Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1207 (კ-24) 25 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - შ. გ-ი, დ. შ-ე, გ. მ-ე, ნ. გ-ი, ე. მ-ე, თ. ბ-ე, ა. ს-ე, შ. ვ-ე, ი. თ-ი, ჯ. ბ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 7 აპრილს შ. გ-იმა, დ. შ-ემ, გ. მ-ემ, რ. კ-იმა ნ. გ-იმა, ე. მ-ემ, თ. ბ-ემ, ა. ს-ემ, შ. ვ-ემ, ი. თ-იმა და ჯ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ.

მოსარჩელეებმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ისანი-სამგორის განყოფილების/მომსახურების ცენტრის) 2016 წლის 19 აპრილის №28016/16-01, 2018 წლის 3 მაისის №32821/18-01, 2016 წლის 22 ნოემბრის №66962/16-01, 2016 წლის 18 აპრილის №18007/16-01, 2018 წლის 5 აპრილის №25398/18-01, 2018 წლის 5 თებერვლის №7459-18/01, 2019 წლის 22 მარტის №22338/19-1, 2018 წლის 20 ივლისის №54046, 2016 წლის 1 მარტის №15421-16/01, 2016 წლის 17 აპრილის №22330/16-01, 2018 წლის 3 მაისის №31743/18-1 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის შ. გ-ის მიუღებელი პენსიის 5 280 ლარის, დ. შ-ეის მიუღებელი პენსიის 2017 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 აგვისტომდე 2 640 ლარის, გ. მ-ეის მიუღებელი პენსიის 3 740 ლარის, რ. კ-იის მიუღებელი პენსიის 2015 წლის მარტიდან 2018 წლის ივნისამდე პერიოდისთვის 9 750 ლარის, ნ. გ-ის მიუღებელი პენსიის 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის ივნისამდე პერიოდის 3 520 ლარის, ე. მ-ეის მიუღებელი პენსიის 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივნისამდე პერიოდისთვის 3 740 ლარის, თ. ბ-ეის 2017 წლის მარტიდან სარჩელის შეტანის დღემდე 11 660 ლარის, ა. ს-ეის მიუღებელი პენსიის 5 280 ლარის, შ. ვ-ეის მიუღებელი პენსიის 2014 წლის თებერვლიდან 2018 წლის ივნისამდე პერიოდისთვის 13 000 ლარის, ი. თ-ის მიუღებელი პენსიის 2015 წლის თებერვლიდან 2019 წლის აპრილამდე პერიოდისთვის 12 500 ლარის და ჯ. ბ-ას მიუღებელი პენსიის 2016 წლის მაისიდან 2019 წლის აპრილამდე პერიოდისათვის 7 700 ლარის ოდენობით ანაზღაურება მოითხოვეს. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დაკისრება (თითოეულისათვის 125 ლარის ოდენობით).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება შ. გ-ის, დ. შ-ეის, გ. მ-ეის, რ. კ-იის, ნ. გ-ის, ე. მ-ეის, თ. ბ-ეის, ა. ს-ეის, შ. ვ-ეის, ი. თ-ის, ჯ. ბ-ას სარჩელისა გამო, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ისანი-სამგორის განყოფილების/მომსახურების ცენტრის) 2016 წლის 19 აპრილის №28016/16-01, 2018 წლის 3 მაისის №32821/18-01, 2016 წლის 22 ნოემბრის №66962/16-01, 2016 წლის 18 აპრილის №18007/16-01, 2018 წლის 5 აპრილის №25398/18-01, 2018 წლის 5 თებერვლის №7459-18/01, 2019 წლის 22 მარტის №22338/19-1, 2018 წლის 20 ივლისის №54046, 2016 წლის 1 მარტის №15421-16/01, 2016 წლის 17 აპრილის №22330/16-01, 2018 წლის 3 მაისის №31743/18-1 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში, დაუშვებლობის გამო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა.

სასამართლოს მითითებით, მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილებების შესახებ არაინფორმირებულობაზე აპელირებისა, მოსარჩელეები ადასტურებდნენ შესაბამისი ორგანოებისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე მიმართვის ფაქტს. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მოსარჩელეები პენსიას ითხოვდნენ 2016/2018 წლებში, თუმცა პენსიის გაუცემლობა სადავოდ არ გაუხდიათ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე - 2021 წლის 19 ივლისამდე, მათ არც ყოველთვიური სარგებლის გაუცემლობის სახით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოს უმოქმედობა არ გაუსაჩივრებიათ.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საპენსიო ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა მხრიდან თვეების განმავლობაში პენსიის მიუღებლობა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეებმა თავად მიმართეს განცხადებებით ადმინისტრაციულ ორგანოს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, ცალსახად მიუთითებდა და ადასტურებდა, რომ მათთვის ცნობილი იყო 2016/2018 წლებში მოთხოვნის დროიდან პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის ფაქტი, ხოლო აღნიშნული გარემოების ცოდნამ მათ წარმოუშვა გასაჩივრების შესაძლებლობა. სასამართლომ მიიჩნია, სახელმწიფო პენსიაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების რამდენიმე წლის შემდეგ გასაჩივრების პირობებში, მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ აღნიშნული აქტების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით შ. გ-ის, დ. შ-ეის, გ. მ-ეის, რ. კ-იის, ნ. გ-ის, ე. მ-ეის, თ. ბ-ეის, ა. ს-ეის, შ. ვ-ეის, ი. თ-ისა და ჯ. ბ-ას სარჩელი, დანარჩენ ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა პენსიის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლო იყო, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით არ იკვეთებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეების მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამოხატული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო პენსიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ აქტების უკანონობის დადასტურების გზით. მოსარჩელეთათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი გამომდინარეობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის განყოფილების/მომსახურების ცენტრის 2016 წლის 19 აპრილის №28016/16-01, 2018 წლის 3 მაისის №32821/18-01, 2016 წლის 22 ნოემბრის №66962/16-01, 2016 წლის 18 აპრილის №18007/16-01, 2018 წლის 5 აპრილის №25398/18-01, 2018 წლის 5 თებერვლის №7459-18/01, 2019 წლის 22 მარტის №22338/19-1, 2018 წლის 20 ივლისის №54046, 2016 წლის 1 მარტის №15421-16/01, 2016 წლის 17 აპრილის №22330/16-01, 2018 წლის 3 მაისის №31743/18-1 გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლა-შეფასების საფუძვლებიდან, თუმცა კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების ვადების გასვლის გამო, აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, რის გამოც სასამართლო ვეღარ იმსჯელებდა მითითებული აქტების კანონიერების საკითხზე. შესაბამისად, დადასტურებული არ იყო ადმინისტრაციული ორგანოს აქტის ქმედების უკანონობა, რაც წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრეს შ. გ-იმა, დ. შ-ემ, გ. მ-ემ, რ. კ-იმა ნ. გ-იმა, ე. მ-ემ, თ. ბ-ემ, ა. ს-ემ, შ. ვ-ემ, ი. თ-იმა და ჯ. ბ-ამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს შ. გ-იმა, დ. შ-ემ, გ. მ-ემ, რ. კ-იმა ნ. გ-იმა, ე. მ-ემ, თ. ბ-ემ, ა. ს-ემ, შ. ვ-ემ, ი. თ-იმა და ჯ. ბ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შ. გ-ის, დ. შ-ეის, გ. მ-ეის, რ. კ-იის, ნ. გ-ის, ე. მ-ეის, თ. ბ-ეის, ა. ს-ეის, შ. ვ-ეის, ი. თ-ის და ჯ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება; ასევე არ დაკმაყოფილდა შ. გ-ის, დ. შ-ეის, გ. მ-ეის, რ. კ-იის, ნ. გ-ის, ე. მ-ეის, თ. ბ-ეის, ა. ს-ეის, შ. ვ-ეის, ი. თ-ის და ჯ. ბ-ას კერძო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის შეფასება, რომლის თანახმად, ვერ დგინდებოდა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეებს მოპასუხის მხრიდან უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის გამო წაერთვათ შესაძლებლობა მიეღოთ კანონით მათთვის განსაზღვრული სახელმწიფო პენსია, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ მიადგათ ზიანი. აღნიშნული პირობის არსებობა კი აუცილებელი იყო მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინება გაასაჩივრეს შ. გ-იმა, დ. შ-ემ, გ. მ-ემ, ნ. გ-იმა, ე. მ-ემ, თ. ბ-ემ, ა. ს-ემ, შ. ვ-ემ, ი. თ-იმა და ჯ. ბ-ამ და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინების სრულად გაუქმება, როგორც სააპელაციო საჩივრის, ასევე, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორების პოზიციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, სააპელაციო საჩივარზე მსჯელობისას დაადგინა, რომ ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოსარჩელეთათვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის უკანონობა დადასტურებული არ არის, ვერ დგინდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელეებს მოპასუხის მხრიდან უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემით შეეზღუდათ მიეღოთ კანონით მათთვის განსაზღვრული სახელმწიფო პენსია, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ მიადგათ ზიანი. ამავდროულად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ძალაში დატოვებისას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. კასატორებს (მოსარჩელეებს) გასაჩივრებული გადაწყვეტილებები არ ჩაბარებიათ. ის ვარაუდი, რომ მათ უნდა სცოდნოდათ გადაწყვეტილებების მატერიალური სახით არსებობის შესახებ, დაუსაბუთებელია. მოსარჩელეთა კანონიერი ნდობა სახელმწიფო უწყების მიმართ გამოყენებული იქნა მათსავე წინააღმდეგ. კასატორებისთვის (მოსარჩელეებისათვის) ამ აქტების თაობაზე ცნობილი არ იყო მოპასუხე ორგანიზაციიდან ინფორმაციის გამოთხოვამდე, მათ შორის, სასამართლოს მეშვეობით პენსიების დანიშვნის საქმეების განხილვის მომენტშიც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. გ-ის, დ. შ-ეის, გ. მ-ეის, ნ. გ-ის, ე. მ-ეის, თ. ბ-ეის, ა. ს-ეის, შ. ვ-ეის, ი. თ-ისა და ჯ. ბ-ას საკასაციო საჩივარი; ამავე განჩინებით შ. გ-ის, დ. შ-ეის, გ. მ-ეის, ნ. გ-ის, ე. მ-ეის, თ. ბ-ეის, ა. ს-ეის, შ. ვ-ეის, ი. თ-ისა და ჯ. ბ-ას საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინების კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გაუქმების მოთხოვნის შესახებ, დატოვებულ იქნა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. გ-ის, დ. შ-ეის, გ. მ-ეის, ნ. გ-ის, ე. მ-ეის, თ. ბ-ეის, ა. ს-ეის, შ. ვ-ეის, ი. თ-ისა და ჯ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს, სსიპ სახელმწიფო ...ში“ მუშაობის გამო, კასატორთათვის სახელმწიფო გასაცემელის (პენსიის) დანიშვნაზე უარის თქმის შედეგად, მიუღებელი პენსიის სახით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, კასატორები (მოსარჩელეები) არიან საპენსიო ასაკის მქონე პირები, რომელთაც უარი ეთქვათ სახელმწიფო გასაცემელის (პენსიის) დანიშვნაზე - სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილების/მომსახურების ცენტრის 2016 წლის 19 აპრილის N№28016/16-01 გადაწყვეტილებით (შ. გ-ის), 2018 წლის 3 მაისის №32821/18-01 გადაწყვეტილებით (დ. შ-ეს), 2016 წლის 22 ნოემბრის №66962/16-01 გადაწყვეტილებით (გ. მ-ეს), 2016 წლის 18 აპრილის №18007/16-01 გადაწყვეტილებით (რ. კ-ის), 2018 წლის 5 აპრილის №25398/18-01 გადაწყვეტილებით (ნ. გ-ის), 2018 წლის 5 თებერვლის №7459-18/01 გადაწყვეტილებით (ე. მ-ეს), 2019 წლის 22 მარტის №22338/19-1, 2019 წლის 10 ივლისის №58192-19/01 გადაწყვეტილებებით (თ. ბ-ეს), 2018 წლის 20 ივლისის №54046 გადაწყვეტილებით (ა. ს-ეს), 2016 წლის 1 მარტის №15421-16/01 გადაწყვეტილებით (შ. ვ-ეს), 2016 წლის 17 აპრილის №22330/16-01 გადაწყვეტილებით (ი. თ-ის), 2018 წლის 3 მაისის №31743/18-1 გადაწყვეტილებით (ჯ. ბ-ას). პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი გახდა სსიპ სახელმწიფო ...ში“ მუშაობის ფაქტი.

მოსარჩელეებს მეორედ მიმართვის ფარგლებში დაენიშნათ სახელმწიფო პენსია: 2018 წლის 1 მაისიდან შ. გ-ის, 2018 წლის 1 აგვისტოდან დ. შ-ეს, 2018 წლის 1 მაისიდან გ. მ-ეს, 2018 წლის 1 ივნისიდან რ. კ-ის, 2018 წლის 1 ივნისიდან ნ. გ-ის, 2018 წლის 1 ივნისიდან ე. მ-ეს, 2019 წლის 1 ივნისიდან ა. ს-ეს, 2018 წლის 1 ივნისიდან შ. ვ-ეს, 2019 წლის 1 აპრილიდან ი. თ-ის, 2019 წლის 1 აპრილიდან ჯ. ბ-ას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით განსაზღვრული დებულებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელეთათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი გამომდინარეობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის პენსიის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებიდან.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული სახელმწიფო პენსიის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე - 2021 წლის 19 ივლისამდე. ამდენად, სახელმწიფო პენსიიაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების რამდენიმე წლის შემდეგ გასაჩივრების პირობებში, მოსარჩელეებმა გაუშვეს აღნიშნული გადაწყვეტილებების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით პენსიის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა სასარჩელო წარმოება. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, რამდენადაც, იგი მოსარჩელეთა მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრების შემდგომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით დარჩა ძალაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას იმსჯელოს კასატორთათვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე გამოცემული აქტების კანონიერების თაობაზე. აღნიშნული აქტების უკანონობის დადასტურების გარეშე კი, არ არსებობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის კასატორთა სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საკასაციო სასამართლოს მსგავსად, ქვედა ინსტანციის სასამართლოები, მოსარჩელეთა მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონით დადგენილ ვადაში გაუსაჩივრებლობის გამო, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას შეემოწმებინათ მოპასუხის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, სასამართლოები ვერ იმსჯელებდნენ მოპასუხეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობისა და ამ საფუძვლით, მოსარჩელეების სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის, მოსარჩელეთა სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. გ-ის, დ. შ-ეის, გ. მ-ეის, ნ. გ-ის, ე. მ-ეის, თ. ბ-ეის, ა. ს-ეის, შ. ვ-ეის, ი. თ-ის და ჯ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე