საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-56(4კ-24) 4 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე), 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა (მესამე პირი), 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ. გ-ე
მესამე პირები - ა. ფ-ე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 18 აგვისტოს ბ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისის №..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 25 მარტის №..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 30 მარტის №... და სსიპ რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 ივნისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის ქ.თბილისში, ...ის ქუჩაზე (ს/კ ...) მდებარე 389 კვ.მ მიწის ნაკვეთის ბ. გ-ეის საკუთრების უფლებით რეგისტრირების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მისი ოჯახი 1924 წლიდან ფლობს ...ზე 10 ჰა მიწის ნაკვეთს, რომელიც მემკვიდრეობით ერგო. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მემკვიდრეობით მიღებული 4255 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, 3820 კვ.მ-ზე აქვს რეგისტრირებული საკუთრების უფლება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 389 კვ.მ მიწის ნაკვეთი უკანონოდ გადაეცა საკუთრებაში მოსარჩელის მდგმურს - ა. ფ-ეს, რის გამოც სრულად ვერ ირეგისტრირებს მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია და სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე - ა. ფ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ასევე ჩაბმულ იქნა ქალაქ თბილისის მთავრობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ბ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2009 წლის 25 მარტის და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებები. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 25 მარტის და 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებების თაობაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, მესამე პირის - ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. გ-ემ, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით, ბ. გ-ეის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ბ. გ-ეის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს საოქმო განჩინებები.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 25 მარტის რეგისტრაციის განხორციელებამდე უნდა გამოეკვლია მიწის ნაკვეთის ნაწილის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საარქივო მასალებთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ განესაზღვრა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის თუნდაც ნაწილის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. პალატის მოსაზრებით, ა. ფ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი არ არსებობდა, რაც ქმნის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორმა - სსიპ ქონების მართვის სააგენტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. უძრავ ნივთთან მიმართებით თითოეული რეგისტრაცია დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების შედეგია და შესაბამისად, თითოეული რეგისტრაციის კანონშესაბამისობა დამოუკიდებლად უნდა დადგინდეს. სააგენტოს მითითებით, 2009 წლის 25 მარტის №... გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ფაქტობრივი გარემოებები დეტალურად შეისწავლა და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება.
კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მსგავსად აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული ქონების კეთილსინდისიერი შემძენია. საქმის მასალებით არ დგინდება რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა თვითმმართველი ერთეულის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას მიაჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. კასატორმა აღნიშნა, რომ მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილების (რომლითაც სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა თვითმმართველი ერთეული) ბათილად ცნობის შესახებ, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 25 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობით კანონსაწინააღმდეგოდ გამოცხადდა სადავო ქონების ა. ფ-ეზე რეგისტრაცია, რომლის საფუძველზეც ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულსა და ა. ფ-ეს შორის დაიდო 2010 წლის 24 მარტის ხელშეკრულება ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. კასატორი მიუთითებს, რომ, აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მთავრობას აქვს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 25 მარტის №... გადაწყვეტილების ძალაში დატოვების იურიდიული ინტერესი. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ ასევე მიუთითა, რომ არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 25 მარტის №... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 ივნისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, თავდაპირველად, მოსარჩელე სარეგისტრაციო განცხადებით საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვდა 4255 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, თუმცა 2012 წლის 5 ივნისს თავად მხარემ წარმოადგინა კორექტირებული აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელ. ვერსია 3820 კვ.მ მიწის ფართობის მითითებით. საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციით გათვალისწინებული ფართისა და საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის იდენტურობა. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებების რეგისტრაციის პერიოდისათვის არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები, ხოლო საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
2024 წლის 27 თებერვალს, ბ. გ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით ბ. გ-ეის შეგებებული საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 17 დეკემბრის №2144 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 25 მარტის N... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ა. ფ-ეის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ...ში მდებარე 389 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების მიხედვით, ი. წ-ის სახელზე რიცხული 4265 კვ.მ მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა, ამავე ნორმის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს 2009 წლის 25 მარტის რეგისტრაციის განხორციელებამდე უნდა გამოეკვლია მიწის ნაკვეთის ნაწილის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა-არარსებობის საკითხი, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეედარებინა საარქივო მასალებთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ განესაზღვრა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის, თუნდაც ნაწილის მიმართ, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. ამდენად, სარეგისტრაციო სამსახური სადავო რეგისტრაციის განხორციელებამდე ვალდებული იყო, თუნდაც არქივის მონაცემების მიხედვით, დაედგინა ამავე მიწის ნაკვეთის სხვა პირზე აღრიცხვის ფაქტი. აღნიშნულის გადამოწმების გარეშე რეგისტრაციის განხორციელებით, მოსარჩელეს ფაქტობრივად წაერთვა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთის ნაწილზე.
პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელმა ორგანომ ასეთ შემთხვევაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დადგინდებოდა იმავე მიწის ნაკვეთზე სხვა პირის, კონკრეტულად, ი. წ-ის სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის ფაქტი და მარეგისტრირებელი ორგანო ამ შემთხვევაში უარს ეტყოდა განმცხადებელს სადავო რეგისტრაციის განხორციელებაზე.
ა. ფ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი რომ იმთავითვე არ არსებობდა, ასევე დასტურდება ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 27 მარტის №392 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი გადაწყვეტილების მიღების დღიდან ამავე კომისიის 2008 წლის 7 ნოემბრის №67 ოქმის მე-9 საკითხით მიღებული გადაწყვეტილება და გაუქმდა ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობა №2144. კომისიის 2008 წლის 7 ნოემბრის №67 ოქმის მე-9 საკითხით მიღებული გადაწყვეტილება კი წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 25 მარტის №... გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, რომლითაც ა. ფ-ეის საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისში, ...ში მდებარე 389 კვ.მ მიწის ფართი (საკადასტრო კოდი ...). მართალია, მარეგისტრირებელი ორგანო ხელმძღვანელობს მასთან სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების მოწმობის წარდგენის პირობებშიც კი რეგისტრაციის გამომრიცხავ გარემოებას ქმნიდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემები, რომელიც ადასტურებდა ამავე უძრავ ნივთზე სხვისი უფლების არსებობის ფაქტს.
რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებას, რომლითაც ქ. თბილისში, ...ში მდებარე 389 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, ხოლო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (21-ე-23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 26 თებერვლის №06.31.241 დადგენილების საფუძველზე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ. თბილისში, ...ში მდებარე 389 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით ფიზიკური პირის - ა. ფ-ეისათვის საკუთრებაში გადაცემა სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 მარტის №206 განკარგულებით ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქ. თბილისში, ...ში მდებარე 389 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა ფიზიკურ პირს - ა. ფ-ეს, რომელმაც, თავის მხრივ, 2010 წლის 24 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სანაცვლოდ, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულს თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქ. თბილისში, ...ში არსებული 389 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა (მიწის საკადასტრო კოდი ...).
ამდენად, საჯარო რეესტრისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის დროს არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან 2010 წლის 24 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება საკმარის საფუძველს ქმნიდა უძრავ ნივთზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე დარეგისტრირებულიყო საკუთრების უფლება. ამასთან, საგულისხმოა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება მხარეს სადავოდ არ გაუხდია და იურიდიული ძალის მქონეა, რის გამოც არ არსებობს სადავო რეგისტრაციის (თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილება) ბათილად ცნობის საფუძველი. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების შეფასება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივში დაცულ მონაცემებთან შესაბამისობის დადგენის თვალსაზრისით, დაუშვებელია, რადგან ყოველი რეგისტრაციის განხორციელებისას მხოლოდ მოქმედი რეგისტრირებული მონაცემის მიხედვით უნდა განისაზღვროს უძრავი ქონების უფლებამოსილი მესაკუთრე. გარდა ამისა, ხელშეკრულების დადებისა და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის დროისათვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი უფლების შემძენს მხოლოდ საჯარო რეესტრის ჩანაწერის შემოწმების ვალდებულებას აკისრებდა და ადგენდა, რომ შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება უძრავი ნივთის მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
ბ. გ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისის №... გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტის მიღებისას დარღვეული იყო მისი გამოცემისა და მომზადების წესი, კერძოდ, სადავო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სათანადო გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 12 ივნისისა და 2009 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებების ნაწილში, შესაბამისად, მათ ნაწილში სადავო გადაწყვეტილება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი, ხოლო რაც შეეხება 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებას, სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისის №... გადაწყვეტილება შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას, რის გამოც ამ ნაწილში არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილების კანონშესაბამისად მიჩნევის პირობებში, ასევე უსაფუძვლო იყო ბ. გ-ეის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რომლითაც დარეგისტრირდებოდა მისი საკუთრების უფლება.
საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრებზე მოსარჩელე ბ. გ-ემ წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი, სადაც შესაგებლის ავტორმა იშუამდგომლა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა წარმოადგენს თბილისის საკრებულოს აღიარების კომისიის უფლებამონაცვლეს, რის გამოც, იგი არ არის უფლებამოსილი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახადოს სადავოდ.
საკასაციო სასამართლო ბ. გ-ეის საკასაციო შესაგებელში დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-59 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის რეგლამენტის პირველი მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა (შემდგომში - მთავრობა) არის კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში - საკრებულო) გადაწყვეტილებების აღსრულებას; მთავრობა შედგება: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელისა) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების გამგებლებისგან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მთავრობას ხელმძღვანელობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) მერი. იგი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს და ორგანიზებას უწევს მის მუშაობას, ახორციელებს მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარში მოცემული დასაბუთება, რომ მთავრობას აქვს იურიდიული ინტერესი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 25 მარტის №... გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით, ასევე მთავრობის მსჯელობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 25 მარტის №... და 2014 წლის 12 ივნისის ... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობასთან დაკავშირებით, მიუთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კანონიერ ინტერესზე, რაც უკავშირდება თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლებას, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო შესაგებლის ავტორის - ბ. გ-ეის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის საკასაციო საჩივარზე 18.01.2024წ. №01485 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.01.2024წ. №01485 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე