Facebook Twitter
ას-367-765-06

ას-367-765-06 28 დეკემბერი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი),

რ. ნადირიანი

დავის საგანი: სახელფასო დავალიანების გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ქ-ლმა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ჩ-ძის სახელობის ე. და ე. ნ-თა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წინააღმდეგ სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა სამსახურიდან. ე. და ე. ნ-თა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელობა მას დაჰპირდა, რომ აუნაზღაურებდა სახელფასო დავალიანებას 3200,13 ლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, მას მიღებული აქვს მხოლოდ 313,60 ლარი, ხოლო მისაღები აქვს 2886,53 ლარი.

თბილსისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ქ-ლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ე. და ე. ნ-თა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე. და ე. ნ-თა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 7 თებერვლის განჩინებით გ. ქ-ლის გარდაცვალების გამო, შეჩერდა საქმის წარმოება უფლებამონაცვლის დადგენამდე.

ე. და ე. ნ-თა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა განცხადება შეიტანა სასამართლოში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

გ. ქ-ლმა განხადება შეიტანა სასამართლოში 2005წ. 28 ნოემბერს და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 30 ნოემბრის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა.

2005წ. 26 დეკემბრის საოქმო განჩინებით ე. და ე.ნ-თა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს ე. და ე. ნ-თა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მათ მიერ არ არის გაშვებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა და სააპელაციო სასამართლომ ამ საფუძვლით არასწორად დატოვა მათი განცხადება განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 11 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2005წ. 7 თებერვალს, ხოლო აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების საფუძვლით განცხადება შეტანილ იქნა 2005წ. 21 მარტს, ე.ი. ერთთვიანი ვადის გასვლით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ საქართველოს ე. და ე. ნ-თა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 426-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა.

დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ე. და ე. ნ-თა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ჩაჰბარდა 2005წ. 7 თებერვლს. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005წ. 18 თებერვალს. შპს «გ.ჩ-ძის სახელობის ე. და ე. ნ-თა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის” წარმომადგენელ თ. ჩ-შვილის განცხადებიდან ირკვევა, რომ მათთვის გ. ქ-ლის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა 2006წ. 20 იანვარს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დღეს.

ე. და ე. ნ-თა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად გ. ქ-ლის გარდაცვალებას მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ მხარისათვის გ. ქ-ლის გარდაცვალება ცნობილი გახდა 2005წ. 20 იანვარს, მას განცხადება უნდა შეეტანა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში ანუ (გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005წ. 18 თებერვალს), 2005წ. 18 მარტის ჩათვლით. მან კი განცხადება შეიტანა 2005წ. 21 მარტს ანუ 3 დღის დაგვიანებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. და ე. ნ-თა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 26 დეკემბრის საოქმო განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.