Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-773(კ-23) 18 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ბიძინა სტურუა, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - თ. დ-ი (მოსარჩელე), შ. დ-ი, ზ. დ-ი (მესამე პირები)

პროცესუალური მოწინააღმდეგე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (მოპასუხეები)

მესამე პირები - ბმა ამხანაგობა „№...“ (წევრები - გ. ლ-ი, ქ. კ-ი, ნ. მ-ი, ნ. ბ-ე, ლ. ხ-ე, ე. გ-ი, ნ. ს-ე, ა. ჭ-ა), გ. ს-ი, დ. მ-ე, ი. ა-ე, გ. ნ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ. დ-იმა 2021 წლის 27 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 აპრილის №634 ბრძანების ბათილად ცნობა და თ. დ-ის 2021 წლის 02 მარტის №AR1807734 განცხადების დაკმაყოფილების შესახებ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

სარჩელის მიხედვით, თ. დ-ის საკუთრებაში ერიცხება უძრავი ქონება - ავტოფარეხები, მდებარე ქ.თბილისში, ...ის ქუჩის №8-ში, ს/კ ..., რაც რეგისტრირებულია როგორც ბინა ერთეულებად. ერთ მიწის ნაკვეთზე 67 ავტოფარეხიდან 63 ავტოფარეხი წარმოადგენს მოსარჩელის და მისი ოჯახის თანასაკუთრებას (ავტოფარეხები არის ძველი აშენებული და ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შეკეთებაც შეუძლებელია, საჭიროებს დემონტაჟს, რათა მოეწყოს თანამედროვე სახის ღია ავტოსადგომი). 2020 წლის 10 ოქტომბერს თ. დ-იმა მიმართა ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს მათ საკუთრებაში არსებული ავტოფარეხების დემონტაჟის მოთხოვნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 აპრილის №634 ბრძანებით ასევე არ დაკმაყოფილდა №... გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივარი, შესაბამისად, დარღვეული უფლების დაცვის მიზნით სარჩელით მიმართა სასამართლოს.

მოსარჩელის განმარტებით, საქმის მასალებში წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დასაშვებია ავტოფარეხების ნაწილობრივი დემონტაჟი, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა აღნიშნული მტკიცებულება და მიუთითა, რომ ვინაიდან №4924 საკუთრების უფლების მოწმობით დაკანონდა მხოლოდ 1920 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობების დაკანონება-ლეგალიზება არ მომხდარა, შესაბამისად არქიტექტურის სამსახური არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა ავტოფარეხების დემონტაჟზე.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები სამართლებრივად დაუსაბუთებელია, აქტის გამომცემ ორგანოს უფრო სიღრმისეულად უნდა შეესწავლა შენობა-ნაგებობები წარმოადგენდა თუ არა კანონიერ ნაგებობებს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ გ. ნ-ა, გ. ს-ი, დ. მ-ე, ზ. დ-ი, ი. ა-ე, შ. დ-ი და ამხანაგობა „№...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით თ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2020 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №8-ში არსებული მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 1920 კვ.მ (ნაკვეთის წინა ნომერი 30; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1-დან №33-ის და №35-დან №67-ის ჩათვლით), საკადასტრო კოდით: №..., წარმოადგენს გ. ნ-ას, გ. ს-ის, დ. მ-ეის, ზ. დ-ის, თ. დ-ის, ი. ა-ეის, შ. დ-ის და ამხანაგობა „№...“-ის თანასაკუთრებას.

აღნიშნულ ქონებაზე მოსარჩელე თ. დ-იმა 2021 წლის 02 მარტს №AR1807734 განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და ერთადგილიანი ავტოსადგომის/ავტოფარეხის რეკონსტრუქციის ნომენკლატურით მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2021 წლის 30 მარტს მიღებულ №... გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო არა ერთადგილიანი, არამედ მრავალადგილიანი ავტოსადგომის ნაწილობრივი დემონტაჟი-რეკონსტრუქცია და გადაწყვიტა, რომ როგორც ტექნიკური, ასევე ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად არ მიაჩნდა აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი სახით ავტოფარეხების ნაწილობრივი დემონტაჟი, რის გამოც არ დაკმაყოფილდა მოქალაქე თ. დ-ის მოთხოვნა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №8-ში (საკადასტრო კოდი №...) მრავალადგილიანი ავტოსადგომის ნაწილობრივ დემონტაჟის თაობაზე.

საქმეში არსებული მასალებისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საპროექტო ტერიტორია წარმოადგენდა საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6).

სასამართლომ მიუთითა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შინაარსზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან არქიტექტურის სამსახურის პასუხი თ. დ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ საპროექტო ტერიტორია მდებარეობდა ქალაქის გეგმარებით კარკასზე, სადაც შენობა- ნაგებობების ვიზუალსა და განთავსებას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა, არქიტექტურის სამსახურს, მისი უფლებამოსილების ფარგლებში და მოქმედი ნორმატიული აქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, სრული შესაძლებლობა ჰქონდა ემსჯელა სამშენებლო სამუშაოების მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით, რამდენადაც აღნიშნული სამსახური წარმოადგენდა ერთადერთ ერთიან საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელ ორგანოს და იგი ვალდებული იყო ეზრუნა ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით სარგებლობდა დისკრეციული უფლებამოსილებით.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება ავტოფარეხების დემონტაჟის ერთ-ერთ საფუძვლად შენობა-ნაგებობის იმგვარი ავარიულობის ხარისხის შესახებ, რაც უშუალო საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და ექვემდებარებოდა გადაუდებელ დემონტაჟს და აღნიშნულის საპირისპიროდ მიუთითა, რომ არქიტექტურის სამსახურის უარი არ ეფუძნებოდა მხოლოდ იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიძლებოდა ავტოფარეხების, როგორც ერთიანი კონსტრუქციის დემონტაჟი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების/წარმოების თვალსაზრისით, არამედ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი განსაზღვრა საპროექტო მიწის ნაკვეთის განსაკუთრებულ არეალში - ქალაქგეგმარებითი კარკასზე არსებობამ. თუმცა დემონტაჟის აუცილებლობის დასადასტურებლად მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები პასუხს მხოლოდ და მხოლოდ იმ შეკითხვაზე იძლეოდა, თუ რამდენად იყო შესაძლებელი განხორციელებულიყო თ. დ-ის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხების დემონტაჟი სხვა (მესამე პირების საკუთრებაში არსებული) ავტოფარეხების შენარჩუნებით და დასკვნაში არ იყო მითითებული დემონტაჟის გარდაუვალი აუცილებლობის თაობაზე სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნებისათვის. გარდა ამისა, საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 7 თებერვლის №5000745622 დასკვნით განიმარტა, რომ ქ. თბილისში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩებს შორის არსებულ საერთო ეზოში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე ავტოფარეხების შენობის ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად იყო დამაკმაყოფილებელი, თუმცა საჭიროებდა რეაბილიტაციას შესაბამისი პროექტის მიხედვით (ტ.2; ს.ფ. 23-36).

სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ, მართალია, მითითებული საკითხი არ წარმოადგენდა სადავო აქტით განსაზღვრულ პირობას და დავის საგანს, თუმცა სასამართლოს მოსაზრებით, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე სამშენებლო სამუშაოების წარმოება, მისი მიზნებიდან და საკუთრების უფლების არსის გათვალისწინებით, საჭიროებდა თანამესაკუთრეთა თანხმობას, რა გარემოებაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. დ-იმა, შ. დ-იმა და ზ. დ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინებით, ბმა ამხანაგობა „№...-ის“ წევრების: ნ. ბ-ეის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა - კ. ბ-ე, რ. ბ-ე და ს. ბ-ე; ა. ჭ-ას უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა - ნ. ჭ-ა და ნი. ჭ-ა, ხოლო ქ. კ-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა - გ. კ-ა და რ. კ-ა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინებით ბმა ამხანაგობა „№...-ის“ წევრის ე. გ-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა მ. გ-ი.

საქმის განხილვის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და 2023 წლის 25 აპრილს მიღებული განჩინებით თ. დ-ის, ზ. დ-ის და შ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, შესაბამისად უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. დ-იმა, შ. დ-იმა და ზ. დ-იმა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, №... საკადასტრო კოდზე მდებარე უძრავ ქონებაზე განთავსებული 67 ავტოფარეხიდან 64 ავტოფარეხი ეკუთვნოდა თ., შ. და ზ. დ-იებს. უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა საკუთრების მოწმობის საფუძველზე აღიარების კომისიის მიერ და ავტოფარეხების ლეგალიზება არ მომხდარა, რაც უდავოდ მოწმობდა იმას, „რომ ავტოფარეხები იყო უკანონო. თ. დ-ის მიერ განცხადებით მიმართული იყო არქიტექტურის სამსახურისათვის ავტოფარეხების დემონტაჟის მოთხოვნით, თუმცა ზედამხედველობის სამსახური არ რეაგირებდა, ვინაიდან ელოდებოდა არქიტექტურის სამსახურის პასუხს. არქიტექტურის სამსახურმა იმსჯელა საკითხზე, რომელიც არ იყო მისი განსახილველი, რადგან უკანონო ნაგებობების დემონტაჟზე მსჯელობის უფლება გააჩნდა ზედამხედველობის სამსახურს, თუმცა აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ შეფასების მიღმა დარჩა და გადაწყვეტილებაში არასწორად მიეთითა, რომ „შენობა-ნაგებობების უკანონობა“ მოსარჩელეს არ დაუდასტურებია, მაშინ როდესაც საქმეში წარდგენილი იყო ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, სადაც გარკვევით იყო მითითებული, რომ საჯარო რეესტრში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია ავტოფარეხების ლეგალიზების თაობაზე.

კასატორის განმარტებით, ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა არქიტექტურის სამსახურის პოზიცია, რომ საპროექტო ტერიტორია მდებარეობდა ქალაქის გეგმარებით კარკასზე, სადაც შენობა-ნაგებობების ვიზუალს და განთავსებას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა, არც აღნიშნული გარემოება შეფასდა სასამართლოს მიერ ობიექტურად, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი იყო ფოტომასალა, თუ რა მდგომარეობაში იყო ავტოფარეხები და პირიქით აუშნოებდა იერსახეს და იყო ანტისანიტარია.

კასატორი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას დემონტაჟის აუცილებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობაზე და მიუთითებს, რომ საქმეში დევს არაერთი ექსპერტიზის დასკვნა და ასევე, კონსტრუქტორის დასკვნა, რაც ადასტურებდა დემონტაჟის საჭიროებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აგვისტოს განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. დ-ის, შ. დ-ისა და ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით დადგინდა თ. დ-ის, შ. დ-ისა და ზ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა მხარეთა დასწრებით, 2024 წლის 31 ოქტომბერს, 11:30 საათზე. აღნიშნულ სხდომაზე საქმის განხილვა გადაიდო სხვა დროისთვის, ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. დ-ის, შ. დ-ისა და ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება- მოვალეობებს. ამავე დადგენილების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტერიტორიულ - სტრუქტურული ზონების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს გეგმარებითი კარკასი (გკ), რომელიც არის დედაქალაქის ცენტრალურ, შუალედურ და პერიფერიულ ზონებში, ქალაქის მატერიალური გარემოს ათვისების მაღალი ხარისხის, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების კონცენტრაციის ტერიტორიების გამოყენების ინტენსივობის, არქიტექტურულ - ქალაქთმშენებლობითი ანსამბლებისა და მოცულობითი აქცენტების, საზოგადოებრივი ცენტრების - აქტიური საცხოვრებელი და საზოგადოებრივი გარემოს არსებობის ნიშნით გამოყოფილი სტრუქტურული ელემენტი, რომელიც ყალიბდება საერთო საქალაქო მნიშვნელობის უწყვეტი და რეგულირებადი, აგრეთვე რაიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო - ფეხმავალი მაგისტრალებისა და ქუჩების გასწვრივ და რომელიც, როგორც წესი, მოიცავს ნაკვეთების პირველ რიგს, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტებით. რაც შეეხება მითითებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებ კომპეტენტურ ორგანოს, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამსახურის ფუნქციების წარმოადგენს: არქიტექტურული პროცესების მართვა – დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა; სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება.

ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ არქიტექტურის სამსახური უზრუნველყოფს ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებების შესრულებას არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე. „ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქალაქ თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან“ (სუსგ ბს-1407(2კ-22) 06.06.2024წ.).

განსახილველ საქმეზე მთავარი სადავო საკითხი სწორედ არქიტექტურის სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხება; კერძოდ, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილების მიხედვით ირკვევა, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილებით, სამსახურის მიერ განხილულ იქნა განმცხადებელ თ. დ-ის მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და დადგენილი იქნა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა ეხებოდა არა ერთადგილიანი ავტოსადგომი/ავტოფარეხის რეკონსტრუქციას, არამედ მრავალადგილიანი ავტოსადგომის ნაწილობრივ დემონტაჟის - რეკონსტრუქციის თაობაზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას, რის შესახებაც, გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ სამსახურმა გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩის N8-ში (საკადასტრო კოდი №...) არსებულ ნაკვეთზე მდებარეობდა ერთიანი კონსტრუქციის მქონე საერთო სარგებლობის მრავალადგილიანი დახურული ავტოსადგომი, სადაც ზემოაღნიშნული ავტოსადგომები დაკავშირებული იყო ერთმანეთთან შიდა გასასვლელებით და, რომ განაცხადით მოთხოვნილი იყო ავტოსადგომების უმეტესი ნაწილის და შიდა გასასვლელების დემონტაჟი, ამ დემონტაჟის შედეგად რჩებოდა მხოლოდ რამდენიმე ცალკეულად მდგომი ავტოსადგომი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განიმარტა, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთზე განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოები უნდა შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო მიმდინარე ტერიტორიის როგორც არსებულ, ასევე, სამშენებლოდ პოლიტიკით განსაზღვრულ შემდგომი დაგეგმარებისა და ერთიანი სივრცის ჩამოყალიბების მიზნებთან და ამოცანებთან. საპროექტო ტერიტორია მდებარეობდა ქალაქის გეგმარებით კარკასზე, სადაც შენობა-ნაგებობების ვიზუალსა და განთავსებას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის მიერ განიმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ როგორც ტექნიკური, ასევე ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად არ მიიჩნია აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი სახით ავტოფარეხების ნაწილობრივი დემონტაჟი.

უდავო გარემოებაა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №8-ში არსებული მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 1920 კვ.მ (ნაკვეთის წინა ნომერი 30; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1-დან №33-ის და №35-დან №67-ის ჩათვლით), საკადასტრო კოდით: №..., წარმოადგენდა გ. ნ-ას, გ. ს-ის, დ. მ-ეის ზ. დ-ის, თ. დ-ის ი. ა-ეის, შ. დ-ის და ამხანაგობა „№...“-ის თანასაკუთრებას და მიეკუთვნებოდა საცხოვრებელი ზონა 6-ს (სზ-6).

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ არქიტექტურის სამსახურმა იმსჯელა თ. დ-ის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილ განცხადებაზე, ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და წარდგენილი დოკუმენტაციით მიზანშეუწონლად მიიჩნია მრავალადგილიანი ავტოსადგომის ნაწილობრივი დემონტაჟი-რეკონსტრუქცია, სამშენებლო/სადემონტაჟო ობიექტის მდებარეობისა და შემდგომ მიღებული ვიზუალური იერსახის გათვალისწინებით, რაც სრულ შესაბამისობაშია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებულ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებთან“. აღსანიშნავია ისიც, რომ უძრავი ქონება წარმოადგენს თანამესაკუთრეთა საკუთრებას, რასთან დაკავშირებით შენობა-ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე არ არსებობს თანამესაკუთრეთა შეთანხმებული თანხმობა, რაც მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკასაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვისას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეთ კასატორებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. დ-ის, შ. დ-ისა და ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება;

3. კასატორებს - თ. დ-ის, შ. დ-ისა და ზ. დ-ის დაუბრუნდეთ 08.08.2023წ. გადახდის ქვითრით ნ. დ-ეის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. შონია

ბ. სტურუა