Facebook Twitter

ბს-77(კ-24) 20 მარტი, 2025წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.გ-ემ 12.11.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს პროკურატურის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 20 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.05.2022წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2023წ. გადაწყვეტილებით გ.გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ.გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 7 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2023წ. განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2023წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საქმეზე წარმოდგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა N1) თანახმად, 15.01.2015წ. დაიწყო გამოძიება ვებ საიტებზე პორნოგრაფიული ნაწარმოების, გამოსახულების უკანონოდ გავრცელების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 09.06.2015წ. განჩინებით პროკურორ მ.გ-ის შუამდგომლობა ბრალდებულის - გ.გ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 27.12.2018წ. განაჩენით გ.გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 12.11.2019წ. განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 27.12.2018წ. განაჩენი დარჩა უცვლელი, გ.გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის, დამდგარი ზიანის, მართლწინააღმდეგობისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან ერთად, სახეზე უნდა იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა. გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. ამასთან, ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია ზიანის მიმყენებელ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა, ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნის მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. მოსარჩელე არ იყო ვალდებული ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ამასთან, მნიშვნელოვანია სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის პერიოდი. პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხად მართებულად იქნა განსაზღვრული - 7 000 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სკ-ის 1005.3 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი, ასევე უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნას როგორც ვინმეს მხრიდან ზიანის მიყენებად. სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას პროკურატურა წინაწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს კომპეტენციაა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი, ხოლო 270-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გამამართლებელი განაჩენი ნიშნავს ბრალდებულისათვის წაყენებული ბრალის დაუდასტურებლობას, შესაბამისად, პროკურატურას წინასწარ ვერ ეცოდინებოდა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოსთვის საკმარისი არ აღმოჩნდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები და გატარდა კანონშესაბამისი ღონისძიებანი, საბოლოოდ, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც კი არ არსებობს პროკურატურის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. საჩივრის თანახმად, გ.გ-ის მიმართ გატარებულ ყველა ღონისძიებას გააჩნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტზე დაყრდნობით განხორციელდა გ.გ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურები, თუმცა ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმემ შემდგომში ვერ დააკმაყოფილა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი“ - უკანონოდ ვერ გადააქცევს „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტზე დაყრდნობით შესრულებულ მოქმედებებს. ამას ისიც ცხადყოფს, რომ პროკურატურის მოქმედებები ყველა ეტაპზე გადიოდა სასამართლო კონტროლს და მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

კასატორმა მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საერთო სასამართლოების მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტლებებზე და აღნიშნა, რომ პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 7 000 ლარის დაკისრება უსაფუძვლოა. სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოშივე იყო გამართლებული და აღკვეთის ღონისძიებაც კი არ ჰქონია შეფარდებული, ამასთან, ბრალდების მხარეს საქმე არ გაუსაჩვირებია საკასაციო სასამართლოში, შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია მის უფლებებში გაუმართლებელ ჩარევას. ამასთან, მას არ ჰქონია ასაკი, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სხვა პიროვნული მახასიათებელი, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა განსაკუთრებულ მობყრობასთან და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა მოსარჩელეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტს და სახეზეა მარეაბილიტირებელი გარემოება (სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი). მოცემულ შემთხვევაში პროკურატურისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივ საფუძველს ქმნის სკ-ის 1005.3 მუხლი, რომლის თანახმად ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად. სკ-ის 1005.3 მუხლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ზიანი ანაზღაურდება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ქმნის ქმედების უკანონობა და პირის მარეაბილიტირებლი გარემოების არსებობა. კანონმდებლობა არ შეიცავს მარეაბილიტირებელი გარემოების ჩამონათვალს, თუმცა უდავოა, რომ ასეთ გარემოებას განეკუთვნება გამამართლებელი განაჩენის არსებობა, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს. საქმის მასალებში დაცული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 27.12.2018წ. განაჩენით გ.გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, მას ასევე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების თაობაზე. აღნიშნული განაჩენი უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 12.11.2019წ. განაჩენით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის თავისუფლების ხელყოფას და ხელშეუხებლობის დარღვევას, როგორც წესი თან სდევს პირის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვ., თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც მოქმედი კანონმდებლობით (სკ-ის 413 მუხ.) არის გათვალისწინებული (სუსგ 04.06.2015წ. საქმე №ბს-485-474(2კ-14)). განსახილველ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (უკანონო ბრალდება) განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, ვინაიდან გამოძიების პროცესში ჩატარებული ფორმალურად მართლზომიერი საპროცესო მოქმედებები მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის მიიჩნევიან უკანონოდ, რადგან ხსენებული ნორმა მიზნად ისახავს დაზარალებულის დაცვას, კერძოდ, გამართლებული პირისთვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის მიცემას (სუსგ 04.06.2015წ. საქმე №ბს-485-474(2კ-14), 07.02.2019წ. საქმე №ბს-432-429 (2კ-17)). დაუსაბუთებელია მორალური ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ პროკურატურის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები ეფუძნებოდა კანონს, რაც კასატორის მოსაზრებით გამორიცხავს პროკურატურის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა, რომელიც ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას (32-ე მუხ.). გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება (37.3 მუხ.), თავის მხრივ გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად (37.2 მუხ.). სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (25.2 მუხ.). შეჯიბრებითობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართლის პროცესმა მხარეებისთვის შექმნას შესაძლებლობა წარმოადგინონ სისხლის სამართლის საქმის მოვლენათა განვითარების საკუთარი ვერსია, აღნიშნული ვერსიის ხელშემწყობი არგუმენტები და მტკიცებულებები, ასევე გამოთქვან მოსაზრებები, გაეცნონ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებებს, გამოხატონ პოზიციები აღნიშნულ მტკიცებულებებზე ან/და საქმესთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებზე, გააქარწყლონ მოწინააღმდეგე მხარის ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, რომელზეც სასამართლომ შეიძლება დააფუძნოს თავისი მოსაზრება, აგრეთვე დაარწმუნონ სასამართლო საკუთარი არგუმენტების სისწორეში და გავლენა მოახდინონ დასაბუთებული, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 14.12.2018წ. №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „რ. მიქელაძე და გ. ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-75). სასამართლოა ის ორგანო, რომელიც როგორც ნეიტრალური არბიტრი, ორგანიზებას უწევს, ზედამხედველობს, აკვირდება და აკონტროლებს სისხლის სამართლის საქმის განხილვას, მათ შორის, მტკიცებულებების გამოკვლევას, რათა უზრუნველყოს სამართლიანი, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს დაფუძნებული პროცესი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 28.12.2021წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3/2/1478, II-37). შეჯიბრებითი მოდელის მქონე სისხლის სამართლის პროცესის სისტემაში სამართალწარმოების მხარეებისა და გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტების როლები გამიჯნულია, მოსამართლის როლი შემოიფარგლება ნეიტრალური არბიტრის ფუნქციით, ხოლო ბრალდების დამადასტურებელი ან დაცვის ხელშემწყობი მტკიცებულებების მოპოვებისა და სასამართლოში წარდგენის ინიციატივა მხარეებზეა მინდობილი, რამდენადაც მიიჩნევა, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 29.09.2015წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/608, 609, II-15). ამდენად, სისხლის სასამართლოწარმოებაში შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედებიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ გამოყენებული მტკიცებულების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდების მხარეს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე - პროკურატურა არ მიუთითებს იმ ეფექტიანი საპროცესო მექანიზმების არსებობაზე, რომელთა სასამართლოს მხრიდან გამოუყენებლობას მოსარჩელის უფლებების დარღვევის გამოწვევა შეეძლო, შესაბამისად კასატორის პრეტენზია მის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არარსებობაზე, არ არის დასაბუთებული.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სკ-ის 413-ე მუხლის მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას, შესაბამისად მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე მითითება უსაფუძვლოა. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.). განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სახეზეა მოპასუხის მიერ იმ მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია მარეაბილიტირებელი გარემოებით - მოსარჩელის მიმართ საბოლოოდ გამამართლებელი განაჩენის მიღებით. რაც შეეხება მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობას, კომპენსაციის ოდენობის დადგენისას გასათვალისწინებელია ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებისა თუ სასამართლო პროცესების ხანგრძლივობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებით რთულია ისეთ შემთხვევებში, როცა საკითხი ეხება პირად განცდებს. არ არსებობს სტანდარტი, რომლითაც ტკივილი, ტანჯვა, ფიზიკური დისკომფორტი და ფსიქოლოგიური სტრესი, ფულადი თანხის ოდენობით შეფასდება. განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, უკანონოდ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდის გათვალისწინებით კასატორი ვერ ასაბუთებს იმ გარემოებას, რომ მორალური ზიანის სახით დაკისრებული თანხის ოდენობა დარღვეული უფლების არაპროპორციულია. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ამ მხრივ არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება), შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2023წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე