Facebook Twitter

საქმე #ბს-1337(2კ-24) 20 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ე.ბ-ი

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 21 სექტემბერს ე.ბ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, 2022 წლის 2 სექტემბერს გაფორმებული ოფიცრების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის საფუძველზე, იგი წარმოადგენდა თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მე-... საარტილერიო ბრიგადის ...-ე უზრუნველყოფის ბატალიონის შტაბის ...ის ცენტრის I, II, IV და VI კლასის ოფიცერს, კაპიტანს (საშტატო კატეგორია: კაპიტანი, შტატის #..., გვარეობის კოდი ...).

მოსარჩელის განმარტებით, 2023 წლის 27 აპრილს, 09:00 საათზე, იგი შევიდა გამშვებ პუნქტზე, აჩვენა საშვი. ამის შემდგომ, იგი გააჩერა სამხედრო პოლიციამ და სთხოვა გაეხსნა ჩანთა შემოწმების მიზნით. ჩანთაში პოლიციამ აღმოაჩინა 2 ლიტრი საფერავი, რომელიც მას უნდა გადაეცა მისი თანამშრომლისათვის - სერჟანტ კ.კ-ისათვის, რომლის მეუღლესაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რის გამოც იგი ხალხური მეთოდით ამზადებინებს ნაყენს. სწორედ ნაყენის შემადგენლობაში შედის საფერავი. მოსარჩელის აღნიშვნით, გამომდინარე იქიდან, რომ მისი მეუღლე სუფთა ღვინისგან ამზადებს საფერავს, იგი კ.კ-ის პერიოდულად აწვდიდა საფერავს, თუმცა ამ შემთხვევამდე იგი მას ყოველთვის მანქანაში ტოვებდა და ადრესატს მას ქვედანაყოფის გარეთ გადასცემდა. 2023 წლის 27 აპრილსაც მას მანქანაში უნდა დაეტოვებინა საფერავი, თუმცა გადაავიწყდა და შეიტანა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. როდესაც პოლიციის თანამშრომელმა ჰკითხა, თუ რა ესხა ბოთლში, ცხადია, არ დაუმალავს და უთხრა, რომ იყო სუფთა საფერავი, რომელიც მას თანამშრომლისათვის მიჰქონდა. ამასთან, მან პოლიციის თანამშრომელს სთხოვა, რომ ბოთლის მანქანაში დაბრუნების უფლება მიეცა. უარის მიუხედავად, მან მაინც გაიტანა ბოთლი და ჩადო მანქანაში. სამხედრო პოლიციელი კი უკან გაჰყვა და ჩამოართვა მანქანაში ჩადებული საფერავი.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სწორედ აღნიშნული ინციდენტის გამო, იგი თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 13 ივლისის #MOD 523 00002536 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

მოსარჩელემ (1) „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 13 ივლისის #MOD 5 23 00002536 ბრძანების ბათილად ცნობა, (2) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე ე.ბ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-... საარტილერიო ბრიგადის ...-ე უზრუნველყოფის ბატალიონის შტაბის ...ის ცენტრის I, II, IV და VI კლასის ოფიცრის (საშტატო კატეგორია: „კაპიტანი“; შტატი #..., გვარეობის კოდი ...), ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ასევე, (3) მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის მისი სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების დღიდან - 2023 წლის 2 მაისიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისთვის, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ე.ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 13 ივლისის #MOD 5 23 00002536 ბრძანება და მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოსარჩელე ე.ბ-ისთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.ბ-იმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინებით ე.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნია „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი (კონტრაქტის პირობების დარღვევა) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის #124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 45-ე მუხლი (ალკოჰოლური სასმლის შეტანა).

ზემოაღნიშნული წესდების 45-ე მუხლის მიხედვით, ალკოჰოლური სასმლის შეტანა სამსახურის ტერიტორიაზე იწვევდა 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. ამავე წესდების მე-13 მუხლის მიხედვით, დასვენების უფლების შეზღუდვა გამოიყენებოდა მხოლოდ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის მიმართ (21 პუნქტი), ხოლო სასწავლებლიდან გარიცხვა - მხოლოდ იუნკერის მიმართ (მე-4 პუნქტი).

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დისციპლინური გადაცდომა, რომლის ჩადენის გამოც მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა, მდგომარეობდა ალკოჰოლური სასმლის სამსახურის ტერიტორიაზე შეტანაში. სააპელაციო პალატამ საქმის მასალების, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების მხედველობაში მიღებით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ე.ბ-ი შემოწმდა და მას ჩანთაში ალკოჰოლური ნივთიერება აღმოაჩნდა საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, რაც იმთავითვე არ ადასტურებდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 45-ე მუხლის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა ალკოჰოლური სასმლის შეტანა სამსახურის ტერიტორიაზე. შესაბამისად, პირის ქმედების აღნიშნულ დარღვევად კვალიფიკაციისათვის, არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა სამსახურის ტერიტორიის საზღვრების დადგენა. ამასთანავე, დისციპლინური წარმოების მიზნებისთვის, ერთმანეთისაგან გამიჯვნას საჭიროებს სამხედრო ნაწილის საზღვრები და სამხედრო ნაწილის ტერიტორიის საკადასტრო საზღვრები, რომლებიც შესაძლოა ტერიტორიის ფაქტობრივი შემომსაზღვრელი მიჯნის საზღვრებს არც კი ემთხვეოდეს. სადავო აქტები არ შეიცავს დისციპლინური წარმოების მიზნებისათვის საკონტროლო-გამშვები პუნქტის სამხედრო ნაწილის ტერიტორიად მიჩნევის დასაბუთებას. მოპასუხის მითითება საკადასტრო საზღვრების საიდუმლო გრიფის მქონე ბრძანებით დადგენის, საკონტროლო-გამშვები პუნქტის აღნიშნულ საზღვრებში მოწყობის შესახებ, არ ასაბუთებს სადავო აქტის კანონიერებას, რადგან სრულად უგულებელყოფილია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქცია და მიზნები, საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოწყობის დანიშნულება, მასში აკრძალული ნივთების შემნახველი სათავსოს არსებობა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს #519 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანი სამსახურის წესდების“ 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, წესდების 25-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, 26-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, და აღნიშნა, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტი ეწყობა ქვედანაყოფში პირებისა და ნივთების დაშვების კონტროლის, მათ შორის, აკრძალული ნივთების არდაშვების მიზნით. ამასთან, საქმის მასალებით, მათ შორის, მოპასუხის ახსნა-განმარტებით, მოწმის ჩვენებითა და საქმეში დაცული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ სამხედრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე არის სათავსო, სადაც შემსვლელებმა უნდა შეინახონ ნაწილზე აკრძალული ნივთები. მართალია, მოწმეც და მოპასუხეც ძირითადად იარაღის დატოვების შესაძლებლობაზე უთითებდნენ, თუმცა უდავოა, რომ აკრძალული ნივთების ჩამონათვალი იარაღთან ერთად ალკოჰოლურ სასმელებსაც მოიცავს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რაიმე ნორმატიული მოწესრიგება ან შიდა უწყებრივი წესი, რომელიც გამშვებ პუნქტზე ალკოჰოლური სასმლის, როგორც ერთ-ერთი აკრძალული ნივთის, შენახვას გამორიცხავს, წარმოდგენილი არ ყოფილა. გასათვალისწინებელია, რომ სადავო აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება არ მომხდარა.

პალატამ, ასევე, პასუხი გასცა აპელანტ ე.ბ-ის მტკიცებას დალუქვის ოქმის პროცედურული დარღვევებით შედგენის, დალუქვის განუხორციელებლობის და ამდენად, ექსპერტიზაზე გაურკვეველი ნივთიერების წარდგენის შესახებ და აღნიშნა, რომ დასახელებული გარემოებები არ არის სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის რელევანტური იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ე.ბ-ის განმარტებების ამსახველი დოკუმენტაცია არ შეიცავს რაიმე მითითებას საფერავში ალკოჰოლის არარსებობის შესახებ.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა, ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის #MOD 9 16 00000459 ბრძანებით განსაზღვრული სადისციპლინო საბჭოს 2023 წლის 11 მაისის სხდომის ოქმში ასახულ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, ე.ბ-იმა განაცხადა, რომ ჩანთაში სადილთან ერთად ჰქონდა ორი ლიტრი ღვინო (საფერავი), რომელიც თანამშრომელმა - კ.კ-იმა სთხოვა მის მეუღლეს. მსგავს განმარტებას იძლევა, აგრეთვე, კ.კ-ი, კერძოდ, ამავე სხდომის ოქმის თანახმად, კ.კ-იმა აღნიშნა, რომ მის მეუღლეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ხალხური მეთოდით ამზადებს ხოლმე ნაყენს, რომლის შემადგენობაშიც შედის საფერავი, რომელსაც პერიოდულად ე.ბ-ის მეუღლეს სთხოვდა ხოლმე. მან რამდენჯერმე მიუტანა ღვინო, თუმცა მას ყოველთვის ავტომობილის სადგომზე გადასცემდა. ე.ბ-ის განსახილველ ფაქტამდეც სთხოვა ღვინო, როგორც ჩანს მან იმ დღეს წამოუღო საფერავი, რაც წინასწარ არ იცოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე.ბ-ის თავისი თანამშრომლისათვის - კ.კ-ისათვის გადასაცემად მიჰქონდა ღვინო - 2 ლიტრი საფერავი.

სააპელაციო პალატამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ღვინის განმარტებაზე. ამ თვალსაზრისით, სასამართლომ მიუთითა როგორც „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესზე, ასევე, ქართული ენის განმარტებით ლექსიკონზე და აღნიშნა, რომ სითხის ღვინოდ მოხსენიება პრეზუმირებს მასში ალკოჰოლის შემცველობას. სასამართლო სდომებზე ე.ბ-ის ზოგადი, აბსტრაქტული განმარტება ღვინის დეალკოჰოლიზაციის და შედეგად მისი სრულად უალკოჰოლოდ ქცევის შესახებ არ იყო დასაბუთებული და არ ეყრდნობოდა რაიმე კონკრეტულ, გადამოწმებად ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე, არ იყო წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 45-ე მუხლით ალკოჰოლური სასმლის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე შეტანის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების ნორმატიული შესაძლებლობა, არ ადასტურებს სახდელის ამ სახის ყველა იმ გადაცდომისთვის გამოყენების საჭიროებას, რომელიც ფორმალური მახასიათებლებით შესაძლოა ექცეოდეს „წესდების“ 45-ე მუხლის შემადგენლობაში. ამდენად, ე.ბ-ისათვის სახდელის შეფარდებისას არ გამოირიცხებოდა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება, თანაზომიერი სახდელის შერჩევის საჭიროება.

სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო, აგრეთვე, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ ამ წესდებით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც აკმაყოფილებს მართლზომიერების პირობებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაცდომის ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი, შეფასებას საჭიროებდა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლების არსებობა, ხოლო ასეთის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, გამოყენებული სახდელის თანაზომიერება, რაც სადავო აქტის გამოცემისას არ მომხდარა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.ბ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ ალკოჰოლური სასმლის სამხედრო ნაწილის გამშვებ პუნქტზე შეტანა. მიუხედავად აღნიშნულისა, პალატამ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ თითქოს ე.ბ-ის დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ შეფასებულა და გამოკვლეულა ის გარემოება, წარმოადგენდა თუ არა გამშვები პუნქტი სამხედრო ნაწილის ტერიტორიას.

კასატორის მითითებით, მოპასუხის არაერთი განმარტების მიუხედავად, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 31 იანვრის #65 ბრძანებით დამტკიცებული წესი. მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ უთითებს, რომ გამშვები პუნქტების მოწყობა ხდება ქვედანაყოფის ტერიტორიაზე და არა ტერიტორიის გარეთ. ამდენად, კასატორი მიუთითებს, რომ გამშვები პუნქტი წარმოადგენს ქვედანაყოფის ტერიტორიას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი მიუთითებს ამავე წესის მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკონტროლო-გამშვები პუნქტის შენობა, როგორც წესი მოიცავს: ა) სამორიგეო ოთახს; ბ) მოსასვენებელ ოთახს; გ) ვიზიტორის მოსაცდელ ოთახს; დ) საპირფარეშოს. დასაშვებია საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე ოთახის არარსებობა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, ასევე, შეიძლება მოეწყოს იარაღის განსამუხტი. მითითებული ნორმა არ იძლევა ჩამონათვალს ალკოჰოლის შესანახ ადგილზე.

კასატორი, ასევე, მიუთითებს ამავე წესის მე-10 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს აკრძალული ნივთების ჩამონათვალს, მათ შორის, ალკოჰოლს.

ამდენად, კასატორი თვლის, რომ ზემოაღნიშნული წესის გამოყენების შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მივიდოდა დასკვნამდე, რომ საკონსტროლო გამშვები პუნქტი წარმოადგენს ქვედანაყოფის ტერიტორიას და მასში ალკოჰოლის შეტანის ფაქტის დაფიქსირება წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, რისთვისაც გათვალისწინებულია სამსახურიდან დათხოვნა.

კასატორი - ე.ბ-ი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ნივთიერება, რომელიც ე.ბ-ის თან ჰქონდა, იყო ალკოჰოლური სასმელი და სწორედ ამ სასმელს ჩაუტარდა ექსპერტიზა. ამ ფაქტობრივი გარემოების უსწორობის დადასტურების მიზნით, კასატორი ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე, კერძოდ, 2023 წლის 27 აპრილის დისციპლინურ ოქმში, რომლის IX გრაფაში სავალდებულო წესით უნდა მიეთითოს ამავე ოქმში ასახული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, არ არის ნახსენები იმის შესახებ, რომ ა.კ-ის მიერ ამოღებულ და დალუქულ იქნა პლასტმასის ბოთლი და მასში მოთავსებული სითხე.

კასატორის მითითებით, დისციპლინური გადაცდომის თობაზე საკითხის სრულად გამოკვლევის მიზნით 2023 წლის 11 მაისს, 2 ივნისსა და 29 ივნისს ჩატარებულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის #MOD 916 00000459 ბრძანებით განსაზღვრული სადისციპლინო საბჭოს არც ერთ სხდომაზე არა თუ არ ყოფილა პლასტმასის ბოთლისა და მისი დალუქვის ოქმზე მსჯელობა, არამედ ამგვარი მტკიცებულებების არსებობაც კი არ დასტურდებოდა. ამასთან, საქმეს ერთვის საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მე-... საარტილერიო ბრიგადის მეთაურის - პოლკოვნიკ გ.ჩ-სათვის 2023 წლის 28 აპრილის #MOD 6 23 00474750 მიმართვის წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ მას შემდგომი რეაგირებისათვის გაეგზავნა ე.ბ-ის დისციპლინური წარმოების მასალები სრულად. აღნიშნულ მასალებს არ ერთვის პლასტმასის ბოთლის დალუქვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კასატორის მითითებით, სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, სასამართლომ განჩინებით სრულად გამოითხოვა საქმის წარმოების მასალები. სასამართლოში წარმოდგენილ დოკუმენტაციას არ ერთვის პოლიეთილენის ბოთლის დალუქვის დამადასტურებელი ოქმი ან სხვა რაიმე მტკიცებულება. აღნიშნული ოქმის არსებობაზე არც მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში არის მითითებული.

კასატორის განმარტებით, პლასტიკის ბოთლის დალუქვის ოქმი და ექსპერტიზის დასკვნა მას შემდგომ „გაჩნდა“ საქმეში, რაც მოსამართლემ საქმის მთავარ სხდომაზე დასვა კითხვა. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ა.კ-ე, რომელმაც განაცხადა, რომ ამ მტკიცებულების არსებობაზე არავისთვის უცნობებია, არ აუტვირთავს საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში და მეტიც, თვეების განმავლობაში პოლიეთილენის ბოთლი მასში არსებული სითხით მის პირად კაბინეტში ინახებოდა მაცივრის გარეშე. კასატორი იქვე აღნიშნავს, რომ ა.კ-ის, როგორც სამხედრო პოლიციელის, ვალდებულებას წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომებზე რეაგირების მოხდენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, მტკიცებულებების მოძიება და აღნიშნული მასალების სრული მოცულობით შესაბამისი დისციპლინური საქმის წარმოების ორგანოსათვის/პირისათვის გადაცემა. კასატორის მითითებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოში დაკითხულმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი იმყოფებოდნენ ადგილზე და არ შესწრებიან დალუქვის ოქმის შედგენას.

კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ არ მომხდარა ე.ბ-ის მიერ ა.კ-ისათვის გადაცემული პლასტიკის ბოთლის დალუქვა. ე.ბ-ის თან ჰქონდა საფერავის ჯიშის ყურძნისაგან დამზადებული სითხე, რომელიც არ შეიცავდა ალკოჰოლს. მიუხედავად ამისა, დამსაქმებელს, როგორც სამსახურიდან დათხოვის კანონიერების ნაწილში მტკიცების ტვირთის მქონე სუბიექტს, არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება მასზედ, რომ ე.ბ-ის მიერ ა.კ-ისათვის გადაცემული ნივთიერება ალკოჰოლს შეიცავდა.

რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, კონკრეტული დისციპლინური გადაცდომის მიზნებიდან გამომდინარე, საკონტროლო გამშვები პუნქტის ტერიტორია წარმოადგენს თუ არა სამხედრო ბაზის ტერიტორიას, კასატორი აღნიშნავს, რომ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით როგორც პირველი ინსტანციის, ასევე, სააპელაციო სასამართლოში წარიმართა ვრცელი მსჯელობა. კასატორი არსებითად სწორად თვლის სასამართლოს აქცენტებს, რომლებიც შეეხება გამშვები პუნქტის არსებობის დანიშნულებას და მასში არსებულ პირადი ნივთების შესანახ კარადებს და სხვა გარემოებებს, თუმცა აღნიშნავს, რომ საქმეზე ჩატარდა არაერთი სხდომა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა არაერთი მტკიცებულება. სასამართლოს მხრიდან დასმულ იქნა შეკითხვა, თუ რატომ წარმოადგენდა გამშვები პუნქტი ბაზის შიდა ტერიტორიას კონკრეტული დისციპლინური გადაცდომის მიზნებისათვის. სასამართლო შეკითხვის საპასუხოდ კი მოპასუხემ ვერ უზრუნველყო საკანონმდებლო აქტის დასახელება, რომელიც კრძალავს აკრძალული ნივთების შესანახად განკუთვნილ ყუთში თუნდაც ალკოჰოლის შენახვას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა სათანადო საფუძველი დაედგინა, რომ გამშვები პუნქტის ტერიტორია არ იყო სამხედრო ბაზის ტერიტორია კონკრეტული დისციპლინური გადაცდომის მიზნებისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე.ბ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე.ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია (1) „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 13 ივლისის #MOD 5 23 00002536 ბრძანების ბათილად ცნობა, (2) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე ე.ბ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-... საარტილერიო ბრიგადის ...-ე უზრუნველყოფის ბატალიონის შტაბის ...ის ცენტრის I, II, IV და VI კლასის ოფიცრის (საშტატო კატეგორია: „კაპიტანი“; შტატი #..., გვარეობის კოდი...), ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ასევე, (3) მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის მისი სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების დღიდან - 2023 წლის 2 მაისიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისთვის, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურების დაკისრება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნია „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი (კონტრაქტის პირობების დარღვევა) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის #124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 45-ე მუხლი (ალკოჰოლური სასმლის შეტანა).

ზემოაღნიშნული წესდების 45-ე მუხლის მიხედვით, ალკოჰოლური სასმლის შეტანა სამსახურის ტერიტორიაზე იწვევდა 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. ამავე წესდების მე-13 მუხლის მიხედვით, დასვენების უფლების შეზღუდვა გამოიყენებოდა მხოლოდ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის მიმართ (21 პუნქტი), ხოლო სასწავლებლიდან გარიცხვა - მხოლოდ იუნკერის მიმართ (მე-4 პუნქტი).

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა ალკოჰოლური სასმლის სამსახურის ტერიტორიაზე შეტანის გამო. საქმის მასალების, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ე.ბ-ი შემოწმდა და მას ჩანთაში ალკოჰოლური ნივთიერება აღმოაჩნდა საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, რაც იმთავითვე არ ადასტურებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის #124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 45-ე მუხლის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა ალკოჰოლური სასმლის შეტანა სამსახურის ტერიტორიაზე. შესაბამისად, პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ პირის ქმედების აღნიშნულ დარღვევად კვალიფიკაციისათვის, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სამსახურის ტერიტორიის საზღვრების დადგენას. ამასთან, კასატორის მითითებების საპირისპიროდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული განხორციელდეს სწორედ დისციპლინური წარმოების მიზნებისათვის. საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო აქტი არ შეიცავს დისციპლინური წარმოების მიზნებისათვის საკონტროლო-გამშვები პუნქტის სამხედრო ნაწილის ტერიტორიად მიჩნევის დასაბუთებას.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს #519 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანი სამსახურის წესდების“ 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ხორციელდება ქვედანაყოფში პირადი შემადგენლობის, ვიზიტორების, სატრანსპორტო საშუალების, სამხედრო/სპეციალური ტექნიკის და ქონების დაშვება-გატარება და კონტროლი. ქვედანაყოფებს შორის მოიაზრება, მათ შორის, აღმოსავლეთის სარდლობა, რომლის შემადგენლობაშიც დასაქმებული იყო მოსარჩელე (წესდების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).

ამავე წესდების 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ხორციელდება: სამსახურებრივი დოკუმენტაციის შემოწმება და მფლობელთან იდენტიფიცირება; ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის და ვიზიტორების ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე დაშვება და საჭიროების შემთხვევაში ზედაპირული შემოწმება; სამხედრო და სხვა სახის ქონების ქვედანაყოფში შეტანა-გატანისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი.

წესდების 26-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგე პირის უფლება-მოვალეობებს შორის მითითებულია, რომ იგი უზრუნველყოფს ქვედანაყოფში პირადი შემადგენლობის, ვიზიტორების, სატრანსპორტო საშუალების, სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და ქონების დაშვება-გატარებას და კონტროლს, ვალდებულია აღკვეთოს დაშვების არმქონე პირთა ქვედანაყოფში შესვლა ან შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე სატრანსპორტო საშუალებების, სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და ქონების საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გატარება. მორიგე, ასევე, ამოწმებს დოკუმენტაციას და ნებას რთავს უფლებამოსილ პირებს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიტანონ ან გაიტანონ სამხედრო და სხვა სახის ქონება.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტი ეწყობა ქვედანაყოფში პირებისა და ნივთების დაშვების კონტროლის, მათ შორის, აკრძალული ნივთების შეტანის პრევენციის მიზნით. ამასთან, საქმის მასალებით, მათ შორის, მოპასუხის ახსნა-განმარტებით, მოწმის ჩვენებითა და საქმეში დაცული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ სამხედრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე არის სათავსო, რომელშიც შემსვლელებმა უნდა შეინახონ ნაწილზე აკრძალული ნივთები. მართალია, კასატორი, ძირითადად, იარაღის დატოვების შესაძლებლობაზე უთითებს, თუმცა უდავოა, რომ აკრძალული ნივთების ჩამონათვალი იარაღთან ერთად ალკოჰოლურ სასმელებსაც მოიცავს. ამასთან, კასატორი ვერ უთითებს რაიმე ნორმატიული მოწესრიგებაზე ან შიდა უწყებრივ წესზე, რომელიც გამშვებ პუნქტზე ალკოჰოლური სასმლის, როგორც ერთ-ერთი აკრძალული ნივთის, შენახვას გამორიცხავს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სადავო აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება არ მომხდარა.

რაც შეეხება ე.ბ-ის მტკიცებას დალუქვის ოქმის პროცედურული დარღვევებით შედგენის, დალუქვის განუხორციელებლობის და ამდენად, ექსპერტიზაზე გაურკვეველი ნივთიერების წარდგენის შესახებ, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ე.ბ-ის განმარტებების ამსახველი დოკუმენტაცია არ შეიცავს რაიმე მითითებას საფერავში ალკოჰოლის არარსებობის შესახებ. უფრო მეტიც, საქმეში დაცულია 2023 წლის 27 აპრილის დისციპლინური ოქმი, რომლის მე-3 გრაფაში („დისციპლინური გადაცდომის აღწერილობა“) აღნიშნულია, რომ ე.ბ-ის შემოწმებისას პირად ჩანთაში აღმოაჩნდა ალკოჰოლური სასმელი, რაზეც მან განაცხადა, რომ იყო 2 ლიტრი საფერავის ღვინო, რომელიც მას თანამშრომლისთვის მიჰქონდა. ამავე ოქმის მე-5 გრაფაში („სამხედრო მოსამსახურის ახსნა-განმარტება“) ე.ბ-ი აღნიშნავს, რომ შემოწმებისას აღმოაჩნდა სამკურნალოდ 2 ლიტრი საფერავი. თავისი განმარტება, ისევე როგორც ოქმი, ხელმოწერილია ე.ბ-ის მიერ. ოქმის მე-5 გრაფაში ან სხვა ნაწილში ე.ბ-ის არ აქვს მითითებული რაიმე შენიშვნა ოქმის შემდგენლის იმ განმარტებაზე, რომ მას პირად ჩანთაში აღმოაჩნდა არა უბრალოდ რაიმე სახის სითხე ან ყურძნის უალკოჰოლო წვენი, არამედ ალკოჰოლური სასმელი - საფერავის ღვინო.

ნიშანდობლივია, ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის #MOD 9 16 00000459 ბრძანებით განსაზღვრული სადისციპლინო საბჭოს 2023 წლის 11 მაისის სხდომის ოქმში ასახული განმარტება, რომლის მიხედვით, ე.ბ-იმა განაცხადა, რომ ჩანთაში სადილთან ერთად ჰქონდა ორი ლიტრი ღვინო (საფერავი), რომელიც თანამშრომელმა - კ.კ-იმა სთხოვა მის მეუღლეს. მსგავს განმარტებას იძლევა, აგრეთვე, თავად კ.კ-ი, რომელიც აღნიშნავს, რომ მის მეუღლეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რისთვისაც იგი ხალხური მეთოდით ამზადებს ნაყენს, რომლის შემადგენობაშიც შედის საფერავი. ე.ბ-იმა კი მას რამდენჯერმე მიუტანა მისი მეუღლის ღვინო, რომელსაც ყოველთვის ავტომობილის სადგომზე გადასცემდა. კ.კ-ის განმარტებით, განსახილველ შემთხვევამდეც სთხოვა ე.ბ-ის ღვინის მიტანა. როგორც ჩანს, მან სწორედ იმ დღეს წამოუღო საფერავი, რის შესახებაც მისთვის წინასწარ არ იყო ცნობილი.

საკასაციო სასამართლო, ასევე, იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის როგორც სადავო პერიოდში, ისე ამჟამად მოქმედი რედაქციის დანაწესებზე, რომლითაც ღვინო განიმარტება, როგორც ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელი, რომელიც მიიღება მხოლოდ ყურძნის, ყურძნის ტკბილის ან დურდოს სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად (მე-3 მუხ. „ჰ32“ ქვ.პ.). ამასთან, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ღვინო, ასევე, ალკოჰოლის შემცველ („მათრობელა“) სასმელად არის მიჩნეული (თბ. 1990, მთ.რედ.: არნ. ჩიქობავა).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სდომებზე ე.ბ-ის ზოგადი, აბსტრაქტული განმარტება ღვინის დეალკოჰოლიზაციის და შედეგად მისი სრულად უალკოჰოლოდ ქცევის შესახებ, არ არის დასაბუთებული და არ ეყრდნობა რაიმე კონკრეტულ, გადამოწმებად ფაქტობრივ გარემოებებს. არ არის წარმოდგენილი, აგრეთვე, ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მართალია, თავდაპირველად სითხეში ალკოჰოლის შემცველობის მტკიცების ტვირთი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკისრებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ე.ბ-იმა სადავოდ არ გახადა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მის მფლობელობაში არსებული სითხის ღვინოდ მოხსენიება, არ მიუთითა მასში ალკოჰოლის არარასებობაზე, სამართალწარმოების ფარგლებში მსგავსი განმარტებების გაკეთებისას, სწორედ მასზე გადავიდა ღვინოში ალკოჰოლის არარსებობის მტკიცების ტვირთი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დალუქვის პროცედურისა და სითხის შენახვის წესის დარღვევის საკითხები, ექსპერტიზაზე არასათანადო მასალის წარდგენასთან დაკავშირებული პრეტენზიები, არ არის დასაბუთებული, რადგან დგინდება შემოწმებისას ე.ბ-ის ჩანთაში არსებული სითხის ღვინოდ - ალკოჰოლურ სასმელად მიჩნევის პირობები.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის - ე.ბ-ის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ე.ბ-ის თავისი თანამშრომლისთვის - კ.კ-ისთვის გადასაცემად მიჰქონდა ღვინო - 2 ლიტრი საფერავი.

საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება იმთავითვე არ ასაბუთებს ე.ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სადავო ბრძანების კანონშესაბამისობას. კერძოდ, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 45-ე მუხლით ალკოჰოლური სასმლის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე შეტანის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების ნორმატიული შესაძლებლობა არ ადასტურებს სახდელის ამ სახის ყველა იმ გადაცდომისთვის გამოყენების საჭიროებას, რომელიც ფორმალური მახასიათებლებით შესაძლოა ექცეოდეს „წესდების“ 45-ე მუხლის შემადგენლობაში. ამდენად, ე.ბ-ისათვის სახდელის შეფარდებისას არ გამოირიცხებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების სათანადო განხორციელებისა და შედეგად, თანაზომიერი სახდელის შერჩევის საჭიროება.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ ამ წესდებით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც აკმაყოფილებს მართლზომიერების პირობებს.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელე ე.ბ-ი, ასევე მისი თანამშრომელი - სერჟანტი კ.კ-ი აღნიშნავდნენ, ე.ბ-ი პერიოდულად ახდენდა ღვინის თავისი თანამშრომლისთვის მიწოდებას, მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის პრობლემების გათვალისწინებით, სამკურნალო მიზნით, თუმცა მიწოდება ხდებოდა ავტოსადგომზე. ამასთანავე, ე.ბ-ი აღნიშნავდა, რომ მას ალკოჰოლური სასმლის ბაზაზე შეტანის განზრახვა არ ჰქონია და შემმოწმებელი სუბიექტისაგან სათანადო მითითების მიცემის შემდგომ, სასმელი დააბრუნა თავის ავტომანქანაში. გარდა ამისა, საქმის მასალებით, მათ შორის, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით, დასტურდება, რომ ე.ბ-ის პროფესიული კომპეტენცია და კეთილსინდისიერება არ არის სადავო, თავდაცვის სამინისტროში ხანგრძლივი სამსახურის პერიოდში მას არ შეფარდებია რაიმე სახის დისციპლინური სახდელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გადაცდომის ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი, შეფასებას საჭიროებს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლების არსებობა, ხოლო ასეთის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, გამოყენებული სახდელის თანაზომიერება, რაც სადავო აქტის გამოცემისას არ გათვალისწინებულა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე.ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა