Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-35-485-05 13 მარტი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),

მ. ცისკაძე

დავის საგანი: ალიმენტისა და საალიმენტო დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ფ-უამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ფ-უას მიმართ მათი მცირეწლოვანი შვილის _ ვ. ფ-უას სარჩენად ყოველთვიურად დაკისრებული 30 ლარისა და საალიმენტო დავალიანების _ 360 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, უმუშევრობის გამო, შეექმნა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ხსენებული თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ, უმუშევრობის გამო, თავად ბავშვს ვერ არჩენს, დროებით ცხოვრობს მშობლებთან, რომელთაც ბავშვის ხშირი ავადმყოფობის პირობებში სათანადო მატერიალური დახმარების გაწევა არ შეუძლიათ.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ა.ფ-უასათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად დაკისრებული თანხის ოდენობა შემცირდა 20 ლარამდე, ხოლო საალიმენტო დავალიანება _ 260 ლარამდე.

რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება ა. ფ-უამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 2 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 365-ე, 374-ე მუხლებით, 41-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 500 ლარს და იგი კანონით დასაშვებ 1000 ლარიან ზღვარს არ აღემატებოდა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება ა.ფ-უამ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დავის საგნის ღირებულება გამოთვალა არასწორად, ვინაიდან ალიმენტის გადახდა ა.ფ-უას დაეკისრა ბავშვის სრულწლოვანებამდე, სააპელაციო საჩივრის ღირებულება სწორედ ამ მომენტამდე გადასახდელი თანხის ერთობლიობით უნდა გამოითვალოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 4 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ა. ფ-უას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს.

მოცემულ შემთხვევაში ა. ფ-უამ სარჩელით მოითხოვა ალიმენტის _ ყოველთვიურად 30 ლარისა და საალიმენტო დავალიანების _ 360 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ა. ფ-უას დაეკისრა ყოველთვიურად 20 ლარისა და ერთჯერადად 260 ლარის გადახდა, რაც მან გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა რა სადავო სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა, სწორად გამოიყენა სსკ-ის 365-ე, 374-ე მუხლები და მიუთითა, რომ ა. ფ-უას სააპელაციო საჩივრის ღირებულება კანონით დადგენილ ოდენობაზე ნაკლებია, რის გამოც იგი ჩათვალა დაუშვებლად.

უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს ვ. ფ-უას სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ერთობლიობიდან, ვინაიდან, სსკ-ის 41-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ ქონებრივ-სამართლებრივ სარჩელზე დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ერთიწ. განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით. აღნიშნული კი შეადგენს 500 ლარს, რაც კანონით დასაშვებ 1000 ლარზე ნაკლებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა კანონის ნორმები და ა.ფ-უას სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები კერძო საჩივრით წარმოდგენილი არ არის, რის გამოც ა.ფ-უას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა.ფ-უას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 2 დეკემბრისა და 4 იანვრის განჩინებები მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.