საქმე Nბს-1404(კ-24) 20 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე)- ი. გ-ი (გვარის შეცვლამდე კ-ე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) –ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინება
დავის საგანი–ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 10 დეკემბერს ი. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 27.07.2020წ. დადგენილებით იგი დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ. თბილისში, ... ... კორპ. N...-ის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, მსუბუქი კონსტრუქციის ღობის განთავსებისა და კაპიტალური კედლების მშენებლობისთვის. ზემოაღნიშნული დადგენილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მითითებით ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულყოფილად არ გამოიკვლიეს საკითხი მასზედ, რომ ი. კ-ეის მიერ უძრავი ქონების შეძენის პერიოდისთვის - 2015 წლისთვის რამდენად არსებობდა სამართალდარღვევად მიჩნეული ობიექტები.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 27.07.2020წ. N000097 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2.11.2020წ. N1547 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 4 ივნისის სხდომაზე აღინიშნა, რომ ი. კ-ემ შეიცვალა გვარი და გახდა გ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით ი. კ-ეის (ამჟამად ი. გ-ის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ-ემ ჩაიდინა სამშენებლო სამართალდარღვევა, კერძოდ, ქ. თბილისში, ...ში, ..., კორპუსი N..., მიმდებარედ (ნაკვეთი N...), N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი) განხორციელებულია I კლასის მახასიათებლების მქონე მსუბუქი კონსტრუქციის ღობის და კაპიტალური კედლების მშენებლობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა ჩადენილი სამართალდარღვევა. აღნიშნული კი წარმოადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის 131-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და ამავე ნორმით პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე, 124-ე, 125-ე, 122-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნია, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უტყუარად ვერ დადგინდა სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირი, ი. კ-ეს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს სწორად დაეკისრა პასუხისმგებლობა, რადგან მან მითითებით მისთვის განსაზღვრულ ვადაში სრულად არ შეასრულა მითითების პირობები და არ აღმოფხვრა სამართალდარღვევა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ი. კ-ეს ჰქონდა დრო ემოქმედა კანონით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარედგინა მტკიცებულება, გამოესწორებინა დარღვევა და ა.შ. რაც მას არ განუხორციელებია. მოსარჩელისათვის სახდელის შეფარდება არ მომხდარა მყისიერად, მას მიეცა მითითება, განესაზღვრა ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, აღნიშნულის შემდეგ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა შემოწმება, დააფიქსირა, რომ მოსარჩელის მიერ სრულად არ შესრულდა მითითებით გათვალისწინებული პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ დააკისრა მას კანონით გათვალისწინებული სანქციები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-იმა (გვარის შეცვლამდე კ-ე), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 ივლისის დადგენილებით იგი დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ. თბილისში, ...ს ..., კორპ. N...-ის მიმდებარედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, მსუბუქი კონსტრუქციის ღობის და კაპიტალური კედლების განთავსებისთვის. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ი. გ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ს/კ ... მქონე მიწის ნაკვეთი მისმა მარწმუნებელმა შეიძინა 2015 წელს იმ მდგომარეობაში, რაც დღესაა. შეძენილ უძრავ ქონებაზე ი. გ-ის არ უწარმოებია რაიმე სახის სამუშაოები. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ი. გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 27.07.2020წ. N000097 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2.11.2020წ. N1547 ბრძანების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 30.12.2019წ. ი. კ-ეის მიმართ შეადგინა მითითება, რომლის თანახმად ქ. თბილისში, ... მ/რაიონი, კორპუსი N...-ის და ს.კ. ... მიმდებარედ სახელმწიფო ტერიტორიაზე განთავსებულია მსუბუქი კონსტრუქციის ღობე და კაპიტალური კედლები. ამავე მითითების თანახმად, სამართალდამრღვევს აღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა 30 კალენდარული დღის ვადაში უსაფრთხოების წესების დაცვით მითითებული ობიექტის დემონტაჟი ან განხორციელებული მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა.
2020 წლის 13 თებერვალს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის №000097 შემოწმების აქტით დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილებით ი. კ-ე დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ..., ... მ/რაიონი, კორპუსი N...-ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდის მიმდებარედ, სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, მსუბუქი კონსტრუქციის ღობის განთავსებისა და კაპიტალური კედლების მშენებლობისათვის. ამავე დადგენილებით ი. კ-ეს დაევალა უნებართვოდ განთავსებული ობიექტის დემონტაჟი.
2020 წლის 12 აგვისტოს მოსარჩელის წარმომადგენელმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 27.07.2020წ. N000097 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 2 ნოემბრის N1547 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
განსახილველ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარღვევად მიჩნეული სამუშაოები ადმინისტრაციულმა ორგანომ პირველი კლასის მახასიათებლების მქონედ მიიჩნია.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მშენებლობის განხორციელებამდე პირმა კანონით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა, რაც განსახორციელებელი სამუშაოების მიხედვით, შეიძლება გამოიხატოს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განზრახული სამშენებლო სამუშაოების დადასტურების მიღებაში ან მშენებლობის ნებართვის მოპოვებაში. თავისმხრივ, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განსაზღვროს თუ რა სახის სამშენებლო სამუშაოებია ნაწარმოები, საჭიროებდა თუ არა იგი ნებართვას/დადასტურებას და რამდენად არის ასეთი ნებართვა შესაბამისი წესით მოპოვებული. თუკი მშენებლობა მოთხოვნილ პირობებს არ აკმაყოფილებს, მაშინ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა წარმოშობს სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი პირის გამოვლენისა და სანქციის დაკისრების მოვალეობას.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის 124-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დარღვევის გამოსწორების შესახებ მითითება გაიცემა გონივრული ვადით. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. ხოლო 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ. ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოუფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებულიშენობა-ნაგებობი მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.
მითითებული კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. ამავე კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მშენებლობის მარტივი შეტყობინებისა და მშენებლობის დეტალური შეტყობინებისთვის თანდართული დოკუმენტაციის ნუსხა, მისი შინაარსი და მშენებლობის შეთანხმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულების და პარამეტრების მიხედვით, ხოლო მე-6 ნაწილის შესაბამისად, შენობა-ნაგებობების კლასების განმსაზღვრელი მახასიათებლები და მშენებლობის სახეები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილების (შემდგომში - „N255 დადგენილება“) დანართის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშენებლობის ერთ ერთ სახეობას წარმოადგენს ახალი მშენებლობა (მათ შორის მონტაჟი). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. ახალი მშენებლობაა ასევე დროებითი შენობა ნაგებობის მონტაჟი/განთავსება“.
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილების დადგენილების დანართი 1-ის თანახმად, I კლასს განეკუთვნება 20 მ–მდე მოცულობის 10მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა და გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ–მდე სიმაღლის მქონე ღობე. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის "ჰ" პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: უნებართვო მშენებლობა - მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს".
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად „უნებართვო მშენებლობა „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში აწ/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან მუწიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარის ოდენობით.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, „ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან/ და დემონტაჟი – გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.
მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა დიფერენცირების იმ თავისებურებაზე, რასაც სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ითვალისწინებს; კერძოდ, კანონმდებელი სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტებად (დამრღვევად) მოიაზრებს როგორც უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელ პირს, ასევე შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი (მუხლი 122).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად კი, მართალია სამშენებლო სამართალდარღვევის დენადი ხასიათის გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი ითვალისწინებს უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის, უნებართვო მშენებლობის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუმცა აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუდგენელია მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირი(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის №ბს-1025(3კ-19) გადაწყვეტილება).
ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უტყუარად დაადასტუროს მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირის დადგენის შეუძლებლობა და უნებართვო მშენებლობისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მხოლოდ ამის შემდეგ გადააკისროს შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტა, რომ მესაკუთრესა და მოსარგებლეზე სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ არის დადგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი კონკრეტული პირი, არ ადასტურებს პასუხისმგებლობის დაკისრებას სხვისი ბრალისათვის, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე/მოსარგებლე პასუხს აგებს არა სხვისი, არამედ თავისი ბრალისათვის, რომელიც გამოვლინებას პოულობს მის უმოქმედობაში. მესაკუთრეს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს სათანადო სამშენებლო ნორმების დაცვა, მის სარგებლობაში არსებული ნაგებობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემდგომში კანონშესაბამისი ექსპლუატაცია (სუსგ 926-922(2კ-17) 20 დეკემბერი, 2019 წ).
საკასაციო პალატამ ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ სავარაუდო დამრღვევს უნდა მიეცეს გონივრული, კონკრეტულად განსაზღვრული ვადა გადაცდომის გამოსასწორებლად. უკეთუ პირი დადგენილ ვადაში გამოასწორებს დარღვევას, მისთვის სახდელის დაკისრების წინაპირობა უქმდება, მიუხედავად იმისა, რომ მითითების მიცემისას გადაცდომა სახეზე იყო. სამართალდარღვევის საქმის წარმოება მიმართულია უკვე არსებულ ფაქტზე, ხდება ისეთ ქმედებაზე რეაგირება, რომელიც უკვე ჩადენილია. აღნიშნულის მიუხედავად არ ხდება დამრღვევისათვის სანქციის დაუყონებლივ შეფარდება, მოქმედი მოწესრიგების მიხედვით პირს ეძლევა სამშენებლო გადაცდომის გამოსწორების შესაძლებლობა. ამდენად, ცხადია, რომ კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა (სუსგ Nბს-1390(კ-18), 12.09.2019).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
კასატორის ძირითადი პრეტენზია მიემართება იმ საკითხს, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება წინა მესაკუთრისგან შეიძინა არსებულ მდგომარეობაში და მას არ უწარმოებია დამატებითი სამშენებლო სამუშაოები. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერზე, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ... მ/რ-ში მდებარე უძრავი ქონება (ავტოფარეხი ს/კ ...) საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი. კ-ეის სახელზე. რეგისტრაციის საფუძველია 22.04.2015წ. ნასყიდობის ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებასთან მიმართებით საქმეში დაცულია 4.11.2014წ. და 15.04.2015წ. ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებშიც მართალია აღნიშნულია უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და ფართობი, თუმცა არ არის მითითებული სხვა ინდივიდუალური მახასიათებელი (თუნდაც შემოღობვის საკითხი). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. გ-ის მარტოოდენ სიტყვიერი ახსნა-განმარტება მასზედ, რომ მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე უნებართვო სამუშაოები აწარმოეს წინა მესაკუთრეებმა არ დასტურდება კონკრეტული მტკიცებულებებით. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნასყიდობის ხელშეკრულებებიც იმ გარემოების დამადასტურებელი ან უარმყოფელი, რაზეც კასატორი მიუთითებს არ არის. ნიშანდობლივია, რომ მოცემულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გაიმართა საქმის განხილვა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სხდომაზე მოწვეულ იქნენ უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრეები: მ. ს-ე და ლ. ა-ი, რომლებიც არ გამოცხადდნენ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას. ამ დროს დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა/გამოსწორება, პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ უნებართვო მშენებლობა, თავისი ბუნებით, არის დენადი სამართალდარღვევა, რომელიც უწყვეტად გრძელდება დროში და ითვლება დენადად, ვიდრე არ მოხდება მისი აღმოფხვრა.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის ფაქტი. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები ი. გ-ის მიერ არ ყოფილა წარდგენილი არც ადმინისტრაციული წარმოების და არც სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების ეტაპებზე. მესაკუთრეს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს სათანადო სამშენებლო ნორმების დაცვა, მის სარგებლობაში არსებული ნაგებობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემდგომში კანონშესაბამისი ექსპლუატაცია. აღსანიშნავია, რომ კასატორს სახდელი არ შეფარდებია სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენისთანავე, მას მიეცა მითითება, განესაზღვრა გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, გარკვეული პერიოდის შემდგომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა შემოწმება, რომლითაც დააფიქსირდა მოსარჩელის მიერ მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ფაქტი. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მას შემდეგ რაც შემოწმების აქტით დადგინდა მითითების შეუსრულებლობა, მუნიციპალური ინსპექციის 13.04.2020წ. ბრძანებით სამშენებლო სამართადარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა კიდევ 2 თვით. ი. გ-ის მხოლოდ ზემოაღნიშნული სტადიების შემდეგ დაეკისრა კანონით გათვალისწინებული სანქციები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ადგილი არ აქვს ისეთი სახის დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ხელეწიფებოდა უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირის უტყუარად დადგენა, შესაბამისად, მოსარჩელეს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს მართებულად დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. საგულისხმოა, რომ ი. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სივრცობრივ-ფუნქციურ კავშირშია სამართალდარღვევად მიჩნეულ ობიექტებთან. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება ზემოაღნიშნული ობიექტების ლეგალიზების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ს/კ ... უძრავი ქონების წინა მესაკუთრეების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაეკისრა პასუხისმგებლობა, რამეთუ კასატორმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები და სამართლებრივი არგუმენტები, რომლებითაც დაადასტურებდა სხვა პირის მიერ მსუბუქი კონსტრუქციის ღობის და კაპიტალური კედლების მოწყობას, მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობას, ადმინისტრაციული წარმოების არამართლზომიერად ჩატარებას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციოსაჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. გ-ის (კ-ეის) საკასაციო საჩივარზე 15.01.2025წ. N158 საგადახდო დავალებით გ. ნ-ეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. ნ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი -210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციონაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დაადგინა:
1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინება;
3. გ. ნ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.01.2025წ. N158 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა