საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-434(კ-24) 16 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი.ქ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი.ქ-ემ 2020 წლის 29 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 31 აგვისტოს, 2016 წლის 12 მაისის, 2018 წლის 8 თებერვლის, 2019 წლის 19 მარტის, 2019 წლის 22 აგვისტოს, 2019 წლის 7 დეკემბრის, 2021 წლის 29 ნოემბრის „ოჯახის დეკლარაციების“ ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის მოსარჩელის ოჯახის 2011 წლის მდგომარეობით არსებული სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2015 წლის 30 სექტემბრიდან ფულადი სოციალური დახმარების აღდგენამდე შემწეობის თანხის ანაზღაურების დაკისრება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის 5 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 29 ნოემბრის ,,ოჯახის დეკლარაცია”, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოსარჩელე ი.ქ-ესთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილი წესით და ვადაში, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი.ქ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 2015 წლიდან 2021 წლამდე არ გაუმჯობესებულა, შესაბამისად ბუნდოვანია, თუ რის საფუძველზე მიენიჭა ი.ქ-ის ოჯახს 2021 წლის 29 ნოემბრის შემოწმების შედეგად 80 650 სარეიტინგო ქულა. პალატის მითითებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 29 ნოემბრის ოჯახის დეკლარაცია გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაციაზე მითითებით აღნიშნავს, რომ 2021 წლის 29 ნოემბრის „ოჯახის დეკლარაციის“ შევსება განხორციელდა კანონის სრული დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ ...ში მცხოვრები ი.ქ-ის ოჯახი 2006 წლიდან რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. 2015 წლის 31 აგვისტოს „ოჯახის დეკლარაციის“ საფუძველზე, მოსარჩელის ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა. აღნიშნული შედეგი დადგა აგრეთვე 2016 წლის 12 მაისის, 2018 წლის 8 თებერვლის, 2019 წლის 19 მარტის, 2019 წლის 22 აგვისტოს, 2019 წლის 7 დეკემბრის, 2021 წლის 29 ნოემბრის „ოჯახის დეკლარაციების“ საფუძველზე. 2021 წლის 29 ნოემბერს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე, 2021 წლის 29 დეკემბერს ი.ქ-ის ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 80650, რის საფუძველზეც, ოჯახმა ვერ მოიპოვა საარსებო შემწეობით სარგებლობის უფლება. მოსარჩელის განმარტებით მას აქვს უკიდურესად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და გაურკვეველია სარეიტინგო ქულის გაზრდის მიზეზები.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები.
სადავო პერიოდში მოქმედი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე. ამავე დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას. სააგენტო უფლებამოსილია არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ (დადგენილების მე-9 მუხ. მე-2 პ. „ბ“ ქვ.პ.).
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სადავო პერიოდში მოქმედი „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.
მართალია, დასტურდება სარეიტინგო ქულის გამოანგარიშების მიზნით კომპიუტერული პროგრამის გამოყენების საჭიროება, თუმცა საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპიუტერული პროგრამა ასრულებს მხოლოდ ე.წ. კალკულატორის ფუნქციას, შეფასების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული ინფორმაციის პროგრამაში ასახვის საფუძველზე, იგი მათემატიკური რიცხვით გამოხატავს ადრესატის „კეთილდღეობის დონეს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპიუტერული პროგრამით ხორციელდება მონაცემთა ბაზაში ასახული ცნობების, მონაცემებისა და ინფორმაციის „ტექნიკური დამუშავება“. მოცემულ შემთხვევაში, კომპიუტერის მიერ ქულის დაანგარიშება ხდება დეკლარაციის საფუძველზე, რომლის მონაცემების შედგენაში ფიზიკური პირი და პერსონალი იღებს მონაწილეობას („წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას). ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო საარსებო შემწეობის ოდენობის გამოსაანგარიშებლად იყენებს კომპიუტერულ პროგრამას, თავისთავად არ ადასტურებს აქტის ავტომატური სახით გამოცემას, კომპიუტერული პროგრამა დამოუკიდებლად, ავტომატურად არ წარმოშობს არანაირ შედეგს, უშუალოდ არ ახორციელებს თანხის გადარიცხვას ადრესატის საბანკო ანგარიშზე და არც ჩარიცხვის შეწყვეტას იწვევს. თანხის გადარიცხვასა და გადარიცხვის შეწყვეტაში მონაწილეობს (უნდა მონაწილეობდეს) სააგენტოს პერსონალი, რომელიც პროგრამული გამოთვლის შედეგების საფუძველზე ადასტურებს სახელმწიფო პოზიტიური ვალდებულების არსებობა-არარსებობის საკითხს და იმავდროულად ადგენს ადრესატის სამართლებრივად მნიშვნელოვან თვისებას/სტატუსს, სახელმწიფოს ნებას გამოხატავს სააგენტოს პერსონალი და არა კომპიუტერული პროგრამა, თანხის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის შეწყვეტა არ ხდება ავტომატურად, აღნიშნულს უზრუნველყოფს სააგენტოს უფლებამოსილი პირი. პროგრამულად სარეიტინგო ქულის გამოთვლა, კალკულაცია არ ათავისუფლებს სააგენტოს სამართლებრივი აქტის კანონიერების მტკიცების ვალდებულებისგან (იხ. სუს 2023 წლის 31 მარტის განჩინება საქმეზე N180(კ-19)).
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ ნიშნავს პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან, სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს (სუსგ 2020 წლის 05 მარტის საქმე Nბს-620(კ-19)). განსახილველი დავის საგნისა და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მისი მოთხოვნის დამადასტურებელი ფაქტის მხოლოდ „მითითების ტვირთი“ და არა ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთიც“. კერძო პირებიდან არავინაა ვალდებული ამტკიცოს („მტკიცების ტვირთის“ სტანდარტით) ის, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია დარღვევას, თუმცა მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ფაქტების, მოვლენათა განვითარების მისეული ვერსია („მითითების ტვირთის“ სტანდარტი), რაც შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს სარჩელის დასაკმაყოფილებლად. უკეთუ მოსარჩელე მიუთითებს კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან არარად აღიარების მოთხოვნას, მაშინ სასამართლოს გადააქვს „მტკიცების ტვირთი“ ადმინისტრაციულ ორგანოზე და ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგო ფაქტის მითითებისა და არსებობის მტკიცების ტვირთის შესრულებას. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არ (ვერ) შეასრულებს სამართლებრივი აქტის კანონიერების დამადასტურებელი ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთს, მაშინ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიიჩნევა კანონის მოთხოვნის დარღვეულად გამოცემულად. მტკიცების ტვირთის შეუსრულებლობა არახელსაყრელ შედეგს იწვევს იმ მხარისთვის, რომელმაც არ (ვერ) ზიდა ფაქტის „მითითების“ ან მისი არსებობის „მტკიცების“ ტვირთი (იხ. სუს 2023 წლის 31 მარტის განჩინება საქმეზე N180(კ-19)).
საქმეში დაცულია არაერთი „ოჯახის დეკლარაცია“, მათ შორის 2006 წლის 01 აპრილისა და 2011 წლის 27 აგვისტოს დეკლარაციები, რომლის საფუძველზე მოსარჩელის ოჯახი სარგებლობდა სოციალური დახმარებით. საკასაციო პალატა გაეცნო ზემოაღნიშნულ დეკლარაციებს, ბოლო გადამოწმების - 2021 წლის 29 ნოემბრის დეკლარაციასთან (რომლის საფუძველზე მინიჭებული სარეიტინგო ქულის შედეგად ოჯახს არ დაენიშნა სოციალური შემწეობა) ურთიერთშესაბამისობის მიზნით და აღნიშნავს, რომ საკასაციო პალატისთვის ბუნდოვანია, რაში გამოიხატება 2006, 2011 წლების შემდგომ მოსარჩელის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლა იმგვარად, რომ 2015 წლიდან საარსებო შემწეობის შეწყვეტის წინაპირობა გახდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საარსებო შემწეობის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო გამოანგარიშებული ქულის უტყუარობის პრეზუმფციას დაეყრდნო, ავტომატურად დაანგარიშებული ქულა დასაბუთების გარეშე კასატორის სოციალურად დაუცველთა ოჯახების ბაზიდან ამორიცხვის, შემწეობის გაცემის შეწყვეტის საფუძველი გახდა, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაასაბუთა კონკრეტული ქულის მინიჭების შემდგომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ფაქტი მაშინ, როდესაც საქმეში დაცულია, მათ შორის, 2006 წლის 01 აპრილის, 2011 წლის 27 აგვისტოს დეკლარაციები (რა დროსაც ი.ქ-ის ოჯახი სარგებლობდა სოციალური შემწეობით) და 2021 წლის 29 ნოემბრის დეკლარაცია (რომლის საფუძველზე მინიჭებული სარეიტინგო ქულის შედეგად ოჯახს არ დაენიშნა სოციალური შემწეობა), რომლებიც ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებულ ინფორმაციას არ შეიცავს და არ ადასტურებს ი.ქ-ის ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის ცვლილებას უკეთესობისკენ.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი.ქ-ეს შეუწყდა დახმარების გაცემა იმ გარემოებებზე/ფაქტორებზე მითითებისა და მათი არსებობის არგუმენტების გარეშე, რომელთა გამოც სარეიტინგო ქულა გაიზარდა და ოჯახი ვეღარ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სოციალური დახმარების მისაღებად. მაშინ, როდესაც სადავო საკითხი ეხება მოსარჩელის მნიშვნელოვან ინტერესს, სარეიტინგო ქულის ოდენობა, ერთი მხრივ, ასახავს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ხოლო მეორე მხრივ, განსაზღვრავს ოჯახისათვის საარსებო შემწეობის საჭიროებასა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს შესაბამისი ძალისხმევის მობილიზების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს თუ რა გარემოებამ/ფაქტორებმა გახადა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესი, რის გამოც ოჯახი აღარ აკმაყოფილებს შემწეობის მიღებისთვის დადგენილ პირობებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რადგან სახეზეა სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებული დავა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი