით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ნაკვეთს ინდივიდუალურად მოეთხოვება აკმაყოფილებდეს საკუთრების უფლების აღიარებისათვის განსაზღვრულ ყველა პირობას. კერძოდ, მიწის ნაკვეთს ა. ბ-ე უნდა ფლობდეს თვითნებურად; მასზე განთავსებული უნდა იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული); ან უნდა იყოს ა. ბ-ეის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. საქმის მასალებით კი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთი არც მომიჯნავე ნაკვეთს არ წარმოადგენდა და მასზე არც საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) არ იდგა. შესაბამისად, აღნიშნული მოცემულობა ვერ აკმაყოფილებდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. ბ-ეის და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ბ-ეისა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრები. უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე გაკეთებული შემაჯამებელი დასკვნა არსებითად სწორია. მიიჩნია, რომ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით რაიონული სასამართლოს შეფასებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, თუმცა პროცესის ეკონომიურობისა და შემჭიდროებულ ვადებში მხარეთა მიერ საკუთარი მატერიალური უფლებების რეალიზების მიზნით მიზანშეწონილად არ მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად რაიონულ სასამართლოში დაბრუნება ან სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3, მე-4, მე-9 მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი გახდა საცხოვრებელი სახლის აშენების პერიოდი.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ა. ბ-ეის მიერ, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ბატონობის და აშენებული საცხოვრებელი სახლის განთავსების ფაქტი, კომისიის მხრიდან ეჭვქვეშ არ დამდგარა, შესაბამისად ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ ა. ბ-ეის პოზიცია, შენობა - ნაგებობის კანონის ამოქმედებამდე აშენების თაობაზე, დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით, რისი გამაბათილებელი მტკიცებულება ან/და ექსპერტიზის დასკვნაც სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, განცხადების ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლის გზით, დაინტერესებული მხარეების, მოწმეებისა და ექსპერტიზის დასკვნების (საჭიროების შემთხვევაში) გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით. გამოიკვლიოს და შეისწავლოს მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების, მასზე ფაქტობრივი მფლობელობის განხორციელების ფაქტი და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით განსაზღვროს მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა - ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ამ კანონის პირველი, მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) არსებობის ფაქტი.
რაც შეეხება ა. ბ-ეის მოთხოვნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, პალატამ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 41 მუხლი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ამავე პერიოდში მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-2 მუხლის „გ“ პუნქტი, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლი და საქმის მასალების, მხარეთა ახსნა - განმარტებებისა და ასევე კანონიერ ძალაში შესული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, უდავოდ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ ა. ბ-ეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილ, ..., ...ის ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრმა №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება და 747 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობის თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადასაწყვეტად ა. ბ-ეის განცხადება გადაუგზავნა აღიარების კომისიას, ხოლო №... (23.06.2020) სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი მიწის ნაკვეთი (ფართი 758 კვ.მ) არ მიიჩნია აღიარების კომისიის კომპეტენციას დაქვემდებარებულად, იხელმძღვანელა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით (სააგენტო კომისიას შუამდგომლობით არ მიმართავს, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ან სააგენტოში დაცული/მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით უტყუარად დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად) და უარი თქვა მის რეგისტრაციაზე.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით მართალია, ა. ბ-ემ მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... და №... ბათილად ცნობა ჯერ ადმინისტრაციულ ორგანოში (2020 წლის 06 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა), შემდეგ კი სასამართლოში, თუმცა სარჩელის და სააპელაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით, რეალურად ა. ბ-ეის ინტერესი შეეხებოდა №... (758 კვ.მ) და №... (747 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით) სარეგისტრაციო განცხადებებით მოთხოვნილ უძრავ ქონებებზე უფლების რეგისტრაციას, 326 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე კი, რომელიც ფარავს გზის მონაკვეთს (№... სარეგისტრაციო წარმოება), საკუთრების უფლების რეგისტრაციის ინტერესი მოსარჩელეს საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ ჰქონია. მოსარჩელე, მართალია, ირიბად, თუმცა წარმოდგენილ სარჩელში მიუთითებდა კიდეც, რომ სადავოდ ხდიდა №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიღებული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილებებს, მოითხოვდა რა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი საკითხების სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში ხელახლა განხილვას.
პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ დავაზე მოსარჩელის უმთავრესი იურიდიული ინტერესი, სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მიუხედავად სარეგისტრაციოდ წარდგენილი ორი სხვადასხვა აზომვითი ნახაზის და თუნდაც ცალ - ცალკე საკადასტრო ერთეულებად მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისა, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთები განხილულიყო როგორც ერთი სამართლებრივი სტატუსის მქონე უძრავი ქონება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, საჯარო რეესტრმა ფორმალურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე უარი თქვა უძრავი ქონების რეგისტრაციაზე, თუმცა სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რაზეც ა. ბ-ე ამყარებდა თავის მოთხოვნას, რომ იგი ..., ...ის ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფლობდა როგორც ერთ მთლიან უძრავ ქონებას და საავტომობილო გზამ, აღნიშნული ნაკვეთი ორად გაყო მისგან დამოუკიდებლად, პალატამ ვერ გაიზიარა მარეგისტრირებელი ორგანოს აღნიშნული მიდგომა და მიიჩნია, რომ არსებობდა მთლიანობაში, როგორც №... (23.06.2020), ისე №... (23.06.2020) სარეგისტრაციო განაცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე, როგორც ერთი სამართლებრივი სტატუსის მქონე უძრავ ქონებაზე ა. ბ-ეის თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების საკითხის უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაგზავნის საფუძველი. თუმცა, საქმის განხილვის ამ ეტაპზე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითადი პრინციპის გათვალისწინებით, პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... ბათილად ცნობა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებულ ნაწილში ხელახლა განსახილველი საკითხი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განსჯადი გახდა და მხარეს ეძლევა საშუალება მარეგისტრირებელ ორგანოს 747 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტის პარალელურად მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ხელახლა უკვე 758 კვ.მ. მიწის ნაკვეთზეც, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და მოსთხოვოს ადმინისტრაციულ ორგანოს უძრავი ქონებებზე უფლების აღიარების საკითხი განიხილოს სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც მის რეალურ ინტერესს წარმოადგენს (მიწის ნაკვეთების მიმართ ერთი და იგივე სამართლებრივი სტატუსის გავრცელება). საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი განცხადების განხილვისას უნდა გამოარკვიოს რას მოითხოვს განმცხადებელი, რა არის მისი რეალური იურიდიული ინტერესი, რაზე ამყარებს იგი თავის მოთხოვნას, შეაჯეროს მხარის მიერ მითითებული გარემოებები არსებულ ფაქტებთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ბ-ემ და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. ა. ბ-ემ ქვედა ინსტანციის სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში მოითხოვა ა. ბ-ეს სრულად ეთქვას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
კასატორი ა. ბ-ე განმარტავს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრაცია გაუქმდა სხვადასხვა სუბიექტური მიზეზების გამო. მიუთითებს, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან, სოფელ ...ში ე.წ „...ში“ დაკავებული აქვს 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი სადაც აშენებული აქვს საცხოვრებელი სახლი და ასევე გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები. განმარტავს, რომ 1985 წლიდან როგორც უმიწო კომლს გამოეყოთ და დღესაც საკოლმეურნეო კომლის ჩანაწერებით ოჯახის სახელზეა აღნიშნული 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ერთ მთლიანს და მისგან დამოუკიდებლად, კერძოდ, გზის გაყვანის გამო მოხდა მიწის ნაკვეთის ორ ნაწილად გაყოფა. მიიჩნევს, რომ აღნიშნულის მოტივით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სასამართლოს მიწის ნაკვეთები უნდა განეხილა ერთ მთლიან მიწის ნაკვეთად და როგორც 747 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს კანონის საფუძველზე დაკავებულ ფართს, ასეთივედ უნდა იქნეს მიჩნეული 758 კვ.მ მიწის ნაკვეთი, როგორც კანონის თანახმად დაკავებული ფართი.
კასატორი (მოპასუხე) ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე იმ გარემოების გამოკვლევა, კერძოდ, ა. ბ-ემ 747 კვ.მ მიწის ნაკვეთზე როდის ააშენა საცხოვრებელი სახლი. წარმომადგენელი მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ შეიცავს საცხოვრებელი სახლის აშენების პერიოდის შესახებ ცალსახა ინფორმაციას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge) დაცული ელექტრონული რუკები, კასატორის მსჯელობით იძლევა იმის შესაძლებლობას კომისიამ წლების მიხედვით მოახდინოს მიწის ნაკვეთის დათვალიერება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია დადგინდეს სადავო მიწის ნაკვეთზე კანონით განსაზღვრულ პერიოდში (2007 წლის 20 სექტემბრამდე) შენობა - ნაგებობის არსებობა/არარსებობის ფაქტი. მიუთითებს, რომ სასამართლომ სადავოდ ქცეული ფაქტი მხოლოდ მოწმეთა ჩვენების საფუძველზე დაადგინა, რაც ნაკლებ სარწმუნოდ მიაჩნია აღიარების კომისიის წარმომადგენელს. ყურადღებას ამახვილებს ა. ბ-ეის მიერ წარდგენილ მტკიცებულებაზე, კერძოდ, ...ის რწმუნებულის მიერ, 2013 წლის 6 ივნისს გაცემულ ცნობაზე, რომლითაც დადგენილად მიიჩნევს, რომ 2013 წლის მონაცემებით ა. ბ-ე ნამდვილად ცხოვრობდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში და ...ში სარგებლობდა მხოლოდ 0.14 ჰა. მიწის ნაკვეთს და შენობა ნაგებობის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. აღნიშნულ ცნობაში მითითებული გარემოებით, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი დადგენილად მიიჩნევს, რომ მითითებულ პერიოდამდე, მიწის ნაკვეთზე არ ყოფილა რაიმე ტიპის შენობა - ნაგებობა განთავსებული, მით უფრო საცხოვრებელი სახლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ბ-ეის და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, კასატორის აწ გარდაცვლილი ა. ბ-ეის საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგინდა მისი კანონისმიერი მემკვიდრე (მეუღლე) - დ. კ-ე. ამავე განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ა. ბ-ეის საპროცესო უფლებამონაცვლის - დ. კ-ეისა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილვა დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება - დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ა. ბ-ეის (უფლებამონაცვლე დ. კ-ე) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველესად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
დადგენილია, რომ 1980-იან წლებში, ა. ბ-ე კომლის სხვა წევრებთან ერთად ცხოვრობდა ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში. მისი კომლი შედგებოდა თ. ბ-ეის, მ. ბ-ეის, ა. ბ-ეის, ი. ბ-ეის, მ. ბ-ეის, არ. ბ-ეის და დ. ბ-ეისაგან. ქედის სადაბო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 25 ნოემბრის №94 გადაწყვეტილებით ა. ბ-ე ძირითადი კომლს ცალკე გამოეყო უმიწო კომლად.
საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, 1996-2000 წლებში ა. ბ-ეის კომლს აწერია 1800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მისამართად მითითებულია: ქედის რაიონი, სოფელი ...ი.
დადგენილია, რომ ა. ბ-ემ მოამზადა აზომვითი ნახაზი, ასევე არქივიდან მიიღო ცნობა, სადაც მითითებულია, რომ მის კომლს აწერია 1800 კვ.მ. აღნიშნული დოკუმენტებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად დარეგისტრირება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2012 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით ა. ბ-ეის განცხადება დაკმაყოფილდა და აზომვით ნახაზზე მითითებული 1145 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (მდებარე ...ში, საკადასტრო კოდით №...) დაარეგისტრირა ა. ბ-ეის საკუთრებად.
2013 წლის 19 მარტს, ა. ბ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს და 2012 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების საფუძველზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გაუქმება მოითხოვა. განცხადებაში მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთი მის საკუთრებად რეგისტრირებული იყო შეცდომით. იმავე დღეს, ა. ბ-ემ, სხვა განცხადებით მოითხოვა 1407 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად რეგისტრაცია.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ა. ბ-ეს მიწის ნაკვეთი ეწერა სოფელ ...ში, საჯარო რეესტრში კი მის საკუთრებად დარეგისტრირდა ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჯარო რეესტრმა 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით, ბათილად ცნო საჯარო რეესტრის 2012 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ა. ბ-ეის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე.
ა. ბ-ემ 2014 წლის 02 აპრილს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისში წარადგინა ახალი განცხადება და ...ში მდებარე 1407 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. უფლების დამდგენ დოკუმენტად წარადგინა საარქივო ცნობები. საჯარო რეესტრის 2014 წლის 4 აპრილის №... გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ...ში მდებარე 1407 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №..., დარეგისტრირდა ა. ბ-ეის საკუთრებად.
დადგენილია, რომ ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ...ში მდებარე 1407 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ა. ბ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა. საფუძვლად განიმარტა, რომ ა. ბ-ეს ნაკვეთი გამოეყო სოფელ ...ში და არა ...ში. ამდენად, ...ში მდებარე 1407 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ა. ბ-ეის საკუთრება დარეგისტრირებული იყო საფუძვლის გარეშე.
საჯარო რეესტრის 2014 წლის 01 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით ქედის გამგეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და №... კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაუქმდა ა. ბ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
დადგენილია, რომ ა. ბ-ემ სასამართლო წესით სადავო გახადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 01 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ-ეის კომლს სოფელ ...ის ტერიტორიაზე გამოყოფილი ჰქონდა 1800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, თუმცა მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრმა 2014 წლის 4 აპრილის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს საკუთრებად დაურეგისტრირა ...ის ტერიტორიაზე მდებარე 0,14 ჰა მიწის ნაკვეთი. სასამართლომ არ გაიზიარა ა. ბ-ეის მტკიცება, მასზე, რომ მის კომლზე გამოყოფილი 1800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ის ნაკვეთი იყო, რომელზეც საკუთრების უფლება ჰქონდა რეგისტრირებული. აღნიშნული დასაბუთებით ა. ბ-ეის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება გასაჩივრების შემდეგ დარჩა უცვლელი და შევიდა კანონიერ ძალაში. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის ა. ბ-ეს ...ში, ...ის ქ. №...-ში დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი, რომლის შუაშიც გადის საავტომობილო გზა. დასახელებული გზის ერთ მხარეს ა. ბ-ე ფლობს 758 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, ხოლო გზის მეორე მხარეს - 747კვ.მ. მიწის ნაკვეთს და მასზე აშენებული აქვს ხის საცხოვრებელი სახლი.
დადგენილია, რომ ა. ბ-ემ, ...ში, ...ის ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირების მიზნით მოამზადა სამი აზომვითი ნახაზი. ერთ ნახაზზე მოცემული იყო მიწის ნაკვეთი, რომელზედაც დგას საცხოვრებელი სახლი, მეორე ნახაზზე ასახულია გზის ნაწილი, ხოლო მესამე ნახაზზე - გზის მეორე მხარეს დარჩენილი მიწის ნაკვეთი.
მოსარჩელემ 2020 წლის 23 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის რეგისტრაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2020 წლის 24 სექტემბრის №... და №... გადაწყვეტილებებით ა. ბ-ეის განცხადება საკუთრების რეგისტრაციის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრმა განმარტა, რომ ა. ბ-ემ ვერ წარადგინა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 ოქტომბრის N... მიმართვით, ა. ბ-ეის განცხადება კომპეტენციის ფარგლებში ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ქედის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისის 2020 წლის 24 სექტემბრის №... და №... გადაწყვეტილებები ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გასაჩივრდა ა. ბ-ეის მიერ. სააგენტოს 2020 წლის 06 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით ა. ბ-ეის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ქედის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის N260 განკარგულებით ა. ბ-ეის განცხადება არ დააკმაყოფილა და უარი ეთქვა ქედის მუნიციპალიტეტის, ... ...ის ქ N...-ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 747.0 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული ერთ ერთეული 19.83 კვ.მ (საერთო ფართი) შენობა - ნაგებობის საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი გადაფარვაში (ზედდება) მოდის ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებასი არსებულ მიწის ნაკვეთთან, რაზედაც დაგეგმილია ინფრასტრუქტურული მშენებლობები. ასევე, მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლი აშენებულია კანონის ამოქმედების შემდეგ, რაც გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.
ფაქტობრივი გარემოებების შეჯამების მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში, ა. ბ-ეის სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ არგუმენტზე მითითებით, რომ ვერ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები მიჩნეული იქნა კანონშესაბამისად, ხოლო, აღიარების კომისიის მიმართ დაფიქსირებულ მოთხოვნაზე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სადავო განკარგულების ბათილად ცნობა ა. ბ-ეისათვის ...ში ...ის ქ.№...-ში მდებარე, თვითნებურად დაკავებულ 747 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებულ 19.83 კვ.მ.(საერთო ფართი) შენობა - ნაგებობის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და დაავალა აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა.
საკასაციო საჩივრებზე მსჯელობის ფარგლებში, უპირველესად პალატა იმსჯელებს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარზე და ყურადღებას გაამახვილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. მითითებული კანონის მიზნის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი მიღების პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი რეალობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება, §17,46,47). კანონის მიღების მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობა და თვითნებური დაკავება გახდა, რაც აფერხებდა მიწის ფონდის ათვისებას, მიწის ბაზრისა და მიწის განკარგვის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის განვითარებას. ამასთანავე, მიუხედავად მოქალაქეთა მიერ აღნიშნული მიწებით მრავალწლიანი სარგებლობისა, მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. არსებული ვითარება განაპირობებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შეფერხებას, რადგან ვერ ხერხდებოდა მიწების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მათი მიწის გადასახადით დაბეგვრა (იხ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი). სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება (სუს 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილება). კანონი არეგულირებს სპეციფიკურ სამართალურთიერთობას. განსახილველი შემთხვევისთვის რელევანტურია აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან (2007 წელი) - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში.
სადავო გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტით კანონმდებელმა განმარტა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის 31 პუნქტის მიხედვით, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა - ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ან სააგენტო უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაინტერესებულ პირს დამატებით მოსთხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა - ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ამ კანონის პირველი, მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) არსებობის ფაქტს.
მოცემულ შემთხვევაში აღიარების კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის N260 სადავოდ ქცეული განკარგულებით, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი გახდა საცხოვრებელი სახლის აშენების პერიოდი. საკასაციო პალატა აქვე აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ა. ბ-ეის მიერ ფაქტობრივი ბატონობის და აშენებული საცხოვრებელი სახლის განთავსების ფაქტი კომისიის მხრიდან ეჭვქვეშ არ დამდგარა. საკასაციო პალატა აღნიშნულ ნაწილში ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. განცხადების ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლის გზით, დაინტერესებული მხარეების, მოწმეებისა და ექსპერტიზის დასკვნების (საჭიროების შემთხვევაში) გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკითხის ხელახალი განხილვისას კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ა. ბ-ეის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ სადავო აქტში მითითებული გარემოებები არ არის დასაბუთებული, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტება მტკიცებულებების გარეშე დაუსაბუთებელია და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთად, მსჯელობას არ ქმნის სარწმუნოდ. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილს და აღნიშნულ ნაწილში ქვედა ინსტანციის სასამართლოების შედეგის გაზიარებით, განმარტავს, რომ იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. მოცემულ შემთხვევაში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ არის ჩატარებული სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით განსაზღვროს მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა - ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ამ კანონის პირველი, მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) არსებობის ფაქტი. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სადავო მიწის ნაკვეთზე ა. ბ-ეის ფაქტობრივი ბატონობის და აშენებული საცხოვრებელი სახლის განთავსების ფაქტი კომისიის მხრიდან ეჭვქვეშ არ დამდგარა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა მითითებულ ნაწილში. შესაბამისად, არსებობს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინების მითითებულ ნაწილში უცვლელად დატოვების სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება ა. ბ-ეის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2020 წლის 24 სექტემბრის №... და №... გადაწყვეტილებებით ა. ბ-ეის განცხადება საკუთრების (758 კვ.მ) რეგისტრაციის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ა. ბ-ეს არ გააჩნდა უფლების დამდგენი დოკუმენტი.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისის 2020 წლის 24 სექტემბრის №... და №... გადაწყვეტილებები ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გასაჩივრდა ა. ბ-ეის მიერ. სააგენტოს 2020 წლის 06 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, ა. ბ-ეის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 ოქტომბრის N... მიმართვით, ა. ბ-ეის განცხადება კომპეტენციის ფარგლებში ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ქედის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ მიუხედავად სარეგისტრაციოდ წარდგენილი ორი სხვადასხვა აზომვითი ნახაზის და თუნდაც ცალ - ცალკე საკადასტრო ერთეულებად მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისა, კასატორის (მოსარჩელის) იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთები განხილული იქნეს როგორც ერთი სამართლებრივი სტატუსის მქონე უძრავი ქონება. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში ა. ბ-ეის ინტერესი შეეხება №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ 758 კვ.მ უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციას.
,„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ: ა) სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; გ) მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; დ) საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ე) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა; ვ) მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციის წახალისება.
ამდენად, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონმა დაადგინა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ორი წესი: უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაცია, კერძოდ, კანონის მე-5 მუხლის მიხედვით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად; მინისტრის მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოცემული ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში სისტემური რეგისტრაცია წარმოებს სააგენტოს მიერ პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და მის მიერვე პროაქტიულად და სისტემურად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
პალატა აღნიშნავს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენდა რა საკუთრების უფლების რეგისტრაციის ორ წესს (სისტემური და სპორადული), ითვალისწინებდა აღნიშნული წესებით უფლების რეგისტრაციას (გარდა ამ პერიოდისთვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში (არეალებში) მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწებისა) მხოლოდ მართლზომიერ მფლობელობაში (მუხლი 7) და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (მუხლი 8), ხოლო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე კი, საკითხის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის გადაგზავნის შესაძლებლობას (მუხლი 9).
განსახილველ საქმეზე საჯარო რეესტრმა №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება და 747 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობის თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადასაწყვეტად ა. ბ-ეის განცხადება გადააგზავნა აღიარების კომისიაში, ხოლო №... (23.06.2020) სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი მიწის ნაკვეთი (ფართი 758 კვ.მ.) არ მიიჩნია აღიარების კომისიის კომპეტენციას დაქვემდებარებულად და უარი თქვა მის რეგისტრაციაზე.
როგორც საქმის მასალებით დგინდება, ა. ბ-ე თავის მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ ..., ...ის ქ.№...-ში მდებარე მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფლობდა როგორც ერთ მთლიან უძრავ ქონებას და მისგან დამოუკიდებლად, საავტომობილო გზამ აღნიშნული ნაკვეთი ორად გაყო. განსახილველ დავაზე მოსარჩელის უმთავრესი იურიდიული ინტერესია, მიუხედავად სარეგისტრაციოდ წარდგენილი ორი სხვადასხვა აზომვითი ნახაზის და ცალ - ცალკე საკადასტრო ერთეულებად მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისა, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთები განხილული იქნეს როგორც ერთი სამართლებრივი სტატუსის მქონე უძრავი ქონება. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, საჯარო რეესტრმა ფორმალურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე უარი თქვა უძრავი ქონების რეგისტრაციაზე, თუმცა სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ..., ...ის ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფლობდა როგორც ერთ მთლიან უძრავ ქონებას და საავტომობილო გზამ, აღნიშნული ნაკვეთი ორად გაყო მისგან დამოუკიდებლად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა მთლიანობაში, როგორც №... (23.06.2020), ისე №... (23.06.2020) სარეგისტრაციო განაცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე, როგორც ერთი სამართლებრივი სტატუსის მქონე უძრავ ქონებაზე ა. ბ-ეის თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების საკითხის უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაგზავნის საფუძველი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კანონიერ ძალაში შესულ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ-ეის კომლს სოფელ ...ის ტერიტორიაზე გამოყოფილი ჰქონდა 1800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, თუმცა საჯარო რეესტრმა 2014 წლის 4 აპრილის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს საკუთრებად დაურეგისტრირა ...ის ტერიტორიაზე მდებარე 0,14 ჰა მიწის ნაკვეთი. სასამართლომ არ გაიზიარა ა. ბ-ეის მტკიცება, მასზე, რომ მის კომლზე გამოყოფილი 1800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ის ნაკვეთი იყო, რომელზეც საკუთრების უფლება ჰქონდა რეგისტრირებული. აღნიშნული დასაბუთებით ა. ბ-ეის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის ა. ბ-ეს ...ში, ...ის ქ. №...-ში დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი, რომლის შუაშიც გადის საავტომობილო გზა. დასახელებული გზის ერთ მხარეს ა. ბ-ე ფლობს 758 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, ხოლო გზის მეორე მხარეს - 747კვ.მ. მიწის ნაკვეთს და მასზე აშენებული აქვს საცხოვრებელი სახლი. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, განცხადების შესწავლის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა გამოარკვიოს განმცხადებლის რეალური იურიდიული ინტერესი, შეაჯეროს მხარის მიერ მითითებული გარემოებები არსებულ ფაქტებთან და აღნიშნულის შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ხომ არ არსებობდა მთლიანობაში, როგორც №... (23.06.2020), ისე №... (23.06.2020) სარეგისტრაციო განაცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე, როგორც ერთი სამართლებრივი სტატუსის მქონე უძრავ ქონებაზე ა. ბ-ეის თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების საკითხზე მსჯელობის საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლზე, რომლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).
რაც შეეხება მოთხოვნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 ნოემბრის N... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობის ნაწილში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. განსახილველ შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს დ. კ-ეის (ა. ბ-ეის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2-ე მუხლის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება აწ გარდაცვლილი ა. ბ-ეის უფლებამონაცვლის დ. კ-ეის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აწ გარდაცვლილი ა. ბ-ეის უფლებამონაცვლის დ. კ-ეის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინება ა. ბ-ეის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. აწ გარდაცვლილი ა. ბ-ეის უფლებამონაცვლის დ. კ-ეის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის N..., 2020 წლის 24 სექტემბრის N... გადაწყვეტილებები და დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა;
6. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 ნოემბრის N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
7. მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარისა და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება აწ გარდაცვლილი ა. ბ-ეის უფლებამონაცვლის დ. კ-ეის სასარგებლოდ დაეკისროთ თანაბარწილად ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე