საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-815(2კ-24) 18 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შ. შ-ე
მესამე პირი - ნ. ს-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შ. შ-ემ 2021 წლის 13 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 8 აპრილის №473 ბრძანების, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2021 წლის 09 მარტის №16-01210681825 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და შ. შ-ეის თანასაკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაყოფის პროექტზე თანხმობის გაცემის შესახებ ამავე სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
სარჩელის მიხედვით, შ. შ-ეის საკუთრებაშია №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, მდებარე სოფელ ...ის ტერიტორიაზე. №... კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს №... მიწის ნაკვეთთან, აგრეთვე მეზობელ ნაკვეთებთან (საკადასტრო კოდები №... და №..., №...) მისასვლელ გზას. ეკონომიკური და ფინანსური საჭიროებიდან გამომდინარე, მოსარჩელის ინტერესია მის საკუთრებაში არსებული 3110 კვ.მ ფართის ნაკვეთიდან (№...), 1200 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის გამოყოფა გასასხვისებლად, აგრეთვე 346 კვ.მ ფართობის მიწის ზოლის გამოყოფა, რომელიც მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთებამდე მისასვლელ გზად იქნებოდა გამოყენებული. აღნიშნული დაყოფის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე საჯარო რეესტრმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დადებითი დასკვნის წარდგენა, რისთვისაც მოსარჩელემ 2021 წლის 17 თებერვალს განცხადებით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, თუმცა 2021 წლის 9 მარტის თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის განმარტებით, მითითებული აქტი უხეშად ხელყოფს მისი საკუთრების უფლებას, რომელიც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. ს-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შ. შ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2021 წლის 09 მარტის №16-01210681825 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 8 აპრილის №473 ბრძანება შ. შ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ. შ-ეის თანასაკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაყოფის პროექტზე თანხმობის გაცემის შესახებ.
საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ..., სოფელ ...ში მდებარე 346 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №...) 2021 წლის 25 ივნისის სერვიტუტის ხელშეკრულების საფუძველზე, ვრცელდება სერვიტუტის უფლება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სასარგებლოდ უვადოდ და უსასყიდლოდ მისასვლელი გზის ფუნქციით. ამავე ამონაწერით დგინდება, რომ დღეის მდგომარეობით საპროექტო მიწის ნაკვეთის 2/5 ნაწილი თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ. ს-ის სახელზე (იხ. ს.ფ. 178-179), თუმცა 22.11.2023 წელს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის თანახმად, მესამე პირი მხარს უჭირს სარჩელს და ითხოვს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაყოფის პროექტზე სააგენტოს თანხმობის გაცემას. ამასთან, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 864 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, 2021 წლის 24 მარტის სერვიტუტის ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე ვრცელდება სერვიტუტის უფლება №..., №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სასარგებლოდ მისასვლელი გზის ფუნქციით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დღეისათვის, საპროექტო ტერიტორიასთან (ს/კ №...) მისასვლელი საავტომობილო გზის პრობლემა, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის არსებობიდან გამომდინარე მოხსნილია და ამ კუთხით აღარ არსებობს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2021 წლის 09 მარტის №16-01210681825 გადაწყვეტილებაში მითითებული უარის თქმის საფუძველი - საპროექტო ტერიტორიას (ს/კ №...) არ გააჩნია მისასვლელი საავტომობილო გზა, ვინაიდან ყველა მხრიდან ემიჯნება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და აღნიშნა, რომ მართალია, სასამართლო არ უგულებელყოფს სატრანსპორტო მისასვლელი გზის არსებობის მნიშვნელობას როგორც ქალაქგეგმარებითი, ისე საკუთრების უფლებით ნორმალური სარგებლობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების თვალსაზრისით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე მისასვლელი გზის ფუნქციით რეგისტრირებულია სერვიტუტი, არ არსებობდა ამ საფუძვლით შ. შ-ეის განცხადებასთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიციის მომზადების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
საკასაციო საჩივრების მიხედვით, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „თბილისის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების წესებით დაშვებული ნებისმიერი ფორმით გამოყენება და განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ტერიტორიები უზრუნველყოფილია სათანადო საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით“. მათ შორის: ინდივიდუალური განაშენიანების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის შიდა გეგმარებაში საკადასტრო საზღვრის მიმდებარედ გათვალისწინებული ტროტუარების სიგანე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1.5 მეტრს, ამასთან, გზის სიგანე - ორმხრივი მოძრაობის შემთხვევაში არანაკლებ 5.5 მეტრს, ცალმხრივი მოძრაობის შემთხვევაში კი – 3.5 მეტრს. განსახილველ შემთხვევაში 2021 წლის 17 თებერვალს შ. შ-ემ განცხადებით მიმართა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ..., სოფელი ...ი, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნასთან და გამოყოფილი ნაწილის სერვიტუტით დატვირთვასთან დაკავშირებით სააგენტოს პოზიციის მომზადება. განცხადებაზე დართული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზებით ადმინისტრაციული წარმოებისას დადგინდა, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შემთხვევაში წარმოქმნილი მიწის ნაკვეთები არ იქნებოდა უზრუნველყოფილი სათანადო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, კერძოდ, საავტომობილო მისასვლელი გზით, შესაბამისად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2021 წლის 9 მარტის №16-01210681825 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განმცხადებელს განემარტა, რომ საპროექტო ტერიტორიას (ს/კ №...) არ გააჩნდა საავტომობილო მისასვლელი გზა, ვინაიდან ყველა მხრიდან ემიჯნებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.
კასატორები არ იზიარებენ სერვიტუტის დადგენის თაობაზე სასამართლოს შეფასებებს და აღნიშნავენ, რომ სათანადო სატრანსპორტო უზრუნველყოფა გულისხმობს მიწის ნაკვეთთან ისეთი მისასვლელის არსებობას, რომელიც შესაბამისობაში იქნება №14-39 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გასამიჯნი მიწის ნაკვეთზე დატანილი სერვიტუტის სიგანე შეადგენს 7,04 მეტრს, რაც არ არის საკმარისი სათანადო სატრანსპორტო გზის მოსაწყობად, ვინაიდან მისი სიგანე უნდა იყოს მინიმუმ 8,5 მეტრი მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე. შესაბამისად, სასამართლოს მოტივაცია რომ სერვიტუტის არსებობით მოხსნილია მისასვლელის პრობლემა და ამ კუთხით აღარ არსებობს მიწის ნაკვეთის დაყოფაზე უარის თქმის საფუძველი, დაუსაბუთებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო 2024 წლის 16 აგვისტოს განჩინებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 154 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, 2021 წლის 17 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ქ. თბილისში, ...ში, სოფელ ...ში მის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის და გამიჯნული ნაწილის სერვიტუტით დატვირთვასთან დაკავშირებით სააგენტოს პოზიციის მომზადების მოთხოვნით. სააგენტოს 2021 წლის 09 მარტის №16-01210681825 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შ. შ-ეს განემარტა, რომ საპროექტო ტერიტორიას (ს/კ №...) არ გააჩნდა მისასვლელი საავტომობილო გზა, ვინაიდან ყველა მხრიდან ემიჯნებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, რაც შეუძლებელს ხდიდა დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნის გაცემას.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 154 მუხლზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის დაყოფის/მიწის ნაკვეთების გაერთიანების რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოსთან შეთანხმებული მიწის ნაკვეთის დაყოფის/მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროექტის საფუძველზე. ეს პროექტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 70-ე მუხლით, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. ამასთან, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თბილისის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების წესებით დაშვებული ნებისმიერი ფორმით გამოყენება და განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიები უზრუნველყოფილია სათანადო საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დებულების მე-12 მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება მიწის ნაკვეთების გამიჯვნა/გაერთიანების თაობაზე პოზიციის მომზადება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის დაყოფის/მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროცესი მოიცავს არამხოლოდ მესაკუთრის ნებას, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მის სახელზე რეგისტრირებული ქონება, არამედ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და მოამზადოს სათანადო დასკვნა, რა დროსაც გასათვალისწინებელია ქალაქგეგმარებითი პრინციპები განაშენიანების პარამეტრებისა და ზონალური შეზღუდვების ჩათვლით, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლება არ უნდა გახდეს გამოუსადეგარი. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა საკუთრების უფლების შეზღუდვისას არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, არამედ სარწმუნოდ, სათანადო მტკიცებულებით დაადასტუროს ასეთი შეზღუდვის დაწესების ლეგიტიმური მიზანი, მათ შორის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მისასვლელი გზის არსებობის აუცილებლობით.
განსახილველ საქმეზე დადასტურებულია, რომ სამოქალაქო კოდექსის 247-248-ე მუხლების შესაბამისად, საპროექტო ტერიტორიის მომიჯნავედ გზის ფუნქციით, სერვიტუტით დატვირთულია მიწის ნაკვეთი. კერძოდ, ქ. თბილისში, ..., სოფელ ...ში მდებარე 346 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №...) 2021 წლის 25 ივნისის სერვიტუტის ხელშეკრულების საფუძველზე, ვრცელდება სერვიტუტის უფლება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სასარგებლოდ უვადოდ და უსასყიდლოდ მისასვლელი გზის ფუნქციით. ამასთან, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 864 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, 2021 წლის 24 მარტის სერვიტუტის ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე ვრცელდება სერვიტუტის უფლება №..., №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სასარგებლოდ მისასვლელი გზის ფუნქციით. რაც შეეხება კასატორის მითითებას სათანადო სატრანსპორტო გზის მოსაწყობად 7,04 მეტრის სიგანის გზის არასაკმარისობის თაობაზე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნული ფართი შესაბამისობაშია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან (№14-39 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნტი).
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას საავტომობილო გზის პრობლემის არარსებობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ შ. შ-ეისათვის ზემოაღნიშნული საფუძვლით დადებითი დასკვნის მომზადებაზე უარი არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან, მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, დასტურდება, რომ სადავო აქტები გამოცემულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მოთხოვნათა დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 01.08.2024წ. №11442 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს (ს/ნ205393689) დაუბრუნდეს 01.08.2024წ. №11442 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა