№1041აგ-13 21 მარტი, 2014 წელი
ტ-ი ი.- 1041აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ტ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განაჩენით ი. ტ-ი, ნასამართლევი, ძებნილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 1 ივნისის რედაქცია) – 3 წლით; სსკ-ის 93–ე მუხლის მე–2 ნაწილით (2000 წლამდე მოქმედი რედაქცია) –1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ი. ტ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
(საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი. ტ-ი წარსულში ნასამართლევია განზრახ დანაშაულთა ჩადენისათვის, კერძოდ: ფოთის საქალაქო სასამართლოს 1991 წლის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 150–ე მუხლის მე-3 ნაწილით და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა 1992 წელს; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 150–ე მუხლის მე-2, სსკ–ის 153–ე მუხლის მე-2 ნაწილებითა და სსკ-ის 155–ე მუხლით, რისთვისაც განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1999 წელს იგი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 18 ნოემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა გლდანი–ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 ივნისის განაჩენში. ი. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით; სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით; სსკ–ის 363–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 100 დღიური ოდენობა, მინიმალური ანაზღაურებით - 200 ლარი; იმავე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების თანახმად, ი. ტ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2001 წლის 9 ივლისიდან).
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ი. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 3 წლით; სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით ი. ტ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი. ტ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 24 ივლისიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ი. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ი. ბ-ის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ხ. კ-ის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შ. ბ-ისა და მ. კ-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ი. ტ-ს განესაზღვრა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 24 ივლისიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის დადგენილებით მსჯავრდებულ ი. ტ-ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 8 თვე, 18 დღე და ი. ტ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 26 წლით, 2 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ი. ტ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2009 წლის 6 ნოემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ი. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 3782–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის დადგენილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 24 წელი, 1 თვე, 25 დღე და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 26 წლით, 1 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა. ი. ტ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2011 წლის 30 ნოემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ტ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებული ი. ტ-ი გათავისუფლდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის – 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან; მასვე ერთი მესამედით შეუმცირდა 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ი. ტ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განაჩენით როგორც სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 3 წელი, ისე სსკ–ის 93–ე მუხლის მე–2 ნაწილით (2000 წლამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 1 წელი და განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე, ასევე ერთი მესამედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განაჩენით როგორც საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები - 6-6 წელი, ისე სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წელი, 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 11 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 4 თვე, 18 დღე და განესაზღვრა 15 წლით, 4 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა. ი. ტ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა სსკ-ის 3782–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წელი და განესაზღვრა 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის დადგენილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 13 წელი, 3 თვე, 24 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 14 წლით, 7 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო 2011 წლის 30 ნოემბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ტ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ ი. ტ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განჩინებები დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ი. ტ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებული განაჩენის სამოტივაციო ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილებით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, ხოლო იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად, ხოლო 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელები უნდა შეიკრიბოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების გამოყენებით, რადგან მსჯავრდებულმა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განაჩენის გამოტანამდე - 2006 წლის 15 მაისს, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განაჩენის გამოტანამდე - 2009 წლის ივლისში.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს კანონიერად დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის დადგენილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელად ასევე კანონიერად განესაზღვრა 14 წლით, 7 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2011 წლის 30 ნოემბრიდან.
ანდენად, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას სასჯელების მთლიანად შეკრების ნაწილში და მიიჩნევს, რომ ი. ტ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. შესაბამისად, მიზანშეუწონელია სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს განაჩენი ი. ტ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი