საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-890(კ-23) 11 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ. ო-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. ო-ემ 2022 წლის 13 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დავალებოდა მოსარჩელისათვის 2011 წლის 22 სექტემბრიდან 2021 წლის 14 ივნისამდე, (10 წლის განმავლობაში, თვეში 16 ლარი) ზიანის სახით 1872 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის მიხედვით, 1988 წლის 30 მარტიდან გ. ო-ემ მუშაობა დაიწყო საქართველოს შს სამინისტროს სისტემაში. 1994 წლის წლის 01 დეკემბრიდან 2000 წლის 23 იანვრამდე სამხედრო/სპეციალური წოდებით მუშაობდა საქართველოს ...ში, სადაც მუშაობის ერთი წელი ითვლებოდა წელიწად ნახევრად. 2009 წლის 30 მაისს გათავისუფლდა შს სამინისტროს რიგებიდან საკუთარი სურვილით.
შს სამინისტროს მიერ საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით სოციალურ სამსახურში გადასაგზავნად 2011 წლის 21 სექტემბერს დაანგარიშდა მოსარჩელის შს სამინისტროში ნამსახურობის წლები, რამაც შეადგინა 23 წელი, 02 თვე და 24 დღე და მითითებული დაანგარიშება გადაიგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოში, რა დროსაც არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის სპეციალურ სამსახურში მუშაობის პერიოდში წელიწადის წელიწად ნახევრად ჩათვლის პრინციპი (05 წელი, 01 თვე და 22 დღე) და 2011 წლის სექტემბრიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. როდესაც მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაში დაშვებული შეცდომის შესახებ, განცხადებით მიმართა შს სამინისტროს, რის შემდეგ კვლავ მოხდა დაანგარიშება, აღმოიფხვრა შეცდომა, ნამსახურობის პერიოდად განესაზღვრა 26 წელი, 11 თვე და 22 დღე, რის საფუძველზეც მოსარჩელეს 2021 წლის მაისიდან დაენიშნა გაზრდილი პენსია.
მოსარჩელემ 2021 წლის 20 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს შს მინისტრს და მოითხოვა საქართველოს ...ში მუშაობის საშეღავათო პერიოდის - 02 წლის, 06 თვისა და 26 დღის საპენსიო დანაკლისის ანაზღაურება. 2021 წლის 22 სექტემბრის წერილით ეცნობა, რომ საქართველოს სასაზღვრო შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას სცილდებოდა გადაანგარიშებული თანხის დარიცხვა. მოსარჩელემ 2021 წლის 27 სექტემბერს კვლავ მიმართა საქართველოს შს მინისტრს იგივე მოთხოვნით. სასაზღვრო პოლიციიდან მიღებული 2021 წლის 25 ოქტომბრის წერილით ეცნობა, რომ გადაანგარიშებული თანხის დარიცხვის საკითხი წარმოადგენდა სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს - სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციას. მოსარჩელემ 2021 წლის 28 ოქტომბერს წერილით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მიუღებელი საპენსიო დანაკლისის ანაზღაურება, რამაც შეადგინა 2 500 ლარი, თუმცა სააგენტოდან პასუხი არ მიუღია.
მოსარჩელემ 2022 წლის 11 თებერვალს მიმართა განცხადებით საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასაზღვრო პოლიციიდან მიღებული 2022 წლის 23 თებერვლის №MIA5200480725 წერილით ეთქვა უარი, რაც 2022 წლის 07 მარტს გასაჩივრდა საქართველოს შს სამინისტროში, საიდანაც 2022 წლის 11 მარტის №MIA12200638988 წერილით ეცნობა, რომ უფლებების დასაცავად შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ო-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაეკისრა გ. ო-ეისათვის ზიანის სახით 1872 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ სადავო პერიოდში (2011 წლის 22 სექტემბრიდან 2021 წლის 14 ივნისამდე) სრულად ვერ მიიღო სახელმწიფო კომპენსაცია იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გ. ო-ეის წელთა ნამსახურობა დაიანგარიშა შეცდომით, კერძოდ არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის სპეციალურ სამსახურში მუშაობის პერიოდი. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, არსებობდა მოპასუხისათვის წელთა ნამსახურობის არასწორად დაანგარიშების გამო მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი. კერძოდ, 2021 წლის მაისში გ. ო-ეს კუთვნილი დარიცხული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა იყო 384.00 (სამას ოთხმოცდაოთხი ლარი 00 თეთრი) ლარი, ხოლო 2021 წლის ივნისის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა, მას შემდეგ რაც 2021 წლის 25 მაისს წარდგენილი იქნა ნამსახურობის ნუსხა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან კომპენსაციის გადაანგარიშებასთან დაკავშირებით (კალენდარული 24 წელი 4 თვე 26 დღე, საშეღავათო პერიოდი 02 წელი 6 თვე 5 დღე), დაანგარიშება მოხდა 26 წელზე და 2021 წლის ივნისიდან გადაანგარიშების შემდგომ გ. ო-ეს დაერიცხა 400 ლარი.
სასამართლოს შეფასებით, 2021 წლის მაისის და ივნისის თვეებში მიღებული თანხების სხვაობამ შეადგინა 16.00 ლარი, შესაბამისად, მოპასუხეს, 2011 წლის 22 სექტემბრიდან 2021 წლის 14 ივნისამდე (10 წლის განმავლობაში, თვეში 16 ლარი) პერიოდისთვის, ზიანის სახით უნდა დაკისრებოდა 1872 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სადავო პერიოდში ვერ მიიღო სახელმწიფო კომპენსაცია იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გ. ო-ეის წელთა ნამსახურობა დაიანგარიშა შეცდომით, კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის სპეციალურ სამსახურში მუშაობის პერიოდი, შესაბამისად, მართებულად მიიჩნია მოსარჩელისათვის 2011 წლის 22 სექტემბრიდან 2021 წლის 14 ივნისამდე (10 წლის განმავლობაში, თვეში 16 ლარი) ზიანის სახით -1872 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ სადავო პერიოდში (2011 წლის 22 სექტემბრიდან 2021 წლის 14 ივნისამდე) მოსარჩელემ ვერ მიიღო სახელმწიფო კომპენსაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წელთა ნამსახურობის არასწორად დაანგარიშების, კერძოდ, მოსარჩელის სპეციალურ სამსახურში მუშაობის პერიოდის გაუთვალისწინებლობის გამო. სასამართლო არ მიუთითებს, იურიდიული საფუძვლებისა თუ დოკუმენტური სახით მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს რამდენად ჰქონდა უფლება განეხორციელებინა ქმედება ან გაეცა დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე მოსარჩელე შეძლებდა კომპენსაციის მიღებას.
კასატორის მითითებით, გ. ო-ემ 2021 წლის 20 აპრილს №987255 განცხადებით მიმართა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, რომლის საფუძველზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. მოსარჩელის წელთა ნამსახურობის პირველადი დაანგარიშების დროისთვის (2011 წლის 21 სექტემბრის დაანგარიშების საფუძველზე გ. ო-ეის წელთა ნამსახურობამ შეადგინა 23 წელი, 2 თვე და 24 დღე), საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების სამმართველოში დაცული პირადი საქმის მიხედვით, ...ში მუშაობის საშეღავათო პერიოდის შესახებ არანაირი ჩანაწერი და ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა (...ს გავლის ნუსხა). შესაბამისად, მომზადებულ „კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიშში“, საშეღავათო პერიოდის ასახვა ვერ მოხდებოდა. მხოლოდ 2021 წლის 20 აპრილის №987255 განცხადებით მოითხოვა გ. ო-ემ, რომ ...ში მუშაობის პერიოდი მას შეიძლებოდა ჩათვლოდა საშეღავათო პერიოდად. ვინაიდან გამოიკვეთა ახალი გარემოება, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე ...დან ოფიციალურად გამოითხოვა მასალები საშეღავათო პერიოდის დასადგენად (2018 წლის 15 აგვისტოს №1982916 წერილი მოთავსებულია მის პირად საქმეში). საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ მასალების შესწავლისას დადგინდა აგრეთვე, რომ 2014-2015 წლებში იგი მსახურობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ...ში. ხელახალი დაანგარიშების საფუძველზე გ. ო-ეის წელთა ნამსახურობამ შეადგინა 26 წელი, 11 თვე და 22 დღე. 2021 წლის 18 მაისს მომზადდა წელთა ნამსახურობის ხელახალი გადაანგარიშება, რომელიც გადაეგზავნა ქვემო ქართლის საკოორდინაციო ცენტრის რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრს. აღნიშნული გარემოებების შესახებ მოსარჩელეს ეცნობა 2021 წლის 22 სექტემბრის №2505942 წერილით. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ გამოთხოვილ დოკუმენტაციასა და მის საფუძველზე დაანგარიშებულ წელთა ნამსახურობის საერთო ოდენობაზე დაყრდნობით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე გ. ო-ეს უკვე გაზრდილი პენსია დაენიშნა 2021 წლის მაისიდან.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელისათვის კომპენსაციის მიუღებლობით მიყენებული ზიანი გამოწვეული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რადგან დოკუმენტის სახით მტკიცებულებების არარსებობის პირობებში არ დგინდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს განზრახვა ან გაუფრთხილებლობა და მის საფუძველზე ჩადენილი ქმედება ან უმოქმედობა, რამაც გამოიწვია დამდგარი ზიანი და რომელიც მიადგა სხვა პირს - გ. ო-ეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. ამავე განჩინებით დადგინდა საკასაციო საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ 2011 წლის 21 სექტემბერს დაანგარიშდა გ. ო-ეის შს სამინისტროში ნამსახურობის წლები, რამაც შეადგინა 23 წელი 02 თვე და 24 დღე, რა დროსაც არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის სპეციალურ სამსახურში მუშაობის პერიოდი. დადგენილია, რომ ზემოხსენებული ნამსახურობის წლების თანახმად, გ. ო-ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2011 წლის 22 სექტემბრიდან (კალენდარული წლებით 23 წელი 02 თვე და 24 დღე) თანხით 195,13 ლარი.
2021 წლის 19 აპრილს გ. ო-ეის განცხადების საფუძველზე საქართველოს ...ს მიერ მომზადებული წერილის თანახმად დგინდება, რომ გ. ო-ე 1994 წლის პირველი დეკემბრიდან 2000 წლის 23 იანვრამდე ნამდვილად მსახურობდა საქართველოს ...ში სამხედრო და სპეციალური წოდებებით. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილების შესაბამისად, გ. ო-ეს ...ში სამხედრო და სპეციალური წოდებებით ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვალა დღენახევრად. გ. ო-ე საქართველოს ...დან გათავისუფლებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში გადასვლასთან დაკავშირებით. ამასთან, გ. ო-ეის საქართველოს ...ში სამხედრო და სპეციალური წოდებებით ნამსახურობის წელთა რაოდენობა შესადგენს: სულ - 07 (შვიდი) წელს, 08 (რვა) თვეს და 18 (თვრამეტი) დღეს (მათ შორის: კალენდარული - 05 (ხუთი) წელი, 01 (ერთი) თვე, 22 (ოცდაორი) დღე; შეღავათიანი - 02(ორი) წელი, 06 (ექვსი) თვე, 26 (ოცდაექვსი) დღე).
საქართველოს შს სამინისტროს 2021 წლის 18 მაისის წელთა ნამსახურობის გაანგარიშებით დგინდება, რომ გ. ო-ეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვალა სავალდებულო სამხედრო სამსახური (17.11.1983წ.-11.12.1985წ.) - 02 წელი, 00 თვე, 24 დღე; შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო/სპეციალური წოდებით სამსახური 30.03.1988 წ.- 01.12.1994 წ.) - 06 წელი, 08 თვე, 01 დღე; ...ში წოდებით სამსახური (01.12.1994წ.- 23.01.2000 წ.) - 05 წელი, 01 თვე, 22 დღე; ...ში წოდებით სამსახურის საშეღავათო პერიოდი 02 წელი, 06 თვე, 26 დღე; შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო/სპეციალური წოდებით სამსახური 73.01.2000 წ.-30.05.2009 წ.) - 09 წელი, 04 თვე, 07 დღე; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ...ში სამხედრო/სპეციალური წოდებით სამსახური (23.06.2014წ. - 25.08.2015წ) - 01 წელი, 02 თვე, 02 დღე. შესაბამისად, გ. ო-ეის წელთა ნამსახურობამ ჯამში შეადგინა კალენდარული: 24 წელი, 04 თვე და 26 დღე. საშეღავათო პერიოდი: 02 წელი, 06 თვე, 26 დღე; საერთო: 26 (ოცდაექვსი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე, 22 (ოცდაორი) დღე.
2021 წლის 21 სექტემბერს გ. ო-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და წელთა ნამსახურობის გადაანგარიშებული პერიოდის თანხის დარიცხვა მოითხოვა. აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ 2021 წლის 22 სექტემბერს გ. ო-ეს აცნობა, რომ 2011 წელს მისივე მიმართვის საფუძველზე, კომპენსაციის მისაღებად წელთა ნამსახურობა დაუანგარიშდა იმ პერიოდისათვის მისი პირადი საქმის საფუძველზე. აღნიშნულ პირად საქმეში მოთავსებულ ...ს ნუსხაში არანაირი ჩანაწერი და ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა მისი სამსახურის საშეღავათო პერიოდის შესახებ. შესაბამისად, 2011 წელს მომზადებულ კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიშში, საშეღავათო პერიოდი ვერ იქნებოდა ჩათვლილი. ამასთან, ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო სამსახურის მხრიდან 2021 წლის 18 მაისს მომზადდა წელთა ნამსახურობის ხელახალი გადაანგარიშება, რომელიც გადაიგზავნა ქვემო ქართლის საკოორდინაციო ცენტრის რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრში. ამავე წერილით გ. ო-ეს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა გადაანგარიშებული თანხის დარიცხვასთან დაკავშირებით ვერ დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან აღნიშნული საკითხი სცილდებოდა სასაზღვრო პოლიციის კომპეტენციას.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2022 წლის 19 ოქტომბრის SSA 0 22 00437720 წერილით დგინდება, რომ 2021 წლის მაისის თვეში გ. ო-ეს კუთვნილი დარიცხული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა იყო 384.00 (სამას ოთხმოცდაოთხი ლარი 00 თეთრი) ლარი, ხოლო 2021 წლის ივნისის თვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა იყო 400.00 (ოთხასი ლარი 00 თეთრი) ლარი. შესაბამისად, 2021 წლის მაისის და ივნისის თვეებში მიღებული თანხების სხვაობამ შეადგინა 16.00 ლარი.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს 2011 წლის 21 სექტემბრის ნამსახურობის ანგარიშში, არ არის გათვალისწინებული მოსარჩელის სპეციალურ სამსახურში მუშაობის პერიოდი (იხ. ს.ფ. 15-18), რის გამოც გ. ო-ეს წელთა ნამსახურობის არასწორად დაანგარიშების გამო, შეეზღუდა შესაბამისი კომპენსაციის მიღების უფლება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, სათანადო საფუძვლის წარმოშობისას, კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშებას უკავშირებს განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის/დოკუმენტების (ნამსახურობის წლების ცვლილებისას საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყების მიერ მომზადებული წელთა ნამსახურობის ნუსხის/გაანგარიშების) წარდგენას შესაბამის ადმინისტრირების ორგანოში (მუხლი 28). ანალოგიურად, სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულებას ითვალისწინებს ,,სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანება (მუხლი 15.2).
ამდენად ცალსახაა, რომ ნამსახურები წლების დამადასტურებელი დოკუმენტის (წელთა ნამსახურობის ნუსხა) სრულად და სწორად შედგენა სწორედ კასატორის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა. წელთა ნამსახურობის ნუსხის ხარვეზით შევსებისათვის აუცილებელი მონაცემები სწორედაც რომ დამსაქმებელს უნდა გააჩნდეს, შესაბამისად მოსარჩელის პირად საქმეში გარკვეული ინფორმაციის დაუცველობა ვერ გაამართლებს ადმინისტრაციულ ორგანოზე კანონით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობას. სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას (სუსგ №ბს-365-360 (კ-16), 25.05.2017წ.).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ წინამდებარე შემთხვევაში იკვეთება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ქმედებასა და მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანს შორის.
ამასთან, მიუხედავად მოსარჩელეზე ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურებისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის ასევე უნდა შეფასდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხიც. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობა წარმოადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია საკუთარი უფლების რეალიზება მოახდინოს. ხანდაზმულობის საკითხის თავისებურება სწორად იმაშია, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ მოთხოვნის უფლება ქარწყლდება და მისი შესრულება დამოკიდებული ხდება მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან სამი წელია.
„სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის შეფასებას არ აბრკოლებს სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ მხარეების მითითების არარსებობა, რადგან დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები ადმინისტრაციულ პროცესში რიგი თავისებურებებით ხასიათდება. აღნიშნული თავისებურებები თავად სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის არსობრივი სხვაობით არის განპირობებული, რადგან სამოქალაქო პროცესში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპი კერძო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი მხარეთა ნების ავტონომიის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს და სათანადო მახასიათებლებსაც შეიცავს, ხოლო ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპი ადმინისტრაციულ მატერიალურ სამართალში მოქმედი პრინციპების გათვალისწინებით გარკვეულ თავისებურებებს ავლენს. სამოქალაქო პროცესში მხარეების მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში წარდგენილი ფაქტები ბოჭავს სასამართლოს, ადმინისტრაციული დავებისგან განსხვავებით, სადაც ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მოსამართლე ბევრად ფართო უფლებამოსილებით სარგებლობს“ (სუსგ 20.112024წ. №ბს-523(კ-24)).
გადაწყვეტილების მიღება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით წარდგენილ მოთხოვნებთან მიმართებით სწორედ საჯარო ინტერესში ექცევა. ხანდაზმულობის ვადების განსაზღვრის მნიშვნელოვან მიზნებს შორის სახელდება: სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სასამართლოსათვის მიმართვის დროის ფარგლების განსაზღვრა, პოტენციური მოპასუხის დაცვა, სასამართლოს მიერ გარკვეული დროის გასვლის გამო არასრულად ქცეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების გამორიცხვა და სხვ. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 22.10.1996წ. N22083/93; 22095/93 გადაწყვეტილება საქმეზე „Stubbings and others v. the United Kingdom“).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის №ბს-590-590(კ-18) გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ვადებით ზღუდავს და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით უფლების დაცვის ხანდაზმულობის შესაბამის ვადებს განსაზღვრავს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის - სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რის შედეგადაც განსახილველი უფლების ჭრილში სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ინარჩუნებს.“
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-312-308(კ-14)), სადაც განიმარტა, რომ „…საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა“.
ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყების სტანდარტულ წესს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. იმის მიხედვით, თუ რა სამართლებრივი საფუძველს ემყარება მოთხოვნა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ (სპეციალურ) ვადებს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო კომპენსაცია, რაც გათვალისწინებულია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით, თავისი არსით წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის დროსაც თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა, ხოლო პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან გამომდინარე ითხოვს ზიანის დაკისრებას, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის შესამოწმებლად, უნდა განისაზღვროს მისი ათვლის წერტილი, რაც როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სარჩელის სასამართლოში წარდგენას უკავშირდება.
ადმინისტრაციულ ორგანოზე ზიანის დაკისრების მოთხოვნით, გ. ო-ეის სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2022 წლის 12 აპრილს, შესაბამისად, მოპასუხეზე დასაკისრებელი თანხის მოცულობა, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, უნდა დაანგარიშდეს 2022 წლის 12 აპრილიდან უკუსვლით 3 წლით, რაც შეადგენს 2019 წლის 12 აპრილიდან წელთა ნამსახურობის არასწორად დაანგარიშების გამო მიუღებელ სახელმწიფო კომპენსაციას, ხოლო 2011 წლიდან მითითებულ პერიოდამდე მოთხოვნა ხანდაზმულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; გ. ო-ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, გ. ო-ეის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, წელთა ნამსახურობის არასწორად დაანგარიშებისათვის 2019 წლის 12 აპრილიდან, კომპენსაციის გადაანგარიშებამდე - 2021 წლის მაისამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის სხვაობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების საკითხსაც.
აღსანიშნავია, მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ხოლო მოპასუხე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. ო-ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, გ. ო-ეის სასარგებლოდ დაეკისროს, წელთა ნამსახურობის არასწორად დაანგარიშებისათვის, 2019 წლის 12 აპრილიდან კომპენსაციის გადაანგარიშებამდე - 2021 წლის მაისამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის სხვაობა;
5. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა