Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-736(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მესამე პირი) - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი მაისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ს-ემ 2019 წლის 26 აგვისტოს სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა და მხარეთა დაზუსტების შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 24 ივლისის №224 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე 125 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 270 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თ. ბ-ეის (ლ. ს-ეის უფლებამონაცვლის) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, არასრულწლოვან ლ. ს-ეს საკუთრებაში ერიცხებოდა ხელვაჩაურში, სოფელ ...ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის მქონე, 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის მომიჯნავედაც იგი უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე ფლობდა 270 კვ.მ მიწის ნაკვეთს. 2018 წლის 8 ნოემბერს ლ. ს-ემ მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 270 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა, თუმცა სადავო აქტით მას უარი ეთქვა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ დასაბუთებით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ლ. ს-ეის მიერ ფლობა-სარგებლობა უნდა დადასტურებულიყო 2007 წლამდე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დგინდებოდა.

მოსარჩელის მითითებით, კომისიის დასაბუთება არასწორია, რადგან ხელვაჩაურში, სოფელ ...ში მდებარე 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს პირველად, ხოლო მის მომიჯნავედ არსებული 270 კვ.მ მიწის ნაკვეთი - აქცესორულ უფლებას. იმ პირობებში, როდესაც 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი შ. და მ. ნ-ეების მიერ საკუთრებაში გადაეცა ჯ. ს-ეს, ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 270 კვ.მ მიწის ნაკვეთთან, როგორც აქცესორულ უფლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები გახდა სამოქალაქო ბრუნვაუნარიანი, რითაც შესაძლებელი გახდა ამ მოთხოვნების იმ პირებისათვის გადაცემა, ვინც 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა.

მოსარჩელემ დამატებით აღნიშნა, რომ ვინაიდან მიწის ნაკვეთის საკუთრების რეგისტრაციაზე ამჟამად უფლებამოსილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მას უნდა დაევალოს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 აგვისტოს საოქმო განჩინებით, საქმეში სათანადო მოსარჩელედ ჩაბმულ იქნა თ. ბ-ე. ამავე საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია შეიცვალა სათანადო მოპასუხით - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოთი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 24 ივლისის №224 განკარგულება და მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თ. ბ-ეის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის მქონე, 125 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 270 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი მაისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, დაინტერესებული პირი არის - ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება („ე“ ქვეპუნქტი).

კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ თავდაპირველად დასადგენი იყო სადავო მიწის ნაკვეთის პირველადი მესაკუთრეები (შ. ნ-ე და მ. ნ-ე) რამდენად ფლობდნენ კანონის ამოქმედებამდე (2007წ.) თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, შემდგომში ნასყიდობის ხელშეკრულებით რა საფუძვლით გადასცეს ჯ. ს-ეს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მფლობელობა. თვით ჯ. ს-ემ ჩუქების ხელშეკრულებით ლ. ს-ეს და საბოლოოდ, ლ. ს-ემ ისევ ჩუქების ხელშეკრულებით რა საფუძვლითა და რა დოკუმენტზე დაყრდნობით მიანიჭა თ. ბ-ეს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებლის სტატუსი, თუ მათ შორის არ გაფორმებულა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონმდებლობის მიზნებისათვის საჭირო უფლებამონაცვლეობა. მოცემულ შემთხვევებში კი, სახეზეა მხოლოდ ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებები, რომლებიც არ უნდა იქნეს გაგებული როგორც უფლებამონაცვლეობისა და აღიარების კანონის მიზნებისათვის დაინტერესებული პირის სტატუსის მიმნიჭებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოცემული საქმის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით გადაწყვეტას, რადგან არ არსებობს ისეთი მტკიცებულება და გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის ხელახლა განხილვისას დამატებითი გამოკვლევის საგანი გახდება. შესაბამისად, კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლ. ს-ეისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ დასაბუთებით, რომ ლ. ს-ე არ ჩაითვალა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დაინტერესებულ პირად, რომელსაც უფლება ჰქონდა, მოეთხოვა მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ამავე გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ლ. ს-ეის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა უნდა წარმოშობილიყო აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე , ანუ 2007 წლამდე.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- შ. და მ. ნ-ეები საკომლო ჩანაწერების მონაცემების საფუძველზე, როგორც მართლზომიერი მფლობელები, საკუთრების უფლებით ფლობდნენ ხელვაჩაურში, სოფელ ...ში მდებარე 22.... საკადასტრო კოდის მქონე 300 კვ.მ მიწის ნაკვეთს. გარდა საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა, შ. და მ. ნ-ეები ფაქტობრივად ფლობდნენ ასევე მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 270 კვ.მ მიწის ნაკვეთს;

- შ. და მ. ნ-ეებსა და ჯ. ს-ეს შორის 2014 წლის 7 აპრილს დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ჯ. ს-ემ შეისყიდა და საკუთრებაში დაირეგისტრირა ხელვაჩაურში, სოფელ ...ში მდებარე 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). შ. ნ-ემ და მ. ნ-ემ ჯ. ს-ეს მიწის ნაკვეთის შემძენს/ახალ მესაკუთრეს დაუთმეს ხსენებული 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე, თვითნებურად დაკავებულ 270 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ არსებული მოთხოვნა;

- 2018 წლის ...ს ჯ. ს-ემ ხელვაჩაურში, სოფელ ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი გააჩუქა მის შვილზე - ლ. ს-ეზე. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად, იმავე დღეს, ჯ. ს-ესა და ლ. ს-ეს შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ჯ. ს-ემ ლ. ს-ეს, როგორც 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის შემძენს/ახალ მესაკუთრეს დაუთმო ხსენებული 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე, თვითნებურად დაკავებულ 270 კვ.მ მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ არსებული მოთხოვნა;

- 2022 წლის 5 აპრილს ლ. ს-ეის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაიყო ორ სარეგისტრაციო ერთეულად - 125 კვ.მ (ს/კ ...) და 191 კვ.მ (ს/კ ...) მიწის ნაკვეთებად. 2022 წლის 4 ოქტომბერს კი ლ. ს-ემ მის საკუთრებაში არსებული 125 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა დედას - თ. ბ-ეს. აღნიშნული ნაკვეთის მიმდებარეა თვითნებურად დაკავებული 270 კვ.მ მიწის ნაკვეთიც, რომელზეც ასევე გადასცა მოთხოვნის უფლებაც საკუთრების აღიარებაზე;

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულოა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი, ამასთან, სახეზე უნდა იყოს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: 1. საკუთრების უფლებით გადასაცემ (თვითნებურად დაკავებულ) მიწის ნაკვეთზე განთავსებული უნდა იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული); 2. საკუთრების უფლებით გადასაცემი (თვითნებურად დაკავებული) ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე) დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე უნდა იყოს (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ უნდა აღემატებოდეს 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.

განსახილველ შემთხვევაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 24 ივლისის №224 განკარგულებით ლ. ს-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ლ. ს-ეის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება უნდა წარმოშობილიყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ ამოქმედებამდე ანუ 2007 წლამდე. ამავე განკარგულებაში მიეთითა, რომ ლ. ს-ე მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) თანამესაკუთრე ჯ. ს-ესთან ერთად 2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა, კომისია ასევე მიუთითებს, რომ ლ. ს-ე დაიბადა ... წლის ...ს, რაც იმას ნიშნავს რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ვერ იქნებოდა წარმოშობილი საკუთრების უფლება განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან, მითითებული ნორმის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სასამართლოს შეუძლია იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული წარმოება ტარდება სათანადო წესით, თუმცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოუკვლევლად, არასრულფასოვნად.

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ გამოკვლეულა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სზაკ-ის 96.1 და 96.2. მუხ.). ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოუკვლევია ის გარემოება, თავდაპირველ მესაკუთრეებს - შ. ნ-ეს და მ. ნ-ეს ჰქონდათ თუ არა უფლება მიემართათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიაზე და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მოეთხოვათ მათი საკუთრების მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული 270 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ამ თვალსაზრისით კი, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოსაკვლევია, თავდაპირველი მესაკუთრეების - შ. და მ. ნ-ეების საკუთრებაში არსებული ძირითადი ნაკვეთი (ს/კ ...) და მისი მომიჯნავე უფლებაასაღიარებელი 270 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყო თუ არა მოქცეული ერთიან სასაზღვრო მიჯნაში, ასევე, დღევანდელი მფლობელები, შეძენიდან - 2014 წლიდან უწყვეტად განაგრძობდნენ თუ არა უფლებასასღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობას.

სადავო შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ შეისწავლა ზემოთ მოყვანილი საკითხები, რაც მოწმობს სადავო აქტის მიღებისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად დადგენისა და შესწავლის მეშვეობით მიმდინარეობის, შედეგად კი, დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნის დარღვევას. აღნიშნული ქმნის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, რაც სრულიად მართებულად გადაწყვიტა პირველი ინსტანციის სასამართლომ და შემდეგ არსებითად გაიზიარა სააპელაციო პალატამ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განკარგულება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, აღნიშნული გარემოების დადასტურება კი აუცილებელია საკითხის გადასაჭრელად. საკასაციო პალატის შეფასებით, სადავო აქტი შემოიფარგლება მხოლოდ უარის თქმის ფორმალურ საფუძველზე მითითებით, ისე, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის გამყარებული მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევით. შესაბამისად, რადგან საკითხი დამატებით, დეტალურ შესწავლასა და შეფასებას საჭიროებს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სასამართლოს შეუძლია, თუ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, არასრულფასოვნად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე