Facebook Twitter

საქმე Nბს-1258(კ-23) 31 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. ბ-ო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2023წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი - ბინადრობის ნებართვის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ბ-ომა 07.12.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.11.2022წ. №1000838920 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი. სააგენტომ განცხადება განიხილა ნორმატიულად დადგენილი წესების დარღვევით, სადავო აქტი გამოცემულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ამდენად, ბუნდოვანია სადავო აქტის გამოცემის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელის მოსაზრებით, იგი სრულად აკმაყოფილებს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ წინაპირობებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.03.2023წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.11.2022წ. №1000838920 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე მ. ბ-ოსთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-ო (დაბ. ...წ.) არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. 14.11.2022წ. მ. ბ-ომა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. 02.11.2022წ. მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ მოსარჩელე მ. ბ-ოს საკუთრებაში ერიცხება ქ. თბილისში, ... მ/რ-ში, ...ის ...ის გამზირის გადაკვეთაზე, ... მ/რ-ის №...-ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის (უძრავი ქონების) 1/2 ნაწილი (ს/კ: ...) (დაზუსტებული ფართობით (498 კვ.მ.)). შპს „შ...ს“ 10.11.2022წ. №22/11-10/01 შეფასების დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის თანახმად - ქ. თბილისში, ... მ/რ-ში, ...ის ...ის გამზირის გადაკვეთაზე; ... მ/რ, №...-ში მდებარე 498 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) სკ: ...) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობიდან (№1 საერთო ფართით 773.91 კვ.მ.) მ. ბ-ოს საკუთრებაში არსებული 1/2 ნაწილის საბაზრო ღირებულება, 2022 წლის 10 ნოემბრის მდგობარეობით შეადგენდა - 756 985.60 ლარს. ამასთანავე, საქმეში დაცული ამონაწერებით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „კ...ს“ (ს/ნ: ...), შპს „ტ...ს“ (ს/ნ: ...), შპს „ა...“ (ს/ნ: ...) და შპს „აი...ს“ (ს/ნ: ...) 50%-იანი წილების მესაკუთრეა მ. ბ-ო. საქართველოს მთავრობის 01.10.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 15.11.2022წ. №1000838920/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მოითხოვა მისთვის ეცნობებინა არსებობდა თუ არა მ. ბ-ოს მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 18.11.2022წ. SSG 1 22 00225074 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ მ. ბ-ოსთვის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა. ამდენად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.11.2022წ. №1000838920 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა 14.11.2022წ. №1000838920 განცხადება, მოსარჩელე მ. ბ-ოს უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სააგენტომ მიუთითა, რომ მ. ბ-ოს მიმართ არსებობდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმეში დაცული მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნია, რომ სააგენტოს 23.11.2022წ. №1000838920 სადავო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას, რაც ქმნიდა სზაკ-ის მე-601 მუხლით და სასკ-ის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ წანამძღვრებს სადავო აქტის ბათილად ცნობისათვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლო არაა უფლებამოსილი გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსი მხარეებს გააცნოს და სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახოს, თუმცა სასამართლომ შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაცია, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მინიჭებოდა მ. ბ-ოსთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის კერძო ინტერესს. ამდენად, ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებშიც, მოპასუხეს შეეძლო გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ბინადრობის მაძიებელი პირი - საქართველოში ფლობს უძრავ ქონებას, რომლის ღირებულება აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ ზღვარს, იგი საქართველოში იმყოფება კანონიერად, საქართველოში ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას და არის შპს „კ...ს“ (ს/ნ: ...), შპს „ტ...ს“ (ს/ნ: ...), შპს „ა...“ (ს/ნ: ...) და შპს „აი...ს“ (ს/ნ: ...) 50%-იანი წილების მესაკუთრე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.03.2023წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2023წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.03.2023წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მ. ბ-ოს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად და მოსარჩელეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე, მისთვის პრობლემური იყო მხოლოდ ამ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი, ხოლო მოსარჩელისათვის სამართლებრივი შედეგი წარმოიშვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებით, რომლითაც მას უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასებით მართალია პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მათ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. სააპელაციო პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლზე, მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, აგრეთვე, საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3, მე-122 მუხლებზე, მე-13 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. სადავო აქტის გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 18.11.2022წ. SSG 1 22 00225074 წერილი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოს დასკვნას წარმოადგენდა. აღნიშნულ დოკუმენტს საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომელიც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად დასკვნაში ვერ აისახებოდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული დისკრეცია არ არის განუსაზღვრელი, იგი საჭიროებს განსაკუთრებულ დასაბუთებას, რათა გამოირიცხოს პირის უფლებების ხელყოფის ფაქტები. ასეთ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს როლი, რომელიც სარჩელის არსებობის პირობებში ვალდებული იყო შეემოწმებინა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებების გამოყენების კანონიერების ფარგლები. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატის მიერ გამოთხოვილი იქნა სადავო აქტის გამოცემის საფუძველი - კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, რომლითაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა კვლავ დაადასტურა დასკვნის შინაარსი. სააპელაციო პალატამ მიუთითა სზაკ-ის მე-6, მე-7 მუხლებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მინიჭებული აქვს ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, პირისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაცნობის შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები ქმნიდა მოსარჩელის მხრიდან ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე საფუძვლიან ვარაუდს. შესაბამისად, მოპასუხე უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარდგენილია მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. ამ ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულად და ყოველმხრივ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები არ აისახა სასამართლო გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების დანაწესების გამოყენებით, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2023წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მ. ბ-ოს მიერ. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული დასაბუთება მოკლებულია საამისოდ გათვალისწინებულ იურიდიულ წანამძღვრებს. კასატორმა ყურადღება გაამახვილა ბინადრობის ნებართვის სამართლებრივ მნიშვნელობაზე, მისი გაცემის თანამდევ შედეგებსა და ამ სფეროში სახელმწიფოს ვალდებულებებზე. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ ბინადრობის სამართლებრივი ბუნება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები („პროპორციული“) გადაწყვეტილების შერჩევის დისკრეციულ უფლებამოსილებას. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უსწოროდ შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 18.11.2022წ. SSG 1 22 00225074 წერილის შინაარსი, ამდენად, არასწორად მიიჩნია სააგენტოს მიერ მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად განხორციელების ფაქტის არსებობა. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც კასატორისთვის არ არის ხელმისაწვდომი ის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად უდევს ასეთ ფაქტებს და რომლებსაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ მასალებში ვერ ამოიკითხავდა ვერცერთ ისეთ საეჭვო გარემოებას, რომლებიც მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის გონივრულ სტანდარტს მაინც დააკმაყოფილებდა ან/და ამგვარი ვარაუდის საფუძველს წარმოშობდა. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, კასატორმა მოიხმო მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 26.10.2023წ. N ბს-907(კ-20) საქმეში გაკეთებული განმარტებები და აღნიშნულზე დაყრდნობით, ხაზი გაუსვა სადავო გადაწყვეტილებაში დაშვებულ არსებით სამართლებრივ შეუსაბამობს. კასატორმა დამატებით მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ გადაწყვეტილებებზე: Case of Liu v. Russia, App. No.42086/05, 06.12.2007წ., Case of Lupsa v. Romania, App.No.10337/04, 08.06.2006წ., Case of Al-Nashif v. Bulgaria, App.No. 50963/99, 20.06.2002წ. და აღნიშნა, რომ როდესაც საკითხი უკავშირდება ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვას, ხელისუფლებისთვის მინიჭებული სამართლებრივი დისკრეცია შეუზღუდავი არ არის, მნიშვნელოვანია, არსებობდეს დაცვის ეფექტიანი გარანტიები ასეთი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საწინააღმდეგოდ, ამასთან, სასამართლო განხილვა არ უნდა ატარებდეს ფორმალური სახეს, აუცილებელია ინდივიდი მაქსიმალურად იყოს დაცული ხელისუფლების ორგანოების მხრიდან გამოვლენილი თვითნებობისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ბ-ოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე, არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით, სააგენტოს სადავოდ არ გაუხდია მ. ბ-ის მიერ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის აუცილებელი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით და საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-122 მუხლებით გათვალისწინებული ფორმალური საკანონმდებლო წინაპირობების არსებობა. ამდენად, ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის საჭირო ფორმალური წინაპირობების არსებობა. საქმის სწორად გადაწყვეტის მიზნით უნდა გაირკვეს კასატორ მ. ბ-ოს მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკანონმდებლო საფუძვლების არსებობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.03.2023წ. გადაწყვეტილების მიხედვით, საკითხთან დაკავშირებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია არ ქმნიდა მ. ბ-ის მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმით დაცული საჯარო ინტერესის კერძო ინტერესზე აღმატებულად მიჩნევის საკმარის იურიდიულ საფუძველს. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2023წ. გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მიზანი ამართლებდა მოსარჩელისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის არსს. ამდენად, დავის კანონიერი გადაწყვეტა საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 18.11.2022წ. SSG 1 22 00225074 წერილში ასახული დასკვნის და იმ ფაქტობრივი მონაცემების სრულყოფილად გამოკვლევას, რომელიც ამ დასკვნას უდევს საფუძვლად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, ბინადრობის და გაძევების საკითხები განეკუთვნება სახელმწიფოს თვითმყოფად, ექსკლუზიურ და სუვერენულ პრეროგატივას მიგრაციის სფეროში, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. საქართველოში უცხოელის შემოსვლა თუ გარკვეული დროით ყოფნა, მათ შორის საქართველოში მდებარე უძრავი ქონების უცხოელის საკუთრებაში აღრიცხვის პირობებში, არ არის აბსოლუტური უფლება, სათანადო საფუძვლების არსებობისას აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს, ამ მიმართულებით სახელმწიფოს შეფასების ფართო ფარგლები აქვს, მით უფრო მაშინ, როდესაც დღის წესრიგში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხი დგას. სახელმწიფოებს აქვთ უფლება აკონტროლონ თავიანთ ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, ბინადრობისა და გაძევების საკითხები, ევროკონვენცია არ უზრუნველყოფს უცხოელისთვის კონკრეტული ტიპის ბინადრობის ნებართვის მიღების უფლებას და არც სახელმწიფოს უწესებს რაიმე ვალდებულებას კონკრეტული კატეგორიის ნებართვის პირისათვის მინიჭების შესახებ, ამასთან, ევროკონვენცია არ ახდენს კონკრეტულ ქვეყანაში უცხოელის შესვლისა და ცხოვრების უფლების გარანტირებას (ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, Mirzoyan v. the Czech Republic, App. Nos. 15117/21 და 15689/21, 16.08.2024წ. §76). ამასთანავე, სახელმწიფოს მიერ უცხოელთა მიმართ განხორციელებული ქმედებები სათანადო ნორმატიულ საფუძველს უნდა ეფუძნებოდეს. საქართველოში უცხოელთა შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის თანახმად საქართველოში შემოსვლის და ყოფნის ერთ-ერთი საფუძველია ბინადრობის ნებართვა (მე-5 მუხ. „ბ“ ქვ.პ.), მისი გაცემა ხდება საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, თუ იგი კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს აკმაყოფილებს (14.1 მუხ.). კანონის მე-15 მუხლი ადგენს ბინადრობის სახეებსა და კონკრეტული სახის ბინადრობის ნებართვის გაცემის ფორმალურ წინაპირობებს. კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინადრობის ნებართვის სახეებს შორის სახელდება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში მდებარე კონკრეტული ღირებულების უძრავ ქონებაზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) საკუთრების უფლების მქონე უცხოელზე. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სადავო არ გამხდარა მოსარჩელის საკუთრებაში კონკრეტული ღირებულების უძრავი ქონების აღრიცხვის ფაქტი, თუმცა მის სახელზე ბინადრობის ნებართვის გაცემა არ მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობის საფუძვლით. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცედურა, კერძოდ, სააგენტოში წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმება შესაძლებელია ორ ნაწილად დაიყოს. პირველ ეტაპზე უნდა დადგინდეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნათა დაცულობა, როგორებიცაა: უფლებამოსილი პირის მიერ განცხადების წარდგენა, სააგენტოში განცხადების კანონით დადგენილი ფორმით შეტანა, ასევე ბინადრობის ნებართვის კონკრეტული სახის გაცემისთვის საჭირო კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენა. უკეთუ აღნიშნული წინაპიროები სახეზეა და არ არსებობს ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი ფორმალური საფუძვლები, მეორე ეტაპზე მოწმდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის საკითხებს. თუ სააგენტოში წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს ნორმატიულად დადგენილ ფორმალურ წინაპირობებს, აღნიშნული დამოუკიდებლად ქმნის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს (კანონის 18.1 მუხ. „ი“ ქვ.პ.) ისე, რომ შემოწმებას უკვე აღარ საჭიროებს განცხადების შინაარსობრივი მხარე, კონკრეტულ პირზე ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობა, ბინადრობის ნებართვის გაცემის გავლენა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა თუ წესრიგის დაცვაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონით დადგენილი ფორმალური წინაპირობების დაკმაყოფილების ფაქტი იმთავითვე არ წარმოშობს ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ვალდებულებას, სააგენტოში წარდგენილი განცხადების ფორმალური გამართულობის, ბინადრობის კონკრეტული სახის გაცემისთვის ნორმატიულად დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, თუმცა სათანადოდ უნდა იკვეთებოდეს უარის თქმის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პოზიცია სადავო აქტის მართლზომიერებასთან დაკავშირებით ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის პირობებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, სააგენტო მოქმედებდა რა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს და ამდენად, იგი მოკლებული იყო მოსარჩელეზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის კერძო ინტერესით დეტერმინირებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობის პირობებში დადებითი გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის დასკვნაც არის სააგენტოს გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივ შედეგს იწვევს არა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, არამედ საქმის გარემოებების გამოკლვევის, მათ შორის აღნიშნული დასკვნის შეფასების, დაპირისპირებულ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ცალკე აღებული უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილი არ არის აბსოლუტური ხასიათის და არ ასაბუთებს სააგენტოს გადაწყვეტილების კანონშესაბამისად მიღებას. საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლოა დასჭირდეს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან გარკვეული ინფორმაციისა და მონაცემების გამოთხოვა, რომელთაც შესაძლოა განმსაზღვრელი მნიშვნელობა მიენიჭოთ საკითხის გადაწყვეტისთვის, თუმცა ეს სრულებით არ გულისხმობს საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებად იმ ორგანოს მიჩნევას, რომელმაც მხოლოდ სათანადო ინფორმაციის მიწოდება მოახდინა. უკეთუ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო სრულად დამოკიდებულია სხვა სუბიექტის მიერ მიწოდებულ მოსაზრებებზე იმდაგვარად, რომ მას ამ მოსაზრებებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, მაშინ იგი რეალურად აღარც არის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. თავისი ნორმატიული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განმარტებები სახელმწიფო უშიშროების თუ საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შექმნის შესახებ გასათვალისწინებელია, თუმცა არ გამოირიცხება სააგენტოს, როგორც უცხოელისათვის ბინადრობის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსაზრებების გაზიარებაზე უარის თქმა ან მათი გაზიარების მიუხედავად, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გადაწყვეტილების კერძო ინტერესების სასარგებლოდ მიღება. ამდენად, ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სააგენტოს ევალებოდა არა მხოლოდ ბინადრობის ნებართვის გაცემის ფორმალური წესების დაცვა, არამედ საკითხის შინაარსობრივი შესწავლაც.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით, რომლებიც ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას უცხოელის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივ წესრიგისთვის საფრთხის შემქმნელი საქმიანობის განხორციელებისას. საკასაციო პალატის მიერ 09.10.2024წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას, სააგენტოს სადავო აქტის გამოცემას. საკასაციო პალატა გაეცნო კონტდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსს, საქმეში დაცულ მასალებს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი დაუსაბუთებელია. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლით („ა“, „გ“ ქვ.პ.) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დასადგომად - ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადასტურდეს ნორმითვე გათვალისწინებული საკვანძო წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოში უცხოელის ყოფნით ქვეყნის უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნა. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსაზრება ასეთი საფრთხის არსებობის შესახებ არ არის საკმარისი, მისი მოსაზრება სათანადოდ უნდა დასაბუთდეს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა სწორედ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის მიზნით, თუმცა საქმის მასალებით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ამ კატეგორიის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. საკასაციო პალატა აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შედეგად თვლის, რომ უპირატესობა კერძო ინტერესს უნდა მიენიჭოს.

საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში მ. ბ-ოს საქართველოში ყოფნით ქვეყნის უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნა არ დასტურდება, რაც სააგენტოს სადავო აქტის და ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასების არამართლზომიერებას ადასტურებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემები და დასკვნა არ გამორიცხავს ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას, ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მაშინაც კი, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაცია პირზე ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სათანადოდ ასაბუთებს, არ გამოირიცხება კერძო და საჯარო ინტერესთა ურთიერთშეპირისპირების საჭიროება, თუმცა ასეთ დროს კერძო ინტერესი შესაძლოა შეიზღუდოს, უკეთუ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა სათანადოდ ასაბუთებს საჯარო ინტერესის დაცვის პრიმატს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესთან დაკავშირებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ალბათობის საკმარისი ხარისხით ვერ ადასტურებს ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი სათანადო საფუძვლების არსებობას. საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემების ერთობლიობა არ ქმნის სავარაუდოობის გარკვეულ ხარისხს, რაც შექმნის გონივრულ ეჭვს, დასაბუთებულ მოლოდინს უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დამაბრკოლებელი რომელიმე გარემოების არსებობის, ბინადრობის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოში წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, კანონითვე დადგენილი გამონაკლისის გარდა საქართველოში უცხოელს აქვს ისეთივე უფლებები და თავისუფლებები, როგორიც - საქართველოს მოქალაქეს (1-ლი პ.), საქართველო იცავს თავის ტერიტორიაზე მყოფი უცხოელის სიცოცხლეს, პირად ხელშეუხებლობას, უფლებებსა და თავისუფლებებს (მე-3 პ.). ამდენად, ბინადრობის ნებართვის გაცემით სახელმწიფოსა და უცხოელს შორის ჩამოყალიბებული სამართალურთიერთობის შედეგად, სახელმწიფო უცხოელის მიმართ გარკვეული ვალდებულებებით იტვირთება. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემა ხდება არა ერთეულ შემთხვევებში, არამედ ჯამურად მრავალ პირზე, შესაძლოა მოხდეს სახელმწიფოს დამატებითი ვალდებულებებით გადატვირთვა, რაც სახელმწიფოს შეზღუდული რესურსის მხედველობაში მიღებით არ იქნება საჯარო ინტერესის შესაბამისი. ზემოაღნიშნულის გარდა მხედველობაშია მისაღები აგრეთვე სხვა არაერთი ინტერესი, რომლის დაცვასაც სახელმწიფოში უცხოელის ყოფნის რეგულირება ემსახურება. ქვეყანაში უცხოელთა შემოსვლისა და ყოფნის რეგულირება ხორციელდება არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, სახელმწიფოს ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და დანაშაულთან ბრძოლის მიზნით (19.01.2012წ. „Popov v. France“ (§137)). საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს, არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 25.4 მუხ.). შესაბამისად, უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემისას ყოველთვის არსებობს საჯარო ინტერესი, რომლის დაცვის საჭიროებაზე მითითებაც ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, თუმცა რომელიმე საჯარო ინტერესზე აბსტრაქტული მითითება როგორც წესი არ ქმნის უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო, თვითკმარ დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს ისეთ საჯარო ინტერესზე, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, თუმცა არ დგინდება მოსარჩელის საქართველოში ყოფნის ნებართვის გაცემით აღნიშნული საჯარო ინტერესის რეალიზებისთვის საფრთხის შექმნა. სახელმწიფო უშიშროების საფრთხე ფარდობითი კატეგორიის ცნებაა, მას არ ახასიათებს აბსოლუტური გასაზღვრულობა, თუმცა იმისთვის, რომ მასზე მითითებით უცხოელს საქართველოში ყოფნაზე ეთქვას უარი, აუცილებელია მოსალოდნელობის გარკვეული ვარაუდი შეიქმნას, განსახილველ შემთხვევაში მსგავსი გონივრული ვარაუდის არსებობა არ დგინდება. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სასამართლოს სათანადო კონტროლის სფეროდან აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილება არ გამოირიცხება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ დასაბუთებისას მან ტერმინი „სახელმწიფო უსაფრთხოება“ მოიშველია ან თავის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მიუთითა. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს სათანადო კონტროლი მხოლოდ გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაცნობას არ უკავშირდება. იგი ვრცელდება მის შეფასებაზე, იდენტიფიცირებადი კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისპირებასა და, დაუსაბუთებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის გაზიარებაზე უარის თქმაზეც. მიჩნეულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლები განსაკუთრებით ფართოა (26.03.1987წ. „Leander v. Sweden“), მაგრამ ეს არ გამორიცხავს აუცილებლობისა და პროპორციულობის საკითხების შეფასების, საჯარო და კერძო ინტერესის ურთიერთშეპირისპირების საჭიროებას. ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი, გადაწყვეტილებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, რომელიც უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება (20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§123, 124), 15.11.1996წ. „Chahal v. The United Kingdom“ (§127, 145)). ამდენად, ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შესვლის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და რომ მასზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. განსახილველ შემთხვევაში საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვა, შესწავლა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში განხილვა არ დასტურდება, თუმცა აღნიშნული ხარვეზი შესაძლებელია აღმოიფხვრილიყო სააგენტოს სადავო აქტის მართლზომიერებაზე სააპელაციო პალატის რეალური, ქმედითი კონტროლის განხორციელებით. სააპელაციო პალატას გააჩნდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე სრული კონტროლის განხორციელების კანონისმიერი კომპეტენცია: მან გამოითხოვა კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაცული საიდუმლო ინფორმაცია, გაეცნო მას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნის გაზიარების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სამართლებრივად უსწოროდ შეაფასა სადავო აქტის გამოცემის საფუძველი - კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, რომლითაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დაადასტურა თავდაპირველად გაცემული დასკვნის შინაარსი. უკვე აღინიშნა, რომ ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, საკასაციო პალატამ გამოითხოვა სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაცული ინფორმაცია და შეაფასა საქმეში დაცულ მტკიცებულებებთან, მხარეთა ახსნა-განმარტებებთან ერთობლიობაში. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი სრულად დაცულია, ადმინისტრაციული ორგანოსადმი მინიჭებული დისკრეციის ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად სასამართლოს მხრიდან განხორციელდა „ადეკვატური და ქმედითი“ პროცედურები საქმის „ეფექტიანი განხილვის“ მიზნით (08.06.2006წ. „Lupsa v. Romania“ (§34)). მართალია უშუალოდ მხარე ვერ გაეცნო სადავო აქტის საფუძვლად არსებულ მონაცემებს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილი და შეფასებული იქნა საკასაციო პალატის მიერ. კერძო პირის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვება არ ხდება, თუმცა სადავო გადაწყვეტილებები დაექვემდებარა სრულ სასამართლო კონტროლს, რა დროსაც საკასაციო პალატამ მოახდინა საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირება. ასეთ დროს პირის მიერ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სათანადო შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის მიუხედავად, უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლება დაცვის გარეშე არ რჩება, რადგან სასამართლო აფასებს არა მხოლოდ საჯარო ინტერესს, არამედ კერძო პირის ინტერესებსაც, რის შემდეგაც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ინფორმაციის საიდუმლოების ინტერესის გათვალისწინებით, სათანადო დასაბუთების ასახვა გადაწყვეტილების ტექსტში არ ხდება. საიდუმლოების დაცვა ილუზორული იქნებოდა, თუ საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტის გაცნობით გახდებოდა ცნობილი. კომპეტენტური დამოუკიდებელი ორგანო აღჭურვილი უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მოსაზრებების უარყოფის შესაძლებლობით, თუ იგი ამ მოსაზრებებს დაუსაბუთებლად და თვითნებურად ჩათვლის (ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „Al-Nashif v. Bulgaria“, §132, 137). განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ორგანო სასამართლოა, იგი დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, ამასთანავე, აღჭურვილია ქვეყანაში უცხოელის დაშვებასა და ყოფნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის და არასარწმუნოობისა თუ დაუსაბუთებლობის შემთხვევაში საიდუმლოდ მიჩნეულ ინფორმაციაში ასახული მონაცემების გაზიარებაზე უარის თქმის, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უფლებამოსილებით, რის გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელემ ისარგებლა თავისი უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალებით. ის გარემოება, რომ კოტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი საიდუმლო ინფორმაცია სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია, საკასაციო პალატას არ უზღუდავს აღნიშნული ინფორმაციის არსათანადოდ დასაბუთებულად ჩათვლის შესაძლებლობას, რადგან საკასაციო პალატა, როგორც ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი უმაღლესი ინტანციის სასამართლო, არა მხოლოდ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიც არის შეამოწმოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებების მართებულობა. მაშინ როდესაც დავა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა თუ წესრიგის ინტერესების დაცვას ეხება და ბინადრობის მაძიებელი პირი სადავო აქტის გამოცემის საფუძვლების გასაიდუმლოების გამო სადავო აქტის კანონიერებასა თუ ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებათა დასაბუთებებთან მიმართებით ვერ ახდენს სრულყოფილი პრეტენზიის წარდგენას, სააპელაციო პალატის მოსაზრებები კონკრეტული მტკიცებულების, მათი თანამდევი სამართლებრივი შედეგების შესახებ არ ართმევს საკასაციო პალატას განსხვავებული შეფასების გაკეთების შესაძლებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) საკასაციო წესით გასაჩივრება ფაქტობრივად აზრს დაკარგავდა. ამასთანავე, მართალია საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე პირისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის დასაბუთებულობის შეფასება არ არის მოცული ფაქტის დადგენის საკითხით.

მართალია სააგენტოს არ გამოუთხოვია და შეუფასებია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის საფუძვლად არსებული დასკვნა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტის კანონიერებაზე კონტროლის განმახორციელებელმა მართლმსაჯულების უმაღლესმა საკასაციო ორგანომ - საკასაციო პალატამ სუბსიდიარობის პრინციპის საფუძველზე მოახდინა კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაცული საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვა, გაცნობა და მისი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასება, რამაც ადმინისტრაციული წარმოებისას დაშვებული ხარვეზების თანამდევი შედეგების აღმოფხვრა უზრუნველყო. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის შეფასებები უსაფუძვლოა და არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან სააგენტოს გასაჩივრებულ აქტზე სრული სასამართლო კონტროლის განხორციელების ფარგლებში საკასაციო პალატა გაეცნო მ. ბ-ოს მიმართ ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლად არსებულ საიდუმლო ინფორმაციას, რის შედეგადაც თვლის, რომ ალბათობის შესაბამისი ხარისხით არ დგინდება ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი ნორმატიული საფუძვლების არსებობა, რაც თავის მხრივ, სადავო აქტით დამდგარი სამართლებრივი შედეგის არამართლზომიერებას ადასტურებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და მ. ბ-ოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. მ. ბ-ოს მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე 300 (სამასი) ლარი უნდა დაეკისროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ. ბ-ოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2023წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ბ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.11.2022წ. №1000838920 გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე - მ. ბ-ოსთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე;

5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მ. ბ-ოს (პ/ნ ...) სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი 100 (ასი) ლარის და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;

6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

7. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

გ. მაკარიძე