Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-257(კ-24) 11 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - თ. ტ-ე

მესამე პირი - მ. დ-ი

თავდაპირველი მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ. ტ-ემ 2022 წლის 19 აპრილს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურისა და მ. დ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის ხელმძღვანელის 2021 წლის 20 დეკემბრისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 15 მარტის ბრძანებების თ. ტ-ეის 6000 ლარით დაჯარიმების ნაწილში ბათილად ცნობა.

სარჩელის მიხედვით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის ხელმძღვანელის 2021 წლის 20 დეკემბრის №დ06.38213541 დადგენილებით, ქ. რუსთავში, ...ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე შენობა-ნაგებობის განთავსებისათვის, თ. ტ-ე დაჯარიმდა 6000 ლარით და მასვე დაევალა შენობის დემონტაჟი, რაც გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 15 მარტის №ბ38.382207472 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ძალაში დარჩა გასაჩივრებული ბრძანება დაჯარიმების ნაწილში, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული ის გარემოება, რომ თ. ტ-ე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების მესაკუთრე გახდა 2020 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, შესაბამისად, მას წარმოებული სამშენებლო საქმიანობისა და წინა მესაკუთრის - ც. გ-ის დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა და მოსარჩელე არ წარმოადგენდა სამართალდამრღვევს. ამასთან, სარჩელში მითითებულია, რომ უძრავი ქონების ამჟამინდელ მესაკუთრეს წარმოადგენდა მ. დ-ი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. დ-ი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ტ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რუსთვის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების შეძენის მომენტისთვის უკანონო მიშენების არსებობის შესახებ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 122-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი. სასამართლოს შეფასებით, თ. ტ-ეს, როგორც მესაკუთრეს, რაიმე დოკუმენტი მშენებლობის ნებართვის თაობაზე არ წარუდგენია არც ადმინისტრაციულ ორგანოში და არც სასამართლოში, შესაბამისად არსებობდა მისთვის, როგორც მესაკუთრისთვის, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. საქალაქო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანო მოსარჩელეს ედავებოდა შენობა-ნაგებობის უკანონო მშენებლობისთვის, გამოხატული კარის მოხსნით და შესასვლელი კარის ვიტრაჟის მოწყობით. აღნიშნული კი დგინდებოდა საქმეში წარმოდგენილი ფოტო მასალით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ტ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ტ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ტ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის 2021 წლის 20 დეკემბრის დადგენილება თ. ტ-ეის დაჯარიმების ნაწილში, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 15 მარტის ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში მოწმის სახით დაკითხულ ხ. გ-ის ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ სადავო სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული იყო ც. გ-ის დაკვეთით, როდესაც ის წარმოადგენდა ამ ფართის მესაკუთრეს, რაც ვერ იქნა გაბათილებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. პალატის შეფასებით ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო სამუშაოები განახორციელა თ. ტ-ემ ან/და სამუშაოები განხორციელებული იყო იმ პერიოდში, როდესაც უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაში იყო. გარდა ამისა, მოწმემ დაადასტურა და მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმაც მიუთითეს, რომ სადავო კედელი, რომლის მოხსნასაც ედავებოდნენ მოსარჩელეს, ამოშენებული იყო. ამრიგად, სააპელაციო პალატის მიერ დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ თ. ტ-ემ იმ სახით შეიძინა უძრავი ქონება, რა სახითაც ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დააფიქსირეს და მას რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოები არ უწარმოებია, აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავდა მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უძრავი ქონება უკვე გაასხვისა მანანა დათუაშვილზე, რის გამოც ინსპექციის მიერ მიღებული დადგენილება დემონტაჟის დავალების ნაწილში ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაუქმებული იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თ. ტ-ეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ საქმის შეფასებისას არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები და ის მტკიცებულებები, რაც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს და შემდგომში რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, კონკრეტულად კი ის გარემოება, რომ სადავო ქონებაზე ადმინისტრაციულ ორგანოში 2019 წლიდან მიმდინარეობდა როგორც სამართალდარღვევის საქმის წარმოება, აგრეთვე სასამართლო დავა.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტების კანონიერების მტკიცების ტვირთის დაუძლევლობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენება, რასაც დაეყრდნო სასამართლო, წინააღმდეგობრივია, ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ თ. ტ-ეს მართებულად დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კერძოდ, ც. გ-ის განცხადებით, მან 2019 წელს ნათია სებისკვერაძისგან შეიძინა ქონება იმ პერიოდისათვის არსებული მდგომარეობით და მასზე არანაირი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებია; მოიჯარეების განცხადებებით ასევე დასტურდება, რომ მათ არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებიათ მითითებულ შენობა-ნაგებობაზე; საჯარო რეესტრის ამონაწერით კი დადასტურებულია, რომ შენობა-ნაგებობაზე მიშენება განხორციელდა თ. ტ-ეის მესაკუთრეობის პერიოდში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება თ. ტ-ეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მარტის განჩინებით, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ დავა სააპელაციო პალატის მიერ არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს განსაზღვრავს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ (მუხ.1 პუნქტი „გ“). მითითებული კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილითა და ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) თვითმმართველ ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამდენად, როგორც სამართალდარღვევის, ასევე დამრღვევის დადგენის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, სამართალდარღვევა ყველა შემთხვევაში შეაფასოს ინდივიდუალურად, რა დროსაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმის გამოკვლევას, ხომ არ არსებობს შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა დიფერენცირების იმ თავისებურებაზე, რასაც „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ ითვალისწინებს; კერძოდ, კანონმდებელი სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტებად (დამრღვევად) მოიაზრებს როგორც უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელ პირს, ასევე შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი (მუხლი 122).

აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას სამშენებლო სამართალდარღვევის (უნებართვო მშენებლობა) არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უტყუარად დაადასტუროს მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირის დადგენის შეუძლებლობა და უნებართვო მშენებლობისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მხოლოდ ამის შემდეგ გადააკისროს შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ტ-ეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; კერძოდ, 2021 წლის 20 დეკემბრის №დ06.38213541 დადგენილებით, მითითების შეუსრულებლობისათვის, ქ. რუსთავში, ...ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, შენობა-ნაგებობის განთავსებისათვის, თ. ტ-ეს დაეკისრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით. ამავე დადგენილებით თ. ტ-ეს დაევალა ქ. რუსთავში, ...ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 15 მარტის №ბ38.382207472 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალაში დარჩა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის 2021 წლის 20 დეკემბრის №დ06.38213541 დადგენილება დაჯარიმების ნაწილში, ხოლო დემონტაჟის ნაწილში შემდგომი შესწავლის მიზნით დაუბრუნდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს, იმ საფუძვლით, რომ საქმის წარმოების პროცესში უძრავ ქონებაზე შეიცვალა მესაკუთრე და თ. ტ-ე ჩაანაცვლა მანანა დათუაშვილმა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს არა სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა, არამედ სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად თ. ტ-ეის მიჩნევა და მისთვის სახდელის დაკისრების კანონიერება.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქ. რუსთავში, ...ს ქუჩა №1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ ფიქსირდებოდა ც. გ-ი (ტომი 1, ს.ფ. 129, 130, 247-248), ხოლო - 2020 წლის 02 დეკემბრიდან მისი მესაკუთრეა თ. ტ-ე (ტომი 1, ს.ფ. 25-26), ამასთან, საჯარო რეესტრის 2021 წლის 16 დეკემბრის ამონაწერის მიხედვით, ამავე ქონებაზე დარეგისტრირდა მ. დ-ის საკუთრების უფლება (ტომი 1, ს.ფ. 27-29). საქმეში მოწმის სახით დაკითხულ ხ. გ-ის ჩვენებით სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ 2020 წლის 02 იანვარს იჯარით აიღო ც. გ-ის კუთვნილი ფართი, სადაც ჰქონდა სურსათის მაღაზია. ამ ფართის უკან იყო ,,გარაჟი“, რომელსაც მის ფართთან გააჩნდა საერთო კედელი. ვინაიდან მის მიერ ნაქირავები შენობა იყო მცირე ზომის, ქირის გაზრდის სანაცვლოდ მესაკუთრეს სთხოვა ამ ფართების გაერთიანება, რაც ც. გ-იმა განახორციელა დაქირავებული პირების მეშვეობით 2020 წლის სექტემბერში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორს წარმოდგენილი არ აქვს, შესაბამისად, გამოირიცხება თ. ტ-ეისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობების არსებობა, რადგან მოსარჩელის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის აუცილებელია სახეზე იყოს მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირის დადგენის შეუძლებლობა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე დააკისრა პასუხისმგებლობა თ. ტ-ეს, რომ სათანადოდ არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია სადავო სამუშაოების მწარმოებელი პირი, შესაბამისად, არ არსებობდა „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 130-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და მის მიმართ სადავო აქტების გამოცემის წინაპირობები. ამრიგად, გასაჩივრებული აქტები გასაჩივრებულ ნაწილში გამოცემულია სამშენებლო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, მათი ბათილად ცნობის საფუძველია.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა