ას-349-750-06 28 დეკემბერი, 2006 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ბ. ა-ი” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ. კ-ძე (მოსარჩელე)
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შ. კ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ბ. ა-ტის” წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ესაზღვრება შპს “ბ. ა-ტს”, რომელიც უკანონოდ მიითვისა მოპასუხემ, რაც დასტურდება აეროპორტის დირექტორის მიერ გაცემული ცნობით და ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამსახურის მიერ გაცემული დასკვნით. მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრში დღესაც მის სახელზე ირიცხება აღნიშნული მიწის ნაკვეთი. შ. კ-ძემ მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს “ბ. ა-ტმა”. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “ბ. ა-ტის” საჩივარი, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2005 წლის 9 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით კი შ. კ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ბ. ა-ტს” დაევალა 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთის შ. კ-ძისათვის გადაცემა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “ბ. ა-ტმა”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 აპრილის განჩინებით შპს “ბ. ა-ტის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ბ. ა-ტის” გერალურმა დირექტორმა ნ.კ-ძემ. მან აღნიშნა, ვინაიდან სასამართლომ შპს “ბ. ა-ტის” წარმომადგენელი ზ. ბ-ძე ჩათვალა არაუფლებამოსილ პირად, კერძო საჩივარი შეაქვს უფლებამოსილ პირს – საწარმოს გენერალურ დირექტორს. მან ასევე აღნიშნა, რომ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს აეროპორტის ტერიტორიაზე, არის აეროპორტის შემადგენლობაში და ირიცხება მის ბალანსზე. შ. კ-ძის მოთხოვნა მიწის ნაკვეთის დაბრუნების თაობაზე კი არის უსაფუძვლო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა მითითებული და დამტკიცებული გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც კერძო საჩივარი დაკმაყოფილებული იქნებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს “ბ. ა-ტის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არა არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა.
ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 26 იანვრის განჩინებით შპს “ბ. ა-ტს” მისცა ვადა ხარვეზის შესავსებად, ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ასევე სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ და არ იყო განსაზღვრული დავის საგნის ღირებულება. შპს “ბათუმის აეროპორტს” ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან.
დადგენილია, რომ შპს “ბ. ა-ტს” განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2005 წლის 24 თებერვალს. მას ხარვეზი უნდა შეევსო განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, ე.ი. 2006 წლის 3 დღის ჩათვლით. მიუხედავად ამისა, შპს “ბ. ა-ტმა” არ გამოასწორა ხარვეზი, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. აპელანტის მიერ არ იყო შევსებული ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ბ. ა-ტის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აპრილის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.