ას-325-645-05 26 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),
მ. ახალაძე
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 25 მაისს მ. ე-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ქ-ისა და მ. წ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 15 ივნისის განჩინებით მ.ე-ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე იმ მოტივით, რომ სარჩელში მითითებულ გარემოებებზე არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
აღნიშნულ განჩინებაზე მ.ე-მა შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც ამავე სასამართლოს 2004წ. 28 ივნისის განჩინებით, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 დეკემბრის საოქმო განჩინებით, მხარეთა გამოუცხადებლობის მოტივით, კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი. პალატის მითითებით, მხარეებს სასამართლო უწყება გაეგზავნათა სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, თუმცა ისინი სხდომაზე არ გამოცხადებულან და აღნიშნული საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.
2005წ. 10 იანვარს მ.ე-მა საჩივრით მიმართა სასამართლოს ზემოხსენებული საოლქო განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუმცა გასაჩივრებული განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმების შესახებ მოთხოვნა მ.ე-ს არ დაუყენებია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 იანვრის განჩინებით მხარეს განემარტა, რომ სსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემეობათა გამო გაუქმების შესაძლებლობა კანონით გათვალისწინებული არ არის.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მ. ე-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მოპასუხეთათვის იმ წყალგაყვანილობათა კომუნიკაციების აღების დაკისრება, რომელთა გამოც მ.ე-ის საცხოვრებელ ბინა, მუდმივად ადგება ზიანი, ასევე ამ ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის სათადო ექსპერტიზის ჩატარება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 თებერვლის განჩინებით წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა რა საქმის მასალები, თვლის, რომ მ. ე-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 დეკემბრის საოქმო განჩინებით, მხარეთა გამოუცხადებლობის მოტივით, მ. ე-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.
2005წ. 10 იანვარს მ.ე-მა საჩივრით მიმართა სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წინამძღვრები. მოცემულ შემთხვევაში მ.ე-ი ითხოვს კერძო საჩივარზე გამოტანილი განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებას, რასაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სსკ-ის დასახელებული ნორმით საქმის წარმოების განახლება დაიშვება მხოლოდ ისეთ საქმეებზე, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. კერძო საჩივარზე მიღებული განჩინება არ შეიძლება იყოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმების ობიექტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ე-ის განცხადება სწორად დარჩა განუხილველი, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი კერძო საჩივრით დასაბუთებული არ არის, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დაადგინა:
m.
n. ე-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 იანვრისა და 2005წ. 10 თებერვლის განჩინებები მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.