საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-402(2კ-23) 18 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
კასატორი (მესამე პირი) - შპს ,,დ...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჯ. ჭ-ე
მესამე პირები - შპს ,,მ...“, შპს ,,ბ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 10 თებერვალს ჯ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოპასუხე მხარისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ მოპასუხედ მიუთითა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო და აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 8 აგვისტოს №A14033817-011/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შპს ,,ბ...“-ის ერთ-ერთ პარტნიორს კ. გ-ის ჰქონდა ჯ. ჭ-ეის ვალი, რომლის გადახდაც ვერ შეძლო და დავა გაგრძელდა სასამართლო წესით. 2013 წლის 24 სექტემბერს ჯ. ჭ-ესა და კ. გ-ის შორის გაფორმდა მორიგების აქტი, რომლის თანახმად, კ. გ-ის 2014 წლის 24 აპრილამდე მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა 35 000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თანახმა იყო შპს ,,ბ...“-ში მისი კუთვნილი წილის (50%) ჯ. ჭ-ეისთვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. საბოლოოდ, სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, შპს ,,ბ...“-ის 50%-იანი წილის მესაკუთრედ 2014 წლის 13 მაისს დარეგისტრირდა ჯ. ჭ-ე. მოსარჩელის განმარტებით, იმ პერიოდში შპს ,,ბ...“-ს საკუთრებაში ერიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ...ს ქ. N3 (ს/კ ...), რომელიც 2013 წლის 10 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე, დაიტვირთა იპოთეკით. შპს ,,ბ...“-ის მიერ სესხის თანხის დროულად გადაუხდელობის გამო კი, ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც კრედიტორმა წარუდგინა კერძო აღმასრულებელს და მოითხოვა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯ. ჭ-ეისთვის, რომელიც იმ პერიოდისთვის შპს ,,ბ...“-ის 50%-იანი წილის მესაკუთრეა, ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ ცნობილი გახდა შემთხვევით და აღნიშნავს, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო უძრავი ქონების გასხვისების საშიშროების შესახებ, იგი აუცილებლად მიიღებდა ზომებს ამ ქონების შესანარჩუნებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შპს ,,მ...”, შპს ,,ბ...”, შპს ,,დ...” და კერძო აღმასრულებელი ნ. ბ-იი.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2016 წლის 22 აპრილის N1731 ბრძანებით, კერძო აღმასრულებელ ნ. ბ-იის სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია გაუქმდა და მის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების აღსრულების გაგრძელების უზრუნველყოფა დაევალა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით, ჯ. ჭ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-146, მე-147, 25-ე, 47-ე, 69-ე, 75-ე მუხლებზე, ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების პირველ, მე-3 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2014 წლის 5 მაისის №A14033817-004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, შპს ,,ბ...’’-ს დირექტორს - ბ. ზ-ეს ჩაბარდა 2014 წლის 13 მაისს, რომელსაც მითითებულ ვადაში არ გადაუხდია სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა და არც რაიმე განცხადებით მიუმართავს სააღსრულებო ბიუროსათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია გასაჩივრებული განკარგულების ბათილად ცნობის საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითების თაობაზე, რომ ჯ. ჭ-ეისთვის ცნობილი არ იყო უძრავი ქონების გასხვისების შესახებ. საქალაქო სასამართლომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხდება მოვალის ინფორმირება და აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს თითოეული პარტნიორისათვის შეტყობინების გაგზავნისა და ჩაბარების ვალდებულებას. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოვალეს - შპს „ბ...“-ს შეტყობინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, რადგან შეტყობინება ჩაბარდა დირექტორს - ბ. ზ-ეს, რომელიც იმ პერიოდისათვის წარმოადგენდა საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს და ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, გააჩნდა საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებისა და მესამე პირებთან საწარმოს წარმომადგენლობის უფლებამოსილება.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ აუქციონის მომზადებისა თუ ჩატარებისას ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი წესის რაიმე ნორმა არ დარღვეულა და აუქციონი ჩატარდა მითითებულ ნორმათა დაცვით, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 8 აგვისტოს №A14033817-011/001 განკარგულების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჯ. ჭ-ეის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ჯ. ჭ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება; ჯ. ჭ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 8 აგვისტოს №A14033817-011/001 განკარგულება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-147, 25-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ჯ. ჭ-ე სადავო განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისთვის უცნობი იყო იძულებითი აღსრულების დაწყების შესახებ, ინფორმირების შემთხვევაში კრედიტორს გადაუხდიდა მოთხოვნილ თანხას და არ დაუშვებდა 400 000 ლარად შეფასებული ქონების რეალიზაციას მიზერულ ფასად. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ბ...“-ს შეტყობინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, რადგან შეტყობინება ჩაბარდა დირექტორს - ბ. ზ-ეს, თუმცა არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომელიც წინ უსწრებდა სააღსრულებო წარმოების დაწყებას, კერძოდ, შპს „ბ...“-ში განხორციელებული ცვლილება პარტნიორთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ჭ-ე შპს ,,ბ...“-ის პარტნიორი გახდა 2014 წლის 24 აპრილს და ამის შემდგომ მალევე, 2014 წლის 1 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, იმავე წლის 5 მაისს კი დაიწყო სააღსრულებო წარმოება აღნიშნული შპს-ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და დასრულდა 2014 წლის 22 ივლისს, რასაც შედეგად მოჰყვა შპს ,,ბ...“-ის უძრავი ქონების რეალიზაცია. იმ მოკლე პერიოდიდან გამომდინარე, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამეწარმეო საზოგადოებაში პარტნიორის ცვლილებიდან აუქციონის პროცედურების განხორციელების ჩათვლით, სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად და სარწმუნოდ მიიჩნია ჯ. ჭ-ეის მითითება იმის თაობაზე, რომ მისთვის უცნობი იყო იძულებით აღსრულების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანს წარმოადგენს იმ უძრავი ქონების შენარჩუნება, რომელიც მან მიიღო როგორც კრედიტორმა, მოვალე კ. გ-იისგან სამეწარმეო საზოგადოებაში 50%-იანი წილის დათმობით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორი არის პირი, რომელიც სამეწარმეო საზოგადოების წილის მესაკუთრეა, რომლის უფლებები დაცულია კანონით და ლეგიტიმური მიზნის მიღწევა არ უნდა მოხდეს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესის მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.
ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, შპს ,,ბ...“-ის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია მოხდა მეორე განმეორებით აუქციონზე, რომლის დროსაც ქონების საწყისი ფასი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის” მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შეადგენს ნულ ლარს, თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, თუ რამდენად იყო აღმასრულებლის ქმედება თანაზომიერი, კრედიტორისა და მოვალის უფლებებისა და ინტერესების თანაბარწილად და კანონის შესაბამისად დაცვის გარანტი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, პირისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენებას, რათა შესრულებული იქნას მისი ვალდებულება. ამასთანავე, ბუნებრივია, ასეთ დროს თავს იჩენს მოვალისთვის ზიანის მიყენების რისკები, რა პირობებშიც მესაკუთრის უფლებას - დაცული იქნას მისი ქონება რაიმე სახის გარე ჩარევისაგან, უპირისპირდება კრედიტორის მოთხოვნის სრულად შესრულების ინტერესი. შესაბამისად, ინტერესთა არსებულ კონფლიქტში ყველა ცალკეულ შემთხვევაში კონკრეტულად უნდა შეფასდეს მითითებულ ინტერესთა თანაზომიერება, რაც მოიცავს აღსასრულებელი მოთხოვნის და გასასხვისებელი ქონების ღირებულების ოდენობათა ურთიერთშედარებას. დაცული უნდა იქნას ინტერესთა ბალანსი, ერთი მხრივ, კრედიტორის უფლებაში - მიიღოს კუთვნილი თანხა, მეორე მხრივ, მოვალის უფლებაში - ვალდებულების შესრულებას შედეგად არ მოჰყვეს არაადეკვატური და გაუმართლებელი ჩარევა მის საკუთრების უფლებაში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შპს ,,ი...ს’’ 2014 წლის 5 ივნისის №14/05-16/06 უძრავი ქონების აუდიტორულ შეფასებაზე (საექსპერტო დასკვნა), რომლის თანახმად, შპს ,,ბ...’’-ის საკუთრებაში რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს ქ. №3, შეფასდა 400 000 (ოთხასი ათას) ლარად. ამასთან, აღნიშნული ქონების მესაკუთრე 2014 წლის 30 ივლისს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შპს ,,დ...“, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 60 000 ლარად. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უძრავი ნივთის დანიშნულებისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი შენარჩუნების მიმართაც, მესაკუთრეს ყოველთვის გააჩნია განსაკუთრებული ინტერესი, რაც ჯ. ჭ-ეის, როგორც შპს-ს 50%-იანი წილის მესაკუთრის უძრავი ქონების გასხვისებით, სადავო შემთხვევაში დაირღვა. კერძოდ, გასხვისდა უძრავი ნივთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც გაცილებით აღემატებოდა არსებულ დავალიანებას. შესაბამისად, სადავო განკარგულება, რომელიც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის თანახმად, გამოიცემა აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რადგან მისი გამოცემისას არსებითად დაირღვა სააღსრულებო პროცესის მიმდინარეობის წესები, ხოლო ასეთი დარღვევების არარსებობას ჯ. ჭ-ეისთვის განსხვავებული შედეგები შეიძლება მოეტანა, ნაკლებად შეზღუდულიყო მისი საკუთრების უფლება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრებული განკარგულების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და შპს ,,დ...ს“ მიერ.
კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტი არ ითვალისწინებს საზოგადოების თითოეული პარტნიორისთვის შეტყობინების გაგზავნის და ჩაბარების ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მოვალეს შპს ,,ბ...“-ს შეტყობინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, შეტყობინება ჩაბარდა მის დირექტორს ბ. ზ-ეს, რომელიც იმ პერიოდისთვის წარმოადგენდა საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს და ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, გააჩნდა საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებისა და მესამე პირებთან საწარმოს წარმომადგენლობის უფლებამოსილება. ამასთან, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ აუქციონზე გასხვისდა უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულებაც გაცილებით აღემატებოდა არსებულ დავალიანებას და შესაბამისად, სადავო განკარგულების გამოცემისას დაირღვა სააღსრულებო პროცესის მიმდინარეობის წესი. კასატორი აღნიშნავს, რომ აღმასრულებლისთვის სააღსრულებო ფურცელი წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს კრედიტორთა, მოვალეთა წრეს და ასევე, აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობას. აღმასრულებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს სააღსრულებო ფურცლით და არ გასცდეს მის ფარგლებს. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განკარგულება გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორი - შპს ,,დ...“ არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორს უნდა ეცნობოს სააღსრულებო წარმოების თაობაზე. კასატორის განმარტებით, არ არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც დაავალდებულებდა აღმასრულებელს სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ეცნობებინა კომპანიის კონკრეტული პარტნიორისთვის. ამასთან, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ სააღსრულებო წარმოების პროცესში დადგენილი ქონების ღირებულებასა და ფაქტობრივად შპს ,,დ...ს“ მიერ აუქციონის შედეგად შეძენილი ქონების ღირებულებას შორის იყო აშკარა სხვაობა, რაც ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განკარგულება გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,დ...ს“ საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და შპს „დ...ს“ საკასაციო საჩივრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე მათი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და შპს ,,დ...ს“ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2013 წლის 10 აპრილს შპს ,,მ...სა“ და შპს ,,ბ...“-ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,ბ...’’-მა შპს ,,მ...საგან’’ ისესხა 10 600 (ათი ათას ექვსასი) აშშ დოლარი, სამი თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,ბ...“-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. №3, დაზუსტებული ფართობი: 1 632.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1, საერთო ფართით 539 კვ.მ.; №2, №3, №4. საკადასტრო კოდი: №....
საქმის მასალებში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინება (საქმე №2-7452-13), რომლის თანახმად, მხარეთა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების შესახებ, დაკმაყოფილდა და დამტკიცდა მორიგება მოსარჩელე ჯ. ჭ-ესა და მოპასუხე კ. გ-ის შორის, შემდეგი პირობებით: კ. გ-იი იღებდა ვალდებულებას ჯ. ჭ-ეისთვის გადაეხადა 35 000 აშშ დოლარი 2014 წლის მარტის ბოლომდე, ხოლო ამ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კ. გ-იი თანახმა იყო ჯ. ჭ-ეისთვის საკუთრებაში გადაეფორმებინა მისი კუთვნილი წილი (50%-იანი წილი) შპს ,,ბ...“-ში. აღნიშნული განჩინებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 24 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც შპს ,,ბ...“-ის 50%-იანი წილის მესაკუთრედ დარეგისტრირდა ჯ. ჭ-ე.
დადგენილია, რომ 2013 წლის 10 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2014 წლის 1 მაისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, შპს ,,ბ...“-ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე, რომელიც 2014 წლის 5 მაისს, კრედიტორის - შპს ,,მ...ს“ მიერ, იძულებით აღსრულების მიზნით წარედგინა კერძო აღმასრულებელ ნ. ბ-ის. კერძო აღმასრულებელმა დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება, განახორციელა მოვალის უძრავი ქონების მოძიება, აღწერა, დაყადაღება და შეფასების მიზნით მიმართა შპს ,,ი...ს“, რომლის 2014 წლის 5 ივნისის აუდიტორული შეფასების (საექსპერტო დასკვნა) თანახმად, სარეალიზაციო უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი.
ასევე, კერძო აღმასრულებელმა ნ. ბ-იმა 2014 წლის 5 მაისს, გადაწყვეტილების შესრულების შესახებ №A14033817-004/001 წინადადებით მიმართა მოვალე შპს ,,ბ...“-ს და აცნობა, რომ მას 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი განემარტა, რომ განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები (მათ შორის, აუქციონის ჩატარება), რომელთა შესახებ წინასწარ, პერსონალურად და დამატებით არ ეცნობებოდა. ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ გვერდიდან (www.nbe.gov.ge). 2014 წლის 5 მაისის №A14033817-004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, შპს ,,ბ...’’-ის დირექტორს - ბ. ზ-ეს ჩაბარდა 2014 წლის 13 მაისს. ამასთან, შპს ,,ბ...“-ს წინადადებაში მითითებულ ვადაში დავალიანება არ გადაუხდია და არც რაიმე განცხადებით მიუმართავს კერძო აღმასრულებლისთვის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 5 ივნისს კრედიტორმა - შპს ,,მ...მა“ იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ ნ. ბ-ის, რომელმაც თავის მხრივ, სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადი წარუდგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
დადგენილია, რომ შპს ,,ბ...“-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. №3, საკადასტრო კოდი: №..., იძულებით რეალიზაციის მიზნით, პირველი იძულებითი აუქციონი დაიწყო 2014 წლის 4 ივლისს და დასრულდა 2014 წლის 14 ივლისს (საწყისი ფასი - 300 000 ლარი), თუმცა აღნიშნულ აუქციონზე უძრავი ქონება არ გაიყიდა. ასევე, პირველი განმეორებითი იძულებითი აუქციონი დაიწყო 2014 წლის 14 ივლისს და დასრულდა 2014 წლის 22 ივლისს (საწყისი ფასი - 200 000 ლარი), თუმცა უძრავი ქონება არც ამ აუქციონზე გაიყიდა. მეორე განმეორებითი იძულებითი აუქციონი დაიწყო 2014 წლის 22 ივლისს და დასრულდა 2014 წლის 30 ივლისს (საწყისი ფასი - 0 ლარი), რომელზეც სარეალიზაციო უძრავი ნივთი გაიყიდა 60 000 ლარად.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 8 აგვისტოს №A14033817-011/001 განკარგულების თანახმად, შპს ,,ბ...“-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს ქ. №3, მიწის ნაკვეთი: 1 632.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1, საერთო ფართით 539 კვ.მ., №2, №3, №4, საკადასტრო კოდი: №..., მესაკუთრე 2014 წლის 30 ივლისს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შპს ,,დ...“, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 60 000 ლარად. შესაბამისად, მითითებული განკარგულების საფუძველზე, აღნიშნულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა შპს ,,დ...ს“ საკუთრების უფლება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 8 აგვისტოს №A14033817-011/001 განკარგულების კანონიერებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს იმ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის კანონშესაბამისობა, რომელსაც საბოლოოდ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოჰყვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს (მუხლი 1).
აღნიშნული კანონის 146 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე კანონის 147 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „ე“ და „ლ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით: ა) კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს; ბ) მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს; გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი და ხელახალი აუქციონების მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებლის სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აკმაყოფილებს განაცხადს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე. მითითებული მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი, სააუქციონო მომსახურება გულისხმობს: ა) აუქციონის შესახებ საჯარო ინფორმაციის დადგენილი წესით განთავსებას; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აუქციონების ჩატარებას; გ) პირველი აუქციონის ამ მუხლით დადგენილი განაცხადის დაკმაყოფილებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარებას; დ) აუქციონზე ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხის, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, ამავე კანონით დადგენილი წესით განაწილებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კრედიტორმა - შპს ,,მ...მა“ 2014 წლის 5 მაისს განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ ნ. ბ-ის და იძულებით აღსრულების მიზნით წარუდგინა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 1 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, შპს ,,ბ...“-ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე. აღნიშნული განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კი, კერძო აღმასრულებელმა დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც განახორციელა მოვალის უძრავი ქონების მოძიება, აღწერა, დაყადაღება, სარეალიზაციო ქონების შეფასების მიზნით მიმართა აუდიტორულ კომპანიას და ასევე გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება გაუგზავნა მოვალე შპს ,,ბ...“-ს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითხოვს მხოლოდ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მისთვის, როგორც შპს ,,ბ...“-ის 50%-იანი წილის მესაკუთრისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი კომპანიის მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოებისა და უძრავი ქონების გასხვისების საშიშროების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იგი აუცილებლად მიიღებდა ზომებს ამ ქონების შესანარჩუნებლად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, 2014 წლის 5 მაისის №A14033817-004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ჩაბარდა შპს ,,ბ...’’-ის დირექტორს - ბ. ზ-ეს, რაც სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. დირექტორი კი სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს. შესაბამისად, მას გააჩნდა საზოგადოების სახელით გადაწყვეტილებების მიღებისა და მესამე პირებთან მისი წარმომადგენლობის უფლებამოსილება. ,,ხელმძღვანელის/წარმომადგენლის დანიშვნისას მეწარმე სუბიექტი უნდა აცნობიერებდეს რისკს, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებას შეიძლება ახლდეს თან. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული რისკის შემცირება მეწარმის ხელმძღვანელის/წარმომადგენლის საქმიანობაზე ზედამხედველობაზე ქმედითი მექანიზმების დაწესებით არის შესაძლებელი. საწარმოში ზედამხედველობის მექანიზმების არარსებობა ან საწარმოს საქმიანობაში მეწარმის (პარტნიორების) არასათანადო ჩართულობა უნდა გამორიცხავდეს მესამე პირისთვის პრეტენზიის წაყენების მოთხოვნის უფლებას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე N1/1/543, შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სამეწარმეო საზოგადოებაში პარტნიორის ცვლილებიდან აუქციონის პროცედურების განხორციელების ჩათვლით არსებული მოკლე პერიოდის გათვალისწინებით, იძულებითი აღსრულების თაობაზე ჯ. ჭ-ეის ინფორმირებასა და შესაბამისად, მისი, როგორც სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორისა და წილის მესაკუთრის ინტერესების შეზღუდვასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არც სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი და არც ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის არცერთი ნორმა არ ითვალისწინებს აღმასრულებლის ვალდებულებას სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს მოვალე იურიდიული პირის თითოეულ პარტნიორს ცალ-ცალკე. იურიდიული პირის, როგორც სამართალსუბიექტის ინტერესებს იცავს და წარმოადგენს მის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც განსახილველ შემთხვევაში იყო შპს ,,ბ...“-ის დირექტორი. ის გარემოებები კი, თუ როდის გახდა ჯ. ჭ-ე აღნიშნული კომპანიის პარტნიორი და როდის განხორციელდა უძრავი ქონების იძულებით რეალიზაცია, მოცემულ შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოების კანონიერების შეფასების თვალსაზრისით არარელევანტურია და არ წარმოშობს აღმასრულებლის ვალდებულებას იურიდიული პირის თუნდაც ახალი პარტნიორისთვის სააღსრულებო წარმოების შესახებ დამატებით შეტყობინების თაობაზე.
ამასთან, რაც შეეხება შპს ,,ბ...“-ის სარეალიზაციო უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებასა და შპს ,,დ...ს“ მიერ მისი შესყიდვის ფასს, ასევე, უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობას შორის არსებულ სხვაობას, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში ქონების საწყისი ფასი შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრულ საწყის ფასს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველი განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად კი, თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ბ...“-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. №3, საკადასტრო კოდი: №..., იძულებით რეალიზაციის მიზნით, პირველი იძულებითი აუქციონი დაიწყო 2014 წლის 4 ივლისს და დასრულდა 2014 წლის 14 ივლისს (საწყისი ფასი - 300 000 ლარი), თუმცა აღნიშნულ აუქციონზე უძრავი ქონება არ გაიყიდა. ასევე, პირველი განმეორებითი იძულებითი აუქციონი დაიწყო 2014 წლის 14 ივლისს და დასრულდა 2014 წლის 22 ივლისს (საწყისი ფასი - 200 000 ლარი), თუმცა უძრავი ქონება არც ამ აუქციონზე გაიყიდა. მეორე განმეორებითი იძულებითი აუქციონი დაიწყო 2014 წლის 22 ივლისს და დასრულდა 2014 წლის 30 ივლისს (საწყისი ფასი - 0 ლარი), რომელზეც სარეალიზაციო უძრავი ნივთი გაიყიდა 60 000 ლარად. შესაბამისად, ყველა აუქციონი ჩატარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის“ მე-3 მუხლით დადგენილი ნორმების დაცვით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 8 აგვისტოს №A14033817-011/001 განკარგულება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და შპს ,,დ...ს“ საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და შპს ,,დ...ს“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ჯ. ჭ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ჯ. ჭ-ეის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. ჯ. ჭ-ეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;
6. ჯ. ჭ-ეს შპს ,,დ...ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მესამე პირის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე