საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-946(კ-24) 11 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ვ...“
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „ვ...მა“ 2022 წლის 22 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ, მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 22 დეკემბრის №000893 დადგენილებისა და მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 14 მარტის №142 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სარჩელის მიხედვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 იანვარს გაცემული №4328540 ბრძანებით შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და 2019 წლის 12 თებერვალს გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლითაც მშენებლობის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 25 თებერვლიდან 2021 წლის 25 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. 2021 წლის 25 იანვარს არქიტექტურის სამსახურმა უარი უთხრა დამკვეთს მშენებლობის ნებართვის გაგრძელებაზე, მშენებლობის შეთანხმებული პროექტისაგან განსხვავებით წარმოების გამო, შესაბამისად საჭირო იყო მისი კორექტირება. კორექტირებისთვის განხორციელდა სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართის გაზრდა №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გაერთიანებით. სწორედ, მაშინ, როდესაც №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეჩერებული იყო სამშენებლო სამუშაოები და შპს „ვ...ს“ მიმართული ჰქონდა არქიტექტურის სამსახურისთვის კორექტირებაზე, მოსარჩელე უკანონოდ დაჯარიმდა 30 000 ლარით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 23 აპრილის №001118 დადგენილებით გათვალისწინებული დარღვევების გამოუსწორებლობის გამო, რისი გამოსწორებაც მშენებლობის უფლების შეჩერების გამო იყო შეუძლებელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს „ვ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 23 აპრილის №001118 დადგენილებით, შპს „ვ...ი“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 იანვრის №4328540 ბრძანებით შეთანხმებული, კორექტირებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით, III კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. მასვე განემარტა, რომ ჯარიმის საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ, სამშენებლო სამართალდამრღვევი დაჯარიმდებოდა თავდაპირველად დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც მას შეიძლება დაჰკისრებოდა არაუმეტეს სამჯერ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 10 დეკემბრის №000893 შემოწმების აქტით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2021 წლის 22 დეკემბრის მოხსენებითი ბარათით სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ვ...ის“ მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 23 აპრილის №001118 დადგენილებით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები. შედეგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 22 დეკემბრის №000893 დადგენილებით, შპს „ვ...ი“ დაჯარიმდა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 23 აპრილის №001118 დადგენილებით გათვალისწინებული დარღვევების გამოუსწორებლობის გამო.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ სამშენებლო სამუშაოების შეჩერების დადგენილების არსებობის პირობებში, ფიზიკურად მოკლებული იყო შესაძლებლობას შეესრულებინა დაკისრებული ვალდებულება და გამოესწორებინა დარღვევები და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიუთითა, რომ სამშენებლო საქმიანობის შეჩერება ემსახურებოდა ჩადენილი სამართალდარღვევის მასშტაბების ზრდის პრევენციას და იგი არ წარმოადგენდა სამართალდარღვევის გამოსწორების დამაბრკოლებელ გარემოებას. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მშენებლობის შეჩერების მიზეზით, უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების გამოსწორების შეუძლებლობაზე მითითება, ისევე როგორც აპელირება სამშენებლო პროექტის კორექტირებასა თუ ახალი პროექტის შეთანხმების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან პასუხის მიუღებლობაზე, ვერ დაედებოდა საფუძვლად სადავოდ გამხდარი დადგენილების გაუქმებას, მით უფრო მაშინ, როდესაც შპს „ვ...მა“ ვერ წარადგინა იმგვარი მტკიცებულება, რაც სასამართლოს საკითხის სხვაგვარად შეფასების საშუალებას მისცემდა. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 22 დეკემბრის №000893 დადგენილება შპს „ვ...ის“ 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის დაჯარიმების შესახებ მიღებული იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, შესაბამისად სარჩელი არ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით, შპს „ვ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და მიუთითა, რომ სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზით, პროექტის დარღვევით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების გამოსწორების შეუძლებლობაზე მითითება ვერ დაედებოდა საფუძვლად სადავოდ გამხდარი დადგენილების გაუქმებას. რაც შეეხება, შპს „ვ...ის“ მითითებას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან პასუხის მიუღებლობაზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრა არ იყო დამოკიდებული სამშენებლო პროექტის კორექტირებასა თუ ახალი პროექტის შეთანხმებაზე, მით უფრო, რომ თავად სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდიდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ვ...მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, 2021 წლის 3 თებერვალს მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგენილ იქნა №001118 მითითება, რომლითაც შპს „ვ...ს“ განესაზღვრა 20 კალენდარული დღის ვადა ობიექტის შეთანხმებულ კორექტირებულ არქიტექტურულ პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად. აღნიშნულ ვადაში, კასატორი უკვე მოკლებული იყო შესაძლებლობას სისრულეში მოეყვანა მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 3 თებერვლის მითითება, ვინაიდან 2021 წლის 8 თებერვალს შეჩერებულ იქნა მშენებლობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 23 აპრილის №001118 დადგენილებით, შპს „ვ...ი“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 იანვრის №4328540 ბრძანებით შეთანხმებული, კორექტირებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით, III კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. ამავე დადგენილებით, შპს „ვ...ს“ დაევალა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ჯარიმის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა. ამასთან, შპს „ვ...ს“ განემარტა, რომ ჯარიმის საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ, სამშენებლო სამართალდამრღვევი დაჯარიმდებოდა თავდაპირველად დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც მას შეიძლება დაჰკისრებოდა არაუმეტეს სამჯერ. მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 23 აპრილის №001118 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით შპს „ვ...ის“ მიერ გადახდილ იქნა 2021 წლის 27 მაისს, მაგრამ ვერ მოხდა სამშენებლო ობიექტზე ამავე დადგენილებით გამოვლენილი სამშენებლო დარღვევების გამოსწორება და მათი შესაბამისობაში მოყვანა შეთანხმებულ კორექტირებულ არქიტექტურულ პროექტთან, ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 8 თებერვლის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე №შ-18/21 დადგენილებით (მშენებლობის შეჩერების შესახებ), ამავე სამშენებლო ობიექტზე შეჩერებულ იქნა მშენებლობის პროცესი, რომლის საფუძველზეც შპს „ვ...ს“ ეკრძალებოდა ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოების წარმოება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და უკანონოდ დააჯარიმა შპს „ვ...ი“ 30 000 ლარის ოდენობით.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებაში სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ დაყენებული არგუმენტირებული და კანონიერი მოთხოვნები, ვერ შეძლო იმ სამართლებრივი ნორმების გამოყენება, რომელიც გადაწყვეტილებას შესძენდა დამაჯერებელ და კანონიერ სახეს.
კასატორის მოსაზრებით, გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ თითქოს მშენებლობის შეჩერება ხელს არ უშლიდა სამართალდარღვევის აღმოფხვრას და რომ სამართალდარღვევის სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზით, პროექტის დარღვევით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების გამოსწორების შეუძლებლობაზე მითითება ვერ დაედებოდა საფუძვლად სადავოდ გამხდარი დადგენილების გაუქმებას. მაშინ როდესაც შპს „ვ...ი“ მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაჯარიმდა 50 000 ლარით რამდენჯერმე, ისეთი მოქმედებების განხორციელებისთვის, როგორიც არის საპროექტო ლითონის მოაჯირებში შუშების ჩასმა, შელესვა, ფანჯრებში შუშების ჩასმა და ა.შ. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებები ძირითადად დაეფუძნა იმ ფაქტს, რომ მშენებლობის შეჩერების თაობაზე დადგენილების მოქმედების პერიოდში მოსარჩელე შპს „ვ...ი“ არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა სამშენებლო სამუშაოები და რომ ეს შეზღუდვა ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოებზე ვრცელდებოდა (2024 წლის 11 მარტის სასამართლო გადაწყვეტილება საქმე 3/2211-22 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, შპს „ვ...ის“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ვ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს ადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი (პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტით, უნებართვო მშენებლობა განმარტებულია, როგორც მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. ამრიგად, სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძველია შესაბამისს სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის, I კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში - უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განზრახული მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე გაცემულ შეტყობინება, ხოლო სხვა კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში - მშენებლობის შესაბამისი ნებართვა. ამრიგად, პირი, რომელიც გეგმავს მშენებლობას, ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები წარმართოს ზემოხსენებული მოთხოვნებისა და შესაბამისი სანებართვო პირობების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება უნებართვო მშენებლობას.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად, ხოლო მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება ამ კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას. იმავე კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ, ხოლო 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ. აღნიშნული კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებასთან ერთად მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები.
„სამშენებლო სამართალდარღვევასთან მიმართებით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მშენებლობის შეჩერების სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უშუალოდ სამშენებლო საქმიანობის დარღვევით წარმოებას უკავშირდება. ცხადია, ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ მაშინ იყენებს უზრუნველყოფის ზემოაღნიშნულ საშუალებას, როდესაც მისივე შეფასებით, სახეზეა სამშენებლო სამართალდარღვევა. მშენებლობის შეჩერების მიზანია უზრუნველყოს დარღვევებით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროული და ეფექტური შეფერხება, რამეთუ მომავალში შეუძლებელი არ გახდეს გამოვლენილი დარღვევების გამოსწორება“ (სუსგ 30.09.2021წ. ბს-451(კ-19)). შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მშენებლობის შეჩერების უპირობო საფუძველი ადმინისტრაციულ ორგანოთა მხრიდან სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენაა და შეჩერების პროცესი სწორედ გამოვლენილი კონკრეტული დარღვევის აღმოფხვრის მიზანს ემსახურება, რაც მისივე მიზნიდან გამომდინარე ვერ გახდება სამართალდარღვევის გამოსწორების შემაფერხებელი გარემოება.
რაც შეეხება უშუალოდ პასუხისმგებლობის ზომებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 132-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა ამ მუხლის 11 და 12 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 10 000 ლარის ოდენობით; ხოლო ჯარიმის გასამმაგებასთან დაკავშირებით, ზემოხსენებული კოდექსის 126-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ჯარიმის დაკისრების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, სამშენებლო სამართალდამრღვევი ჯარიმდება თავდაპირველად დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს არაუმეტეს სამჯერ, გარდა ამ კოდექსის 1321 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 23 აპრილის №001118 დადგენილებით, შპს „ვ...ი“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 იანვრის №4328540 ბრძანებით შეთანხმებული, კორექტირებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით, III კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის გამო. ამავე ბრძანებაში მხარეს განემარტა, რომ ჯარიმის საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ, სამშენებლო სამართალდამრღვევი დაჯარიმდებოდა თავდაპირველად დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც მას შეიძლება დაჰკისრებოდა არაუმეტეს სამჯერ.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 23 აპრილის №001118 დადგენილება მხარეს არ გაუსაჩივრებია. კასატორის მიერ სადავო არ არის სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის ფაქტი და სი გარემოებაც, რომ არსებული დარღვევის აღმოფხვრა სადავო აქტის გამოცემამდე არ მომხდარა.
ამდენად, ცალსახაა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 23 აპრილის №001118 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულება კასატორს უნდა შეესრულებინა სამი თვის ვადაში - ივლისის ჩათვლით, შესაბამისად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო დასკვნას იმის თაობაზე, რომ მშენებლობის შეჩერების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 8 თებერვლის №შ-18/21 დადგენილებაზე დაყრდნობით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 22 დეკემბრის №000893 დადგენილების (რომლითაც დაეკისრა გასსამაგებული ჯარიმა) ბათილად ცნობის მოთხოვნის დასაბუთება, საფუძველსაა მოკლებული, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 23 აპრილის №001118 დადგენილება პირდაპირ ავალდებულებდა სამშენებლო დარღვევის აღმოფხვრას.
ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას შპს „ვ...ისათვის“, როგორც უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობების არსებობის თაობაზე, რაც გამორიცხავს „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 22 დეკემბრის №000893 დადგენილებისა და შპს „ვ...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 14 მარტის №142 ბრძანების ბათილად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრებში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს „ვ...ის“ საკასაციო საჩივარზე 26.07.2024წ. №23022838470 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ვ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება;
3. კასატორს - შპს „ვ...ს“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს 26.04.2024წ. №23022838470 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა