Facebook Twitter

№1056აგ-13 21 მარტი, 2014 წელი

კ-ი მ.- 1056აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. დ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 თებერვლის განაჩენით მ. კ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,143–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 6000 ლარი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განაჩენით მ. კ-ი, - ძებნილი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით - 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი; 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 59-ე მუხლის 11–ლი ნაწილის გამოყენებით გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი; 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 59-ე მუხლის 11–ლი ნაწილის გამოყენებით გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი; 118–ე მუხლის მე–3 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 59-ე მუხლის 11–ლი ნაწილის გამოყენებით გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მ. კ-ს მიესაჯა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 9000 ლარი. აღნიშნულ სასჯელს დაემატა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 17 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მ. კ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 12 ივნისიდან იმავე წლის 1 აგვისტოს ჩათვლით და მოსახდელად დარჩა 17 წლით, 4 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყოს დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–6 მუხლის საფუძველზე მ. კ-ი გათავისუფლდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 19,143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;

იმავე კანონის მე–12 მუხლის საფუძველზე მ. კ-ს გაუნახევრდა სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 7 წელი, 3 თვე და განესაზღვრა 3 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე იმავე კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა: სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წელი, 3 თვე და განესაზღვრა 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 118–ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 239–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ მ. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით, მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, სასჯელად განესაზღვრა 7 წლით, 5 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა (7 წელს, 6 თვესა და 22 დღეს გამოაკლდა 1 თვე და 20 დღე), ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 9.000 ლარი.

2013 წლის 1 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ. კ-მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ მ. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 აგვისტოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა მ. კ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. დ-მა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მათ საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელში საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების გზით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა. ამავე კოდექსის 3321-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სსკ-ის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.

საქმის მასალების თანახმად, ძებნილი მსჯავრდებული მ. კ-ი საქართველოში ექსტრადირებულ იქნა 2013 წლის 27 ივლისს.

სსსკ-ის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. კ-მა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ამდენად, მსჯავრდებულ მ. კ-ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენი შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით, 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ მ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს ძალაში.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი