Facebook Twitter

№1063აგ-13 27 მარტი, 2014 წელი

ხ-ე თ.- 1063აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განაჩენით თ. ხ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 4 აპრილიდან.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის განაჩენით თ. ხ-ე, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით, 9 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა და თ. ხ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 14 წლით, 9 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 4 აპრილიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 ივლისის განაჩენით ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად, კერძოდ: თ. ხ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2 თვე და 18 დღე და სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 22 ივნისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 5 ივნისის განჩინებით თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით თ. ხ-ის მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

თ. ხ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 ივლისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამ მუხლით მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 3 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა.

თ. ხ-ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 22 ივნისიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ თ. ხ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, კერძოდ:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების თანახმად, თ. ხ-ისათვის სსკ-ის 19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 4 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2 თვე და 18 დღე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ხ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებული საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ დანიშნული სასჯელის შესაბამისობაში მოყვანას სსკ-ის 59-ე მუხლში შესულ ცვლილებებთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

მოცემულ შემთხვევაში თ. ხ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით (სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის განაჩენი) სსკ-ის 19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილი აქვს 2007 წლის 12 მარტს, ანუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულზე 2007 წლის 6 ივლისის (ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განაჩენი) განაჩენის გამოტანამდე, შესაბამისად, მასზე ვრცელდება სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედება.

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის...“.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალების (ნასამართლობის ცნობები, განაჩენი) თანახმად, თ. ხ-ე გასამართლებულია სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 20 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. აღნიშნული დანაშაულები თ. ხ-ეს ჩადენილი აქვს არასრულწლოვანების ასაკში - 2002 წლის სექტემბერში, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით (სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ივნისის განაჩენი) სსკ-ის 19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 ივლისის განაჩენით (ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განაჩენი) სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე არ გვაქვს დანაშაულის რეციდივი, ვინაიდან დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ. ხ-ეს სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით - დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ:

თ. ხ-ისათვის სსკ-ის 19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი და საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2007 წლის 4 აპრილიდან. თ. ხ-ეს დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილების თანახმად, თ. ხ-ისათვის სსკ-ის 19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2007 წლის 4 აპრილიდან.

თ. ხ-ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი