საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1116(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ბ-ა
მესამე პირები: ო. დ-ი, ა. , ი. და მ. ბ-აები
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ა. ბ-ამ 2023 წლის 25 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2023 წლის 10 იანვრის №IDP 92300000010 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფრთით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები - შვილები: ა. , ი. და მ. ბ-აები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. მოსარჩელე, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე ინდ.საწ. „კ...ში“ შექმნილი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის სხვა საცხოვრებელი მოეძებნა. აღსანიშნავია, რომ დასახელებული შენობა 2019 წელს, როგორც ნგრევადი და სიცოცხლისთვის საშიში, გათვალისწინებულ იქნა დასახურ ობიექტთა სიაში, ხოლო იქ მცხოვრები დევნილები მოხვდნენ ფართით უპირობოდ დასაკმაყოფილებელ ოჯახთა სიაში.
მოსარჩელემ თავდაპირველად საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა სააგენტოს 2018 წელს, თუმცა მას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე რეგისტრირებულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო. აღნიშნული უარი მის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში, რომელმაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სადავო აქტი და მოპასუხეს, მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი აქტის გამოცემა დაავალა. მოსარჩელის მოსაზრებით, საკითხის ხელმეორედ განხილვისას სააგენტომ არ გაითვალისწინა სასამართლოს მითითებები და კვლავ უარი უთხრა მას საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. ამდენად, მან სადავო აქტის ბათილად ცნობა და გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 10 იანვრის №IDP 92300000010 ბრძანება და მოპასუხეს, მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ საკითხის თავდაპირველი განხილვისას საერთოდ არ გაითვალისწინა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ წარდგენილი მასალები, რომელთა თანახმად, არ დასტურდებოდა ა. ბ-ასა და მისი ოჯახის წევრების ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, მათი შენობიდან გაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა. მონიტორინგის მასალებითვე დასტურდება, რომ მხარე არასდროს არ იმყოფებოდა ნგრევად ობიექტში. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, იგი ბუნდოვანია და არ ადასტურებს დევნილი ოჯახის ნგრევად ობიექტში ცხოვრებას.
კასატორის მითითებით, მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი განხილვას დაექვემდებარება მხოლოდ კრიტერიუმების შესაბამისად, მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, რიგითობის დაცვით. ამასთან, მოცემული საკითხის ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების პირობებში 2022 წლის 2 ნოემბერს განხორციელებული მონიტორინგისას გაირკვა, რომ ოჯახი ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №4-ის ბინა №...-ში. მხარემ განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2021 წლიდან, მანამდე ცხოვრობდა მისსავე საკუთრებაში, რომელიც გაასხვისა თეა შანავაზე. ამდენად, ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოჯახი კვლავ არ ცხოვრობდა ნგრევად ფართში, რაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა კომისიამ. ამრიგად, კასატორი მიიჩნევს, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილება არის კანონიერი და სადავო აქტი მიღებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დაცვით.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ა. ბ-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე მოცემულ ეტაპზე უარის თქმის კანონიერება, ნგრევად ობიექტში მათი ფაქტობრივად ცხოვრების დაუდასტურებლობის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. გამონაკლისის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული, დანართი №1-ით განსაზღვრული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ა. ბ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის დროებითი საცხოვრებელი და ამჟამინდელი რეგისტრაციის მისამართია ქალაქი თბილისი, ...ს ქ. №..., „ინდ. საწარმო „კ...“. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული შენობა წარმოადგენდა ნგრევად ობიექტს, საიდანაც მოხდა იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლება და შენობაში მცხოვრები პირების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განხილულ იქნა პრიორიტეტულად, ნორმატიული აქტით დადგენილი კრიტერიუმების გარეშე.
საკითხის თავდაპირველი განხილვის შედეგად, ა. ბ-ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. საქმის მასალებითვე ირკვევა, რომ ა. ბ-ამ აღნიშნული უარი სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების მიხედვით კი, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტი და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა. დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, რისი აღსრულების მიზნითაც, სააგენტომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 2 დეკემბრის №88 სხდომის ოქმის საფუძველზე მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 10 იანვრის №IDP 92300000010 ბრძანებით კვლავ უარი უთხრა ა. ბ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმავე საფუძველზე მითითებით, რომ არ ცხოვრობდა ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ნგრევად ობიექტ „ინდ. საწარმო „კ...ში“.
საკასაციო სასამართლო მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის საკითხის შესწავლისას, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, კითხვარის და გასაუბრების მასალების მიხედვით, ა. ბ-ა მის საცხოვრებელ მისამართად ყოველთვის მიუთითებს ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ნგრევად ობიექტ „ინდ. საწარმო კ...ს", რომელიც ასევე წარმოადგენს მის რეგისტრაციის მისამართს. აღნიშნულ მისამართზე მოსარჩელის და მისი ოჯახის ცხოვრების ფაქტს ასევე ადასტურებენ ამავე ობიექტში მცხოვრები ლ. ა-ი, კ. ნ-ა, მ. გ-ა, ბ. ქ-ა, გ. ნ-ი და ჯ. პ-ა, რომლებიც ხელწერილში უთითებდნენ, რომ მოსარჩელე 1995 წლიდან ცხოვრობდა მითითებულ ობიექტში უწყვეტად, მხოლოდ გარკვეული პერიოდით იმყოფებოდა ქირით. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად განმეორებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2022 წლის 2 ნოემბერს განხორციელებულ მონიტორინგის შედეგებზეც, რომლითაც ირკვევა, რომ ოჯახი ამჟამად ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №...-ის, ბინა №...-ში და კვლავ არ ცხოვრობს ნგრევად ობიექტ „ინდ. საწარმო კ...ში“, რის გამოც ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ ა. ბ-ას ფაქტობრივ საცხოვრებელს არ წარმოადგენდა რა ნგრევადი შენობა, შესაბამისად, არ იდგა მათი გადაუდებლად განსახლების საჭიროება. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება აღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, უზრუნველყოს მოსარჩელე ა. ბ-ას ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, დაუყოვნებლივ, რამდენადაც, ოჯახი დამისამართებულია ნგრევად, სიცოცხლისთვის საშიშ შენობაში. ის გარემოება, რომ მოსარჩელე საკუთარი და მისი ოჯახის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სხვის სახლში ცხოვრობს, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, არ გულისხმობს, რომ პირმა მიატოვა განსახლების ადგილი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და, შესაბამისად, არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. ასევე ის გარემოება, რომ სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელე და მისი ოჯახი ქირით ცხოვრობდნენ, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ა. ბ-ას განსახლების ადგილს არ წარმოადგენდა ...ს ქუჩის №...-ში მდებარე ინდ. საწ. „კ...ს“ შენობა, სადაც დროის რაღაც პერიოდში ცხოვრობდა.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ ამჟამად ოჯახი დაუბრკოლებლად სარგებლობს სხვის საკუთრებაში არსებული ქონებით, რამდენადაც დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის №ბს-156(კ-20) განჩინება). ამასთან, ის ფაქტი, რომ ოჯახს გააჩნდა საკუთარი საცხოვრებელიც, რომელიც ფაქტობრივად გასხვისდა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა. ბ-ას განმარტებით, უძრავი ქონების გასხვისების მიზეზს წარმოადგენდა ფინანსური ვალდებულებები, რასაც ადასტურებს საჯარო რეესტრის ამონაწერიც, რომლის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №12-ში მდებარე უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით საქართველოს ბანკის სასარგებლოდ. ამდენად, სარწმუნოა, რომ ოჯახის მხრიდან უძრავი ნივთის გასხვისება განპირობებული იყო სასესხო ვალდებულებებით, რომლის დასაფარად მოუწიათ საკუთრების უფლების დათმობა უძრავ ქონებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ას დევნილი ოჯახის ამჟამინდელ რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენს ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე „ინდ. საწარმო კ...“. მითითებული შენობა კი არის ნგრევადი ობიექტი. ამასთან, მოსარჩელეს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. ამრიგად, იგი შესაბამისი კრიტერიუმების შეფასების გარეშე უნდა დაექვემდებაროს განსახლებას.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომელთა ნორმატიული შინაარსი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობისას, აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უპირველესი ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას, არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვნების - ა. , ი. და მ. ბ-აების ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის განხილვისას მაშინ, როდესაც საქმის მასალების მიხედვით, უდავოდ დასტურდება, რომ მათ არაერთხელ გამოიცვალეს ბინა და დღემდე არ გააჩნიათ სტაბილური საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მასზედ, რომ მოსარჩელის ოჯახი, როგორც დევნილი პირები, ამ ეტაპზე ფაქტობრივად უზრუნველყოფილი არიან ადეკვატური საცხოვრებლით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე