Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1290(კ-24) 4 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ი. ქ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ა(ა)იპ „ქ...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ქ-ამ 2023 წლის 7 დეკემბერს სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ქ...ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამშენებლო სამართალდამრღვევის - ი. ქ-ას დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შესახებ ა(ა)იპ „ქ...ის“ 2023 წლის 13 ოქტომბრის დადგენილებისა და ი. ქ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 9 ნოემბრის №ბ42.422331314 ბრძანების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, მცირე ოფისის გახსნის მიზნით, 2022 წელს შეიძინა ქალაქ ფოთში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, დაიწყო მშენებლობა, თუმცა ფოთის მუნიციპალურმა ინსპექციამ განახორციელა შემოწმება და მიღებულ იქნა მითითება, რომლითაც დადგინდა დარღვევა. მოსარჩელის განმარტებით, მითითებაში არ იყო ნახსენები, რომ შენობა უნებართვო მშენებლობას წარმოადგენს. ვინაიდან მითითებაში მოყვანილი დარღვევის აღმოფხვრა დაკავშირებული იყო ფინანსებთან, მოსარჩელემ დადგენილ ვადაში ვერ შეძლო მისი აღმოფხვრა, რის გამოც დაჯარიმდა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტებით ირღვევა მისი უფლებები, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა- ნაგებობების ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 16 ნოემბრის ბრძანებით შეთანხმებულ საოფისე შენობის არქიტექტურულ პროექტთან შესაბამისობას. საქმეში არსებული მასალებით დადასტურებული არ არის ი. ქ-ას მიერ კონკრეტული შენობა-ნაგებობების მშენებლობის კანონიერება. სასამართლომ მართებულად მიიჩნია ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილება მოსარჩელის დაჯარიმებისა და უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის დავალების თაობაზე, ხოლო საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ქ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობა და შესაბამისად, ი. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ქ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაირღვა მისი უფლებები, რადგან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებაში დიდი მნიშვნელობა აქვს სამართალდარღვევისათვის კანონით დადგენილი წესით მითითების გაცემას, მასში ზუსტად უნდა იყოს ჩამოყალიბებული დარღვევის ხასიათი და მისი გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები, რათა დამრღვევმა შეძლოს მითითებით განსაზღვრულ ვადაში სამართალდარღვევის გამოსწორება და პასუხისმგებლობის აცილება. ი. ქ-ამ კი ვერ შეძლო სამართალდარღვევის გამოსწორება და ვერც მისი აცილება, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად გააუქმა მის მიერ გამოცემული მითითება და დაჯარიმების შესახებ დადგენილება, ხოლო ახალი აქტის გამოცემით შექმნა ყველა პირობა, რომ არ მომხდარიყო დარღვევის გამოსწორება ან/და აცილება. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების დროს, იგი არ იქნა მიწვეული საქმის განხილვაზე, რითაც არ მიეცა შესაძლებლობა გამოეხატა მისი პოზიცია. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, მიღებულ იქნა კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ქ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეს კოდექსი ადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს. მითითებული კოდექსის მოთხოვნებს აზუსტებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები“, რომელიც განმარტებული და გამოყენებული უნდა იქნეს კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტები მოიცავენ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს და არეგულირებენ მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა განმარტებულია, როგორც მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად, ხოლო მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება ამ კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას. ამავე კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ, ხოლო 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ. აღნიშნული კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებასთან ერთად მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. თავის მხრივ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ − თუ უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25 000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის მიხედვით: ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან/და დემონტაჟი − გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 16 ნოემბრის №ბ42.422232011 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ ფოთში, ...ს ქუჩა №...-ში (ს/კ ...) მდებარე ი. ქ-ას საოფისე შენობის არქიტექტურული პროექტი. ადგილზე დათვალიერებით დადგინდა სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული შემდეგი პირობების დარღვევა: შენობა-ნაგებობაზე განთავსებულია ლითონის ჟალუზის საკეტები, არ გააჩნია საფირმო წარწერა, გადახურვა არ არის მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციით აგებული, გვერდითა ფასადს არ გააჩნია ღიობები, საპირფარეშო აგებულია ცალკე შენობა-ნაგებობის სახით, ტერიტორიაზე არ არის მოწყობილი გამწვანების ზოლი, ასევე ტერიტორიაზე განთავსებულია ცალკე შენობა-ნაგებობები. ა(ა)იპ „ქ...ის“ მიერ 2023 წლის 11 მაისს გაიცა მითითება დარღვევის გამოსწორების შესახებ და ი. ქ-ას ზემოაღნიშნული დარღვევის გამოსწორებისათვის განესაზღვრა 30 კალენდარული დღე.

ა(ა)იპ „ქ...ის“ 2023 წლის 19 ივნისის №112 შემოწმების აქტის თანახმად, ი. ქ-ამ მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ შეასრულა და დარღვევა არ გამოსწორებულა. შესაბამისად, ა(ა)იპ „ქ...ის“ 2023 წლის 18 ივლისის №დ-39.42231991 დადგენილებით, ი. ქ-ა სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული მშენებლობისათვის ცნობილ იქნა სამშენებლო სამართალდამრღვევად და საქართველოს კანონის „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 132-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის და „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 2000 ლარით. სამართალდამრღვევს ასევე დაევალა შენობა- ნაგებობის ნაწილობრივი დემონტაჟი.

დადგენილია, რომ 2023 წლის 28 ივლისს ი. ქ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლის 2023 წლის 15 აგვისტოს №ბ42.42232277 ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ „ქ...ის“ 2023 წლის 18 ივლისის დადგენილება და ა(ა)იპ „ქ...ის“ 2023 წლის 11 მაისის მითითება დარღვევის გამოსწორების შესახებ. ამავე ბრძანებით, ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალურ ინსპექციას“ დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ა(ა)იპ „ქ...ის“ მიერ 2023 წლის 30 აგვისტოს, ი. ქ-ას მიმართ გაიცა მითითება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ. ფოთში, ...ს ქუჩა №...-ში, ი. ქ-ას საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მშენებლობისას დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, შენობა-ნაგებობის სიგრძე შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული 16.00 მეტრის ნაცვლად შეადგენს 21.48 მეტრს, დარღვეულია სამეზობლო მიჯნის ზონა, შენობა-ნაგებობა სამეზობლო საზღვრებიდან 3 მეტრზე ნაკლები მანძილითაა დაშორებული, უკანა მხრიდან - 0.90 მეტრით, საპირფარეშო აგებულია მიჯნის ზონაში, ცალკე შენობა-ნაგებობის სახით, ასევე, მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ორი უნებართვო შენობა-ნაგებობა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 16 ნოემბრის №ბ42.422232011 ბრძანებით შეთანხმებულია საოფისე შენობის არქიტექტურული პროექტი, თუმცა ი. ქ-ამ შენობა-ნაგებობას შეუცვალა ფუნქცია და საოფისე შენობის ნაცვლად მოწყობილია ავტომანქანების სახელოსნო. შენობა-ნაგებობები მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში. ი. ქ-ას დარღვევის გამოსწორებისათვის, კერძოდ, უნებართვო შენობა-ნაგებობების დემონტაჟისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 16 ნოემბრის №ბ42.422232011 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის შესაბამისად მშენებლობის განხორციელებისათვის განესაზღვრა 30 კალენდარული დღის ვადა. ა(ა)იპ „ქ...ის“ 2023 წლის 2 ოქტომბრის №211 შემოწმების აქტის მიხედვით, ი. ქ-ამ მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ შეასრულა და დარღვევა არ არის გამოსწორებული. ა(ა)იპ „ქ...ის“ 2023 წლის 13 ოქტომბრის დადგენილებით, ქალაქ ფოთში, ...ს ქუჩა №...-ში (ს/კ ...) სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული უნებართვო მშენებლობისათვის, ი. ქ-ა ცნობილ იქნა სამშენებლო სამართალდამრღვევად და სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 8000 ლარით. ი. ქ-ას დაევალა კანონმდებლობის დარღვევით აშენებული 3 (სამი) შენობა-ნაგებობისა და 1 (ერთი) მშენებარე ობიექტის დემონტაჟი.

დადგენილია, რომ 2023 წლის 26 ოქტომბერს ი. ქ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ა(ა)იპ „ქ...ის“ 2023 წლის 13 ოქტომბრის დადგენილების გაუქმება. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2023 წლის 9 ნოემბრის №ბ42.422331134 ბრძანებით, ი. ქ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ კასატორი გასაჩივრებული დადგენილებისა და ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებს, რომ 2023 წლის 11 მაისის მითითებაში არ იყო მითითებული უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით, არამედ აღნიშნულის თაობაზე ნახსენები იყო მხოლოდ 2023 წლის 30 აგვისტოს მითითებაში. საკასაციო პალატა აღნიშნულთან მიმართებით მხარეს განუმარტავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში სადავო არ არის 2023 წლის 11 მაისის მითითება, არამედ ი. ქ-ას დაჯარიმებისა და მის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ დადგენილების კანონიერება. ამასთან, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, მხარის 8000 ლარით დაჯარიმება საფუძვლიანია, რამეთუ დადგენილია ი. ქ-ას მხრიდან შეთანხმებულ პროექტთან შეუსაბამო, უნებართვო მშენებლობის წარმოება, რაც, თავის მხრივ, იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სამშენებლო ნებართვით მოსარჩელისათვის ცნობილი იყო თუ რა სახის სამუშაოების შესრულების უფლებამოსილება გააჩნდა მას და მიუხედავად იმისა, იარსებებდა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება დარღვევების თაობაზე, იგი ვალდებული იყო მშენებლობა სამშენებლო ნებართვის დაცვით ეწარმოებინა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს პოზიციას მასზედ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საქმის გარემოებები გამოიკვლიეს სრულყოფილად და იმოქმედეს კანონით დადგენილ ფარგლებში.

საკასაციო პრეტენზიაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს, მხარე (ი. ქ-ა) არ იქნა მიწვეული საქმის განხილვაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, დადგენილია, რომ 2023 წლის 30 აგვისტოს №39-4223242103 მითითება და თანდართული დოკუმენტები განთავსდა ქალაქ ფოთში, ...ს ქ. №...-ში, ი. ქ-ას საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებულ შენობა-ნაგებობის ფასადზე. ხოლო ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 16 ნოემბრის №ბ42.422232011 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის შესაბამისად მშენებლობის განხორციელებისათვის ი. ქ-ას 30 კალენდარული დღის ვადა განესაზღვრა მითითებით გათვალისწინებული დარღვევის გამოსწორებისათვის. ამასთან, დადგენილია, რომ 2023 წლის 2 ოქტომბერს ი. ქ-ას გაეგზავნა უწყება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2023 წლის 10 ოქტომბერს ზეპირ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. სხდომაზე მონაწილეობა მიიღო როგორც ი. ქ-ამ, ასევე მისმა წარმომადგენლებმა. ამდენად, კასატორის პოზიცია საქმის განხილვაზე ი. ქ-ას მიუწვევლობის შესახებ უსაფუძვლოა და სასამართლო ვერ გაიზიარებს.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არარსებობასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. ქ-ას საკასაციო საჩივარზე 15.11.2024წ. №24625615896 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. ქ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ქ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;

3. ი. ქ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.11.2024წ. №24625615896 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე