№974აგ-13 12 მარტი, 2014 წელი
ხ-ი ი.- 974აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 17 ივლისის განაჩენით ი. ხ-ი, ნასამართლევი (ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 28 მაისის განაჩენით მსჯავრი დაედო სსკ-ის 114-ე მუხლითა და 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძველი რედაქცია) და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა), – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ პუნქტებით – 10 წლით, ხოლო 109-ე მუხლის „ი“, „ლ“ პუნქტებით – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლით (ძველი რედაქცია), სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, ი. ხ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2001 წლის 23 იანვრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ი. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 10 წელი, 3 თვე, 13 დღე და ი. ხ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლით, 9 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2007 წლის 10 ოქტომბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ხ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. ხ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წელი, 6 თვე და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე დამატებული სასჯელი და განესაზღვრა 7 წლით, 8 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა; აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ი. ხ-ს სასჯელად განესაზღვრა 8 წლით, 10 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2007 წლის 10 ოქტომბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ხ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ი. ხ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის 2007 წლის 10 ოქტომბრისთვის მოუხდელი ნაწილი - 6 წელი და 13 დღე - დაემატა სსკ-ის 3782-ე მუხლით დანიშნულ და ამნისტიით ერთი მეოთხედით შემცირებულ სასჯელს - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ ი. ხ-ს სასჯელად განესაზღვრა 7 წლით, 1 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ი. ხ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში ი. ხ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 17 ივლისის განაჩენით სასჯელი განესაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ხოლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. ამასთან, საბოლოო სასჯელის დადგენისას სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მისი პიროვნება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ხ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ანდა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენი ი. ხ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი