Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-599(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ ...“

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 16 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - შპს „...ას“ მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 728 00 აშშ დოლარისა და 48 500 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ას“ შორის 2015 წლის 23 სექტემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მყიდველს პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, ...ის გამზირის №60-სა და №60ა-ში მდებარე ..., ..., ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთები. ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველმა იკისრა მთელი რიგი ვალდებულებები: მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის - 4 000 000 (ოთხი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტური ლარის, გამყიდველის მიერ ხელშეკრულების 4.2.2, 4.2.3 და 4.2.4 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადახდა (მუხლი 3.1, 3.2); მინიმუმ მაღალი ხარისხის „ ...“ მასშტაბის კატეგორიის მქონე არანაკლებ ... ... და ...ას შექმნა გამყიდველის მიერ ხელშეკრულების 4.2.2, 4.2.3 და 4.2.4 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან 31.5 თვის ვადაში (მუხლი 4.1.2); Grade-A კატეგორიის ... შენობის აშენება/შექმნა გამყიდველის მიერ ხელშეკრულების 4.2.2, 4.2.3 და 4.2.4 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან 44.5 თვის ვადაში (მუხლი 4.1.3); არანაკლებ 57 760 000 (ორმოცდაჩვიდმეტი მილიონ შვიდას სამოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება გამყიდველის მიერ ხელშეკრულების 4.2.2, 4.2.3 და 4.2.4 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან 44.5 თვის ვადაში (მუხლი 4.1.4); შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება ფინანსური (სოციალური) დახმარების აღმოჩენის მიზნით ხელშეკრულების 4.2.2.1 და 4.2.2.2 მუხლებში აღნიშნული უკანონო მფლობელებისთვის თანხების (არა უმეტეს 500000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარისა) გადასახდელად, გამყიდველის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 50 (ორმოცდაათი) დღის ვადაში, მყიდველი ვალდებული იყო, ხელშეკრულების 4.2.2.1 და 4.2.2.2 მუხლებში აღწერილ უკანონო მფლობელებისათვის ერთიანობაში გადაეხადა თანხა არა უმეტეს 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის გადასახდელად, გამყიდველის მიერ ხელშეკრულების 4.2.2 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 50 (ორმოცდაათი) დღის ვადაში; მყიდველი ვალდებული იყო, ხელშეკრულების 4,.2.2.1 და 4.2.2.2 მუხლებში აღწერილი უკანონო მფლობელებისათვის ერთიანობაში გადაეხადა თანხა არა უმეტეს 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური (სოციალური) დახმარების სახით, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 80 (ოთხმოცი) დღის ვადაში (მუხლის 4.1.7); ხელშეკრულების 4.2.2 მუხლში აღწერილი უკანონო მფლობელების გამოყვანიდან 20 (ოცი) დღის ვადაში „გამყიდველისათვის“ A კლასის ბანკის მიერ გაცემული და დადასტურებული საქართველოს ეროვნული ბანკის ან საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის მიერ გაცემული 5 726 000 (ხუთი მილიონ შვიდას ოცდაექვსი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის (მეორე საბანკო გარანტია) წარდგენა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო „ხელშეკრულების“ 4.1.1, 4.1.2, 4.1.3, 4.1.4 და 4.1.7 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გამყიდველის, როგორც ხელშეკრულების მხარის, მთავარ მიზანს წარმოადგენდა საინვესტიციო პროექტის განხორციელება და ამით შესაბამისი ეკონომიკური შედეგის მიღება. სწორედ ამიტომ, მყიდველს არაერთხელ მიეცა დამატებითი ვადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დღემდე არ შესრულებულა. საბოლოოდ, ხელშეკრულების 8.1.5 მუხლისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამყიდველმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყენებინა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს სასამართლო წესით მოთხოვნის უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ №3ბ/2278-18 ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „...“, მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტისა და მისი შედეგების ბათილად ცნობა და ხელშეკრულების მოქმედების აღდგენა).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 728 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით (გადაუხდელი საპრივატიზაციო საფასურის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 5000 ლარის ოდენობით (ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო).

აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულიად მართებულად დაადგინეს მოპასუხის მიერ ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, რის გამოც შპს „...ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს გადახდა 728 000 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა არასწორია სასამართლოთა მსჯელობა, სხვა ვალდებულების დარღვევის ნაწილში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 48 500 ლარის შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და მისი 5000 ლარამდე შემცირების ნაწილში.

კასატორის მითითებით, წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი, კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით. ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონისმიერი პირგასამტეხლოს მიმართ, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნება პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ ასახავდა სპეციალური ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმპერატიულ მოთხოვნებს. სასამართლომ გამოიყენა ზემოაღნიშნული ნორმა და შეამცირა, მისი მოსაზრებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა მას არ უმსჯელია იმ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო პირგასამტეხლოს შემცირებას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მსჯელობა ამ ნაწილში სრულიად დაუსაბუთებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ას“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. შესაბამისად, გადაწყვეტილება საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის გამო მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს - 728 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) დაკისრების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.2. მუხლით გათვალისწინებული პირობის დარღვევიდან (საბანკო გარანტიის წარუდგენლობა) გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 48 500 ლარის შემცირების კანონიერებაზე. სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნებისთვის კი, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის არსებობის დადგენა, დარღვევით გამოწვეული ზიანის ხასიათი, ვალდებულების დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით წინასწარ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი შესაბამისობა გონივრულ ზღვართან.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ას“ შორის 2015 წლის 23 სექტემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მყიდველს პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, ...ის გამზირის №60-სა და №60ა-ში მდებარე ..., ..., ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთები. ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი ვალდებული იყო: აეშენებინა მინიმუმ მაღალი ხარისხის „...“ მასშტაბის კატეგორიის მქონე არანაკლებ ... ... და ... გამყიდველის მიერ ხელშეკრულების 4.2.2, 4.2.3 და 4.2.4 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან 31.5 თვის ვადაში (მუხლი 4.1.2); უზრუნველეყო Grade-A კატეგორიის ... შენობის აშენება/შექმნა გამყიდველის მიერ ხელშეკრულების 4.2.2, 4.2.3 და 4.2.4 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან 44.5 თვის ვადაში (მუხლი 4.1.3); განეხორციელებინა არანაკლებ 57 760 000 (ორმოცდაჩვიდმეტი მილიონ შვიდას სამოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია გამყიდველის მიერ ხელშეკრულების 4.2.2, 4.2.3 და 4.2.4 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან 44.5 თვის ვადაში (მუხლი 4.1.4); უზრუნველეყო შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, ფინანსური (სოციალური) დახმარების აღმოჩენის მიზნით, ხელშეკრულების 4.2.2.1 და 4.2.2.2 მუხლებში აღნიშნული უკანონო მფლობელებისთვის თანხების (არა უმეტეს 500000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარისა) გადასახდელად, გამყიდველის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 50 (ორმოცდაათი) დღის ვადაში. მყიდველი ვალდებული იყო, ხელშეკრულების 4.2.2.1 და 4.2.2.2 მუხლებში აღწერილ უკანონო მფლობელებისათვის ერთიანობაში გადაეხადა თანხა არა უმეტეს 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის გადასახდელად გამყიდველის მიერ ხელშეკრულების 4.2.2 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 50 (ორმოცდაათი) დღის ვადაში; მყიდველი ვალდებული იყო, ხელშეკრულების 4,.2.2.1 და 4.2.2.2 მუხლებში აღწერილი უკანონო მფლობელებისათვის ერთიანობაში გადაეხადა თანხა არა უმეტეს 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური (სოციალური) დახმარების სახით, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 80 (ოთხმოცი) დღის ვადაში (მუხლის 4.1.7); ხელშეკრულების 4.2.2 მუხლში აღწერილი უკანონო მფლობელების გამოყვანიდან 20 (ოცი) დღის ვადაში „გამყიდველისათვის“ A კლასის ბანკის მიერ გაცემული და დადასტურებული, საქართველოს ეროვნული ბანკის ან საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის მიერ გაცემული 5 726 000 (ხუთი მილიონ შვიდას ოცდაექვსი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის (მეორე საბანკო გარანტია) წარდგენა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო „ხელშეკრულების“ 4.1.1, 4.1.2, 4.1.3, 4.1.4 და 4.1.7 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;

- ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პასუხისმგებლობის ზომები ნაკისრ ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევებში, კერძოდ, 8.1.2.1 მუხლის თანახმად, „ხელშეკრულების“ 4.1.1 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის (საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის) შემთხვევაში, „მყიდველს“ - შპს „...ას“ ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა გადაუხდელი საპრივატიზებო საფასურის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გარდა ამისა, 8.1.2.4 მუხლის საფუძველზე, „ხელშეკრულებით“ ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, თითოეული ვალდებულების დარღვევისთვის „მყიდველს“ ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა 250 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 აპრილის №616 და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №657 განკარგულებებით მყიდველს ეპატია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო, ხოლო ხელშეკრულებაში 2016 წლის 19 აპრილს შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო, ხელშეკრულების 3.2 მუხლით განსაზღვრული საპრივატიზებო საფასური 4000000 (ოთხი მილიონი) აშშ დოლარი გადაეხადა 2016 წლის პირველ მაისამდე, ხოლო ხელშეკრულების 6.2 მუხლით განსაზღვრული „მეორე საბანკო გარანტია“ 5 726 000 (ხუთი მილიონ შვიათას ოცდაექვსი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2016 წლის 21 აპრილამდე, თუმცა ხსენებული ვალდებულებები არ შესრულებულა. სააგენტოს 2016 წლის 18 აგვისტოს №4/42960 კორესპონდენციით, მყიდველს კიდევ ერთხელ მიეცა დამატებითი ვადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადასახდელად (არა უგვიანეს 2016 წლის 20 სექტემბრისა), თუმცა ვალდებულებები დღემდე არ შესრულებულა;

- საბოლოოდ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №1/1-3619 ბრძანებით, ცალმხრივად შეწყდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ას“ შორის 2015 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება;

- საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ შპს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: 1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ას“ შორის 2015 წლის 23 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების სააგენტოს მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №1/1-3619 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ამავე სააგენტოსათვის №..., №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე შპს „...ას“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის უზრუნველყოფის დავალება; 2. პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 ივლისის №4/34274 მიმართვის ბათილად ცნობა; 3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის დავალება, შპს „...ას“ განუსაზღვროს დამატებითი გონივრული ვადა - სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არანაკლებ 12 თვისა, 2015 წლის 23 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების 3.2 და 6.2 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად; 4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის დავალება, შპს ,,...ას“ განუსაზღვროს დამატებითი გონივრული ვადა 2015 წლის 23 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების 4.1.2, 4.1.3 და 4.1.4 მუხლებით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად და მიიღოს ამისათვის საჭირო ყველა ზომა, კერძოდ, მიიღოს შემდეგი პირობები: - შპს „...ას“ პროექტის პირველი სტადიის დასასრულებლად მიეცეს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 43.5 (ორმოცდასამი თვე და თხუთმეტი დღე) თვის ვადა (მუხლი 4.1); - შპს „...ას“ პროექტის მეორე სტადიის დასასრულებლად მიეცეს 56.5 (ორმოცდათექვსმეტი თვე და თხუთმეტი დღე) თვის ვადა (მუხლი 4.1.3); შპს „...ამ“ არანაკლებ 57 760 000 (ორმოცდაჩვიდმეტი მილიონ შვიდას სამოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს 56.5 (ორმოცდათექვსმეტი თვე და თხუთმეტი დღე) თვის ვადაში იმ მიზნით, რომ შესრულებულ იქნეს ხელშეკრულების 4.1.2 და 4.1.3 მუხლებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები (მუხლი 4.1.4). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება გასაჩივრდა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო წესით, მაგრამ უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, იგი შესულია კანონიერ ძალაში.

საკასაციო პალატა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულების 6.2 მუხლით ნაკისრი ვალდებულების (საბანკო გარანტიის წარუდგენლობის) ჯეროვნად შეუსრულებლობის და მისთვის პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების საფუძვლის არსებობის, აგრეთვე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შეუსაბამობასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატის მითითებით, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია შპს „...ას“ მხრიდან ხელშეკრულების 6.2 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, აღარ არსებობს მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების საჭიროება პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებისთვის, თუმცა აღნიშნული გარემოება გავლენას ახდენს პირგასამტეხლოს ოდენობის ფორმირებაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ სამოქალაქო კოდექსი სასამართლოს აღჭურავს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილებით. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობა არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას, სასამართლო აფასებს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი თანხის თანაზომიერებასა და გონივრულობას. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნაა მოპასუხისათვის კონკრეტული ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ არა მარტო ზოგადად პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობას, არამედ პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობით დაკისრების მართლზომიერების შეფასების შესაძლებლობასაც. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის 5000 ლარამდე შემცირება გონივრულია, თუმცა მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაც უნდა იყოს დასაბუთებული და დგინდებოდეს თუ რა მონაცემების საფუძველზე იქნა განსაზღვრული სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ხელშეკრულების 6.2 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს განსაზღვრის მექანიზმზე, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ამავე ხელშეკრულების 8.1.2.4 მუხლით და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობით ფორმირება - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 250 ლარის ოდენობით დაკისრება დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, რაც სასამართლოს მისი შემცირების საფუძველს აძლევს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება, რომლის თანახმად, „პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს, ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (სუსგ №ას-1206-2018, 19.12.2018წ.)“.

ამრიგად, პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ დარღვევის დღიდან (21.04.2016წ.) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის ჩათვლით (31.10.2016წ) განსაზღვრული პირგასამტეხლო, რაც ჯამში შეადგენს 48 500 ლარს, შეუსაბამოდ მაღალი იყო, რის გამოც 6.2 მუხლის დარღვევისთვის მოთხოვნილი თანხა ექვემდებარებოდა მნიშვნელოვნად შემცირებას. ამდენად, პალატის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო 5000 ლარის ოდენობით, წარმოადგენს გონივრულ ოდენობას პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებისათვის. ზემოაღნიშნულთან ერთად პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ ისეთ ზიანზე, რაც პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად განსხვავებულ თანხას განსაზღვრავდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონკრეტული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო და არა ნორმატიული ხასიათის, მისი სამართლებრივი შინაარსის, ფუნქციისა და დანიშნულების, ასევე კრედიტორისთვის მოსალოდნელი სავარაუდო ზიანის, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო საჭიროებდა შემცირებას.

ამრიგად, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე