საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-564(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ჩ-ის კანონიერი წარმომადგენელი ა. გ-ე
მოპასუხე - შპს „რ...“
დავის საგანი - იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის აღიარება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ჩ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ა. გ-ემ 2019 წლის 12 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შპს „რ...ს“ მიმართ და მოითხოვა აღიარებულ იქნეს შპს ,,რ...ში‘’ ლ. ჩ-ის მიერ 2018-2019 სასწავლო წლებში პირველი კლასის სრული სასწავლო კურსის გავლის ფაქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღიარებულ იქნა ლ. ჩ-ის მიერ 2018-2019 სასწავლო წლებში შპს ,,რ...ში’’ პირველი კლასის საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლის ფაქტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით ლ. ჩ-ი დაბადებულია ... წლის ...ს, მისი ასაკი არ შეესაბამებოდა 2018-2019 სასწავლო წლების სასკოლო ასაკს და მისი სკოლაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონის გვერდის ავლით. სასამართლოების მიერ არანაირი შეფასება არ მიეცა შპს „რ...სა" და არასრულწლოვან ლ. ჩ-ის კანონიერ წარმომადგენლ ა. გ-ეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ ჩანაწერს, სადაც აღნიშნულია, რომ ლ. ჩ-ი სკოლაში მიღებულია „აღსაზრდელად". კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მართალია, გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არანაირი შეფასება არ მისცა მას, კერძოდ, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის N04/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – კერძო სკოლა) პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში. მესამე პუნქტის თანახმად, კერძო სკოლა ვალდებულია, პირველ კლასში ჩარიცხული მოსწავლის/მოსწავლეების ჩარიცხვის შესახებ გამოცემული შესაბამისი აქტი/აქტები ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში სასწავლო წლის დაწყებამდე. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია გასცეს თანხმობა კერძო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, კერძო სკოლა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, ხოლო ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემები და ჩარიცხვის შესახებ აქტი ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში. ამასთან კასატორმა აღნიშნა, რომ „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს „აღსაზრდელის" ცნებას. შესაბამისად, ამ სტატუსის მქონე პირი არ შეიძლება გაიგივებულ იქნეს მოსწავლესთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შპს ,,რ...ში‘’ ლ. ჩ-ის მიერ 2018-2019 სასწავლო წლებში პირველი კლასის სრული სასწავლო კურსის გავლის ფაქტის აღიარების კანონიერების შემოწმება.
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს ,,რ...სა‘’ და ლ. ჩ-ის კანონიერ წარმომადგენელს (მშობელი) ა. გ-ეს შორის 2018 წლის 08 ივნისს დაიდო ხელშეკრულება შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ლ. ჩ-ი ჩაირიცხა შპს ,,რ...ს‘’ პირველ კლასში. ხელშეკრულება დაიდო ერთი წლის ვადით 2018-2019 სასწავლო წლების დასრულებამდე. ლ. ჩ-ი დაიბადა ... წლის ...ს და 2018-2019 სასწავლო წლისათვის მისი ასაკი არ შეესაბამებოდა ,,ზოგადი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისათვის აუცილებელ მინიმალურ სასკოლო ასაკს (6 წელი). 2018-2019 სასწავლო წლებში ლ. ჩ-იმა გაიარა და წარმატებით დაასრულა შპს „რ...ს“ პირველი კლასის საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი. 2018-2019 სასწავლო წლების დასასრულს ლ. ჩ-ის კანონიერ წარმომადგენელ ა. გ-ეს შპს „რ...ს“ უფლებამოსილი პირის მიერ (ლ. ჩ-ის მასწავლებელი) ეცნობა, რომ ლ. ჩ-ი აღნიშნული სასწავლებლის პირველ კლასში ჩაირიცხებოდა მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლიდან, მანამდე ლ. ჩ-ი არაფორმალურად ირიცხებოდა სასწავლებელში არსებულ სკოლამდელ სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროგრამაზე. ლ. ჩ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ა. გ-ემ 2019 წლის 04 ივლისსა და 2019 წლის 27 აგვისტოს განცხადებებით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს და გამონაკლისის სახით ლ. ჩ-ისათვის პირველ კლასში შემავალი საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებზე დაშვების უფლების მინიჭება მოითხოვა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 16 აგვისტოს MES 7 19 01055467 და 2019 წლის 30 აგვისტოს MES 8 19 01106380 წერილებით ა. გ-ეს ეცნობა, რომ არ დასტურდებოდა ლ. ჩ-ისათვის 2018 წლის ...ს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სწავლის დაწყების ასაკის (6 წელი) შესრულების ფაქტი. ასევე, არ დასტურდებოდა ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისათვის ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით ობიექტური გარემოების არსებობის ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ა. გ-ეს უარი უთხრა გამონაკლისის სახით ლ. ჩ-ისათვის პირველ კლასში შემავალი საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებზე დაშვების უფლების მინიჭებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბრისა და 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებების (საქმე №3/7031-19) საფუძველზე შპს ,,რ...ს‘’ 2019 წლის 04 ოქტომბრის №02/304 ბრძანებით ლ. ჩ-ი გადაყვანილ იქნა და ჩაირიცხა ამავე სასწავლებლის მე-2 კლასში, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების აღსრულების მიზნით.
საკასაციო პალატა მოცემული დავის გადასაწყვეტად თავდაპირველად ხელმძღვანელობს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, ზოგადი განათლება არის განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს, ხოლო ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი). ამასთან, ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა შეპირისპირებული ერთი მხრივ კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და მეორე მხრივ, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის სამართლებრივი მიზნები და ფასეულობები. ბავშვი წარმოადგენს განსაკუთრებით მოწყვლად სამართლის სუბიექტს, რომელთან დაკავშირებით ნებისმიერი ფუნდამენტური უფლების შემზღუდავი გადაწყვეტილების მიღება მაღალი ხარისხის სენსიტიურობით გამოირჩევა. ბავშვთა უფლებების კონვენციის 28-ე მუხლი აღიარებს ყველა ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლებას. ამავე კონვენციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ეთანხმებიან იმას, რომ ბავშვის განათლება მიმართული უნდა იყოს ბავშვის პიროვნების, ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური უნარების სრული განვითარებისაკენ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის თანახმად, არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების უფლებზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება. ბავშვთა უფლებათა კოდექსი სრულად იზიარებს ბავშვის უფლებების შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით განმტკიცებულ პრინციპებს და განმარტავს ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირებისას სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა თუ პრინციპებს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის რიგი სამართლებრივი მუხლები უკვე მოქმედი და სავალდებულოა. ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის სამართლებრივი მოწესრიგებისას გადამწყვეტად, არსობრივად მნიშვნელოვანია ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის გამოვლენილი იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესი მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, ვინაიდან სწორედ აღნიშნული წარმოადგენს ბავშვთან მიმართებით მისაღები გადაწყვეტილების შინაარსის განმსაზღვრელ ძირითად ინდიკატორს. ამასთან, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლი განმარტავს, რომ ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება შეიძლება განიმარტოს, როგორც ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, ზნეობრივი და სხვა სახის ინტერესები, რომლებიც პრიორიტეტულადაა განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა თუ საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვითა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ფ...ის დირექტორის ნ. ჩ-ასა და ამავე ცენტრის ფსიქოლოგ ს. მ-ეის მიერ 2019 წლის 27 აგვისტოს გაცემულ ცნობაზე, რომლითაც დგინდება, რომ ლ. ჩ-ის აკადემიური და კოგნიტიური უნარები შეესაბამება მეორე კლასის მოსწავლის მოთხოვნებსა და 7-8 წლის ასაკის ბავშვის მონაცემებს. მოზარდი ყველა პირობას აკმაყოფილებს, რომ გაიაროს მეორე კლასის საგანმანათლებლო პროგრამა. ამავე ცნობის თანახმად, ლ. ჩ-ის კვლავ პირველ კლასში დაბრუნება და იგივე მასალის გავლა, რაც ერთხელ უკვე საფუძვლიანად აქვს დასწავლილი გამოიწვევს სწავლის მოტივის საფუძვლის გამოცლას და სწავლის ინტერესის დაკარგვას. ლ. ჩ-ის პირველ კლასში განმეორებით სწავლა მის მიერ აღიქმება მტრულად და იქნება მატრავმირებელი.
საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტების შეფასებით უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბავშვი როგორც გონებრივი შესაძლებლობებით, ასევე მორალურად მზადაა სწავლის მეორე კლასში გასაგრძელებლად. კვლავ პირველ კლასში სწავლით ლ. ჩ-ის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი და საფრთხის ქვეშ დადგება ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა განათლების ან/და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სამართლებრივ შეფასებას და განმარტავს, რომ ლეგიტიმურია მიზანი მხოლოდ მაშინ, როცა კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს მასზე უპირატესი სამართლებრივი დაცვის ღირსი ინტერესი. ლ. ჩ-ის თავისუფალი განვითარების, განათლების უფლებები მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესს, რაც თავის მხრივ, უპირობოდ გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული ინტერესის დაცვის აუცილებლობას. ამდენად, საქმის გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მართებულად იქნა დადასტურებული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, კერძოდ, ლ. ჩ-ის მიერ შპს ,,რ...ს’’ პირველი კლასის საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლის ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე