Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1326(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ი/მ ნ...

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 17 ნოემბერს სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ი/მ ნ...ს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ ...) 2017 წლის 21 აგვისტოდან 2021 წლის 22 მაისამდე არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის - 25337.67 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი/მ ნ...ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის (2020 წლის 23 სექტემბრიდან 2021 წლის 22 მაისამდე პერიოდი) 5013 ლარის გადახდა დაეკისრა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ 2017 წლის 21 აგვისტოდან 2021 წლის 22 მაისამდე პერიოდში ქალაქ ვანში, ...ს №...-ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის მქონე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო მიზნებისთვის იყენებდა ი/მ ნ.... აღნიშნული ფაქტი დასტურდება სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 4 ნოემბრის №21-12/139219 წერილით, რომლის თანახმად, ი/მ ნ...ს საკუთრებაში არსებული საკონტროლო-სალარო აპარატი 2017 წლის 21 აგვისტოდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქალაქი ვანი, ...ს ქ. №.... ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ი/მ ნ...ს სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისთვის საფასურის გადახდა უნდა დაჰკისრებოდა სწორედ 2017 წლის 21 აგვისტოდან და არა 2020 წლის 23 სექტემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ი/მ ნ...სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად, სამეწარმეო საქმიანობისთვის სარგებლობის საფასურის დაკისრება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. ამრიგად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, თანხის გადახდა შეიძლება დაეკისროს პირს, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს. ამასთანავე, ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას განეკუთვნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე რეაგირება, მანვე უნდა უზრუნველყოს მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად კი, მოპასუხემ საწინააღმდეგო მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. ამდენად, სამეწარმეო მიზნებისათვის სახელმწიფო ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტის დადასტურება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულების სრულყოფილი და ყოველმხრივი შეფასების შედეგად უნდა განხორციელდეს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი/მ ნ... ქალაქ ვანში, ...ს ქუჩის №...-ში მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობდა შემოწმების დღიდან 2020 წლის 23 სექტემბრიდან 2021 წლის 22 მაისამდე. ასევე, დადგენილია, რომ ქალაქ ვანში, ...ს ქუჩის №...-ში მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2006 წლის 14 აგვისტოდან.

საქმის მასალებში წარმოდგენილია აგრეთვე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული 2020 წლის 6 ნოემბრის №006818320 და 2021 წლის 17 მაისის №003291421 დასკვნები, რომელთა თანახმად, ქალაქ ვანში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს: 2017 წლის მდგომარეობით - 5970 ლარს, 2018 წლის მდგომარეობით - 6030 ლარს, 2019 წლის მდგომარეობით - 6720 ლარს, 2020 წლის მდგომარეობით - 7320 ლარს, 2021 წლის მდგომარეობით - 7800 ლარს. დასახელებული დასკვნების შესაბამისად კი, ი/მ ნ...ს მიერ ბიუჯეტში გადასახდელი თანხა გამოითვალა შემდეგნაირად: 1. ვინაიდან ქალაქ ვანში, ...ს ქუჩა №...-ში ექსპერტიზაზე წარდგენილი უძრავი ქონების (ს/კ ...) წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულებამ 2020 წლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგინა 7320 ლარი, დღიური ქირის ფასი გამრავლებულ იქნა 2020 წელს (23.09.20წ.-31.12.20წ.=100 დღე) ნასარგებლები დღეების რაოდენობაზე (7320/365=20*100=2000 ლარს); 2. ასევე, ვინაიდან ქალაქ ვანში, ...ს ქუჩა №...-ში ექსპერტიზაზე წარდგენილი უძრავი ქონების (ს/კ ...) წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულებამ 2021 წლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგინა 7800 ლარი, დღიური ქირის ფასი გამრავლებულ იქნა 2021 წელს (01.01.21წ.-21.05.21წ.=141 დღე) ნასარგებლები დღეების რაოდენობაზე (7800/365=21.37*141=3013 ლარს). ამდენად, 2020 წლის 23 სექტემბრიდან 2021 წლის 22 მაისამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურმა შეადგინა 2000+3013=5013 ლარი. შესაბამისად, ი/მ ნ...ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 5013 ლარის გადახდა.

რაც შეეხება 2017 წლის 21 აგვისტოდან 2020 წლის 23 სექტემბრამდე მოპასუხის მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტს, აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელე ასახელებს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 4 ნოემბრის წერილს, რომლის თანახმად, ი/მ ნ...ს საკონტროლო სალარო აპარატი 2017 წლის 21 აგვისტოდან რეგისტრირებულია მისამართზე: ვანი, ...ს ქუჩა №..., თუმცა აღნიშნულ მისამართზე მდებარეობს კერძო პირის ზ. ბ-ეის საკუთრება (ს/კ ...). მოსარჩელის განმარტება, რომ №... და №... შენობები ემიჯნებიან ერთმანეთს, არ არის საკმარისი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოპასუხე სახელმწიფო ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა არამართლზომიერად 2017 წლის 21 აგვისტოდან 2020 წლის 23 სექტემბრამდე პერიოდში. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და მხარის განმარტებებით არ დასტურდება, ი/მ ნ...ს მიერ 2017 წლის 21 აგვისტოდან 2020 წლის 23 სექტემბრამდე სადავო ფართით არამართლზომიერი სარგებლობა (მფლობელობა), რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი აღნიშნულ ნაწილში მართებულად არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხ. უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის №ბს-88(კ-20), 2020 წლის 16 დეკემბრის №ბს-449(კ-20) განჩინებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე