Facebook Twitter

№980აგ-13 4 მარტი, 2014 წელი

ბ-ი მ.- 980აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ადიგენის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 მარტის განაჩენით მ. ბ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მ. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით მსჯავრი დაედო მ. ო-ს.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად. მ. ბ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადაციო პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადა აეთვალა - 2010 წლის 24 მარტიდან.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ მ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,თ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები, შესაბამისად, მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით, 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 24 მარტიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა მ. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესახებ, კერძოდ:

სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მ. ბ-ის მიმართ სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 24 მარტიდან.

ადიგენის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 მარტის განაჩენი და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ბ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, მის მიმართ დანიშნულ სასჯელზე კანონით გათვალისწინებული შეღავათების სრულად გავრცელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

იმის გათვალისწინებით, რომ მ. ბ-ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,თ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში მ. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი განესაზღვრა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მ. ბ-სათვის სასჯელის მეტად შემცირება, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენი მ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი