Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-690(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - კ. ჩ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

კ. ჩ-იმა 2021 წლის 7 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 8 ივნისის №MIA 9 21 01449328 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის კ. ჩ-ის იმავე ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის (სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - 2021 წლის 8 ივნისიდან სამსახურში აღდგენამდე) ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2021 წლის აპრილში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დათვალიერდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს ლოგისტიკის სამსახურის სატრანსპორტო უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების განყოფილების საწყობებში არსებული ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებები. შემოწმების აქტის თანახმად, დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა დაშლილი საშუალებები და სათადარიგო ნაწილები, რომლებსაც არ ჰყავდათ მატერიალურად პასუხისმგებელი პირი, სატრანსპორტო საშუალებებზე ხდებოდა დეტალების გადაწყობა და დისლოკაციის ადგილზე გაგზავნა, ...ების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესახებ 2020 წელს გამოცხადებული სამი ტენდერი არ შედგა ბაზრის ახალი კვლების არარსებობის გამო და საჭიროების შემთხვევაში, კ. ჩ-ი თავად იღებდა გადაწყვეტილებას, რომ გაუმართავი საშუალებებიდან მომხდარიყო ვარგისი დეტალების მოხსნა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებულიყო მათი გამართულ მდგომარეობაში ყოფნის მიზნით, რის შესახებაც დგებოდა მწირი ინფორმაციის მატარებელი დოკუმენტები და არა დეტალური მიმოწერა და აქტები.

ზემოაღნიშნული ვითარების გამო, მოსარჩელე დისციპლინური სამართალწარმოების წესით დათხოვნილ იქნა სამსახურიდან, რასაც კ. ჩ-ი არ დაეთანხმა და გათავისუფლების შესახებ აქტი სადავო გახადა სასამართლო წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით კ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 8 ივნისის №MIA 9 21 01449328 ბრძანება და მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. კ. ჩ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით კ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ჩ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიუთითებს გენერალური ინსპექციის დასკვნაზე, რომელიც დამდგარ ზიანზე არაფერს ამბობს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა გენერალური ინსპექციის დასკვნის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, საბოლოოდ, კ. ჩ-ის ქმედებას არ მოჰყოლია კონკრეტულად რაიმე მძიმე შედეგი სამსახურისათვის, არამედ მისმა ქმედებებმა შექმნა მხოლოდ ზიანის წარმოშობის რისკი.

კასატორი აღნიშნავს, რომ, მართალია, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო შედიოდა მის საკურატორო სფეროში, თუმცა სტრუქტურული ქვედანაყოფის საკურატორო სფეროში მოქცევა გულისხმობს ზოგად მენეჯმენტს და იგი არ არის კონკრეტული სამსახურებრივი ვალდებულების წარმომშობი სამართლებრივი კატეგორია, აღნიშნული ვერ იქნება კონკრეტული სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით განსაზღვრული კონკრეტული თანამდებობის პირის უფლება-მოვალეობის ტოლფასი. იმ შემთხვევაში თუ კურატორი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა ვრცელდება მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ ჩადენილ გადაცდომებზე (ხარვეზებზე), კასატორის მოსაზრებით, მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ კურატორი თანამდებობის პირის გადაცდომაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს სამსახურის ხელმძღვანელი და მინისტრიც კი.

რაც შეეხება არშემდგარი ტენდერების საკითხს, კასატორი მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში ის არ წარმოადგენდა პასუხისმგებელ პირს. ტენდერის ჩაშლის სავარაუდო მიზეზი გახდა პრეისკურანტის დაბალი ფასი და შეუძლებელია ეს ქმედება დარღვევად შერაცხოდა მას. მართალია, კ. ჩ-ი იყო კომისიის თავმჯდომარე და იგი დანიშნული იყო „სახელმწიფო შესყიდვებს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე, თუმცა ამავე მუხლის 71 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კანონის მიხედვით, კასატორს ჰქონდა ერთი ხმის უფლება და შეუძლებელი იყო ერთ ხმას გავლენა მოეხდინა კომისიის გადაწყვეტილებაზე.

სატრანსპორტო საშუალებების დადგენილი წესით დარღვევით დაშლის გადაწყვეტილების მიღების ნაწილში კ. ჩ-ის ბრალეულობის საკითხთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ ნაწილების გადაწყობა მოხდა მხოლოდ რამდენჯერმე. აღნიშნული ქმედება თითოეულ შემთხვევაში ემსახურებოდა საზღვრის ეფექტურ დაცვას, ვინაიდან მყისიერად ხდებოდა დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება და მესაზღვრეს გაუმართავი ტექნიკის გამო არ ექმნებოდა პრობლემა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ საზღვრის დაცვის ინტერესი აღემატებოდა ნებისმიერ ბიუროკრატიულ ინტერესს. ის ფაქტი, რომ დეტალის მოხსნისა და გადაწყობის თაობაზე დოკუმენტაცია არ ფორმდებოდა, არ წარმოადგენს მოსარჩელის პასუხისმგებლობის საფუძველს. არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ კ. ჩ-ის ეცნობა დეტალების მოხსნა- გადაწყობის დოკუმენტაციიის გარეშე მიმდინარეობის შესახებ ან მან ნებართვა მისცა ამგვარი მოქმედების განხორციელებაზე.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ თავისი დასაბუთება დააყრდნო სახელმწიფო აუდიტის სასაზღვრო პოლიციის 2019-2020 წლების აქტივების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის 2023 წლის 6 თებერვლის n2/36 ანგარიშს და მიუთითა, რომ აღნიშნულ ანგარიშში მოყვანილ ხარვეზებზე პასუხისმგებელ პირს კ. ჩ-ი წარმოადგენდა.

დასახელებული გარემოებების მიხედვით, კასატორისთვის გაუგებარია რაში გამოიხატა მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავდა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს და რა ქმედებაში გამოვლინდა კ. ჩ-ის სამსახურებრივი შემოწმებისას გამოჩენილი არაგულწრფელობა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს კონკრეტულ დასაბუთებას, მოსარჩელის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა ჩადენილი გადაცდომისათვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, რადგან სამსახურიდან განთავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო კ. ჩ-ის პიროვნება და დამსახურება, კერძოდ, ის გარემოება, რომ იგი არის ომის ვეტერანი, მინიჭებული აქვს ...ს წოდება, ...ის საკლასო ჩინი, ასევე ...ის დიპლომატიური რანგი. კ. ჩ-ი საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 15 ნოემბრის N°15/11/22 განკარგულებით დაჯილდოებულია ... ხარისხის ორდენით. იგი 1992 წლიდან დასაქმებულია სახელმწიფო სამსახურში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომების ჩადენის გამო მოპასუხის მიერ კ. ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, მოცემული დავის გადაწყვეტისთვის შესაფასებელია, კ. ჩ-ი წარმოადგენდა თუ არა გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისმგებელ სუბიექტს და შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობას ან/და სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ა1“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, ამავე წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით (სამსახურიდან დათხოვნა) გათვალისიწინებული დისციპლინური გადაცდომისთვის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 2021 წლის 8 ივნისს მიღებულ იქნა №MIA 9 21 01449328 ბრძანება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ..., საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ... - კ. ჩ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ 2021 წლის 7 ივნისს დამტკიცებული № MIA 7 21 01439219 დასკვნა, რომლის თანახმად, კ. ჩ-ის დისციპლინური გადაცდომა გამოიხატა: 1. სატრანსპორტო საშუალებების დადგენილი წესების დარღვევით დაშლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, რამაც წარმოქმნა ავტომანქანის ვარგისი დეტალების არასამსახურებრივად გამოყენების რისკი და მოშალა კონტროლის მექანიზმი; 2. სატრანსპორტო საშუალებების (...ების) ტექნიკური მომსახურების შესყიდვისათვის ეფექტური პროცედურების განუხორციელებლობაში, რამაც შექმნა ...ების დაზიანების რისკი და მოშალა საგარანტიო შემთხვევების კონტროლის მექანიზმი; 3. ტენდერის პროცედურების დარღვევაში; 4. სამსახურებრივი შემოწმებისას გამოჩენილ არაგულწრფელობაში და დაქვემდებარებული მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე სუსტ კონტროლში.

საკასაციო პალატა მიუთითებს საკითხის მომწესრიგებელ კანონმდებლობაზე, კერძოდ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. მითითებული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს სასაზღვრო პოლიცია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; ხოლო „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე; პოლიციისათვის პირთა მიერ გაწეული დახმარებისათვის გამოიყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ფორმებს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ სადავო პერიოდში მოქმედი პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. დასახელებული ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განმტკიცებულია დისციპლინური გადაცდომის სახეები, მათ შორისაა: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ზემოთ დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საჯარო მოსამსახურის, მით უფრო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გატარებას, რაც არის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა. დისციპლინური ზომის გამოყენება კი, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება უნდა მოხდეს დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც უნდა შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების, ისე სასამართლოს მხრიდან სახდელის დადების კანონიერების შეფასების პროცესში.

რაც შეეხება ძირითად სადავო საკითხს, დადგენილია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ..., ... - კ. ჩ-ი დათხოვნილ იქნა თანამდებობიდან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება და მოსარჩელე ვერ მიუთითებს სადავო ბრძანების მომზადების/გამოცემის კანონით დადგენილი წესის დარღვევასა და მითითებული აქტით გათვალისწინებული მოწესრიგების კანონსაწინააღმდეგო ხასიათზე.

საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებულ, სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ შესაბამის ნორმებზე, რომლებიც ითვალისწინებენ დისციპლინური გადაცდომის სახეებსა და მათი ჩადენისთვის პასუხისმგებლობის ზომებს და დამატებით ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასაზღვრო პოლიცია წარმოადგენს ერთიან სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. მითითებული მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად კი, სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ხოლო სასაზღვრო პოლიციის ძირითადი ფუნქციებიდან გამომდინარე, უწყების საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს ხელმძღვანელობენ ...ები. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასაზღვრო პოლიციის ... კ. ჩ-ი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის თანამდებობაზე დასაქმებული იყო 2020 წლიდან. ასევე დადგენილია, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, ...ებისათვის საკურატორო სფეროს განსაზღვრისა და დამატებით უფლებამოსილებათა მინიჭების შესახებ“ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2020 წლის 12 აგვისტოს №291 ბრძანებით, კ. ჩ-ის დაქვემდებარებაში განესაზღვრა სასაზღვრო პოლიციის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: ა) სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო; ბ) სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო; გ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო; დ) იურიდიული სამმართველო; ე) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; ვ) კინოლოგიის სამმართველო. ამავე ბრძანების მე-4 პუნქტით განისაზღვრა, რომ სასაზღვრო პოლიციის ...ებს უნდა განეხორციელებინათ მათ საკურატორო სფეროში შემავალი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციებს მიკუთვნებული საკითხების შესრულების ან/და გადაწყვეტილების კონტროლი. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს დებულებაზე, რომლის მე-5 მუხლის 1.2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფია ლოგისტიკის სამსახური, რომელშიც შედის სატრანსპორტო უზრუნველყოფის და ტექნიკური მომსახურების განყოფილება. ამავე დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, აღნიშნული განყოფილება ახორციელებს: ა) სასაზღვრო პოლიციაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვასა და ექსპლუატაციაზე კონტროლს და შესაბამისი ანგარიშგების მომზადებას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე სასაზღვრო პოლიციაში გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლს; გ) ავტო-ტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების კლასიფიცირებას სპეციფიკის გათვალისწინებით. შესყიდვების განყოფილებასთან კოორდინირებულად ყველა კლასიფიცირებული ჯგუფისთვის შესაბამისი ტექნიკური დავალებისა და პრეისკურანტის მომზადებას და სხვა სატენდერო და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრას; ზ) უფლებამოსილების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების სწორი ექსპლუატაციის პერიოდულ მონიტორინგს და შესაბამის რეაგირებას გამოვლენილ ხარვეზზე, სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვიანობის შემოწმებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ კ. ჩ-ის, როგორც საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს კურატორს, ეკისრებოდა ვალდებულება განეხორციელებინა საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების ან/და გადაწყვეტილების კონტროლი. მხოლოდ ის ფაქტი, რომ კონტროლის განხორციელების უფლება კ. ჩ-ის არ ანიჭებდა და არ ავალდებულებდა სტრუქტურული ერთეულის ნაცვლად უშუალოდ განეხორციელებინა სტრუქტურული ერთეულის ფუნქცია-მოვალეობები, მას, როგორც კურატორს, არ ათავისუფლებდა დაკისრებული ვალდებულებისაგან - განეხორციელებინა სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის კონტროლი. შესაბამისად, სტრუქტურული ერთეულის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება, თავის მხრივ, ასევე ადასტურებს კურატორის მიერ მის საკურატორო სფეროში შემავალი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სათანადო კონტროლის განხორციელების ვალდებულების დარღვევას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კერძოდ, საქმიანობის ეფექტური კონტროლის პირობებში, სტრუქტურული ერთეულის მიერ მოვალეობათა შეუსრულებლობას ან/და არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ექნებოდა. დასახელებული გარემოებები კი ცხადყოფს, რომ კ. ჩ-ი წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2021 წლის 7 ივნისის № MIA 7 21 01439219 დასკვნაში მითითებულ დარღვევებზე პასუხისმგებელ სუბიექტს.

დასკვნით გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით კი, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს ლოგისტიკის სამსახურის სატრანსპორტო უზრუნველყოფის და ტექნიკური მომსახურების განყოფილების საწყობს ერიცხებოდა ექსპლუატაციიდან ამოღებული 208 სატრანსპორტო საშუალება. სატრანსპორტო საშუალება იყო დაშლილ მდგომარეობაში, როგორც ნაწილობრივ, ასევე სრულად, რიგ შემთხვევებში მათ დაკარგული ჰქონდა სასაქონლო სახე. უმეტესი მათგანი განთავსებული იყო ღია ცის ქვეშ, რის გამოც კლიმატური პირობების გავლენით, დროთა განმავლობაში დამატებით ხდებოდა მათი დაზიანება და ამორტიზება ა.შ.. საკითხის შესწავლის შედეგად ასევე გაირკვა, რომ საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სატრანსპორტო უზრუნველყოფის და ტექნიკური განყოფილების მოსამსახურეები ექსპლუატაციიდან გამოსულ სატრანსპორტო საშუალებებს ხსნიდნენ გამართულ დეტალებს, რითაც ხდებოდა მათი კიდევ უფრო მეტად ამორტიზება. ექსპლუატაციიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებიდან. სათადარიგო ნაწილის დეტალის მოხსნისას არ დგებოდა რაიმე სახის დოკუმენტი. ხშირ შემთხვევებში, სასაზღვრო პოლიციის დანაყოფის არაუფლებამოსილი მოსამსახურეები ავტომანქანებიდან თავად ხსნიდნენ მათ დანაყოფზე რიცხული დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებისათვის საჭირო დეტალებს და მიჰქონდათ დისლოკაციის ადგილზე, თუმცა არ ხდებოდა ჩანაცვლებული, დაზიანებული დეტალის უკან ჩაბარება. ასევე გაირკვა, რომ 2020 წელს „...ების“ შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით სასაზღვრო პოლიციის მიერ გამოცხადდა 3 ტენდერი, კერძოდ, 2020 წლის 19 თებერვალს, 2020 წლის 4 მარტს და 2020 წლის 8 მაისს, რომლებიც არ შედგა. აღნიშნულის გამო, ხსენებული „...ების“ შეკეთება ვერ განხორციელდა, რამაც მოშალა საგარანტიო შემთხვევების (გარანტიაზე მყოფი დეტალის დაზიანების შემთხვევაში უსასყიდლო შეკეთება) კონტროლის მექანიზმი, ვინაიდან დაზიანების დადგენის მიზნით ვერ ტარდებოდა შესაბამისი დიაგნოსტიკა. აგრეთვე, ხელშეკრულების არარსებობის გამო, „...ებზე“ ვერ ხდებოდა გეგმური ტექნიკური მომსახურება (ზეთის ხუნდების, ფილტრების შეცვლა), რომელიც დამოკიდებულია გარბენზე, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევდა სხვა დეტალების დაზიანებას. ტენდერის ჩავარდნის შედეგად, გადაუდებელი აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს განახორციელოს გამარტივებული შესყიდვა, რაც მოცემულ შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის მიერ არ განხორციელებულა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტი - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წლის 23 მარტს გამოქვეყნებული შსს-ს სასაზღვრო პოლიციის აქტივების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების აუდიტის ანგარიში, რომელიც დამატებით ადასტურებს ზემოაღნიშნული დასკვნით გამოვლენილ დარღვევებს.

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კ. ჩ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენას, რაც მისი მხრიდან გამოიხატა: სატრანსპორტო საშუალებების დადგენილი წესების დარღვევით დაშლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, რამაც წარმოქმნა ავტომანქანის ვარგისი დეტალების არა სამსახურეობრივად გამოყენების რისკი და მოშალა კონტროლის მექანიზმი; სატრანსპორტო საშუალებების („...ები“) ტექნიკური მომსახურების შესყიდვისთვის ეფექტური პროცედურების განუხორციელებლობაში, რამაც შექმნა „...ების“ დაზიანების რისკი და მოშალა საგარანტიო შემთხვევების კონტროლის მექანიზმი; ტენდერის პროცედურების დარღვევაში; სამსახურებრივი შემოწმებისას გამოჩენილ არაგულწრფელობაში და დაქვემდებარებული მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე სუსტ კონტროლში. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ა1“ „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომების ჩადენას. საკასაციო პალატა, ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას სახდელის პროპორციულობასთან მიმართებით და განმარტავს, რომ კ. ჩ-ის მიერ ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა მართებულია, ვინაიდან, კ. ჩ-ის სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, მის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები. შესაბამისად, არ არსებობს სადავო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 8 ივნისის №MIA 9 21 01449328 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო აქტის კანონიერების პირობებში ასევე გამოირიცხება მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნების - სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. კ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე