საქმე #ბს-1359(კ-24) 20 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ.გ-ი
მესამე პირი (ასკ 16.2) – შპს „ ...“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 25 ნოემბერს დ.გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 15 ოქტომბერს მან ჩაიბარა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინება, რითაც მას ეცნობა, რომ მის მიმართ დაიწყო დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუკი იგი აღნიშნული შეტყობინების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი ფორმით არ წარადგენდა პროტეტს, აღსრულების ეროვნული ბიურო სრულად დააკისრებდა დავალიანების გადახდას.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს მან ქეის-მენეჯერს გადაუგზავნა განცხადება აღნიშნული დავალიანების გაპროტესტების თაობაზე, თუმცა ამავე წლის 26 ოქტომბრის #SP210809939/899678 ბრძანებით მას მაინც დაეკისრა დავალიანების გადახდა იმ მოტივით, რომ მან პრეტენზია თითქოს ვადის დარღვევით წარადგინა.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2021 წლის 15 ოქტომბრამდე - აღსრულების ეროვნული ბიუროსაგან შეტყობინების მიღებამდე, მან რამდენიმე დღით ადრე ჩაიბარა იდენტური შეტყობინება აპლიკანტ შპს „...სგან“ კონვერტის გარეშე, ღია სახით. 2021 წლის 15 ოქტომბერს აღსრულების ეროვნული ბიუროსაგან შეტყობინების მიღების შემდგომ, იგი დაუკავშირდა ქეის-მენეჯერს და სთხოვა განემარტა, თუ რომელი გზავნილი იყო უპირატესი და რომელი გზავნილის ჩაბარებიდან დაეწყო მას ვადის ათვლა, იმისათვის, რათა არ დაერღვია პრეტენზიის წარდგენის ვადა. ქეის-მენეჯერმა მას განუმარტა, რომ უპირატესი იყო 2021 წლის 15 ოქტომბერს მიღებული შეტყობინება, ვინაიდან მის მიერ ადრე მიღებული შეტყობინება არ იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი. მოსარჩელის აღნიშვნით, ქეის-მენეჯერმა, ასევე, განუმარტა, რომ მას პრეტენზიის წარდგენის ვადა ამავე წლის 25 ოქტომბრამდე ჰქონდა.
მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 26 ოქტომბრის ბრძანებას, რამდენადაც მის მიერ დაცულ იქნა პრეტენზიის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. ამასთან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლში გარკვევით არის მითითებული, რომ შეტყობინებას რესპონდენტს უგზავნის აღსრულების ეროვნული ბიურო და არა აპლიკანტი.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 26 ოქტომბრის #SP210809939/899678 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 26 ოქტომბრის #SP210809939/899678 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერის მიერ 2021 წლის 23 აგვისტოს შედგენილი შეტყობინება გამარტივებული წარმოების შესახებ (რომლის თანახმად, რესპონდენტს - დ.გ-ის (მის.: თბილისი, ...ის ქ. #...) ეცნობა ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე) ადრესატს - დ.გ-ის მითითებულ მისამართზე ჩაბარდა 2021 წლის 15 ოქტომბერს. აღნიშნულის მიუხედავად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და 2021 წლის 26 ოქტომბრის წერილის შესაბამისად, ბიურომ რესპონდენტისათვის შეტყობინების ჩაბარების თარიღად მიიჩნია 2021 წლის 12 ოქტომბერი, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, შპს „...ის“ მომართვის საფუძველზე, მისცა მას თანხმობა გზავნილის რესპონდენტისათვის ჩაბარების თაობაზე და რომ შპს „...ის“ მიერ შეტყობინების ჩაბარება წარმოადგენდა აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებას გზავნილის ჩაბარების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებით 2021 წლის 12 ოქტომბრის ჩაბარებასთან დაკავშირებით არ დასტურდება საქმისმწარმოებელი ქეის-მენეჯერის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით, ფოსტის მეშვეობით დოკუმენტის გაგზავნა რესპონდენტისათვის ჩასაბარებლად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ შპს „...ის“ მიერ რესპონდენტისათვის - დ.გ-ისათვის 2021 წლის 12 ოქტომბერს გზავნილის ჩაბარება არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არ დასტურდებოდა 2021 წლის 12 ოქტომბერს ადრესატისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინების გადაცემის ფაქტი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც კონკრეტულად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ უშუალოდ დ.გ-ისათვის გაგზავნილი შეტყობინება მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის ქ. #...) ადრესატს ფოსტის საშუალებით ჩაბარდა 2021 წლის 15 ოქტომბერს, დ.გ-ის მიერ განცხადების 2021 წლის 24 ოქტომბერს წარდგენით დაცულ იქნა კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რესპონდენტს უფლება აქვს განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ რესპონდენტი ვალდებულია, პოზიცია მის მიმართ დაწყებულ გამარტივებულ წარმოებასთან დაკავშირებით წარმოადგინოს წერილობითი ფორმით, კანონით განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში. ბიურო უდავოდ მიიჩნევს რესპონდენტისათვის „გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე“ შეტყობინების კანონით დადგენილი წესით პირადად ჩაბარებას. ამდენად, კასატორის შეფასებით, მას მიეცა გამარტივებულ წარმოებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირების რეალური შესაძლებლობა.
კასატორის მითითებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ შეტყობინების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია წერილობითი პოზიცია მის მიმართ დაწყებული გამარტივებული წარმოების თაობაზე. კერძოდ, აპლიკანტმა სააღსრულებო ბიუროში განცხადებით წარადგინა რესპონდენტის მიერ „გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ“ #SP210809939/878242 შეწყობინების ხელზე ჩაბარების დასტური, რომლიდანაც ირკვევა, რომ დ.გ-ის შეწყობინება 2021 წლის 12 ოქტომბერს ჩაბარდა. მოგვიანებით, ამავე წლის 15 ოქტომბერს, ადრესატს პირადად ჩაბარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი #S211091637 გზავნილიც.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველ და მე-8 ნაწილებზე და, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობებზე დაყრდნობით, თვლის, რომ არსებობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 26 ოქტომბრის #SP210809939/899678 ბრძანების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 5 აგვისტოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართა აპლიკანტმა - შპს „...მა“, რესპონდენტის - დ.გ-ის მიმართ. განცხადებით მოთხოვნილ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ გადახდის ბრძანების მიღება 24 181.03 ლარის დაკისრების მიზნით.
2021 წლის 23 აგვისტოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 2021 წლის 11 ოქტომბერს გაეგზავნა რესპონდენტს - დ.გ-ის და ჩაბარდა 2021 წლის 15 ოქტომბერს, მისამართზე: თბილისი, ...ის ქ. #... 2021 წლის 13 ოქტომბერს, შპს „...ის“ წარმომადგენელმა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინა დასტური, რომლის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ დ.გ-ის ჩაბარდა ხელზე 2021 წლის 12 ოქტომბერს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს დ.გ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გააპროტესტა შპს „...ის“ მიერ წარდგენილი მოთხოვნა.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ 2021 წლის 26 ოქტომბრის SP210809939/899678 ბრძანებით დ.გ-ის აპლიკანტის - შპს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 24181.03 ლარის გადახდა. 2021 წლის 26 ოქტომბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილით დ.გ-ის აცნობა, რომ პოზიცია - შპს „...ის“ 2021 წლის 5 აგვისტოს განცხადებაზე მას უნდა დაეფიქსირებინა იმავე წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით (თავდაპირველი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში). მოცემულ შემთხვევაში, კანონით დადგენილი 10 დღე გავიდა ისე, რომ მისი მხრიდან პოზიცია არ იყო დაფიქსირებული, რის გამოც გამოიცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომელიც მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე კანონის 971 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას.
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში დაფაროს დავალიანება, განაცხადოს წერილობითი პროტესტი ან განახორციელოს ამავე მუხლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის 917.4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, გამოიცემა გადახდევინების შესახებ ბრძანება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ შეტყობინების მიღებაზეა დამოკიდებული რესპონდენტის მხრიდან ვალდებულების შესრულებაც და, შეუსრულებლობის შემთხვევაში, მისთვის დავალიანების გადახდევინების დაკისრებაც.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარების წესებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები. ხსენებული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად კი, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, მოსამართლეს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას სასამართლო უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. უწყების დროულად ჩაბარების მიზნით მხარეს შეუძლია სასამართლოს მიმართ წერილობითი განცხადების საფუძველზე, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კურიერის გადაადგილება და მისი მეშვეობით უწყების ჩაბარება. პირი, რომელსაც მოსამართლემ დაავალა უწყების მიტანა, ვალდებულია, სასამართლოს დაუბრუნოს მისი მეორე ეგზემპლარი უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერის მიერ 2021 წლის 23 აგვისტოს შედგენილი გამარტივებული წარმოების შესახებ შეტყობინება (უშუალოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი) ადრესატს - დ.გ-ის ჩაბარდა 2021 წლის 15 ოქტომბერს. მიუხედავად აღნიშნულისა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და 2021 წლის 26 ოქტომბრის წერილის მიხედვით, ბიურომ რესპონდენტისათვის შეტყობინების ჩაბარების თარიღად მიიჩნია 2021 წლის 12 ოქტომბერი, თუმცა, საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, შპს „...ის“ მომართვის საფუძველზე, მისცა აპლიკანტს თანხმობა გზავნილის რესპონდენტისათვის ხელზე ჩაბარების თაობაზე. საქმის მასალებით, ასევე, არ დასტურდება, რომ შპს „...ის“ მხრიდან დ.გ-ისათვის შეტყობინების ჩაბარება განხორციელდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალების ფარგლებში.
ამდენად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ შპს „...ის“ მიერ რესპონდენტისათვის - დ.გ-ისათვის 2021 წლის 12 ოქტომბერს გზავნილის ჩაბარება არ შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც კონკრეტულად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ უშუალოდ დ.გ-ისათვის გაგზავნილი შეტყობინება ადრესატს (მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. #...) ფოსტის საშუალებით ჩაბარდა 2021 წლის 15 ოქტომბერს, დ.გ-ის მიერ წერილობითი ფორმით პრეტენზიის 2021 წლის 24 ოქტომბერს წარდგენით დაცულ იქნა კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) საკასაციო საჩივარზე 12.11.2024წ. #20525 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.11.2024წ. #20525 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა