№ბს-916(კ-24) 5 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - კ. გ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 27 აპრილს კ. გ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის 29 მარტის №03-1929/3 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის კ. გ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო მ. კ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით კ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის 29 მარტის N03-1929/3ო ბრძანება და მოპასუხეს კ. გ-ის (ოჯახის) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის თანახმად, მოსარჩელე კ. გ-ი იყო იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. კ. გ-ითან ერთად, ერთ ოჯახად ასევე რეგისტრირებული იყო მისი არადევნილი მეუღლე - მ. კ-ი. №1503001067 მოწმობით დასტურდებოდა, რომ კ. გ-ი იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. №სი0310532 საპენსიო მოწმობით კი დასტურდებოდა, რომ კ. გ-ი არის შშმ პირი, მეორე ჯგუფის ინვალიდი, უვადოდ.
2019 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელემ, როგორც ვეტერანის დევნილი ოჯახის უფლებამოსილმა პირმა, არადევნილ მ. კ-ითან (მეუღლე) ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა, რის საფუძველზეც კ. გ-ის მიერ შევსებულ იქნა შესაბამისი კითხვარი. წარდგენილ განაცხადში კ. გ-ისა და მ. კ-ის დროებით საცხოვრებლად მითითებული იყო ქ. თბილისი, ...ის ..., მე-... კვ, კორპ. ..., ბ №.... აღნიშნული განაცხადი, 2019 წლის 22 ოქტომბერს შეფასდა 5.0 ქულით, მათ შორის კრიტერიუმში C.1.1 – საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა, ომში მონაწილეობა (ვეტერანი) - 1.5 ქულა და ომის შედეგად შშმპ სტატუსი - კ. გ-ი ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - სარეიტინგო ქულა - 2.0 ქულა. 2021 წლის 21 სექტემბერს განაცხადი შეფასებულ იქნა განმეორებით და კ. გ-ის დევნილ ოჯახს მიენიჭა 7.0 ქულა, მათ შორის კრიტერიუმში C.1.1 – საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა, ომში მონაწილეობა (ვეტერანი) - 1.5 ქულა და ომის შედეგად შშმპ სტატუსი - კ. გ-ი მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - სარეიტინგო ქულა - 4.0 ქულა. 17.10.2019 წლისა და 16.12.2021 წლის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერების თანახმად, მოსარჩელე კ. გ-ი და კ-ი მ. რეგისტრირებული იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში.
2021 წლის 3 დეკემბრის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა კ. გ-ის საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ი ..., კორპ...., ბ №..., სადაც განმცხადებელი 1993 წლიდან ცხოვრობს ქირის გარეშე, არადევნილ მეუღლესთან - მ. კ-ითან ერთად, ახლობლის ბინაში. ამავე მონიტორინგის ფორმის თანახმად, კ. გ-ის საცხოვრებელი ფართი ამავე კორპუსის პირველ სართულზე მაცხოვრებელი - ს. გ-ის საკუთრებაშია, რომელიც არის კ. გ-ის დედის ნათლულის დედა. ამავე მონიტორინგის ფორმის „ნ“ გრაფაში აღინიშნა, რომ კ. გ-ის მეუღლის, მ. კ-ის სახელზე რეგისტრირებული იყო მიწის ნაკვეთი, რომელიც მამა-პაპისეული იყო. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 23 მარტის №30 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, კ. გ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ხსენებულ ეტაპზე იგი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას, ნათესავის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა 2022 წლის 29 მარტს გამოსცა №03-1929/ო ბრძანება, კ. გ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.
პალატის მითითებით, კანონმდებლობით მკაფიოდ იყო დადგენილი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმები, რომლის ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა, დევნილი ოჯახისათვის კონკრეტული ქულის მინიჭების საფუძველი იყო. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი დადგენილი კრიტერიუმების მიღმა, დამატებით განესაზღვრა კონკრეტული ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება-არსაჭიროების საკითხები. „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჯამდებოდა თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით, მიღებული ქულათა რაოდენობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭებოდა პრიორიტეტი. ე. გ-ის განმარტებით, მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აპირებდა ბინის გაყიდვას (სადაც ცხოვრობდა მოსარჩელე მხარე). აღნიშნული ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ როგორც მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო სასამართლო დამატებით წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ირკვეოდა, ე. გ-იმა 2023 წლის 17 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სადაც ცხოვრობს მოსარჩელე მხარე) და არსებული მდგომარეობით მასზე რეგისტრირებული იყო თ. ხ-ას საკუთრების უფლება. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ადასტურებდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებებს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 მარტის №ბს-156(კ-20) განჩინებაზე, რომლითაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე შეუზღუდავად სარგებლობს სადავო მისამართზე არსებული ბინით. 2021 წლის 3 დეკემბერს სადავო მისამართზე განხორციელდა მონიტორინგი. მისამართზე იმყოფებოდა თავად მოსარჩელე. მეუღლე იმყოფებოდა დედასთან სამტრედიაში. მხარემ განაცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ 1993 წლიდან ქირის გარეშე. ბინა ეკუთვნის ს. გ-ის, დედის ნათლულის დედას. ისინი ცხოვრობენ იმავე კორპუსში, პირველ სართულზე. მოსარჩელემ ასევე განაცხადა, რომ მეუღლის საკუთრებაში არის რამდენიმე უძრავი ქონება მიწის ნაკვეთებით. აღნიშნული ქონება არის მეუღლის მამა-პაპისეული სახლი სოფელ ...ში, თუმცა ამჟამად მის სახელზე არაფერი აღარ ფიქსირდებოდა.
კასატორის მითითებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის (მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანება) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას. მოქმედი ნორმა, გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რაც დადგენილია იმპერატიულად, კერძოდ, პირველ რიგში და საკითხის განხილვის ეტაპზე ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. აღნიშნული ნორმა არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა შესაბამისი რიგითობის დაცვით.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა და არ გამოკვლეულა სადავო საკითხი. თავად სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ მოსარჩელის განმარტებით იხელმძღვანელა და არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის 29 მარტის №03-1929/3 ბრძანებით მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი სახოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა განსახლების გადაუდებელი საჭიროება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტროს სადავო აქტი არ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს.
დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04.07.2019წ. №01-52/ო ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ომის ვეტერან დევნილთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამდენად, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ცხოვრობს ნათესავის სახლში ქირის გარეშე.
დადგენილია, რომ 2021 წლის 21 სექტემბერს შეფასების შედეგად, კ. გ-ის დევნილ ოჯახს მიენიჭა 7.0 ქულა, მათ შორის კრიტერიუმში C.1.1 – საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა, ომში მონაწილეობა (ვეტერანი) - 1.5 ქულა და ომის შედეგად შშმპ სტატუსი - კ. გ-ი მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - სარეიტინგო ქულა - 4.0 ქულა. საბოლოოდ მოსარჩელეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ქირის გარეშე ცხოვრობდა ნათესავის ბინაში. აღსანიშნავია, რომ თავად მოსარჩელეც არ უარყოფს ზემოაღნიშნულ გარემოებას.
საკასაციო პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ქირის გარეშე ცხოვრობს ნათესავის ბინაში არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ დასაბუთებული არ არის. გარკვეული დროის განმავლობაში, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას დაკმაყოფილებული იქნეს საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ბ. შონია