საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-838(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ს...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეროვნული ბანკი
მესამე პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „ს...-ის“ წარმომადგენელმა 2018 წლის 19 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ და საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 23 ივლისის №434 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს...-ის“ წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინებით შპს „ს...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი დაკისრებულ საჯარიმო სანქციას არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გარე მეთვალყურეობის ვიდეო კამერების რეესტრში 2016 წლიდან 2018 წლის სექტემბრის თვემდე (შემოწმების აქტი დაიწერა 2018 წლის ივნისში) რაიმე სახის ტექნიკური მოწყობილობების ცვლილებები ობიექტზე არ არის განხორციელებული და ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებული შემოწმებები წესრიგში იყო. შესაბამისად, ყოვლად გაუგებარია რომელ ფაქტზე დაყრდნობით ჩათვალა სასამართლომ, რომ ობიექტზე არსებული მოწყობილობები არ შეესაბამებოდნენ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ობიექტზე არსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემები შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის No27/04 ბრძანებით დამტკიცებულ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის და რეგულირების წესთან, რასაც მოწმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარე მეთვალყურეობის ვიდეოკამერების რეესტრი. კერძოდ, 2016 წლიდან 2018 წლის სექტემბრის თვემდე (შემოწმების აქტი დაიწერა 2018 წლის ივნისში) რაიმე სახის ტექნიკური მოწყობილობების ცვლილებები ობიექტზე არ არის განხორციელებული და ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებული შემოწმებები წესრიგში იყო. ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომ გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის საფუძველზე. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რაც მათი მხრიდან დარღვეული იქნა. ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო საკითხს. მის მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან, რამაც, საბოლოოდ, არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შპს „ს...-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შპს „ს...-ის“ დაჯარიმების კანონიერება, შიდა ვიდეომეთვალყურეობის კამერების ჩამწერი მოწყობილობების გაუმართაობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 21 მარტის №2-08/792 წერილით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ხელმძღვანელებს მოსთხოვა 2018 წლის 1 მაისამდე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოიყენებდა კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 25 მაისის №MIA 4 18 01229538 წერილის, საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 28 მაისის №3-02ვპ/1571 მოხსენებითი ბარათისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის №224 განკარგულების საფუძველზე, 2018 წლის 20 ივნისს განხორციელდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე შპს „ს...-ის“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 და 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებებით დამტკიცებული წესებით გათვალისწინებული სარეგისტრაციო პირობების მოთხოვნათა შესრულების შემოწმება. შემოწმებისას გამოვლინდა, რომ 13:03 სთ-ზე ვერ მოხერხდა ვიდეოჩანაწერის დათვალიერება, ტექნიკური გაუმართაობის გამო. შემოწმების აქტს ხელი მოაწერეს: საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა, თ. უ-იმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გ. მ-ემ და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მოლარემ, გ. მ-ემ. შემოწმების აქტზე თანდართული ფოტომასალით დგინდება, რომ ვიდეომეთვალყურეობის სისტემა IP მისამართზე ... არ ფუნქციონირებდა გამართულად.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 23 ივლისის №434 განკარგულებით შპს „ს...-ის“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, ამავე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრების/მახასიათებლების დარღვევის გამო, შემოწმების შედეგად, დაეკისრა ფულადი ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში არსებული მონაცემების თანახმად, 2016 წლის 5 ნოემბერს, 2018 წლის 31 აგვისტოს და 2018 წლის 19 სექტემბერს განხორციელდა შპს „ს...-ის“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმება. შემოწმებით დადგინდა, რომ 2016 წლის 5 ნოემბერს და 2018 წლის 31 აგვისტოს სისტემა სრულ წესრიგში იყო, ხოლო 2018 წლის 19 სექტემბერს დაიწერა გაფრთხილების აქტი. ამასთან, 2016 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით, ორი ვიდეოკამერის (მწარმოებელი ..., მოდელი ..., IP მისამართი ...) მონტაჟი განხორციელდა 2016 წლის 1 ნოემბერს და ჩაწერა ხორციელდებოდა კომპიუტერის მეშვეობით (IP მისამართი ...), 2018 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით ორი ვიდეოკამერის (მწარმოებელი ..., მოდელი ..., IP მისამართი .... და ...) მონტაჟი განხორციელდა 2016 წლის 5 ნოემბერს და ჩაწერა ხორციელდებოდა კომპიუტერის მეშვეობით (IP მისამართი ...), ხოლო 2018 წლის 19 სექტემბრის მონაცემებით, ორი ვიდეოკამერის (მწარმოებელი ..., მოდელი ..., IP მისამართი .... და ...) მონტაჟი განხორციელდა 2016 წლის 5 ნოემბერს და ჩაწერა ხორციელდებოდა ჩამწერის მეშვეობით (მწარმოებელი ..., მოდელი ..., IP მისამართი ...).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონზე, რომლის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობას ზედამხედველობს მისი რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, წერილობითი მითითებების გაცემის, მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით. ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მათი საქმიანობის რეგულირების საკითხებს. მითითებული წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიგნით და გარე პერიმეტრზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ვალუტის გადამცვლელ პუნქტში შემომსვლელი პირების ვიზუალურად დანახვა, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის მიზნით, ვალდებულია, წარმოადგინოს ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესის მოთხოვნებისაგან განსხვავებული განლაგებით დამონტაჟების თაობაზე. ამავე მუხლის 71 პუნქტის შესაბამისად, ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაცია, შესაბამისი ჩანაწერებით ინახება და მისი ამოღება ხორციელდება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვადითა და წესით. ამასთან, ამავე მუხლის მე-14 პუნქტი ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ავალდებულებს საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში იქონიოს ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით დამტკიცებული ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი’’ განსაზღვრავს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან, მათ დამონტაჟება-ექსპლუატაციასთან და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა - მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს. იმავე წესის მე- 2 მუხლის 71 პუნქტის თანახმად, გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა შესაძლებელი უნდა იყოს ციფრული ვიდეოჩამწერიდან (DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით). აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია იქონიოს იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე. ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების ვიზუალურად ნახვის შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოქმედი კანონმდებლობა ვალუტის გადამცვლელ პუნქტს განუსაზღვრავს იმ ტექნიკურ პარამეტრებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ვიდეომეთვალყურეობის სისტემა, მათ შორის, ობიექტი აღჭურვილი უნდა იყოს იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მუდმივ რეჟიმში ჩანაწერის გაკეთებას და იმ ხარისხით, რომ ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერილი ინფორმაციის გადატანისას არ დაიკარგოს გამოსახულების ხარისხი. ამავე დროს, უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე უნდა მიეცეს ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერის მონიტორზე ნახვის შესაძლებლობა. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით დგინდება, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვიდეომეთვალყურეობის სისტემა სადავო პერიოდში არ ფუნქციონირებდა გამართულად, რაც შემოწმების აქტზე ხელმოწერით დაადასტურა ობიექტის წარმომადგენელმაც, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მოლარემ.
საყურადღებოა, რომ კასატორი სწორედ გარე მეთვალყურეობის ვიდეოკამერებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში დაცულ მონაცემებზე მიუთითებს საკასაციო საჩივარში, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მითითებული დოკუმენტებით შესაძლებელია მხოლოდ ვიდეომეთვალყურეობის უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებების იდენტიფიცირება და მითითებულ თარიღებში გამართულად ფუნქციონირება. შესაბამისად, 2018 წლის 31 აგვისტოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულად ფუნქციონირება ავტომატურად არ გამორიცხავს 2018 წლის 20 ივნისს, უფლებამოსილი პირების მიერ შემოწმების განხორციელებისას, მის ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში არსებობას. აღნიშნული გარემოებები კი უპირობოდ ქმნიდა შპს „შპს ს...-ის“ დაჯარიმების საფუძველს. შესაბამისად, არ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შპს „ს...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინება;
3. თ. ჩ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „ს...-ის“ (ს/კ ...) საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 24 ივნისს №22490052641 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ . ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე