საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-634(4კ-24) 10 მარტი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ლ...“
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „ლ...-ის“ წარმომადგენელმა 2023 წლის 5 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად მოითხოვა: 1) მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს, უზრუნველყოს მინისტრის 2023 წლის 7 მარტის №MMOH 4 23 00000090 ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის მიერ შპს „ლ...-ში“ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 7-17 მარტს განხორციელებული საქმიანობის შემოწმების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-151 მუხლის მე-8 და მე-16 მუხლის მე-9 პუნქტებით, ასევე, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილების მე-18 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (რევიზიის აქტის) გამოცემა და აღნიშნული აქტის მოსარჩელისათვის გაცნობა; 2) მოპასუხეთა მხრიდან შეწყვეტილ იქნეს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მ/შ-ის თ. გ-ეის 2023 წლის 17 მარტის №NHA 3 23 00284908 წერილში მითითებული, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული ქმედება, რომლითაც შპს „ლ...-ს“ შეეზღუდა/შეუჩერდა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო შემთხვევების მართვა (სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში პაციენტთათვის სამედიცინო მომსახურების განხორციელება) და შეუწყდა შესაბამის პორტალზე წვდომა; 3) მოპასუხეებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დაევალოთ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილის სტატუსისა და შესაბამის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ელექტრონულ პორტალზე წვდომის აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით, შპს „ლ...-ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ლ...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მ/შ-ის - თ. გ-ეის 2023 წლის 17 მარტის №NHA 3 23 00284908 წერილი, რომლითაც შპს „ლ...-ს“ შეეზღუდა/შეუჩერდა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო შემთხვევების მართვა (სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში პაციენტთათვის სამედიცინო მომსახურების განხორციელება) და შეუწყდა შესაბამის პორტალზე წვდომა; ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს სოლიდარულად (თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში) დაევალათ შპს „ლ...-სათვის“ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილის სტატუსისა და ელექტრონულ პორტალზე წვდომის აღდგენა. დანარჩენ ნაწილში (რევიზიის აქტის გამოცემის ნაწილში) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართღლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ლ..." წარმოადგენდა ამბულატორიული სამედიცინო სერვისების განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც უმეტესად ჰქონდა უმძიმესი ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტთა სამედიცინო სერვისები. 2023 წლის 7 მარტის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის მიერ 2023 წლის 7-17 მარტს კლინიკაში ჩატარდა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შემოწმება. შემოწმების შემდეგ, არ შედგენილა/ მომზადებულა №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №1-ის 151.8 და 16.9 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი (კონტროლის-რევიზიის) აქტი და შესაბამისად, არც შემოწმების შედეგების გაცნობა მოსარჩელისათვის არ მომხდარა. სამინისტროს შიდა აუდიტის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის 2023 წლის 15 მარტის №278840 მოხსენებითი ბარათით გაიცა რეკომენდაცია შპს „ლ...-ისათვის“ პროგრამაში მონაწილეობის უფლების დროებით შეზღუდვის თაობაზე. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მ/შ-ის - თ. გ-ეის 2023 წლის 17 მარტის №NHA 3 23 00284908 წერილის საფუძველზე, შპს „ლ...-ს“ ეცნობა, რომ გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების (ხარვეზი/დარღვევა) პრევენციისათვის და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების მართლზომიერი ხარჯვის უზრუნველსაყოფად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ 2023 წლის 20 მარტიდან, დროებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „ლ...-ს“ შეეზღუდოს ამ პერიოდიდან დამდგარი სამედიცინო შემთხვევების მართვის უფლება. ასევე დადგენილია, რომ კონტროლის განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის მიერ 2023 წლის 24 მარტს შედგა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესწავლის შედეგების შესახებ ანგარიში, რაც შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. ანგარიში ასევე წარდგენილ იქნა საქალაქო სასამართლოში და მოსარჩელეს გადაეცა მოსამზადებელ სხდომაზე (აღნიშნული აქტი მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია).
საქალაქო სასამართლომ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების თვალსაზრისით, განმარტა, რომ №36 დადგენილების თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ხოლო ზედამხედველობას როგორც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ისე დადგენილ შემთხვევებში, პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას ახორციელებს რეგულირების სააგენტო. განსახილველ შემთხვევაში, შემოწმება განხორციელდა ჰიბრიდული ჯგუფის მიერ, რომელსაც არ იცნობს №36 დადგენილება. შესაბამისად, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო არ იყო უფლებამოსილი, შეზღუდვები დაეწესებინა სამედიცინო დაწესებულებისთვის. სადავო - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის - თ. გ-ეის 17 მარტის №NHA 3 23 00284908 წერილში მითითებული ქმედება - შპს „ლ...-სათვის“ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეობის შეჩერება, არ ეფუძნება სამართლებრივ ნორმას, აცდენილია დადგენილებით განსაზღვრული სამართლებრივი რეგულაციებიდან, წარმოადგენს კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიღებულ აქტს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გამოიცა „საქმიანობის შესწავლის შედეგების შესახებ ანგარიში“, რომლის კანონიერების შედავების უფლება არ მიეცა მოსარჩელეს და გამოყენებულ იქნა იმგვარი სანქცია (პორტალზე წვდომის შეზღუდვა, სამინისტროს შიდა აუდიტის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის 2023 წლის 15 მარტის №278840 მოხსენებითი ბარათით გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე), რასაც არ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას რევიზიის აქტის გამოცემისა და კლინიკისათვის გაცნობის შესახებ, სასამართლომ განმარტა, რომ სამუშაო ჯგუფის მიერ 2023 წლის 24 მარტს შედგა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესწავლის შედეგების შესახებ ანგარიში, რაც მოსარჩელეს მოსამზადებელ სხდომაზე გადაეცა, თუმცა იგი სადავოდ არ გახადა. შესაბამისად, ვინაიდან, ფაქტობრივად, სახეზეა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესწავლის შედეგების შესახებ ანგარიში, არ არსებობს აქტის გამოცემის დავალდებულების წინაპირობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და შპს „ლ...-ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო სასამართლოში. ამასთან:
კასატორის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აღნიშვნით, პროგრამის განმახორციელებელია სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და ასეულობით მილიონ ლარსაც თვითონ განკარგავს, შესაბამისი გადაწყვეტილებასაც (მონაწილის სტატუსისა და პორტალზე წვდომის შეზღუდვას) თავად იღებს, განსაკუთრებით იმ საჯარო ინტერესების თაობაზე, რომელთა დაცვაც მასვე აკისრია. ამდენად, ვინაიდან პროგრამის განმახორციელებელია სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, შესაბამისად, მონაწილის სტატუსისა და პორტალზე წვდომის აღდგენა მისი უფლებამოსილებაა. სამინისტროს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კი არასწორად დაევალათ აღნიშნული ქმედებების განხორციელება.
კასატორის - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მითითებით, მას არც რეგულირების სააგენტოს დებულებით და არც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით არ გააჩნია არანაირი უფლებამოსილება/კომპეტენცია რაიმე სახით უზრუნველყოს მონაწილის სტატუსისა და პორტალზე წვდომის აღდგენა. შესაბამისად, მისთვის ასეთი დავალება უკანონოა და ვერ შესრულდება.
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უზენაეს სასამართლოში ასევე წერილობით იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
კასატორი - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ ვინაიდან სამედიცინო დაწესებულების შემოწმებისას გამოვლინდა უმძიმესი დარღვევები და პროგრამით მოსარგებლეების ჯანმრთელობასა და ასევე საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას შეექმნა საფრთხე, რაზეც პასუხისმგებელია სწორედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, მან მიზანშეწონილად მიიჩნია, გადაუდებელი აუცილებლობის სახით, მიეღო გადაწყვეტილება შპს „ლ...-ისათვის“ სამედიცინო საქმიანობისა და პორტალზე წვდომის შეზღუდვის შესახებ.
სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უზენაეს სასამართლოში ასევე წერილობით იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
კასატორი - შპს „ლ...“ აღნიშნავს, რომ მას არც სასამართლომდე და არც სასამართლო სხდომაზე რევიზიის აქტი არ გადასცემია და სწორედ ამიტომ, ითხოვს სარჩელის დაკმაყოფლებაზე უარის თქმის ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და შპს „ლ...-ის“ საკასაციო საჩივრები.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და შპს „ლ...-ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მ/შ-ის - თ. გ-ეის 2023 წლის 17 მარტის NHA 3 23 00284908 წერილის კანონშესაბამისობა, კერძოდ, იმ გარემოების შეფასება, აღნიშნული სააგენტო რამდენად წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულების რევიზიისა და კონტროლის აქტის მიღებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციულ ორგანოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში - რეგულირების სააგენტო), ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
ამასთანავე, დადგენილება ადგენს შემთხვევათა ზედამხედველობის ეტაპებს და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად, მკაცრად გამიჯნავს ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების კომპეტენციებს. დასახელებული დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი „ზ“ ქვეპუნქტი; მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ამავე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი „თ“ ქვეპუნქტი) განსაზღვრულ კონტროლსა და რევიზიას ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ახორციელებს რეგულირების სააგენტო. №36 დადგენილების 151 და მე-16 მუხლების შესაბამისად, მის მიერვე დგება კონტროლის/რევიზიის აქტი. დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია, შეტყობინება შემთხვევის შესახებ, შეტყობინების საფუძველზე შერჩეული შემთხვევის მონიტორინგი, ანგარიშის წარდგენა, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება) განსაზღვრულ უფლებამოსილებებს კი ახორციელებს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ამდენად, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი (შემდგომში - კონტროლი, „ზ“ ქვეპუნქტი) და მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ამავე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი (შემდგომში − რევიზია, „თ“ ქვეპუნქტი), რაც კონკრეტულ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების მიმართ განხორციელდა, ცალსახად წარმოადგენს რეგულირების სააგენტოს პრეროგატივას.
№36 დადგენილების 151 მუხლში გაწერილია პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის პროცედურა, რომლის დასრულების შემდეგ რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება კონტროლის აქტი რეგულირების სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. ამავე დადგენილების მე-16 მუხლი კი ადგენს რევიზიის განხორციელების პროცედურებს, რომელიც ანალოგიურად კონტროლის პროცედურების დასრულებისას სავალდებულოდ ითვალისწინებს აქტის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. ამასთან, დადგენილების მე-19 მუხლში ჩამოთვლილია ის სანქციები, რომლებიც შესაძლებელია გატარდეს მიმწოდებლის მიმართ ზედამხედველობის ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ლ...-ის“ ამბულატორიულ კლინიკაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 7 მარტის №MOH 4 23 00000090 ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის მიერ იმავე წლის 7-17 მარტს განხორციელდა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შემოწმება, რომლის შემდეგ, შემმოწმებელთა მხრიდან არ იქნა შედგენილი/მომზადებული, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №1-ის 151 მუხლის მე-8 და მე-16 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი (რევიზიის) აქტი და შესაბამისად, არც შემოწმების შედეგების გაცნობა არ მომხდარა მოსარჩელისათვის. სამინისტროს შიდა აუდიტის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის 2023 წლის 15 მარტის №278840 მოხსენებითი ბარათით გაიცა რეკომენდაცია შპს „ლ...-ისათვის“ პროგრამაში მონაწილეობის უფლების დროებით შეზღუდვის თაობაზე. ამის შემდეგ, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მ/შ-ის - თ. გ-ეის 2023 წლის 17 მარტის NHA 3 23 00284908 წერილის თანახმად, შპს „ლ...-ს“ ეცნობა, რომ 2023 წლის 20 მარტიდან შპს ,,ლ...-ს“ შეუჩერდა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო სერვისების განხორციელება და აღნიშნული წერილის საფუძველზე 20 მარტიდან შეეზღუდათ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების პორტალზე წვდომა და სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების განხორციელება.
საკასაციო სასამართლო, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთეჯერების შედეგად, იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სადავო სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მ/შ-ის - თ. გ-ეის 2023 წლის 17 მარტის NHA 3 23 00284908 წერილით განსაზღვრული ქმედება, კერძოდ, შპს „ლ...-სათვის“ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეობის შეჩერება, პორტალზე წვდომის შეზღუდვა არ ეფუძნება სამართლებრივ ნორმას, აცდენილია №36 დადგენილებით განსაზღვრულ სამართლებრივ რეგულაციებს და წარმოადგენს კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიღებულ აქტს, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.3 მუხლის თანახმად, როგორც უფლებამოსილების გადამეტებით მიღებული აქტი, ექვემდებარება ბათილად ცნობას.
გარდა ამისა, შპს „ლ...-ის“ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ასევე სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელებული საქმიანობის შემოწმების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის 151 მუხლის მე-8 და მე-16 მუხლის მე-9 პუნქტებით, ასევე საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილების მე-18 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (რევიზიის აქტის) გამოცემა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილშიც მართებულია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რამდენადაც, საქმის მასალებით დადასტურებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 7 მარტის №MOH 4 23 00000090 ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის მიერ 2023 წლის 24 მარტს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესწავლის შედეგების შესახებ ანგარიშის გამოცემა, რაც შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ისე რომ მოსარჩელისათვის შემოწმების შედეგების თაობაზე არ უცნობებიათ. ასევე დადგენილია, რომ სამუშაო ჯგუფის ანგარიში შპს „ლ...-ს“ გადაეცა საქალაქო სასამართლოში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებში ადმინისტრაციული ორგანოები მიუთითებენ ისეთ გარემოებებზე, რაც მათ მიერ №36 დადგენილებით განსაზღვრულ უფლებამოსილებების კანონის შესაბამისად გამოყენებას გამორიცხავს. ამრიგად, მათ ვერ უზრუნველყვეს იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემას.
რაც შეეხება სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შუამდგომლობებს საკასაციო საჩივრების ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების ზეპირი განხილვის თაობაზე კასატორების შუამდგომლობების დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. აღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ №ას-1150-2020, 29.11.2021წ.).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმის განხილვა საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხორციელდა ზეპირი მოსმენით, მხარეთა დასწრებით ჩატარდა რამდენიმე სასამართლო სხდომა. თავის მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვისა და მხარეთა პოზიციების დამატებით მოსმენის საჭიროება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და შპს „ლ...-ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს 2024 წლის 18 ივნისს №17298 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. კასატორს - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/ნ 205035102) დაუბრუნდეს 2024 წლის 25 მაისს №04606 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. კასატორს - შპს „ლ...-ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 2024 წლის 3 ივნისს №22135171518 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე