Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-371-769-06 21 დეკემბერი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი),

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ალიმენტის შემცირება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. გ-იანმა სასარჩელო განცხადება შეიტანა სასამართლოში რ. ბ-ძის წინააღმდეგ ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ის ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა რ. ც-ძესთან, რომლის დროსაც გაუჩნდათ შვილი – ბ. გ-იანი. ის რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა მოპასუხესთან. სასამართლოს 2003წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მას შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ის და რ. ც-ძე შეთანხმდნენ, რომ იგი არ გადაიხდიდა 50 ლარს და შეძლებისდაგვარად გაუწევდა შვილს დახმარებას, თუმცა რ. ც-ძე მოითხოვს 2004წ. იანვრიდან ალიმენტის გადახდას. მოსარჩელემ ფინანსური მდგომარების გამო მოითხოვა 50 ლარის შემცირება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. გ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2005წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ გ. გ-იანს შვილის – ბ. გ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 50 ლარის ნაცვლად 30 ლარის გადახდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე რ. ც-ძემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 22 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 240 ლარს. ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. ც-ძემ. მან მიუთითა, რომ დავის საგანი არის ის, რომ სასამართლოს საერთოდ არ უნდა მიეღო მოცემული საქმე წარმოებაში. ასევე სასამართლომ უსაფუძვლოდ შეუმცირა გ. გ-იანს ალიმენტი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 21 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკამყოფილდა და შემდგომი განხილვის მიზნით გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ რ. ც-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 365-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. აპელაციის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს (მესამე პირს).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მას დაეკისრა ყოველთვიურად 50 ლარის ნაცვლად 30 ლარის გადახდა. რ. ც-ძე მოითხოვს საპელაციო საჩივრით აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გაადწყვეტილების ძალაში დატოვებას, რითაც გ. გ-იანს შვილის – ბ. გ.ობიანის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა.

სსკ-ის 41-ე მუხლის «გ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელებში განისაზღვრება ერთიწ. განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

მოცემულ შემთხვევაში კი ერთი წლის გადასახდელი თანხა შეადგენს 240 ლარს. აქედან გამონდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება 1000 ლარზე ნაკლებია. აქედან გამომდინარე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილვლეად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ც-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 22 მაისის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.