Facebook Twitter

ას-329-649-05 25 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი

დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 22 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ფ-ის“ სარჩელი მოპასუხე სს „რ-ს“ მიმართ საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ფ-ის“ დირექტორმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 20 სექტემბრის განჩინებით აპელანტს დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მიეთითებინა დავის საგნის ღირებულებაზე და გადაეხადა შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი. 2004წ. 20 სექტემბრის განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2004წ. 28 სექტემბერს. დადგენილ ვადაში აპელანტმა არ გამოასწორა ხარვეზი და 2004წ. 15 ნოემბრის განჩინებით შპს „ფ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. ეს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ფ-ის“ დირექტორმა და მოითხოვა 2004წ. 15 ნოემბრის განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საზოგადოება განიცდის მძიმე ფინანსურ კრიზისს და მოითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას. სააპელაციო პალატამ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩვარი აღარ მიიღება და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის 2004წ. 20 სექტემბრის განჩინებით, აპელანტს დაევალა ხარვეზის შევსება განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, კერძოდ, აპელანტს უნდა მიეთითებინა დავის საგნის ღირებულებაზე და გადაეხადა შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ გამოასწორა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ საწარმო განიცდის ფინანსურ კრიზისს და მის მიერ გადახდილი ბაჟი 30 ლარის ოდენობით სასამართლოს საკმარისად უნდა ჩაეთვალა, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგან, სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება, შემცირება ანდა განაწილვადება დაკავშირებულია მხარის ქონებრივ მდგომარეობასთან და სასამართლოსათვის ასეთი მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში აუცილებელია იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დგინდება განმცხადებლის ქონებრივი მდგომარეობა. შპს „ფ-ის“ წარმომადგენელს ასეთი მტკიცებულებები არ წარუდგენია სასამართლოში, შესაბამისად, მისი კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ფ-ის“ დირექტორ ფ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 15 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.